ავტორი:

საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

საქართველოში შექმნილი ფაგები, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს

მსოფლიოში სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მრავალგვარი გზა არსებობს, თუმცა მედიცინა მუდმივად ვითარდება და წლიდან წლამდე იქმნება ახალი პრეპარატები, დაავადებასთან ბრძოლის ახალი გზები და საშუალებები. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია ფაგოთერაპიას, რომელიც მკურნალობის სრულიად განსხვავებული და ძალიან ეფექტური გზაა. სხვა მედიკამენტებისგან განსხვავებით, ფაგებით მკურნალობას არ აქვს გვერდითი მოვლენები და სწორედ ეს არის მისი უნიკალურობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში თითქმის ერთი საუკუნეა არსებობს და მასში 1000-ზე მეტი ფაგია რეგისტრირებული. კოლექცია, ასევე, მოიცავს 44 გვარისა და 180 ბაქტერიული სახეობის 12 000-ზე მეტ ბაქტერიულ შტამს, რომლებიც გამოყოფილია როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ფაგოთერაპიის უნიკალური თვისებებისა და ფაგებით მკურნალობისას ერთი ფანჯრის პრინციპზე თავად გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი მზია ქუთათელაძე გვესაუბრება.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მზია ქუთათელაძე

რა არის ბაქტერიოფაგი?

ბაქტერიოფაგი ან ფაგი არის ვირუსი, რომელიც ამორჩევით ანადგურებს ბაქტერიულ უჯრედებს. ის აქტიურად მრავლდება ბაქტერიის შიგნით და იწვევს მის დაშლას. ბაქტერიოფაგები ფართოდ არიან გავრცელებული გარემოში. თავისი ცხოველქმედების სპეციფიკიდან გამომდინარე, ფაგები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პროცესებში.

რით არის გამორჩეული გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მსოფლიო მასშტაბით?

გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგების, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი თბილისში, 1923 წელს დაარსდა და დღემდე გოთუას ქუჩაზე მდებარეობს. ინსტიტუტის დაარსებაში, გამოჩენილ ქართველ მიკრობიოლოგ გიორგი ელიავასთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის კანადელ მეცნიერს, ფელიქს დერელს, რომელიც ბაქტერიოფაგის ფენომენის ერთ-ერთი აღმომჩენია. 1930-იან წლებში, ეს ორი მეცნიერი ერთად მუშაობდა პარიზში, პასტერის ინსტიტუტში, სადაც დაიბადა იდეა, საქართველოში უკვე არსებული ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტის, ბაქტერიოფაგიის მსოფლიო ცენტრად ჩამოყალიბების შესახებ.

საბჭოთა პერიოდში, ელიავას სახელობის ინსტიტუტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის დაავადებების წინააღმდეგ ახალი ბიოლოგიური პრეპარატების (ვაქცინები, შრატები, დიაგნოსტიკუმები, ფაგური პრეპარატები) შემუშავებასა და წარმოებაში.

მეცნიერები: გიორგი ელიავა, ფელიქს დერელი, ელენე მაყაშვილი

დღეს, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გამორჩეულია მსოფლიოში ყველაზე ფართო და ღირებული ბაქტერიული შტამებისა და მათ მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების კოლექციით. ამჟამად, ელიავას ინსტიტუტის შტამებისა და ბაქტერიოფაგების ეროვნულ კოლექციაში, ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების დაავადებების ბაქტერიული გამომწვევების მიმართ 1000-ზე მეტი სპეციფიური ფაგია რეგისტრირებული. კოლექცია, ასევე მოიცავს 44 გვარისა და 180 ბაქტერიული სახეობის 12 000-ზე მეტ ბაქტერიულ შტამს, რომლებიც გამოყოფილია როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე (ევროპა, აზია, ავსტრალია და აფრიკა).

ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება, თუმცა კვლევების ძირითადი მიზანი მაინც ფაგური პრეპარატების შექმნა და შესწავლაა, ასევე შესაბამისი მეთოდოლოგიის განვითარება ფაგური პრეპარატების პრაქტიკული გამოყენებისთვის. ფაგური პრეპარატები წარმატებით გამოიყენება როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ასევე ცხოველთა, მცენარეთა და გარემოს დასაცავად.

რატომ არის ფაგოთერაპია მკურნალობის უნიკალური მეთოდი?

ფაგოთერაპია - მკურნალობის მეთოდია, რომელიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ. ფაგებით მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანი ქრონიკული, მათ შორის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ინფექციების დროს. ფაგი წარმატებით ებრძვის ისეთ მავნე ბაქტერიებს, როგორიცაა მაგ. მეტიცილინ რეზისტენტული სტაფილოკოკი (MRSA), ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი ბაქტერიები (ESBL), კარბაპენემ-რეზიტენტული (CRE) და ვანკომიცინ-რეზისტენტული (VRE) შტამები, რაც დღევანდელი მედიცინის დილემას წარმოადგენს. ფაგი, ასევე გამოიყენება ბაქტერიული ბიოფილმების დროს, როდესაც მედიკამენტის შეღწევა ბიოფილმებში შეუძლებელი ხდება. ფაგის ბუნებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს, როგორიცაა მაგალითად, ალერგიული რეაქციები. ეს ბაქტერიული ვირუსი, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმში ნორმალური ბაქტერიული ბალანსის შენარჩუნებასა და აღდგენას (მაგ. ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა).

მსოფლიოში, დღევანდელი მზარდი ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის პირობებში, ფაგოთერაპია, რომელიც თითქმის ერთ საუკუნეს ითვლის, განსაკუთრებული თავისებურებების გამო, შეიძლება ჩაითვალოს მომავლის მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

რას ნიშნავს ფაგებით მკურნალობისას ერთი ფანჯრის პრინციპი?

გიორგი ელიავას სახელობის ინსტიტუტი, მასთან ასოცირებულ დაწესებულებებთან ერთად წარმოადგენს ე.წ. კონსორციუმს, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს, კერძოდ, ერთიდაიგივე ტერიტორიაზე თავმოყრილია ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი, ფაგური პრეპარატების წარმოება, ფაგოთერაპიის ცენტრი - სამკურნალო დაწესებულება და აფთიაქი. ეს ორგანიზაციები, რომლებიც გაერთიანებული არიან საერთო იდეებისა და მიზნების გარშემო, უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის, ეფექტურ, ფაგზე-დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისის მიწოდებას. სწორედ, ერთ სივრცეში არსებული სუბიექტების ჯანსაღი და კოლეგიალური თანაარსებობა აძლიერებს და აუმჯობესებს ურთიერთ მოღვაწეობას, რაც ხდის მათ წარმატებულ და მოწინავე კომპანიად მსოფლიო მასშტაბით.

გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი

მის: გოთუას ქუჩა #3

ტელ: +995 32 2 37 02 15

ელ-ფოსტა: info@pha.ge