ავტორი:

საკუთარი მიწიდან დევნილი ქალის "ედემის ბაღი" წეროვანში - "ვარდის 350 ჯიში მაქვს..სანამ ფეხზე ვდგავარ, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.."

საკუთარი მიწიდან დევნილი ქალის "ედემის ბაღი" წეროვანში - "ვარდის 350 ჯიში მაქვს..სანამ ფეხზე ვდგავარ, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.."

ნაირა მიდოდაშვილი დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ ერედვში დაიბადა, შემდეგ კი ლამის მთელი ცხოვრება გაატარა სოფელ აჩაბეთში, საიდანაც მისი მეუღლე იყო. შრომას ბავშვობიდან შეაჩვიეს და მეუღლესთან ერთად დიდი და გამართული ოჯახი შექმნა. მეუღლე 22 წლის წინ დაკარგა, 12 წლის წინ კი საყვარელი კუთხე და სახლ-კარი. 2008 წლის ომის გამო ხეობის დატოვება მოუხდა, საკუთარ მიწაზე დევნილად იქცა. დღეს წეროვნის დევნილთა დასახლებაში ვაჟთან ერთად ცხოვრობს. იქ ცხოვრება თავიდან დაიწყეს.

"მყავს 2 შვილი, ქალიშვილი გათხოვილია, ისიც დიდი ლიახვის ხეობაში ცხოვრობდა, თამარაშენში, მაგრამ დღეს ლტოლვილია, ჩვენსავით წეროვანში ცხოვრობს. ვაჟი კი ჩემთანაა, დასაოჯახებელია, მყავს ორი შვილიშვილი", - გვიყვება რესპონდენტი, რომელსაც წეროვანში საოცარი ბაღი აქვს, მისი დაუზარელი შრომის ნაყოფი.

- მაშინდელი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. ცოტა ხანს სტამბაში ვიმუშავე, 1988-დან 1991 წლამდე კი ცხინვალის მე-6 საშუალო რუსულ სკოლაში ქართულს ვასწავლიდი.ცხინვალიდან ქართველები რომ გამოგვყარეს, ცხადია, სკოლიდანაც წამოვედი. მერე მასწავლებლობა აღარც მიცდია. აჩაბეთში დიდი მეურნეობა მქონდა, მიწაც კარგი იყო და ფართობიც საკმაო. მქონდა ხეხილის ბაღი. ჩვენი სამყოფი ყველაფერი მოგვყავდა. მოსავალი იმხელა იყო, ვყიდდით კიდეც. გვყავდა ძროხა, ქათმები, კურდღლები, ღორები.

- ეტყობა, შრომას ბავშვობიდანვე შეეჩვიეთ...

- პატარაობიდან ვმუშაობდი. მშობლებს ბაღში ვეხმარებოდი. მამამ სამეურნეო საქმე კარგად იცოდა და ბევრი რამ მასწავლა, დამყნობაც კი.

- ბაღნარად ქცეული სახლ-კარის დატოვებამ მოგიწიათ...

- კი, ვერაფრის წამოღება ვერ შევძელი. არადა, როცა შევუღლდით, მე და ჩემი მეუღლე მაშინვე შევუდექით სახლის აშენებას, ჩვენი ხელით შევქმენით ყველაფერი. იქაურობა რომ მახსენდება, გული მტკივა. დღეს ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, ნასახლარებიც აღარ არის. თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოებით ვერც მიხვდები, რომ ოდესმე ხეობაში სიცოცხლე დუღდა. ჩვენი კვალი მთლიანად აღგავეს.

სოფელი აჩაბეთი (იყო ზემო და ქვემო აჩაბეთი) ძალიან ძველი და ლამაზი სოფელი იყო. ისტორიული ძეგლიც გვქონდა. 300 კომლი ცხოვრობდა, კულტურული და გამრჯე ხალხი, ყველა შრომობდა, მშიერ ადამიანს ვერ ნახავდი. ერთ დღესაც ამის გარეშე დავრჩით. მანამდე მეუღლე დავკარგე და ეს ორივე თითქმის ერთნაირი ტკივილი იყო ჩემთვის, თითქოს სხეულის ნაწილი დავკარგე. ვცდილობთ წეროვანში ცხოვრებას შევეგუოთ, მაგრამ მაინც გვიჭირს... ტკივილი არ ნელდება.

- ცხოვრება გრძელდება. დასაფასებელია თქვენი ოპტიმიზმი... წეროვანში რა ფართობი გერგოთ?

- ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი. სკოლაში სამუშაოდ აღარ წავედი, წეროვანი თბილისთან ახლოს არის და იქ ვმუშაობდი ძიძად, მერე მოხუცებსაც ვუვლიდი. ყვავილები ძალიან მიყვარს და მათ ნელ-ნელა ვყიდულობდი. მერე ჩემი მოყვანილ-გამრავლებულების გაყიდვა მოვსინჯე და გამომივიდა. მოვაშენე ვარდებიც. მაშინ აქ ინტერნეტი არ იყო და მცენარეებზე ინფორმაციის მოძიება ცოტა მიჭირდა, შემდეგ კი მისი დახმარებით ბევრი რამ შევიტყვე, გავიცანი მემცენარეებიც, ვისთანაც შეიძლებოდა ყვავილების შეძენა, გასაუბრება.

- საკოლექციო ვარდები გაქვთ?

- ბევრი დასახელების ვარდი მაქვს, რა თქმა უნდა, საკოლექციოც. თითოეულს თავისი სახელი და ისტორია აქვს. ნაკვეთი სულ 450 კვმ-ია სახლიანად. პატარა სათბურიც (40 კვმ) გავაკეთე, მაქვს ვენახი, ხეხილი... სათბური დასაკალმებლად მინდოდა, თან ზამთარში კონტეინერებით მცენარეების შესანახავად. დღეს ეს არის ჩემი საქმე, პენსიაზეც გავედი და სხვას აღარაფერს ვაკეთებ.ვარდის 350 ჯიში მაქვს: ფრანგული, ინგლისური, გერმანული, იტალიური, ამერიკული, იაპონური (უკვე 30 ჯიში მომიგროვდა). იაპონური ვარდები ახალია, შარშან დაიწყეს ჩვენთან შემოტანა.

უმეტეს დროს ბაღსა და სათბურში ვატარებ. ჩემი საქმიანობა წლის პერიოდზეა დამოკიდებული. ახლა გადარგვის დროა. შარშან რა მცენარეებიც დავკალმე, ცელოფანის კონტეინერებში ვათავსებ, ამას რომ მოვრჩები, დაკალმება უნდა დავიწყო და ასე.

- შრომას ყოველთვის აქვს აზრი, ასეა?

- აუცილებლად. როგორც ვთქვით, ცხოვრება გრძელდება.სხვისი ხელის შემყურეობასა და მათხოვრობას შრომა მირჩევნია. სანამ ფეხზე ვდგავარ და მუშაობა შემიძლია, აუცილებლად გავაკეთებ ყველაფერს.

- თქვენს ნამუშევარს როცა უყურებთ, რა განცდა გიჩნდებათ?

- ეს ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნო საქმიანობა, ჰობია. უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. გაზაფხულზე ჩემი ნაშრომის ახალ სიცოცხლეს მოუთმენლად ველოდები. რა სჯობია ლამაზ ეზოს, აივანს, სახლს? მით უმეტეს, ამ კორონამ სულ ჩაკეტა ხალხი სახლში. ამიტომ გარემო მცენარეებით უნდა გაალამაზონ, რათა ყოფა გაუადვილდეთ....განაგრძეთ კითხვა

"შტაბი დამიწვეს, ქურთუკი გამხადეს.. " - ნიკა მელია უქურთუკოდ გადაღებულ ფოტოსა და კომენტარს აქვეყნებს

აქციაზე "ბარბერის" ქურთუკით მისული ნიკა მელია სოცქსელების ვარსკვლავად იქცა - რა ღირს სამოსი, რომელიც ოფიციალურ საიტზე შეზღუდული რაოდენობითაა

"მნიშვნელოვანია ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება" - ლევან კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარუმატებლობას ეხმიანება