ავტორი:

ქართული ეკრანებიდან 15 წლის წინ გაუჩინარებული ტელეწამყვანი, რომელიც 2000-იანების თინეიჯერებში პოპულარული იყო - სად და როგორ ცხოვრობს ილია ებიტაშვილი?

ქართული ეკრანებიდან 15 წლის წინ გაუჩინარებული ტელეწამყვანი, რომელიც 2000-იანების თინეიჯერებში პოპულარული იყო - სად და როგორ ცხოვრობს ილია ებიტაშვილი?

ილია ებიტაშვილი 90-იანი წლებისა და 2000-იანების დასაწყისში თინეიჯერ მაყურებელში ძალიან პოპულარული იყო - მასობრივად გაიცნეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიდან... მერე სადღაც გაქრა და აღარსად გამოჩენილა. მიზეზი კი ისაა, რომ 2006 წელს კიევში სტუმრად მიწვეულს, მოულოდნელად სამსახური შესთავაზეს და იქ დარჩა... მას მერე ლამის 15 წელი გავიდა და ის ისევ უკრაინაში ცხოვრობს და მუშაობს... ილია სოციალურ ქსელში შემთხვევით აღმოვაჩინეთ, დავუკავშირდით და მისი ამბავიც Ambebi.ge-სთვის ექსკლუზიურად ასე შეიქმნა.

- 2006 წელს ერთ-ერთ გადაღებაზე ჩემი მომავალი მეუღლე, რეჟისორი ირა პეტრიკეი გავიცანი, რომელიც კიევიდან თბილისში, დოკუმენტური ფილმის გადასაღებად იყო ჩამოსული. გარკვეული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა... სექტემბერში კიევში ბრუნდებოდა და შემომთავაზა, - ჩვენთან სტუმრად ხომ არ წამოხვალო? 24 წლის ვიყავი, საერთოდ არაფერი მაკავებდა, არანაირი პრობლემა მქონდა იმისთვის, რომ უარი მეთქვა და კიევში სიამოვნებით გავყევი. იმ წუთისთვის წარმოდგენა არ მქონდა, ვაპირებდი თუ არა იქ დარჩენას. ჩასვლიდან ძალიან მალე ირას მეგობრებმა, მოულოდნელად, ერთ-ერთ შეხვედრაზე (მეგობრის სახლში, სადაც ვიკრიბებოდით ხოლმე), ტელეარხ „ესტებეზე“ პრომოგანყოფილებაში რეჟისორის ადგილი შემომთავაზეს - ხომ არ დაიწყებდი მუშაობასო? წინადადებამ დამაინტერესა... თბილისში მანამდე წამყვანი ვიყავი, ოპერატორიც, რეჟისორობა არ მიცდია, თუმცა მონტაჟი ვიცოდი, რადგანაც დამთავრებული მაქვს ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი, პროფესიით ტელეკინორეჟისორი ვარ. მოკლედ, კიევში ის თანამდებობა ჩემი პირველი სამსახური აღმოჩნდა, ამიტომაც შემოვრჩი აქ.

- რთული იყო თავის დამკვიდრება?

- არ იყო რთული, მით უფრო, როცა ხარ მხიარული, თავისუფალი ადამიანი და იმყოფები არც ისე შორეულ ქვეყანაში, რუსულიც ბავშვობიდან ვიცოდი. ასე რომ, არ გამჭირვებია ხალხთან კონტაქტში შესვლა. თან, უკარაინელები თბილი, მხიარული, თავისუფალი ხალხია და ერთმანეთს იოლად გავუგეთ. მე და ჩემი უკრაინელი მეგობრები ერთმანეთს დღემდე შესანიშნავად ვუგებთ. ისე, თავიდან ცოტა კი მიჭირდა, მაინც უცხო ქვეყანა, ქალაქი, ქუჩები იყო, არ ვიცოდი, სად რა მდებარეობდა, ტრანსპორტი როგორ მოძრაობდა, ამ ყველაფერში კი ირა ძალიან მეხმარებოდა, ყოველ ჯერზე ვურეკავდი, - ახლა საით წავიდე? რა ტრანსპორტში ჩავჯდე? და ა.შ. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ის იყო, როცა იქ დარჩენა გადავწყვიტე და ამისთვის საბუთების გაკეთება დავიწყე.

