ავტორი:

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილი გაათავისუფლეს - რატომ ვერ მოხერხდა ნაფიცი მსაჯულების შერჩევა დროულად და რას ამბობენ მოკლული ბიჭის ახლობლები?

12 ნოემბერს, გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული მერაბ კობიაშვილი ციხეს დატოვებს. მოსამართლემ ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლაზე უკვე იმსჯელა და განზრახ მკვლელობასა და 2 ადამიანის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში დადანაშაულებული კობიაშვილი, რომელსაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, პატიმრობიდან გაანთავისუფლა.

ჩვენი ინფორმაციით, მოსამართლე იძულებული გახდა ეს გადაწყვეტილება მიეღო, რადგან ბრალდებულ კობიაშვილს პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურება და ამ 9 თვეში საქმის არსებითი განხილვის დასრულება ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში მისთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის საკითხი.

შეგახსენებთ, საკმაოდ ხმაურიან და სკანდალურ საქმეზეა საუბარი. 38 წლის მერაბ კობიაშვილს 28 წლის თამაზ (თაზო) გორთამაშვილის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი, ასევე ორი ადამიანის მკვლელობის მცდელობაში. დანაშაული 2020 წლის 17 თებერვალს, გამთენიას, ახალ გუდაურში მოხდა. იმ დღეს ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება უმძიმესი ტრაგედიით დასრულდა. ადგილზე დაიღუპა თამაზ გორთამაშვილი, მას სხეულზე სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მძიმედ დაიჭრა ასევე მისი მეგობარი, 26 წლის დავით სეთურიძე, მას მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

ამავე კლინიკაში მკურნალობდა მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც, მასაც ჰქონდა სახეზე დაზიანებები და ეს კადრებიც მაშინ საზოგადოებამ ნახა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ, ვინაიდან დროში გაიწელა ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი, საქმის განხილვა ვადებში ვერ ხერხდება. ამიტომ კობიაშვილი ახლა ციხეს დატოვებს და საქმის განხილვაში მონაწილეობას უკვე თავისუფლებაში მყოფი გააგრძელებს. თუ ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულები გამამტყუნებელ ვერდიქტს დააყენებენ, მაშინ მერაბ კობიაშვილს ისევ დააკავებენ და უკან, ციხეში შეაბრუნებენ, თუ გამამართლებელი ვერდიქტი დადგება, ის დარჩება თავისუფლებაში.

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, მაშინ ოპერატიულად დააკავეს 38 წლის მერაბ კობიაშვილი. ამ დრომდე საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმება ბრალდებული. მისი ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე თავიდანვე ითხოვდა საქმისთვის კვალიფიკაციის შეცვლას და ირწმუნებოდა, რომ მომხდარი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაული იყო. მისი თქმით, საქმეში არსებული მასალებიც ადასტურებს, რომ კობიაშვილს თავს რამდენჯერმე დაესხნენ და ის თავს იცავდა. ვიდეოკადრებიც გაავრცელა მაშინ ადვოკატმა ტელევიზიით, რომელშიც ჩანს, ქუჩაში მიმავალ მამაკაცს, ჯერ სამი ადამიანი ესხმის თავს, რამდენიმე მეტრში, კიდევ ორი ადამიანი მოდის და ხელჩართული ჩხუბია გამართული. ადვოკატი იმას ადასტურებს, რომ კობიაშვილს იარაღი ჰქონდა. დაკავებული ყოფილი სამხედროა.

ტარიელ კაკაბაძე:

-15 ნოემბერს მერაბ კობიაშვილის 9-თვიანი პატიმრობის ვადა იწურება. ვერ ჩაეტია ამ ვადაში საქმის დასრულება, ჯერ ვერ მოხერხდა ამ საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევაც კი და სასამართლო ვალდებული იყო გაენთავისუფლებინა მერაბ კობიაშვილი და ამის შემდეგ ისევ გავაგრძელოთ ნაფიც მსაჯულთა შერჩევა და შემდეგ მტკიცებულებათა გამოკვლევა. თავისუფლებაში იქნება მერაბ კობიაშვილი და ისე ივლის სასამართლო პროცესებზე. ყველა პროცესს დაესწრება და არ იქნება წინასწარ პატიმრობაში. ჩვენი პოზიციები ამ საქმეზე არის ცალსახა, მისთვის წაყენებული ბრალი აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ რეალობას, რასაც ადგილი ჰქონდა იმ დღეს. მერაბს არავის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არ ჩაუდენია არავის განზრახ მკვლელობა და არც განზრახ მკვლელობის მცდელობა. დაცვის მხარე დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ყველა ნაფიცი მსაჯული მხარს დაუჭერს გამამართლებელ ვერდიქტს და მერაბ კობიაშვილი აუცილებლად გამართლდება.

- 9 თვეში რატომ ვერ დასრულდა ეს საქმე?

