ავტორი:

"საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით" - რას ამბობენ ექსპერტები ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე

"საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით" - რას ამბობენ ექსპერტები ოპოზიციის ბოიკოტსა და საპროტესტო აქციებზე

საქართველო არა ერთი გამოწვევის წინაშე ერთბაშად დადგა და ამას ზედ დაერთო პოლიტიკური კრიზისი, რომლის დაძლევაც დღეს ხელისუფლებისთვის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს. პრემიერმა გიორგი გახარიამ გაერთიანებულ ოპოზიციას კრიზისიდან გამოსვლის გზა - დიალოგი და ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადასვლა ურჩია. ოპოზიცია ჯერჯერობით პოზიციებს არ თმობს, ბოიკოტს აგრძელებს და ქუჩიდან და აქციებით საუბარს ამჯობინებს. შეთანხმდებიან თუ არა მხარეები და მოუწევთ თუ არა დათმობაზე წასვლა, იქნება თუ არა განვითარებადი ოპოზიციის პროტესტი და როგორ გამოვა ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან, ამ კითხვებზე ambebi.ge-სთან ექსპერტები საუბრობენ.

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის აზრით, საპროტესტო გამოსვლები სერიოზულ მასშტაბურ ხასიათს ვერ მიიღებს და კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში იქნებიან და არა - ქუჩაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ მათი პრობლემა იქნება, ახალი პარლამენტი მაინც კანონიერად შეძლებს ფუნქციონირებას.

- მიმდინარე პროცესები ცხადია, საზიანოა საქართველოსთვის, რომელიც არაერთი საშინაო თუ საგარეო გამოწვევის წინაშე დგას, ამას ემატება საკმაოდ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც. ბუნებრივია, ყოველივე ამის ფონზე, ნებისმიერი არეულობის და ქაოსის შექმნის მცდელობა უკიდურესად ნეგატიურად ფასდება ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხრიდან. გასაგებია რომ, არჩევნების შედეგით ყველა მხარე კმაყოფილი ვერასდროს იქნება, მაგრამ პოლიტიკოსებმა პირად ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დააყენონ.

ოპოზიციის რეალური და არა იმიტირებული პროტესტის გასავითარებლად მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის, ფართო სოციალური ჯგუფების მხარდაჭერა და ავტორიტეტული ლიდერები ესაჭიროება. ასეთი რამ მათ პერსპექტივაშიც კი არ გააჩნიათ. შესაბამისად, ცალკეული საპროტესტო გამოსვლები, ცხადია, იქნება მაგრამ სერიოზულ მასშტაბურ ხასიათს ვერ მიიღებს.

რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას, ის მხოლოდ სიტუაციურ ხასიათს ატარებს და ვფიქრობ, ის ამჟამადაც კი რეალურად არ არსებობს. ოპოზიციის მოთხოვნები ვადამდელი არჩევნების დანიშვნის თაობაზე არალოგიკური და არარეალისტურია იმ ფონზე, როდესაც ეს არჩევნები სამართლიანად და კონკურენტულად სცნო ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ. რაც შეეხება უბნების, ოლქების შედეგების ხელახალ გადათვლას თუ სხვა ცალკეული დარღევების აღმოფხვრას, ამის მზაობა პრემიერმა გიორგი გახარიამ ღიად დაადასტურა, რაც უდაოდ მისასალმებელია.

- რა უნდა გაკეთდეს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად და როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ხელისუფლება და როგორ - ოპოზიცია?

- საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, პოლიტიკური კონფლიქტები დიალოგის საფუძველზე უნდა რეგულირდებოდეს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ხელისუფლება უნდა იქცეოდეს ისე, როგორც იქცევა, ანუ მზად უნდა იყოს სამართლიანი და ლოგიკურად არგუმენტირებული დიალოგისთვის და ამავე დროს, კანონის სრული სიმკაცრით სახელმწიფოში არავითარი კანონდარღვევა და ქაოსის შექმნის მცდელობა არ დაუშვას. ამის მაგალითი ჩვენ 8-9 ნოემბერს ვნახეთ. სამართალდამცავების სახით სახელმწიფო მოქმედებდა მტკიცედ და პასუხისმგებლიანად. რაც შეეხება ოპოზიციის ერთ ნაწილს, მათი ლიდერები უნდა დაფიქრდნენ, რეალურად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და ერთხელ მაინც დააყენონ ქვეყნის ინტერესები საკუთარ სიხარბესა და ამბიციებზე მაღლა.

