ავტორი:

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები

როდის დასრულდება კორონავირუსის პანდემია და რას გვიჩვენებს ისტორია - ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიების ხანგრძლივობები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მას შემდეგ მთელი მსოფლიო უჩვეულო და განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ადამიანთა დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს, ქვეყნების ნაწილში საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი და სხვადასხვა სახის შეზღუდვები დღემდე მოქმედებს. მათი მიზანი ვირუსის გავრცელების პრევენციაა. პირბადის ტარება კი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ვირუსმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ცხოვრების ყველა ასპექტსა და ყველა სფეროზე, გაკოტრდა არაერთი ბიზნესმენი და მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანმა დაკარგა სამსახური.

ყოველივეს გათვალისწინებით, მთავარი კითხვა, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს, არის ის, თუ როდის დასრულდება პანდემია და როდის შევძლებთ ძველებურად ცხოვრებას.

გადავხედოთ ისტორიას და ვნახოთ, რამდენ ხანს გრძელდებოდა ყველაზე მომაკვდინებელი პანდემიები:

  • შავი ჭირი

შავი ჭირი მსოფლიოს მეთოთხმეტე საუკუნეში მოედო. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, დაავადებამ გლობალური მასშტაბით, 200 მილიონამდე ადამიანი იმსხვერპლა. ეპიდემია ზოგან დღემდე იჩენს ხოლმე თავს, თუმცა რადგანაც არსებობს მკურნალობის შესაბამისი საშუალებები, მისი გავრცელების მასშტაბები შემცირებულია. ბოლოს შავი ჭირის ეპიდემია 2017 წელს მადაგასკარში გავრცელდა, ათასობით ადამიანი დაინფიცირდა, 170 კი გარდაიცვალა.

შავი ჭირის ეპიდემია, რომელსაც "შავი სიკვდილის“ ეპიდემიასაც უწოდებენ, მე-14 საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა და 1351 წელს დასრულდა. ზოგიერთი მკვლევარი წერს, რომ ეპიდემიამ იმჟამინდელი მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი იმსხვერპლა, რასაც ბევრი არ ეთანხმება. მართალია, პანდემიის დასრულების თარიღად 1351 წელი ითვლება, მაგრამ დაავადება XV საუკუნის ბოლომდე რეგულარულად იჩენდა თავს. განსაკუთრებით დიდი აფეთქება იყო 1361-1369 წლებში.

  • ქოლერა

ქოლერა ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასამარცხებელი სენი აღმოჩნდა. ის მსოფლიოში მე-19, მე-20 საუკუნეებში მძვინვარებდა. პანდემიის დაწყების თარიღად 1817 წელი მიიჩნევა, რის შემდეგაც ქოლერას პანდემია შვიდჯერ გამოცხადდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაავადებების შემთხვევების რაოდენობა მცირდებოდა, ხოლო შემდეგ ახალი ძალით იფეთქებდა ხოლმე. ქოლერას ბოლო, მეშვიდე პანდემია 1961–1975 წლებში იყო.

საყურადღებოა, რომ მისი კერები სრულად გამქრალი არ არის და პერიოდულად სხვადასხვა ქვეყანაში ეპიდემია ამ დრომდე იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, 2018 წელს ქოლერას ეპიდემია გამოცხადდა ზიმბაბვეში, 2018 წლის 11 სექტემბერს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეპიდემიის დროს დაავადებამ 48 ადამიანი იმსხვერპლა.

1879-1883 წლებს უკავშირდება ქოლერას იმუნიზაციასთან დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევა. ამ პერიოდში მეცნიერებმა შეძლეს ქოლერას გამომწვევი ბაქტერიის იდენტიფიცირება. ფილიპო პიცინმა და რობერტ კოხმა შეიმუშავეს ქოლერას საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა. თუმცა პანდემიების დასრულებას ვაქცინის შექმნიდან საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

  • "ისპანკას“ პანდემია

ეს არის ერთ-ერთი უკანასკნელი პანდემია კორონავირუსამდე, რომელმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი იმსხვერპლა. თავისი ხასიათით, მასშტაბითა თუ მკურნალობის მეთოდებით მკვლევარები არაერთ პარალელს ავლებენ კოვიდ პანდემიასთან.

"ესპანური გრიპის“, იგივე H1N1-ის გავრცელება 1918 წლის სექტემბერში დაიწყო. ეს არის "ღორის გრიპის“ სახელით ცნობილი ვირუსის ერთ-ერთი სახესხვაობა. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 550 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც დედამიწის იმჟამინდელი მოსახლეობის დაახლოებით 29,5%-ს შეადგენდა.

ვირუსს, არაოფიციალური მონაცემებით, 16 კვირაში 50 მილიონზე მეტი ადამიანი შეეწირა. მისი გავრცელების პერიოდში მსოფლიოში ვირუსებთან ბძოლისთვის უკვე არაერთი ვაქცინა იყო შექმნილი, თუმცა "ესპანურ ვირუსს" ვერც ერთი გაუმკლავდა, მოგვიანებით "ესპანური ვირუსის" შესაბამისი ვაქცინაც შეიმუშავეს. 1919 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა უმრავლესობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა, ხოლო დანარჩენი გარდაიცვალა, ესპანური გრიპის პანდემია დასრულდა. საბოლოოდ, ვირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. აქედან 675 000 მხოლოდ აშშ-ში.

  • 2009 წლის გრიპის პანდემია

პანდემია ახლო წარსულში 2009 წელს იყო, როდესაც H1N1-ის განსხვავებული ტიპი გავრცელდა. ეს არის პანდემია, რომელიც შედარებით მალე დასრულდა. პანდემია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2009 წლის 27 აპრილს გამოაცხადა. 2009 წლის დეკემბრისთვის მსოფლიოს უკვე ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. ვაქცინის შემუშავება შედარებით უფრო სწრაფად მოხერხდა, რადგანაც, მეცნიერებს უკვე ჰქონდათ ამავე ვირუსის განსხვავებული სახესხვაობის ვაქცინა და მასზე მუშაობის გამოცდილება.

2010 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ H1N1-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა. პანდემიის მიმდინარეობისას მხოლოდ ამერიკაში 60 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა. მთელ მსოფლიოში კი ვირუსმა 575 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

  • კორონავირუსის პანდემია

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიას, მისი დასრულების მთავარი წინაპირობა ეფექტიანი ვაქცინაციაა, ვინაიდან ამ დროისთვის ვირუსთან ბრძოლის უკეთესი საშუალება არ არსებობს.

უკვე შექმნილია სხვადასხვა ვაქცინები, რომლებიც ვირუსის არსებულ შტამებთან ეფექტიანობას აჩვენებენ. გარდა ამისა, სხვადასხვა კომპანიებმა უკვე შექმნეს ვირუსის საწინააღმდეგო აბები, რომლებიც ახლა კლინიკური კვლევის ეტაპზე არიან. აღსანიშნავია, რომ წამალი შექმნა ერთ-ერთმა "ფაიზერმაც." პოზიტიური პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ადამიანებს კოვიდის საწინააღმდეგო პრეპარატი უკვე უნდა ჰქონდეთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღს. მედიკოსები ამბობენ, რომ ამისთვის აუცილებელია, რაც სეიძლება მეტმა ადამიანმა ჩაიტაროს აცრა.