ავტორი:

„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება

„ომის შედეგები“ - წიგნი, მეორე მსოფლიო ომისგან დატოვებულ ჭრილობებზე, რომელიც არასდროს შუშდება

ჩვენ ბევრს ვკითხულობთ ომზე, მაგრამ ნაკლები ვიცით იმაზე, თუ რა კვალი დაატყო ნგრევამ, სიკვდილმა, წამებამ და შიმშილმა ადამიანების ფსიქიკას.

ომში გამარჯვებული ამავდროულად დამარცხებულიცაა, რადგან მან სასურველ სტატუსს მსხვერპლად უამრავი სიცოცხლე შესწირა, ხოლო ვინც ცოცხალი გადარჩა, ისიც ტანჯვისთვისაა განწირული - მათ საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

მეორე მსოფლიო ომის შედეგებზე ბევრი დოკუმენტური ფილმი გვინახავს, რომლებშიც საკონცენტრაციო ბანაკს გადარჩენილები იმ სასაკლაოს იხსენებდნენ, რაც ჰიტლერმა და „ესესმა“ მოაწყო, გვინახავს განადგურებული, დამშეული ფაშისტური გერმანიის თუ საბჭოთა მოქალაქე, რომელიც ბელადთა ამბიციებმა გასრისა. ვიცით ნამდვილი ჯოჯოხეთის - აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის, გაზის კამერების, საერთო სასაფლაოებისა და დახვრეტის ადგილების შესახებ. ეს ყველაფერი დღეს ისტორიაა, რომელიც უკან მოვიტოვეთ და თითქოს ჩვენ აღარ გვეხება...

წარსული საშუალებაა იმისა, ისწავლო, მომავალში როგორ მოიქცე, რა აღარ უნდა დაუშვა, ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ომის შედეგები.

მეორე მსოფლიო ომმა მხატვრულ ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში დიდი ინტერესი დაიმსახურა. დღემდე, მე-20 საუკუნის ისტორიის ეს შავბნელი პერიოდი არაერთი მწერლისა და რეჟისორის შთაგონებაა.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ში გვიამბობენ, რომ ომის პერიოდთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია მკითხველის მხრიდანაც. ომის თემატიკის ლიტერატურა, რომელსაც ისინი გამოსცემენ, მუდმივად ბესტსელერთა სიაში ხვდება. ცოტა ხნის წინ „პალიტრა L”-მა ახალი სერია „ომებსა და ადამიანებზე“ დაიწყო, რომელიც აერთიანებს ომის თემატიკაზე დაწერილ მნიშვნელოვან, ღირებულ და საინტერესო მხატვრულ ლიტერატურას. სერიის პირველი ორი წიგნი „წიგნის ქურდი“ და „შინდლერის სია“ გახლავთ. სერიის მესამე წიგნი კი ომის შედეგებზეა, რომელიც არანაკლებ სასტიკი და მტკივნეულია.

„ომის შედეგები“ - სწორედ ასე ეწოდება რიდიან ბრუკის ბესტსელერს, რომელიც 1946 წლის პერიოდის ადამიანებზე გვიამბობს. ომში დამარცხებული, დანგრეული, მიწასთან გასწორებული გერმანია შიმშილობს, სიცივისგან იყინება და მიყენებული ჭრილობებისგან იტანჯება. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა მოწინააღმდეგეთა რიგებში.

რიდიან ბრუკი გვიამბობს დანგრეული ჰამბურგის შესახებ, სადაც ბრიტანელები „წესრიგის“ დასამყარებლად ჩადიან. ჰამბურგის დროებით მერად ბრიტანელი სამხედრო ინიშნება, რომელსაც ომის დროს 11 წლის შვილი დაეღუპა. ის ქალაქის აღსადგენად იწყებს მუშაობას. ბრიტანელი სამხედრო გერმანიაში ცოლთან ერთად ჩადის. მასპინძლები გერმანელი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ომში ასევე უმძიმესი დანაკარგი განიცადეს.

ზიზღით, შურისძიების წყურვილითა და მტრობით დაწყებული ურთიერთობები იცვლება, ორივე მხარე თავის დანაკარგს გლოვობს, ორივე თავიდან დაწყებას ცდილობს...

წიგნის მთარგმნელი ლევან ინასარიძე აღნიშნავს, რომ ავტორს ყოველგვარი მაღალფარდოვნების გარეშე, მხატვრული ოსტატობით აქვს ასახული ომის უმძიმესი შედეგები და მის მიერ ადამიანებზე დასმული დაღი.

„ავტორის გზავნილი საკმაოდ მკაფიოა: არა ომს! ხოლო თუ რატომ არა, ეს ნაჩვენებია კონკრეტული ადამიანების, ოჯახების ბედით, რომელიც ამ ომმა განსაზღვრა“, - აღნიშნავს ის.

ბრუკის ბესტსელერის მიხედვით, რეჟისორმა ჯეიმს კენტმა ფილმიც გადაიღო - „მტრის სახლში“, რომელშიც მთავარ როლებს ვარსკვლავები ალექსანდრ სკარსგარდი და კირა ნაითლი ასრულებენ. ფილმი 2019 წელს გამოვიდა. ის ომის შემდეგ ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის.

ომით ვერცერთი მხარე ვერ იღებს იმას, რაც სურდათ, ბელადთა მსახურება კი ფატალური შედეგის მომტანია. საინტერესოა, ქართველ მკითხველზე რა შთაბეჭდილებას დატოვებს ბრუკის „ომის შედეგები“, რომელმაც ბევრი ადამიანი დააფიქრა.

წიგნი სულ მალე - 26 ნოემბრიდან გამოვა და ჟურნალ „გზასთან“ ერთად სპეციალურ ფასად - 8.00 ლარად გაიყიდება (ჟურნალთან ერთად 10.00 ლარი).

„მესაქონლეობა“ - წიგნი, რომელიც ქართველ ფერმერებს საქმიანობის ახალ ეტაპზე გადაყვანაში დაეხმარება

16 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“, პირველი ტომი

ქართველი დიპლომატი, რომელიც ბულგარეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა - ვინ იყო ალექსი წერეთელი?