დიალოგს და სამართლიან კონსენსუსს ალტერნატივა არ გააჩნია. ქაოსის მოწყობის უფლებას რადიკალურ ოპოზიციას არც ჩვენი მოქალაქეები და არც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირეები არ მისცემენ. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, სასიცოცხლოდ სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია. ოპოზიცია ქვეყნის მტერი კი არა, საიმედო საყრდენი და რეზერვი უნდა იყოს. ბუნებრივია, სასურველი და კარგი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერს გადასული პარტიები პარლამენტში იქნებიან და არა - ქუჩაში.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე ორივე მხრიდან დათმობის აუცილებლობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ოპოზიცია იმ პირობით უნდა შევიდეს პარლამენტში, რომ სადღაც 2 წელიწადში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც წმინდად პროპორციული წესით ჩატარდება.

- შესაძლებელია არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ საერთო ჯამში, ის შეინარჩუნებს ერთიანობას. საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსიც მოუწოდებს ორივე მხარეს დიალოგისკენ. მათი პროტესტი განვითარებადი იქნება, თუმცა ამით რთულია ვითარების შეცვლა. გარკვეულწილად, შეიძლება ხელისუფლებაც წამოვიდეს დათმობაზე, ვინაიდან არც ისინი არიან იმით დაინტერესებული, რომ ერთპარტიული პარლამენტი იყოს და აქედან გამომდინარე, შესაძლებელია გამოინახოს კომპრომისი. ამ ეტაპზე შესაძლებელია შეთანხმება, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, ოღონდ გარკვეული დათმობის, მაგალითად, ხმების გადათვლის ხარჯზე. ოპოზიცია იმ პირობით შევიდეს პარლამენტში, რომ სადღაც 2 წელიწადში დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც ჩატარდება წმინდად პროპორციული წესით. ყველაზე კარგი ვარიანტი ესაა.

ეს მიტინგები გასაგებია - მივა ხალხი, გააპროტესტებს, მერე დაიშლება და ასე შემდეგ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ხელისუფლების ქმედებები და ის საშუალებები, რასაც ისინი იყენებენ, ხალხი დაზარალდა, პანდემიაა, თან არც საერთაშორისო მხარდაჭერაა. საერთაშორისო საზოგადოება მაინც მხარს უჭერს იდეას, რომ ყველაფერი მოგვარდეს პარლამენტის შიგნით.

დღეს ყველაზე მაღალი რეიტინგი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს და მთავარ ოპოზიციურ პრტიად რჩება, მაგრამ ორპოლუსიანობა მაინც არაა სახეზე, განსხვავებით მე-8 მოწვევის პარლამენტისგან. ახლა 9 პარტიამ გადალახა საარჩევნო ბარიერი და ასე მგონია, ორპოლუსიანობის მაჩვენებელი თანდათან კლებულობს.

ჩვენთვის ამ ეტაპზე პოლიტიკური კრიზისიდან და ჩიხიდან გამოსავალი ისაა, რომ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში, მაგრამ 2022 წელს გაიმართოს ვადამდელი არჩევნები წმინდა პროპორციული წესით. მიმაჩნია, რომ ოპოზიციამაც ტაქტიკა უნდა შეცვალოს. ფაქტია, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა, რაც სამწუხაროა და ახლა ოპოზიცია იმაზე უნდა დაფიქრდეს, რატომ მოხდა, რომ 40%-ზე მეტმა ისევ “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა. “ოცნებაც” უნდა დაფიქრდეს, იმაზე, რატომ მისცა ხმა მას გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა, ვიდრე 2012 წელს (სადღაც მილიონ ექვსასი ათასზე მეტი იყო). ორივე მხარემ უნდა გამოიტანოს დასკვნა, მაგრამ ვითარების ესკალაციაზე ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, გამოძიების შემთხვევაში, დარღვევები გამოვლინდება და აშკარდ არსებობს ამის კადრები. ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია, ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს ოპოზიციასთან. ოპოზიციას მეორე ტურში რამდენიმე ოლქში აქვს გამარჯვების შანსი, მისი რეიტინგი ახლა გაცილებით მაღალია.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს