ავტორი:

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

"უმძიმესი დღეები გავიარე, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ... ამ პოსტმა ყველა ტკივილი განმიახლა" - გოგონა, რომელსაც ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, ბრალდებულის ადვოკატს პასუხობს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი შეყვარებულის მიერ 24 წლის სევა შამოიანის დაწვის გახმაურებული საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

11 ნოემბერს, წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულის ადვოკატმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იგი წერდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობის განზრახვა არ ჰქონია. ადვოკატის ამ პოსტს სოციალურ ქსელში ძირითადად, ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი ბარდაველიძე, რომელიც ამ საქმეში ახალი ჩართულია, Ambebi.ge-სთან საქმის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატი რამდენიმე გარემოებას ეხება, რაც მისი შეფასებით, მკვლელობის განზრახვის არარსებობაზე მიუთითებს.

"პირველ ყოვლისა, ნამდვლად არ ველოდი, თუ ასეთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს გამოიწვევდა ჩემი პოსტი. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ თუ გვსურს კანონი უზენაესი იყოს და განვითარებული ქვეყანა გვერქვას, პატივი ვცეთ ერთმანეთს და სიძულვილის ენით არ ვისაუბროთ. და ვიდრე სასამრთლო გადაწყვეტილება არ დადგება, ქუჩაში, პირველყოფილური წესებით, ნუ გამოვუტანთ ერთმანეთს განაჩენს.

ძალიან დასანანია, რაც სევას შეემთხვა და ამაზე გულწრფელად წუხს, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ისე მისი ოჯახის წევრები.

ახლა რაც შეეხება საქმის გარემოებებს, ის რომ მკვლელობის განზრახვას ადგილი არ ჰქონია, ადასტურებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება. ყველაზე ვერ ვისაუბრებ ამ ეტაპზე. უპირველესად, განზრახვის არარსებობას ადასტურებს ის, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სევასთან ბენზინით არ მისულა. მათ ერთად იყიდეს იგი. მეორე - თუ პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ ისინი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ემუქრებოდა, მაშინვე რატომ არ განაცხადა პოლიციაში.

კიდევ ერთი, არსებობს საქმეში ფოტოც, სადაც ჩანს, რომ საწვავი ძირს არის დასხმული, ეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა შამოიანის შეშინების მიზნით გააკეთა. ბენზინის ფეხებზე შესხმა ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა სევას მოკვლა განზრახული, ეს რომ ნდომოდა, ტანზე გადაასხამდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ სევას ბენზინი შემთხვევით შეესხა, როდესაც ძირს ასხამდა ბენზინს. რაც შეეხება უკვე ცეცხლის მოკიდების ფაქტს, ისინი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩხუბის დროს შალვას ერთ ხელში სანთებელა ეჭირა, მეორეში ბენზინის ბოთლი, სევას ხმამაღლა მოუწოდებდა შესულიყო სახლში, ამ დროს ხდება სანთებელის შემთხვევით გაჩხაკუნება და აალება. საქმეში არსებობს წერილი, რომლითაც ოჯახი მზადყოფნას გამოთქვამს სევას მკურნალობის ხარჯების სრულად ასანაზღაურებლად, მაგრამ ამაზე თანხმობა არ მიუღიათ", - ამბობს ადვოკატი.

შემზარავი ფაქტი 30 ივნისს, ღამის საათებში თბილისში, ბაგრატიონის 45 ნომერში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, სევა შამოიანს მისმა ყოფილმა შეყვარებულმა, მისსავე სახლთან ახლოს, ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. შემთხვევას გოგოს მეზობლები და და შეესწრნენ, რომლებმაც ცეცხლის ჩაქრობა სახანძროს მოსვლამდე მოახერხეს. სევამ სხეულის 37% დაეწვა. როგორც თავად ამბობს, ივნისიდან მოყოლებული 5 ჯოჯოხეთური თვე გაიარა და რეაბილიტაციის მტკივნეული პროცესი კვლავ გრძელდება. იგი Ambebi.ge-სთან ადვოკატის მიერ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ საუბრობს და იმედოვნებს, რომ ეს საქმის ობიექტურად გამოძიებაზე გავლენას არ მოახდენს.

