ავტორი:

"მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“ - დავით ბაქრაძე

"მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“ - დავით ბაქრაძე

ბრძოლა გრძელდება. შესულები ვართ რთულ და საშიშ პროცესში,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, მმართველი გუნდი საკუთარი სკამების და თანამდებობებისთვის ყველაფერზე წავა.

"ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა გრძელდება. გუშინ როგორც ნახეთ, შეშინებული „ქართული ოცნება“ მარტო არჩევნებს და ბიულეტენებს კი არ აყალბებს, აგერ, აქ, ცოცხალი ხალხი გააყალბა და 2500 ადამიანი იყოო, გვითხრეს. გავაგონოთ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ხმა, თუ რამდენი ვართ.

ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის. გაყალბებული ხმებითაც კი, გაყალბებული ბიულეტენებითაც კი „ქართულმა ოცნებამ“ ვერ დაიწერა 48%-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ თამარ ჟვანიას გათვლებითაც კი ხალხის 52% ვართ ჩვენ, ვისაც ხალხის 52% გონია 2500 ადამიანი, ძალიან მალე მწარედ ინანებს ამას.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ყველას გვესმის, რომ შესული ვართ რთულ და საშიშ პროცესში. ხელისუფლებამ, რომელმაც გააყალბა არჩევნები, გუშინ დაამატა კიდევ ერთი დანაშაული, ეს იყო არაპროპორციული ძალის გამოყენება იქ მყოფი ხალხის წინააღმდეგ!

ჩვენი ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი შეუქცევადად დაადგა ლუკაშენკოს გზას. არჩევნების გაყალბება და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ლუკაშენკოს გზა არის, ჩრდილოეთ კორეის გზა.

ჩვენი ამოცანაა არ გადავაყოლოთ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს, არ გადავაყოლოთ „ქართულ ოცნებას“, არ შევიყვანოთ საქართველო დაპირისპირების და ძალადობის სპირალში. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც საკუთარი სკამების და თანამდებობებისთვის ყველაფერზე წავა, არჩევნებსაც გააყალბებს, ხალხსაც დაარბევს, ყველაფერს გააკეთებს. მათ არ აწუხებთ საქართველო, მათ საკუთარი თავი აწუხებთ ამ ქვეყანაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა თხოვნით, რომ მათი ბრძოლა მშვიდობიანი და კანონიერი იყოს.

"თხოვნა მაქვს თითოეულ მომიტინგესთან, იმასთან, ვინც გაბრაზებულია, რომ თითოეული ნასროლი ქვა ხელს უშლის ჩვენს ბრძოლას და აძლიერებს ბიძინა ივანიშვილს. მეც თქვენთან ერთად ვიდექი, თქვენთან ერთად გავიწუწე და დამასველეს, თქვენთან ერთად გავბრაზდი გუშინ. მოდით, ეს სიბრაზე სხვანაირად გამოვხატოთ. ეს ბრძოლა მშვიდობიანად მოვიგოთ.

ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელსაც ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში, მთავრობას დღეს აქვს ძალა სპეცარზმის, პოლიციის ძალა, ფულის და მოსყიდვის ძალა. მთავრობას ჰგონია, რომ სიმართლე არის ძალაში. მეგობრებო, სიმართლე არ არის ძალაში, ძალაა სიმართლეში“,-განაცხადა ბაქრაძემ.