- რატომ იყო რთული?

- ამ ქვეყანაში დღემდე „კარგად გრძნობს'' თავს კორუფცია. თუ ფული გაქვს, თითქმის ყველაფრის ყიდვა შეგიძლია. იმის გამო, რომ საბუთების გაკეთება პრინციპულად კანონიერად მინდოდა, მაგრად ვიწვალე. 2 წელი ვაკეთებდი, იქ ცხოვრების უფლების დოკუმენტს, ვიწრო კორიდორებში რიგებში ვიდექი, საშინელება გამოვიარე, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

- ნოსტალგია არ გაწუხებდა?

- პირველი 2 წელი ნოსტალგია ძალიან მაწუხებდა, სერიოზული შემოტევები მქონდა, თავისი ცრემლებით, დეპრესიებით - ქართულ ფილმებს, მუსიკას ვერ ვუსმენდი, მენატრებოდა თბილისის ქუჩები, ბუნება. ნოსტალგია დღემდე მაწუხებს, მაგრამ ისეთი მძიმე ფორმებით არ მაქვს, თუმცა საქართველო სულ მენატრება. წელიწადში 2-ჯერ ჩამოვდივარ. წელს მარტში ვიყავით ჩამოსულები, - ბავშვს 3 მარტს დაბადების დღე აქვს და თიკოშას ეს დღე მანდ აღვუნიშნეთ. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი ცვლილებები რომ ხდება, მსგავსი ემოციები თან ახლავს ხოლმე... ძალიან რთულია რადიკალური ნაბიჯის გადადგმა, ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ ამას თუ გაუძელი და დაძლიე, მერე საინტერესოა ცხოვრება.

- უკრაინაში რომ არ დარჩენილიყავი, საქართველოში პროფესიულად განვითარების შანსი არ გქონდა?

- შეიძლება მქონდა, მაგრამ ისეთი ტემპებით არა, როგორც აქ, აქაური ტელევიზია ქართულზე რამდენიმე ნაბიჯით წინაა, ასევე კინოწარმოება, სერიალების ინდუსტრია, რადგანაც დიდი ქვეყანაა, დიდი მასშტაბებია, მეტი ფული აქვთ. როცა ჩამოვედი, ჯერ კიდევ რუსეთთან ჰქონდათ ურთიერთობა და იმის გამო, რომ უკრაინაში იაფი ღირდა ფილმების წარმოება, ყველა რუსული სერიალი, ფილმი უკრაინაშია გადაღებული. არის უამრავი კინოკომპანია, ხარისხიანი და კარგი ტექნიკით, ისეთი, რაც საქართველოში დღემდე არ არსებობს. ამიტომ, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის კუთხით, ფანტასტიკური გადაწყვეტილება მივიღე, აქ რომ დავრჩი. იმას, რაც ახლა ვიცი და რა გამოცდილებაც დამიგროვდა, საქართველოში ვერ მოვახერხებდი და დღემდე არ მეცოდინებოდა... აქვე გეტყვით, რომ ამ წლების განმავლობაში, როგორც სპეცტექნიკის ოპერატორს, ნამუშევარი მაქვს დაახლოებით 60-ზე მეტ ფილმზე, სატელევიზიო პროექტებზე (თუკი რამე გაკეთებულა და დღემდე კეთდება), დიდსა და მასშტაბურს ვგულისხმობ („X ფაქტორები“, „ცეკვავენ ვარსკვლავები“, „ტალანტები“, „ვოისი“, „ხალასტიაკი“, „ხალასტიაჩკა“, ბევრი, ბევრი, დიდი შოუ, კონცერტები სტადიონებზე, ევროვიზია, რეკლამები)... ნამუშევარი მაქვს რეზო გიგინეიშვილის ფილმზე - „სიყვარული აქცენტით“ საქართველოში, სადაც ჩამოტანილი გვქონდა ჩვენი ტექნიკა, მაგ პერიოდში გადავიღეთ ასევე „ინჯოი ჯორჯია“ - საქართველოს რეკლამა ვერტმფრენით. დღესდღეობით ვმუშაობ ფირმებში, რომელსაც ჰქვია - „კვარტალი 95“ და „ფილმოტექნიკი“, რომელიც აწარმოებს ტექნიკას (ანუ ყველაფერი, რაც „დაფრინავს“, მანქანებზე დგას, „დარბის“, წყალქვეშ მოძრაობს, ვერტმფრენებიდან იღებს). 30 წლის ფირმაა, აქვს 2 ტექნიკური ოსკარი.

