ავტორი:

"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

"რაც რუსეთმა გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921 წელი..." - როგორ შეიცვალა კავკასიაში ბალანსი და არის თუ არა საქართველო ამისთვის მზად

ყარაბაღში ხუთკვირიანი საომარი მოქმედებები დასრულდა. სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან - ვლადიმირ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, აზერბაიჯანს აღდამის რაიონი 20 ნოემბრისთვის, ქალბაჯარი - 15 ნოემბრისთვის, ლაჩინი კი 1-ელი დეკემბრისთვის უნდა დაუბრუნდეს. ხელშეკრულების თანახმად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის “სამშვიდობო” მისია ბრუნდება, რაც, სავარაუდოდ, მას კიდევ უფრო პროაქტიურს გახდის აქტორებთან მიმართებაში. რუსეთს-თურქეთს შორის ახალი ტერიტორიული გადანაწილება რა გავლენას იქონიებს საქართველოზე და მთელს რეგიონზე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს სახელმწიფომ სამეზობლო პოლიტიკის კუთხით, ამ საკითხებზე ambebi.ge-ს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი გიორგი გობრონიძე ესაუბრება:

- ასეთი შედეგი რეალურად ნიშნავს ერთს, რომ ის ვარაუდები, რომ რუსეთი შეიძლება გავიდეს რეგიონიდან და სამხრეთ კავკასიაში დაკარგოს პოზიციები, იყო აბსოლუტურად მცდარი ვარაუდი. რუსეთმა, პრაქტიკულად, საკუთარი დიდი ხნის გეოპოლიტიკური სურვილი და ოცნება აისრულა - სამხედრო ძალების ყოფნით გავლენები გაეძლიერებინა. რუსეთი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ჰეიდარ ალიევის პერიოდში ცდილობდა, რომ ყარაბაღში რუსული სამშვიდობოები, მათი სამხედრო კონტიგენტი ყოფილიყო წარმოდგენილი (სამშვიდობოს დავარქმევთ თუ არა, ეს არის შეიარაღებული ძალები, სამხედრო ბაზა და პრაქტიკულად, ყარაბაღში ჰქონოდა სიტუაციის მართვის ყველანაირი ბერკეტი).

საბოლოო ჯამში, მან ეს მიიღო, თან მიიღო ძალიან საინტერესო სვლებით - რუსეთს კონფლიქტში არანაირად არ ჩართულა და საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტი მან წამოიღო, რაც ნიშნავს: სომხეთისგან რუსეთმა შექმნა პრეცედენტი იმისა, რა მოუვა რუსეთის მოკავშირეს, რომელიც რუსეთის ორბიტის მიღმა გაიხედავს. ეს პრეცედენტი არის ასევე რისკის შემცველიც იმიტომ, რომ ერთია, რომ სომხეთი ამით დასაჯა რუსეთმა, მაგრამ მეორეა, რა სიგნალს უგზავნის თავის მოკავშირეებს - რომ რუსეთი ძალიან საშიშია როგორც მოკავშირე და როგორც - მტერი. როგორც მტერი, რუსეთი რომ საშიშია, საქართველოს მაგალითზე ყველამ იცოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ როგორც მოკავშირეც საშიშია. ამ სიგნალს გააჩნია ორი აღნიშნული დატვირთვა: ეს მოუვა ყველას, ვინც ეცდება გაიხედოს ჩემი ორბიტის მიღმა იმიტომ, რომ ჩემს გარდა მათ ვერავინ დაეხმარება და მეორე - რუსეთს სჭირდებოდა აზერბაიჯანზე სერიოზული გავლენის ბერკეტის ქონა და ამ შემთხვევაში, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ როგორც თავის დროზე სომხეთი გადაიქცა ყარაბაღში გამარჯვების მძევლად, ასევე აზერბაიჯანი შეიძლება ჩამოყალიბდეს ყარაბაღში საკუთარი წარმატების მძევლად იქ რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნით. ამ ყველაფრიდან მხოლოდ რუსეთმა იხეირა. აზერბაიჯანმა ამდენი ადამიანი იმისთვის გაწირა, რომ რუსული სამშვიდობოები ჩაეყენებინა? ამას ჰეიდარ ალიევიც არ აკეთებდა.

