ავტორი:

"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

"გუშინ ვინ აღარ მირეკავდა, მწერდა, - ექიმთან ვიზიტი არ დაგავიწყდესო" - ვინ არის მამაკაცი, რომლის, რევმატოლოგთან ვიზიტის დაგეგმვის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა

ალბათ ბევრს ჰქონია შემთხვევა, როდესაც სამედიცინო დაწესებულებაში, ამა თუ იმ ექიმთან ვიზიტისთვის, ტელეფონით ჩაწერისას, ეს შეხვედრა სასურველ დროს ვერ დაუგეგმავს, რასაც, როგორც წესი, პაციენტის უკმაყოფილება მოჰყოლია. ამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა პაციენტისა და სამედიცინო დაწესებულების ოპერატორის მსგავსი ტიპის დიალოგი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

მოქალაქე, რომელიც ექიმთან ვიზიტს აგვისტოში გეგმავდა, მხოლოდ 10 ნოემბერისთვის ჩაწერეს, რასაც მისი გულიანი სიცილი მოჰყვა. ამაზე ასევე გულიანად იხარხარა ინტერნეტმომხმარებელმაც... ვინაიდან დღეს 10 ნოემბერია, ჩანაწერი ინტერნეტმომხმარებელმაც გაიხსენა და დაინტერესდა, ის კაცი ბოლოს და ბოლოს მოხვდა თუ არა რევმატოლოგთან, ანუ ექიმთან, რომელთანაც ვიზიტის დაგეგმვასაც ცდილობდა.

ambebi.ge - მ იპოვა ეს ადამიანი, რომელმაც ასეთი გულწრფელი ემოცია და გულიანი სიცილი გამოიწვია. როგორც გაირკვა, ის კინორეჟისორი შალვა შენგელია.

- ბატონო შალვა, ჩანაწერი, რომელშიც რევმატოლოგთან ჩაწერას ოპერატორ გოგონას სთხოვდით, ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ისე ჩანდა, რომ აგვისტოში დარეკეთ და ექიმთან ნოემბერში ჩაგწერეს... მოგვიყევით, რა და როგორ მოხდა?

- კი, აგვისტო ეწერა, მაგრამ ჩანაწერის ინტერნეტში გავრცელებისას, ვიღაცამ ცოტა გააბუქა. მე დავრეკე არა აგვისტოში, არამედ ოქტომბრის პირველ რიცხვებში. ვინაიდან ოჯახის ექიმთან ვიყავი ჩაწერილი, ვიფიქრე, იმავე დღეს რევმატოლოგსაც მოვინახულებ-მეთქი. როდესაც ოპერატორმა მითხრა, - 10 ნოემბერამდე ვერ ჩაგწერთო, - ამიტომ მქონდა ის საოცარი რეაქცია... მერე ბევრმა კომენტარებში დაწერა, - რა მოხდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, უცხოეთში კიდევ უარესადაა ამ მხრივ საქმე და ამაში გასაოცარი რა არის, ვერ ვხდებითო?

- ბევრი თქვენს ადგილზე ოპერატორს საყვედურებით აავსებდა, სისტემის და კლინიკის ლანძღვას მოჰყვებიოდა, თქვენ იუმორში გადაიტანეთ ყველაფერი...

- ეს თავისთავად, სპონტანურად, ბუნებრივად მოხდა. კარგი ადამიანი იყო ის გოგონაც, საუბარში ამყვა და მასაც ეღიმებოდა. შინ ჩემმა მეუღლემაც კარგად იხალისა, იქ მისი ხმაც ისმის, ბოლოს კი სამივე ერთად ვიცინით... ვინც იმ ჩანაწერში ამომიცნო და გაიგო, რომ მე ვიყავი, რატომღაც უმეტესობას 9 ნოემბერი აქვს დამახსოვრებული, არადა, ოპერატორი 10 ნოემბერს მწერს. მოკლედ, გუშინ ყველა მირეკავდა, მწერდა, - ვიზიტი არ დაგავიწყდესო. იმდენმა შემახსენა, რომ მერე ერთს ვუთხარი, იმდენი ხართ, ყველანი ერთად რომ წავიდეთ რევმატოლოგთან, კარგი სამიტინგე ხალხი გამოვალთ-მეთქი.

ხომ გეუბნებით, ის გოგო კარგად ამყვა, როდესაც პირადობის ნომერი ჩამაწერინეთო, - მკითხა, ვუთხარი, - ისე შორს მწერთ, რომ მაგ დროს პირადობა კი არა, უკვე ჩიპი იქნება საჭირო-მეთქი...

- ხალხი ყველაზე მატად იმ ეპიზოდზე იცინოდა, როდესაც ეუბნებოდით, რომ მე თუ ვერ მოვედი, ჩემი შვილიშვილი მაინც მოვაო... როგორც ირკვევა, უკომფლიქტო, იუმორის მოყვარული ადამიანი ხართ... ისე, თქვენი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში როგორ მოხვდა?