- გაგვაცანი შენი ოჯახი?

- მყავს მეუღლე ირა და ბავშვი თიკოშა, რომელსაც 3 მატრს 5 წელი შეუსრულდება. ვცხოვრობ ნორმალურად. გვაქვს ჩვენი სახლი თაუნჰაუსი. მანამდე კიევის ცენტრში ბინა გვქონდა და მერე ქალაქიდან ცოტა მოშორებით, კერძო დასახლებაში გადავედით. გვაქვს პატარა ეზო, ორი სართული, ვმუშაობთ, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით, ვერთობით... ეზოში გვაქვს ვარდები, ხეები, რომლებსაც თვითონ ვრგავთ. მაქვს ჩემი გაკეთებული გაზონი, ბავშვს ხახვი დავათესინეთ, ამოვიდა და ძალიან გაუხარდა. გვქონდა კიტრის, პომიდვრის მოსავალი... თიკოშას მიწასთან ურთიერობას ვასწავლით და თვითონაც ვირთობთ თავს. თან, ასაკიც მიახლოვდება ამისთვის, რომ ცხოვრების ასეთ რეჟიმშიც გადავიდე. ირა - ფანტასტიური გოგოა, უნიჭიერესი რეჟისორია, მისი დამსახურებით აღმოვჩნდი აქ და დღემდე აქ ვარ. ძირითადად მუშაობს რეკლამაზე და სერიალებზე... თიკოშა ულამაზესი, უსაყვალესი და ძალიან სასაცილო გოგოა, ვგიჟდები, ვაფანატებ მასზე, ჭკუა მეკეტება, ამ ბავშვის გარდა არაფერი მაინტერესებს. ვერ ვხვდები, რა აზრი ჰქონდა ჩემს ცხოვრებას თიკოშას დაბადებამდე?!.

- როგორ იხსენებ საქართველოში განვლილ ცხოვრებას, შენს ტელეკარიერას თუნდაც „მაესტროში“?

- ეს იყო ჩემი წინა ცხოვრება, ისე ზოგჯერ ვფიქრობ იმაზე, რომ ის ყველაფერი იყო თუ არა, - მოკლედ, იყო და არა, იყო რაა... მაგრამ რადგან შენ გახსოვს, ალბათ იყო... იმის მერე უამრავჯერ შეიცვალა ჩემი ცხოვრება, სხვადასხვა ეტაპი გავიარე. ხომ ვამბობ, ბავშვის დაბადების შემდეგ ახალი პერიოდი დაიწყო... ტელევიზია ჩემში „მაესტროთი" დაიწყო, შემდეგ „მეცხრე არხზე“ ვიმუშავე, სანამ ივანიშვილმა უეცრად არ დახურა. იქ იყო გადაცემა „ცხელი ცხრიანი“, რომლის წამყვანი გახლდით... „მაესტროში“ კი, მისი გახსნის დღიდან ვიყავი. პირველად 1996 წელს მივედი „სტუდია მაესტროში“, ოპერატორის ასისტენტი ვიყავი, მერე ოპერატორი. „მაესტრო“ ცალკე არხად რომ გაიხსნა, იქ უკვე წამყვანი გავხდი. იმ პერიოდს ღიმილით ვიხსენებ, როგორც ჩემს ბავშვურ, მხიარულ და საინტერესო თავგადსავალს, რომელმაც გამოცდილება შემძინა. მაშინ ყველა სასაცილოები და პატარები ვიყავით - მეც, სალიც, ნანიკოც, ნიკაც, თოლორაიაც...

- უცხო ქვეყანაში ცხოვრებისას ყველაზე რთული რა იყო?