ილჰამ ალიევი გვიან გააცნობიერებს ამის შედეგებს. შეიძლება მას ბევრი არჩევანი არც ჰქონდა იმიტომ, რომ რუსეთი მზად იყო სამხედრო ჩართულობისთვის - როგორც იკვეთება, ხელმოწერიდან 15 წუთში თვითმფრინავები ლამის ჰაერში იყო. დიდ ძალებს ის ახასიათებთ, რომ გავლენის სფეროები გაიყონ, დაახლოებით ეს გააკეთეს რუსეთმა და თურქეთმა სამხრეთ კავკასიაში.

- ეს შედეგი ალბათ რეგიონში ძალთა ბალანსსა და განლაგებასაც ცვლის...

- ეს რეგიონისთვის საბოლოოდ ცვლის ყველაფერს - ძალთა ბალანსსა და განლაგებას იმიტომ, რომ ეს ამბავი არც ქართულ-სომხურ ურთიერთობებთან მიმართებაში ჩაივლის მარტივად. ვხედავთ უკვე, რომ არაერთგვაროვანი განწყობები მოდის საქართველოში მცხოვრები ჩვენი მოქალაქე სომხებისგან და იმავე სომხეთში არსებული საზოგადოებისგან. ისინი საქართველოს როლს სხვანაირად ხედავდნენ, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს “სხვანაირი ხედვა” არის საფუძველშივე მცდარი და მთელი ეს ბრალდებები - ვითომ ჩვენ რომელიმე მხარეს ვეხმარებოდით, არის საფუძველს მოკლებული.

ძნელია ემოციების ქვეშ მოქცეულ და შოკში მყოფ საზოგადოებას ეს დაუმტკიცო, ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ბევრი სამუშაო.

- ხელშეკრულებაში საუბარია დერეფნის გახსნაზე, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს თურქეთთან დააკავშირებს. ეს საქართველოს სატრანზიტო ღირებულებას შეამცირებს?

- 1. სამხრეთ კავკასიიის რეგიონში მნიშვნელოვნად შეიცვალა აზერბაიჯანისა და თურქეთის პოზიციები, თუმცა ეს არ არის სერიოზული ალტერნატივა, იმიტომ, რომ მილსადენის ინფრასტრუქტურას იქ ვერ გადაიტან.

2. ეს ტერიტორია აზერბაიჯანს ხომ არ გადასცემია, ის არის სომხეთის ტერიტორია, უბრალოდ, სომხეთი იღებს ვალდებულებას თავისუფალი ტრანზიტი და დერეფანი უზრუნველყოს სახმელეთო გადაადგილებაზე. ეს რა თქმა უნდა, კარგია ნახჭევანის ლოჯისტიკისთვის, კარგია ცალკეული მიმართულებებისთვის, მაგრამ ეს ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო პარტნიორს იმიტომ, რომ ასეთი დერეფნის არსებობა ყოველთვის არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან, მით უმეტეს, როდესაც ამ ხელშეკრულების თანახმად, ტრანზიტი ხორციელდება რუსული სამხედრო სასაზღვრო ძალების მეთვალყურეობისა და მონიტორინგის ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს სატრანზიტო ღირებულებას ეს ამ ეტაპზე ვერ შეამცირებს, მაგრამ ადგილზე გააძლიერებს აზერბაიჯანსა და თურქეთს.

პრაქტიკულად, საბოლოო ჯამში, ჩვენ მივიღეთ ძალთა ახალი ბალანსი. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ამ სიტუაციისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები ვართ, გამომდინარე იქიდან, რომ ფიზიკურად არ გვცალია იმაზე საფიქრალად, რომ სამეზობლო პოლიტიკა გვქონდეს, არც იმისთვის, მრავალმხრივი დიპლომატია ვაწარმოოთ.

- რა არის ამ ეტაპზე ქართული სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდას, რომ გადავრჩეთ?