სევა შამოიანი წარმოუდგენლად მიიჩნევს საქმეში კვალიფიკაციის შეცვლის შესაძლებლობას. როგორც თავად ამბობს, თუ ეს მოხდა, მოძალადეებს „მწვანე შუქი აენთებათ.“

"ეს ესაა თითქოს გონს მოვედი და ამ პოსტმა ყველა ტკივილი თავიდან განმიახლა. სიტყვით ვერ გადმოვცემ ვერც იმ ფიზიკურ ტკივილს, რასაც განვიცდიდი და ვერც ფსიქოლოგიურ სტრესს. თუ მას ვინმე სასჯელს შეუმსუბუქებს, როდესაც ხელის გულზე დევს ყველანაირი მტკიცებულება, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ სახელმწიფოში არ ვცხოვრობთ.

30 ივნისიდან მოყოლებული დღემდე საწოლში ვწევარ და ვმკურნალობ. გავიარე წარმოუდგენელი ტკივილით სავსე დღეები, თითოეულ გადახვევაზე ნარკოზს მიკეთებდნენ, ჩამიტარდა რამდენიმე ოპერაცია და ჯერ კიდევ ვერ დავდივარ. უდიდეს ტკივილს მაყენებს ფეხის გამართვის თითოეული მცდელობა.

მე არ ვიცი, რა გადაუხადეს ამდენი ამ ადვოკატს, რომ ასეთ აბსურდულ და უხერხულ განცხადებებს აკეთებს. შავი პიარიც პიარია და ალბათ თავის გაპიარება სურს. სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია, მან დაამტკიცოს სასამართლოში ის, რასაც ამბობს, თითქოს ბრალდებულს ჩემი მოკვლის, ცოცხლად დაწვის განზრახვა არ ჰქონია. მას რომ ამ დანაშაულის ჩადენა წინასწარ ჰქონდა განზრახული, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს საქმეში, მოწმეების ჩვენებიდან დაწყებული, sms-შეტყობინებებით დამთავრებული. ყველაფერი დევს ხელის გულზე.

ურთიერთობის დაწყებიდან მალევე შევატყვე, რომ ძალადობისკენ ჰქონდა მიდრეკილება და მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამის გამო ურთიერთობა გავწყვიტე. ის კი გამუდმებით მწერდა და შეხვედრას მთხოვდა. 30 ივნისს გამომიგზავნა შეტყობინება, თუ არ გამოხვალ და მნახავ, დაგწვავო. იძულებული გავხდი, გავსულიყავი. შევხვდი პოლიციის შენობასთან ახლოს. ვიფიქრე, აქ ვერაფერს გაბედავს-მეთქი. უცებ გარდაისახა და ძალიან თბილად დამიწყო საუბარი, გეხუმრები, მართლა ხომ არ დაგწვავო. მანქანაში ბენზინი გამითავდა და საყიდლად წამომყევიო. გავყევი ბენზინგასამრთ სადგურამდე. იყიდა იქ 5 ლიტრი ბენზინი. ჩემს სახლს როცა მოვუახლოვდით, ამოიღო და ფეხებზე მომასხა. შემდეგ ირგვლივაც მოასხა. შევბრუნდი, გაქცევა მინდოდა და სწორედ ამ დროს მომიკიდა სანთებელათი ცეცხლი. კიდევ კარგი, რომ მეზობლებმა დროულად გაიგეს ჩემი ყვირილი და გადამარჩინეს.

ყოველივე ამის ფონზე ადვოკატის განცხადება რას ნიშნავს და როგორც ჟღერს, გასაგები იქნება ალბათ ყველასთვის", - ამბობს სევა შამოიანი.

საქმეზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის მცდელობა და ოჯახში ძალადობა. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ არ გაითვალისწინა შალვა გოგოლაძის დაცვის მხარის პოზიცია 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ და იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და კვალიფიკაციის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. გიორგი ბარდაველიძე მიიჩნევს, რომ სასამართლომ უნდა იმსჯელოს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ან გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე და არა გენდერული ნიშნით ჩადენილ გაზრახ მკვლელობის მცდელობაზე.

შსს-მ სოფელ რიონში ძმების მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - "თავის ნათესავ ძმებს სანადირო თოფიდან გასროლით  ჭრილობები მიაყენა და მიიმალა"

"რამდენიმე დღის წინ უგინებია და დღეს მოკლა ორივე" - რა გახდა სოფელ რიონში ორი ძმის მკვლელობის მიზეზი და რა დეტალებზე საუბრობენ სოფელში მცხოვრებნი

ხატია დეკანოიძის განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" "ქართული ოცნების" აქტივისტმა დაჭრა