- როცა ნათესავები საქართველოში არიან, - დედა, პაპა-ბებიები, ძმები... პაპაჩემი (დედაჩემისა და ნიკუშა ლომიძის მამა) მაშინ გარდაიცვალა, როცა მთელ უკრაინაში დავდიოდით, გადაღებები გვქონდა. მოკლედ, ყირიმში გახლდით, როცა შემატყობინეს, რომ ნუგზარი აღარ იყო. დაკრძალევას ვერ ჩამოვუსწარი, რომ დავმშვიდობებოდი... მამის მშობლები რომ გარდაიცვალნენ, მაშინ ჩამოსვლა მოვასწარი... ზოგადად კი გული გწყდება ადამიანს - აქ რომ ხარ, სულ მუშაობ, ჩართული ხარ, ბავშვია, სახლ-კარი - ცხოვრებაა ასეთი და გგონია, ეს ადამიანები მუდამ ცოცხლები იქნებიან, მაგრამ ასე არ ხდება... როცა ისინი აღარ არიან, გულდაწყვეტილი ზიხარ და ფიქრობ, - ღირდა, რომ დატოვე საქართველო? რამდენი დრო დაკარგე, არადა, შეგეძლო რამდენი გესაუბრა მათთან, სიბრძნე მიგეღო, ჩახუტებოდი, მოფერებოდი... ამაზე ღრმად რომ იფიქრო, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო... ადამიანები, ვინც ძალიან გიყვარს, მიატოვე, წახვედი და ცხოვრება სხვაგან დაიწყე.

- ნიკა ლომიძე ახსენე, ის შენი ბიძაა, დედის ძმა, რა როლი აქვს მას შენს ცხოვრებაში?

- ჩვენ სამი ძმა ვართ - მე, ირაკლი და რატი. 12 წლის ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. მკაფიოდ მახსოვს ის დღე - მე და ირაკლის ერთ ოთახში გვეძინა, სადაც შემოვიდნენ - ნიკუშა, ნიკუშას მამა, ნუგზარი პაპა (მამაჩემსაც ნუგზარი ერქვა), ორივე ტიროდა და გვითხრეს, რომ მამაჩვენი აღარ იყო... იმის შემდეგ ნიკა იყო ერთადერთი მამაკაცი, ვისგანაც ძმები მაგალითს ვიღებდით. რაც უფრო დიდ წარმატებას მიაღწევდა, მით უფრო იწევდა ჩემთვის ზემოთ „პლანკა“ და ასეა მთელი ცხოვრება... მამა არ გვყავდა, მაგრამ გვყავდა ნიკუშა, თუ რამე გვიჭირდა, მასთან მივდიოდით, სულ გვერდში გვედგა. მისი მადლობელი ვიქნები სულ, უდიდესი სამსახური გაგვიწია, ნიკუშა ლომიძე არის კაცი, ვინც სამი ძმა გაგვზარდა. ჩვენი უფროსი ძმაცაა და მამაც. მისი წყალობით ბევრ კარგ რამეს ვეზიარე. ნიკა რომ არა, ტელევიზიაშიც ვერ მოვხდებოდი.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებ?

- მეთხუტმეტე წელია, აქ ვარ. სულ ეს კითხვა მაწუხებს - ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას? ერთხელ ვცადე კიდეც, - სამი თვე ვიცხოვრე, მეორედ კიდევ რაღაც პერიოდი დავრჩი, მაგრამ რაღაცნაირად ვერ აეწყო ჩემი საქართველოში დაბრუნება. არ ვიცი, ვაპირებ, თუ არა... არ არსებობს ჩემთვის მხოლოდ ერთი ქვეყანა, - საქართველოში რომ ვარ, უკრაინის ნოსტალგია მაქვს, უკრაინაში - საქართველოსი. ჩემი განვლილი წლების ფონზე ერთი სამშობლო ვერ მექნება და მხოლოდ ერთ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებ. ამიტომ მაქვს ორი სამშობლო... საერთოდ რა აზრი აქვს, ერთ ადგილას ცხოვრებას? დედამიწა პატარაა და უნდა ვიმოძრაოთ ყველგან. მე არც ქართველი ვარ და არც უკრაინელი - უბრალოდ, დედამიწელი ვარ...