ავტორი:

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას

"იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - რა გამოხმაურება მოჰყვა აფხაზეთში ყარაბაღიდან დევნილების მიღების იდეას

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი "თანაშემწე", ახრა ავიძბა ყარაბაღიდან დევნილებისთვის დერეფნის გახსნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა - ekhokavkaza.com წერს. გამოცემის ცნობით, ავიძბამ მოუწოდა პოლიტიკოსებს, დიასპორასა და საზოგადოების სხვა წევრებს, ასლან ბჟანიას მიმართონ თხოვნით, ყარაბაღელი დევნილები მიიღოს.

რამდენიმე დღის წინ, სომხეთის საგარეო უწყების მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ომის გამო დევნილად იქცა დაახლოებით 90 000 ეთნიკურად სომეხი. მათგან დაახლოებით 50 000-ს თავშესაფარი სომხეთში მისცეს, დანარჩენი კი, მთიანი ყარაბაღის შედარებით უსაფრთხო რაიონებში გადაანაწილეს.

მთავრობის ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებამდე, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში 150 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

"რთულ სიტუაციაში ადამიანებს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, როგორც ეს ჩვენს ისტორიაში არაერთხელ გაუკეთებიათ წინაპრებს", - წერს ავიძბა სოციალური ქსელის თავის გვერდზე. დონბასელი სეპარატისტების მხარდაჭერილ "სახალხო გმირის" მოსაზრებასაც ადგილობრივ მოსახლეობაში უკვე მოჰყვა აზთა სხვადასხვაობა.

"ეს გამოსულა ციხიდან და "პატრიოტულმა მოწოდებებმაც" აღარ დააყოვნა... კი გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მაგრამ ეტყობა, პრივილეგიებით სარგებლობს. ახლა თავისი თუ არ გაატანინეს, წავა და ისე მოაწყობს რევოლუციას, ან მერე, სხვა დროს მოაწყობს, იმ ხალხის მხარდაჭერით..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი "შააბან ლარბა" სოციალურ ქსელში.

"შევესიოთ ახლა, გამოვუყოთ საცხოვრებელი ადგილები, გადავუხადოთ დენი, ვაჭამოთ, დავუთმოთ ადგილები საავადმყოფოებში, ჩვენ სახლებში ვუმკურნალოთ კორონას და ერთ-ორ წელწადში წელში გაიმართებიან, ბიზნესებს წამოიწყებენ, ადგილობრივებს მომსახურე პერსონალად წაიყვანენ და კაპიკებს გადაუხდიან. მე არ ვემხრობი მათთვის დერეფნის გახსნასა და არც მათ მიღებას" - წერს ინტერნეტმომხმარებელი "ირაკლი სუხუმსკი".

"რას ნიშნავს დერეფნის გახსნა?! ბატონო ახრა, თქვენი შავი ჯიპის დაბურული შუშებიდან ალბათ გაღატაკებული აფხაზეთიც ვარდისფერი, სამოთხედ ქცეული გეჩვენებათ, მაგრამ რეალურად იცით რა ხდება ქვეყანაში? იცით რამდენი ასეული ადამიანი დგას ყოველდღიურად პენსიის რიგში, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კოვიდ-19 შეეყაროს და ისიც იცის, რომ სახლში მოუწევს მკურნალობა? არ იცით, ამიტომ იქნებ მიხვდეთ, რომ სახელმწიფო საქმეებს შეეშვათ და იქნებ ისევ დონბასში დაბრუნდეთ... მგონი, ამას ეკუთვნოდა ყარაბაღში აფხაზეთიდან მოხალისეების წაყვანის იდეა, მაგრამ საბედნიეროდ, ომი მალე დასრულდა..." - მიიჩნევს ანა ჟიბა.

"რა არის ამაში ცუდი, გაჭირვებულ ადამიანებს რომ ხელი მოვუმართოთ? ალბათ რამდენიმე ათეული იქნება, სიმბოლურად..." - მიაჩნია ვიკა მკრტჩიანს.

"ამას მიჰყავდა სოჭიდან ყარაბაღში აფხაზი მოხალისეები ციხის დატოვების შემდეგ, ასეთ საქვეყნო საქმეებს შეუდგა. აფხაზეთში 6 ნოემბერს დაბრუნდა და უფრო განავრცო... ასეთი კადრები გვყავს ქვეყნის სათავეში, ამიტომაც ვართ იქ, სადაც ვართ... მთელი დღეა სოხუმში დენი არაა, აფთიაქები ცარიელია, სურსათი კიდევ უფრო გაძვირდა, პენსიებზე რაც ხდება, ყველამ ვიცით... რა რესურსით მოგვყავს დევნილები აფხაზეთში? იმედია, ქართველების დაკეტილ სახლებს არ შესთავაზებენ..." - წერს კიდევ ერთი ინტერნეტმომხმარებელი, სოხუმელი "მერი ივანოვა".

ყარაბაღში აფხაზი მოხალისეების გადაყვანას მწვავედ აკრიტიკებს ბლოგერი ნაირა ამალია, რომელიც ამბობს, რომ უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თუმცა ვერ იგებს, "რატომ უნდა წასულიყვნენ ხელისუფლების სახელით და რატომ უნდა ეცნობებინათ მედიისთვის ეს ამბავი? ვიღაცას დაავიწყდა, რომ ამ ქვეყანას აფხაზეთი ჰქვია? ჩვენს ქვეყანაში აფხაზი მუსლიმები და ქრისტიანები ცხოვრობენ, სხვადასხვა ტრდიციებითა და წესებით, ოღონდ შეთანხმებულად და რომ ცდილობთ ამის დარღვევას? იქნებ შეხედოთ, საით გვექაჩებიან, რა გვინდოდა სხვის ომში? რას მოგვცემს ეს?!" - წერს ის.

"აფხაზების არ სჯერა მოსკოვს. ისეთ პირობებს უქმნის, მომავალში რომ ვერსად გაიხედონ" - რას ემსახურება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის დამტკიცება

მიუხედავად რისკისა, რუსები გამალებით ცდილობენ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას, მათ შორის ქართველების სახლებსაც ყიდულობენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა