ავტორი:

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

"მელიქიშვილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა, სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნარიმანიძე..." - რას ყვება ადვოკატი თემქაზე მომხდარ მკვლელობაზე

ნიკა ნარიმანიძე აცხადებს, რომ მოკლული და დაჭრილი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, მათთან შემთხვევით მოხვდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თემქაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ნიკა ნარიმანიძის ადვოკატმა დავით ახალაურმა განუცხადა.

როგორც ახალაური განმარტავს, მკვლელობაში ბრალდებული პირი მოკლულთან მეგობრობდა, თუმცა, მან მისთვის მიუღებელი ურთიერთობა შესთავაზა.

„აწ გარდაცვლილმა მის მიმართ გამოიჩინა სექსუალური ლტოლვა და არატრადიციულ სექსუალურ კონტაქტს სთავაზობდა. ამან ძალიან გააღიზიანა ნიკა ნარიმანიძე, ეს ყველა ნორმალური ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევდა.

კითხვა - შეეძლო თუ არა, ნიკა ნარიმანიძეს უბრალოდ ცემით შემოფარგლულიყო, ან სხვაგვარად მოეშორებინა ეს ადამიანი, მეც გამიჩნდა. ნარიმანიძე აცხადებს, რომ ეს დეტალები, რა ვითარებაში ჩაიდინა მკვლელობა, იმდენად აღელვებული იყო, არ ახსოვს“, - აცხადებს ახალაური.

ის ასევე განმარტავს, თუ როგორ მოხვდა ბრალდებული მეგობარ გოგონასთან ერთად სტუმრად იმ სახლში, სადაც მკვლელობა მოხდა.

„ნიკა ნარიმანიძე იხსენებს, რომ მსხვერპლი თავის დროზე შეეხმიანა მას, უთხრა, რომ მის მოგვარეებს - ნარიმანიძეებს იცნობდა და მასთან მეგობრობის სურვილი გამოთქვა. ის ნარიმანიძესთან ახლო კონტაქტში შესვლას ცდილობდა და შევიდა კიდეც. იმ სახლში დარჩენა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 10 საათის შემდეგ გადაადგილება იკრძალება, ისინი ლუდს სვამდნენ, მსხვერპლმა დარჩენა შესთავაზა, თუმცა, ნიკა არ აპირებდა. რაც შეეხება ცეცხლის წაკიდებას, ის ამბობს, რომ ცეცხლი არ წაუკიდებია, ბენზინი არ მიუსხია. ცეცხლის წაკიდებასთან დაკავშირებით ამ საქმეში ერთადერთი მტკიცებულება მეორე ბრალდებული გოგონას ჩვენებაა, რომლის მიხედვითაც ცეცხლი ნარიმანიძემ წაუკიდა. თუმცა, იგივე ადამიანი აცხადებს, დანაშაული მეც ჩავიდინე, მეც მოვკიდე ხელიო, იგივე ადამიანი აცხადებს, ტყეში რომ ვიყავით წასული, პოლიციაში არ დავრეკეო. მგონია, რომ ის საბოლოო ჯამში სასამართლოში ამ ჩვენებას უარყოფს, ვინაიდან, საკუთარი თავის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული და იტყვის, რომ ჩვენება პოლიცილებმა დაუწერეს.

შემთხვევის ადგილი თემქაზე, თბილისის ზღვასთან მდებარეობს, იქ ხელოვნური ტყე-პარკია, ნაძვნარია. ისინი ამ ტყე-პარკში შევიდნენ, ნარიმანიძემ ზედა ტანსაცმელი გამოიცვალა, თუმცა, სისხლიანი ტანსაცმელი მას კვლავ ეცვა, ტაქსიში ჩასხდნენ და დააკავეს“, - აცხადებს ახალაური.

თემქაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ანა უთიაშვილს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს. აღნიშნულს არ გამორიცხავს საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე.

როგორც პროკურორი განმარტავს, გამოძიების ეტაპზე შესწავლილი იქნება შემთხვევის დროს ანა უთიაშვილის მიერ განხორციელებული ქმედებები.

„ამ ეტაპზე, ანა უთიაშვილის ქმედება შეფასებულია, როგორც დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის თვითმხილველი იყო ნიკა ნარიმანიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის, მან სამართალდამცავ ორგანოებს ამის შესახებ არ აცნობა. თუმცა, გამორიცხული არ არის, გამოძიების ეტაპზე, დადგინდეს მის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქმედებების შესახებ, რაც შესაძლოა, გამოხატული ყოფილიყო ბრალდებულის მიმართ სხვა სახის დახმარებაში. ეს საკითხებიც იქნება შესწავლილი“, - განაცხადა ქობულაძემ.

პროკურორის თქმითვე, ბრალდებულ ნიკა ნარიმანიძეს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად, სასამართლოში მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია და მკვლელობის მოტივი, გამოძიების ეტაპზე გადამოწმდება, შეესაბამება თუ არა, ის სიმართლეს და რამდენად ჰქონდა აღნიშნულ ფაქტს ადგილი.

„ბრალდებულს საერთოდ არ მიუცია გამოძიებისათვის ინფორმაცია, არ მომხდარა მისი გამოკითხვა, ამაზე უარს თავადვე აცხადებდა. უფრო მეტიც, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობაზეც უარს აცხადებდა“, - განაცხადა ქობულაძემ.

ცნობისთვის, თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა, რის შემდეგადაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. სამართალდამცავებმა ნიკა ნარიმანიძე განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. ის წარსულში არაერთგზის ნასამართლევია. რაც შეეხება გოგონას, ის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიება განზრახ მკვლელობის, ასევე, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელი დაკავებულია - შსს

"რომ გამოფხიზლდება, ვიცი, ძალიან ინანებს... დედა პოლიციამ წაიყვანა. საცოდავი, ლევანის მეტი არავინ ჰყავს" - რას ყვება მეზობელი მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირზე

რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსოში შეჭრილ პირს?