- იმიტომ, რომ ვერ მოვასწარით მსაჯულების შერჩევა. ბრალდების მხარემ თავიდან თვითონ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის გადადება, დაკავებიდან 2-3 თვის შემდეგ არ დაგვიწყია ნაფიცების შერჩევა და ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახდა, რომ საკმაოდ გვიან დავიწყეთ ნაფიცების შერჩევა. ბრალდება შერჩევის დროს წააწყდა პრობლემას, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს აშკარად ნანახი ჰქონდათ ვიდეოკადრები და მედიით გავრცელებული ძირითადი მტკიცებულებები ამ საქმეზე და თავიანთი აზრი უკვე გააჩნდათ. ცალსახაა, ყველა ნორმალურ ადამიანს, რომელიც უყურებდა ვიდეო ჩანაწერს, ექნებოდა განცდა, რომ მერაბს სხვა გზას არ უტოვებენ და იძულებული იყო დაეცვა თავისი თავი. ვინც ამას ამბობდა, იმას პროკურორი არ ტოვებდა მსაჯულად და ბევრი ადამიანი გაიცხრილა ამ მიზეზით. იყო ასევე სხვადასხვა მიზეზებიც. ზოგი ამბობდა, რომ ემოციურად ვერ შეძლებდა ამ პროცესში მონაწილეობას, ზოგი ამბობდა, სამსახურიდან გამომდინარე ვერ მოახერხებდა ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას და ახლაც გრძელდება შერჩევა. არ არის ტრაგედია არავისთვის მერაბის ციხიდან გათავისუფლება, ისედაც გათავისუფლდება ის გამამართლებელი განაჩენით.

- თუმცა ბრალი უმძიმესია, განზრახ მკვლელობა და ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება მას ბრალი, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს...

- ეს ბრალდება არის სრული აბსურდი და ცალსახად ეწინააღმდეგება იმ რეალობას რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დღეს. ჩვენ ამ შემთხვევაში ეჭვს მიღმა უტყურად დავამტკიცებთ მერაბ კობიაშვილის სრულ უდანაშაულობას.

მოკლული თაზო გორთამაშვილი თბილისში ცხოვრობდა. როგორ მეგობრები ამბობენ, თაზო უკონფლიქტო ადამიანი იყო და მას მეგობრები მშვიდობის მტრედს ეძახდნენ.

"თქვენ ვერ იპოვით ერთ ადამიანს, ვინც თაზოზე ცუდს იტყვის. იმდენად წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი იყო, ძალიან თბილი, მის ზედმეტ ხმას ვერ გაიგებდი. წარმოუდგენელია ვინმესთვის რამე დაეშავებინა. ეს პერიოდი უამრავი ჭორი გაავრცელა მეორე მხარემ, აქეთ მსხვერპლისკენ იშვერდნენ ხელს და აქეთ ადანაშაულებდნენ, მაშინ როცა საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეს იყო განზრახ მკვლელობა და ცივსისხლიანმა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს. ვერ წარმოგვიდგენია სხვანაირად, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება", - ამბობს თაზო გორთამაშვილის მეგობარი.

ჩვენ დავუკავშირდით თაზოს ძმის ცოლს, როგორც გაირკვა, მისთვისაც ცნობილი გახდა პროკურატურიდან, რომ მკვლელობაში ბრალდებულს ციხიდან უშვებდნენ.

ნინო, თაზო გორთამაშვილის ძმის ცოლი:

- ვიცით, რომ ვადებში ვერ ჩაეტია გამოძიება. ვფიქრობ მისი გამოშვებით არაფერი დასრულებულა, ეს არის ფორმალობა. დარწმუნებულები ვართ და იმის იმედი გვაქვს, რომ თაზოს მკვლელი მერაბ კობიაშვილი დაუსჯელი არ დარჩება. იმედი გვაქვს იმის, რომ პროკურატურა ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა დამნაშავე არ დარჩეს დაუსჯელი და მკვლელს არ შერჩეს ეს უმძიმესი დანაშაული. მესმის, ადვოკატი რასაც ამბობს, ის მკვლელს იცავს და სხვას არაფერს იტყვის, მაგრამ ყველამ იცის, რომ მან უდანაშაულო ბიჭი მოგვიკლა. ცალსახად, საქმის მასალებით დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაული და მას უვადო პატიმრობა ემუქრება. ისიც ცნობილია და ფაქტებიც ადასტურებს, რომ არანაირი კონფლიქტი თაზოს მკვლელთან არ ჰქონია, აშველებდა მოჩხუბრებს.

- ნინო, ბრალდებულის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ნაფიცი მსაჯულები გაამართლებენ კობიაშვილს, თქვენ კი სხვა მოლოდინი გაქვთ, უბრალო მოქალაქეები იხილავენ ამ საქმეს და დარწმუნებულები ხართ, რომ ბრალდებულს დაადანაშაულებენ?

- ვხედავთ, რომ ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი ვერ ამართლებს ამ ქვეყანაში. ხალხი ვერ აფასებს სამართლებრივი კუთხით ვითარებას და უფრო ემოციურად აფასებენ, ვფიქრობ, ამიტომაც გაჭირდა ამ დრომდე ნაფიცების შერჩევა. ალბათ ამიტომაც შეარჩიეს მათ ნაფიცები, რომ ემოციურად ემოქმედათ მერე მათზე, რადგან ცალსახად სასამართლოში ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგებოდა. სამართლებრივად აქ სადაო არაფერია და ხელის გულზე ჩანს მერაბ კობიაშვილის დანაშაული. ჩვენ მოგვიკლეს უდანაშაულო, უპატიოსნესი ბიჭი. მესმის, რომ არაპროგნოზირებადია ნაფიცი მსაჯულები, უცნობია რა განაჩენს გამოიტანენ, მაგრამ ერთი წუთითაც არ მინდა იმის გაფიქრება, რომ რეალობას ისინი ვერ გაანალიზებენ, როცა ყველაფერი აშკარაა და ყველაფერი ნათლად ჩანს.