- ახლა, წესით, ჩვენ უნდა ვატარებდეთ სანიმუშო არჩევნებს და უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ ამ ტურბულენტურ რეგიონში დავრჩით დემოკრატიის უკანასკნელი ბასტიონი. ფაშინიანის პოზიციები სერიოზულად შეირყა, ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთი ვეღარ შეძლებს იმავე ტემპებით დემოკრატიზაციას. სომხეთის დასჯის გარდა, რუსეთის მცდელობაც ხომ ისაა, რომ შეჩერდეს სომხეთის დემოკრატიის ტრანსფორმაცია. ამ დროს ჩვენს პარტნიორებს უნდა ვანახოთ, რომ ვართ დემოკრატიის უკანასკნელი შუქურა და დავანახოთ პოლიტიკური ერთიანობა. ახლა კეთილი ინებონ და დასხდნენ როგორც მმართველი კლასი, ისე ოპოზიცია და ერთად, სინერგიით იმუშაონ ამ პრობლემების წინააღმდეგ. საერთოდ ვერ ვხედავ, რა ხედვები არსებობს სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით. რუსეთის დამატებითი გაძლიერება კავკასიის რეგიონში მას კიდევ უფრო პროაქტიურს გახდის აქტორებთან მიმართებაში. ძალიან ცუდი პარალელია, მაგრამ რაც რუსეთმა ამ შემთხვევაში გააკეთა, რაღაც კონტექსტში არის 1920 წლის მოცემულობა და ამას მოჰყვა 1921. მართალია, დღეს ცოტა განსხვავებული რეალობაა, მაგრამ ქართული საზოგადოება ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს. პირველ რიგში, ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, მერე - ოპოზიციის და აშკარაა, რომ ყველა მოუმზადებელია და ამ პრობლემაზე არავინ ფიქრობს. ჩვენი პოლიტიკური კლასი პარტნიორებს სთავაზობს ისეთ პოლიტიკურ პროცესს, რომ თუ რომელიმე პოლიტიკური აქტორი აპრიორი არ გაიმარჯვებს, მერე ქვეყანა ნურც დარჩენილა.

ეს სახელმწიფო ყველა არჩევნების დროს სამოქალაქო ომის პირას მიდის, ხელისუფლება იმდენს ვერ ფიქრობს, რომ არის მომენტები, როცა უნდა იფიქრო ძალაუფლების დათმობაზე, ან მის განაწილებაზე და არა, სკამს გადააყოლო ქვეყანა. ქართული პოლიტიკური კლასი სახელმწიფოს მსახურების ნაცვლად იმაზეა ორიენტირებული, რომ შეინარჩუნოს, ან მიაღწიოს ძალაუფლებასა და ეკონომიკურ სიკეთეებზე წვდომის ბერკეტებს. დღეს წინ არის წამოწეული მხოლოდ კონკრეტული პარტიებისა და ლიდერების ინტერესები და ამ დროს სახელმწიფო ინტერესები გვრჩება გვერდზე... ჩვენ ამ შემთხვევაში ერთი ვარიანტი გვაქვს - ან შევდგებით როგორც ევროპული, დემოკრატიული და სტაბილური სახელმწიფო და ამისთვის მთავრობაც და ოპოზიციაც ყველაფერს გააკეთებს - დაჯდება და შეთანხმდება რაღაცაზე, ან გადავიქცევით ჩევეულებრივ კოლონიად. განვითარების სხვა გზა არ გაგვაჩნია - ან დავამთავრებთ ისე, როგორც დავამთავრეთ 1921 წელს, ან შევდგებით როგორც დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც იქნება დასავლური სამყაროს ნაწილი. სხვა ნებისმიერი გამოსავალი ქართული სუვერენიტეტის ფორმალიზებას და ფურცელზე დატოვებას ნიშნავს.

ნანა ფიცხელაური

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ახალგაზრდა, პუტკუცუნი ბიჭი, რომელსაც თუ დაიჭერენ ყველას შეგვეცოდება..." - ვახტანგ მეგრელიშვილი ნიკა მელიაზე

"მეგრელიშვილი და ხვიჩია დაბოლილები მოვიდნენ... ნათელაშვილმა ზრდილობიანად თხოვა, დაეტოვებინათ იქაურობა" - კუკავა ოპოზიციის შეხვედრის დეტალებზე