ავტორი:

"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

"ალეკო, შარზე თუ არ ხარ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?" - ბარამიძე ელისაშვილს სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე ალეკო ელისაშვილს მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, "სისულელეა" ელისაშვილის ნათქვამი, რომ ექსპრეზიდენტმა საქართველოს თავი უნდა დაანებოს.

"ალეკო, აი ახლა შენ შარზე თუ არ ხარ და ოპოზიციის ერთიანობის დარღვევას ხელოვნურად არ ცდილობ, ეს სისულელე როგორ უნდა გეთქვა?

მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი და მისი როგორც პრემიერ მინისტრობის კანდიდატის წინამძღოლობით, ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ასობით ათასი ჩვენი თანამემამულის ხმები.

ეს ამომრჩეველი, იმ ხალხის უდიდესი ნაწილია, ვინც არჩევნების გაყალბების შემდეგ, ეს დღეებია, სიცივეში, დღისით თუ ღამით ქუჩაში დგას და უზურპატორი ივანიშვილის რეჟიმს ებრძვის.

მათ შორის როცა აქციაზე სიტყვით შენ და სხვა ლიდერები გამოდიხართ ტაშს გიკრავენ, რადგან ოპოზიციამ (დღეს შენც ტრიბუნიდან ამაზე საუბრობდი) ის თქვა რომ ახლა ყველამ უკანა პლანზე უნდა გადავწიოთ ვინ რომელი პარტიის წევრია და ვის ვინ მოსწონდა აქამდე და ვის არა.

და ამ ფონზე მიხეილ სააკაშვილის (და ფაქტიურად მთელი მისი გუნდისა და ასობით ათასი მხარდამჭერის) წინააღმდეგ ასეთი გამოხდომა ვის და რა მიზანს ემსახურება? ბოლომდე არ მჯერა, რომ ეს მართლა ასე თქვი.

ამიტომ მაინც რბილად ვიტყვი, თუ ამ პრინციპული ბრძოლის პროცესში შენ და სხვა ლიდერებს, აქვს უფლება მონაწილება მიიღოს, მაშინ მიხეილ სააკაშვილს ამის უფლებაც და (ჩემი აზრით) მოვალეობაც,100-ჯერ მეტად აქვს.

თუ ერთიანობაა ერთიანობა იყოს!ხალხს ნუ გავუტეხავთ გულს და ნუ ვაფიქრებინებთ, რომ პოლიტიკოსების სიტყვებს ფასი არ აქვს და დიქტატორ ივანიშვილის ფულებით მოტრიალე წისქვილზე წყალს ნუ დავასხამთ.

ამიტომ მჯერა ამ მშვიდობიანი ბრძოლის პროცესში შენც საჭირო ხარ, სხვა მომცრო თუ წვრილი პარტიების ლიდერებიც და მით უმეტეს მთავარი ოპოზიციური პარტიის მთავარი ლიდერი და მამოძრავებელი ძალა, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი!

ძალა ერთობაშია!საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!" - წერს ბარამიძე.

ცნობისთვის, ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

"ხომ არის იქ, რაღაც თანამდებობაზე, აკეთოს ის საქმე, კაცო. ხომ ემსახურება უკრაინას, ემსახუროს უკრაინას, ჩვენ თავი დაგვანებოს.

საკმარისი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს კრიზისი განიმუხტოს და ეს პროცესი მიდის ზუსტად იმ მოლაპარაკებაზე, ეს პროცესი მიდის აქციაზე, ხოდა, ნუ ურევს ყველაფერს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა."