ავტორი:

"პოლიციელები მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ..." - "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ 2 ახალგაზრდაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია, დაკავებულია 3 პირი

"პოლიციელები მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ..." - "ფეისბუქ-პოსტის" შემდეგ 2 ახალგაზრდაზე მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია, დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაკავებულებმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, ორ პირს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედებათ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტროსადგური "სამედიცინო უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, 1993 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს და მის მეგობარს - 1999 წელს დაბადებულ ნ.ს.-ს თანხა წაართვეს და გააფრთხილეს, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარ ფაქტზე ისაუბრა და 2 თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოახდინა, რის შემდეგაც პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული რამდენიმე საათში დააკავა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ყაჩაღობის შესახებ დაზარალებულმა ნოდარ სიხარულძემ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, სადაც ასევე სავარაუდო ბრალდებულების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

"მოკლედ, გუშინდელი ამბავი მინდა მოგიყვეთ ამ კრიმინალების შესახებ და გთხოვთ ყველამ გააზიარეთ! მე და ჩემი მეგობარი საკუთარ პროდუქტს ვყიდით დილიდან დაღამებამდე "2 კაპიკი" რომ ვიშოვოთ, ტრანსპორტი ჩვენ არ გვყავს, ფეხით დავდივართ და თან ამ პანდემიის დროს. ეს ორი ღლე და კიდევ მესამე(რომელიც ვერ ვიპოვე სოციალურ ქსელში) გვხვდება საბურთალოზე (სამედიცინოს მეტროსთან, ჯპს აფთიაქის მხარეს) და დანას გვიფრიალებენ, მოკლედ რომ ვთქვა, 300 ლარს გვთხოვდნენ და ბევრი პრობლემა არ მინდოდა ფულის მიზეზით შექმნილიყო, ჩანთაში იმ მომენტისთვის მხოლოდ 110 ლარი მედო ქეშად და მივეცი, მაგრამ დამემუქრა, რომ თუ პოლიციაში მივიდოდი მომკლავდნენ!

პოლიციაში მისვლის აზრს ვერ ვხედავ, ვიცი არც არაფერს იზამენ, ამიტომ დაპოსტვა გადავწყვიტე, რომ იცოდეთ რა ყლეობაში ვცხოვრობთ.იმისთვის, რომ უფრო შემშინებოდა, სად ვმუშაობდი დააზუსტეს და ასევე ჩემი სახელი/გვარი! ასევე მომთხოვეს ტელეფონის ნომერი, რაზეც ამ ორმა დებილმა ზარი გამოუშვეს, შესაბამისად უფრო სწრაფად ვიპოვე სოციალურ ქსელში.მესამეს სახეც კარგად მახსოვს, ნებისმიერ დროს შემიძლია ამოვიცნო.ზოგადად მშვიდი ადამიანი ვარ და მაქსიმალურად მშვიდად მოვაგვარე, ჩემს ნაცვლად სხვა ტიპი რომ ყოფილიყო, არავინ იცის როგორ დასრულდებოდა!" - წერდა ნოდარ სიხარულიძე.

ახალგაზრდა პოლიციას დანაშაულის ოპერატიულად გახსნისთვის მადლობას უხდის.

"სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა ვაკე საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს. მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ" - დაწერა სიხარულიძემ.