- სიმართლე გითხრათ, ეს სატელეფონო ზარი აღარც მახსოვდა და ცხადია, არც ეგ საუბარი. რაღაც პერიოდის შემდეგ, ჩემმა დისშვილმა, თამუნამ დამირეკა, მომიკითხა და მკითხა - რევმატოლოგთან ხომ არ ჩაწერილხარო? კი ჩავეწერე-მეთქი. "ფეისბუქში“ ვრცელდება შენი ოპერატორთან საუბრის ჩანაწერი, ხალხი ერთმანეთს ჩატში უგზავნისო... ალბათ ისევ თავად კლინიკიდან გავრცელდა... სხვათა შორის, ოპერატორი გოგონა, ვინც მესაუბრა, მერე დამიკავშირდა და ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია ასე გასაჯაროვდაო.

სიმართლე გითხრათ, თავიდან რომ გავიგე, ჩემი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ვრცელდებდა, არ მესიამოვნა, რადგან არც მახსოვდა ზუსტად, რა ვილაპარაკეთ, მაგრამ ხალხის რეაქციას რომ ვაკვირდებოდი, ვხდებოდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო და ამოვისუნთქე...

  • მოკლედ, მათ ვისაც ეს აინტერესებს, ბატონი შალვა რევმატოლოგთან დღეს წავიდა და ამის შესახებ, სოციალურ ქსელის საშუალებით, საზოგადოებას თავის სტატუსით აცნობა...

"და აი, დადგა ის დღეც - 10 ნოემბერი და ჩემ შთამომავლობასთან ერთად მივდივარ რევმატოლოგთან აბა, ვინ რას დაგვაბარებთ.

პ.ს. ძალიან ვნერვიულობ", - დაწერა მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც შალვა შენგელი გვეუბნება, ამ ეტაპზე "პირველ არხთან კონტრაქტით მუშაობს... საერთოდ კი გადაღებული აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი, ასევე მხატვრულ-დოკუმენტურიც. ისიც შევიტყვეთ, რომ ბატონი შალვა აფხაზეთის ომის მონაწილე ყოფილა და ომიდან ნაბრუნებული ტელევიზიის "პირველ არხზე“ სამხედრო-პატრიოტულ გადაცემა "სპაზე“ მუშაობდა. კიდევ ბევრ საინტერსო პროექტს ასახელებს. ტელევიზიაში დოკუმენტური ფილმების მთავარი რეჟისორიც გახლდათ. მისთვის პროფესია ცხოვრების ნაწილია, განვლილი ცხოვრების ანალიზი და იმ ემოციების, განცდების სხვაგვარად გააზრება... ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი - ორი ვაჟი და ორი გოგო. გვითხრა, - უფროსი ბიჭი სამსახიობოზე თემურ ჩხეიძის ჯგუფში სწავლობს, უმცროსი - საოპერატოროზე, - ორივე "თეატრალურშია“. მერე ამ საქმეს როგორ გააგრძელებენ, ჯერ არ ვიცი, დღეს ასეაო...

შალვა შენგელი:

- ადრე იყო ასეთი პროექტი "გააგრძელე საქართველოს ისტორია“, რომელიც 2011 წელს მე და გურამ ქართველიშვილმა ერთად დავიწყეთ, ეგ პროექტი ახალი სიტყვა იყო ქართულ ტელესივრცეში და მაყურებელი ინტერესით უყურებდა. იყო ასევე პროექტი - "ვიკინგების მოგზაურობა საქართველოში“ - დასტურდება, რომ ვიკინგები საქართველოში ყოფილან... ახლა ვმუშაობ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმზე, ტრაგიკომედიის ჟანრი გახლავთ და ამასთანავე, მოკლემეტრაჟიან სურათზეც, რომელიც მინდა, ჩემი პედაგოგის, რეჟისორ რეზო ესაძის ხსოვნას მივუძღვნა. რეზო არ გვასწავლიდა რეჟისურას, ამბობდა, - ამის შესწავლა არ შეიძლება, უნდა შეძლო ადამიანი გახსნა, ასწავლო თავისუფლება, თავისუფალი აზროვნება, ამით ბედნიერი იყოს და ფილმი ასე შექმნასო. გენიოსი და უსაყვარლესი ადამიანი იყო.

- რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც ამ ჩანაწერით გაგიცნოთ და დაგიმახსოვრათ?

- ვინც ამაზე იცინა, ყველას შემოვევლე და ყველა მიყვარს. არ მოკლებოდეთ გულიანი სიცილი, არასდროს დასჭირვებოდეთ ექიმი და იყვნენ ჯანმრთელები.

"საქართველოში ბინასა და კოვიდსასტუმროებში 15-16 პაციენტია გარდაცვლილი" - თენგიზ ცერცვაძე

"პროტექციონიზმი ყველგან არსებობს და სავარაუდოდ, საქართველოშიც არის მსგავსი შემთხვევები, როცა პაციენტები ნაცნობობით ხვდებიან კლინიკაში" - თენგიზ ცერცვაძე

"რატომ აღმოჩნდა "რემდესივირი" თენგიზისთვის და არა სხვებისთვის - მეგობრებმა გამომიგზავნეს უცხოეთიდან და ვის შეუძლია ეს შეზღუდოს?!" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკას პასუხობს