ავტორი:

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ისტორიის ახალი და განსხვავებული თავის დაწერას იწყებს - ვინ არის მაია სანდუ

მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ისტორიის ახალი და განსხვავებული თავის დაწერას იწყებს - ვინ არის მაია სანდუ

კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას მალე ოფიციალურად ეყოლება პროდასავლური ღირებულებების პრეზიდენტი. 48 წლის მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

არჩევნების მეორე ტურის ხმათა 100%-ის დათვლის შემდეგ, პარტია "მოქმედებისა და სოლიდარობის“ ლიდერმა ხმათა 57.7% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა კი, რომელიც პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა, 42.2%. დოდონი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გაასაჩივრებს და დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ სასამართლო დარღვევებს ვერ აღმოაჩენს.

  • ვინ არის მაია სანდუ

მაია სანდუ, რომელიც მალე ოფიციალურად გახდება მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი, 1972 წლის 24 მაისს დაიბადა. ის წლებია აქტიურ პოლიტიკაშია ჩართული და თავის საჯარო გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამს ევროკავშირთან დაახლოების მნიშვნელობას.

სწავლობდა მოლდოვის ეკონომიკური კვლევების აკადემიაში მენეჯმენტის ფაკულტეტზე, 2010 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სკოლა დაამთავრა. საუბრობს რუსულ, ესპანურ და ინგლისურ ენებზე.

2010-2012 წლებში ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლად მუშაობდა. 2012-2015 წლებში კი მაია სანდუ მოლდოვაში დაბრუნდა და განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა.

  • პოლიტიკოსის კარიერა

განათლების მინისტრად მუშაობის პერიოდში, მან არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა. სწავლის დონის ასამაღლებლად, გაამკაცრა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების პროცესი, შეცვალა საგამოცდო სისტემა და ძირეულ რეფორმას დაუდო სათავე.

2015 წელს მან დატოვა განათლების მინისტრის პოსტი და ოპოზიციის რიგებში გადავიდა, გახდა პროევროპული იდეების მქონე პარტიის ლიდერი. 2016 წელს მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში, თუმცა მეორე ადგილზე გავიდა.

სანდუ 2019 წელს, ექვსი თვის განმავლობაში მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობდა, თუმცა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტმა მის კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადა. ოფიციალურ მიზეზად მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლების მუშაობით უკმაყოფილება დასახელდა, თუმცა მაშინ "ბიბისი" წერდა, რომ ნამდვილი მიზეზი შესაძლოა, ყოფილიყო მოსკოვის უკმაყოფილება პროდასავლური მთავრობის ჩამოყალიბების გამო.

მაია სანდუს საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ხალხისადმი მიცემული მთავარი დაპირებები სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმა, ბიზნესის მხარდაჭერა და მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოება იყო. ქვეყანას ამ ეტაპზე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება აქვს. სანდუ ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება და ამავდროულად, ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირი.

სანდუს საარჩევნო პროგრამა ასევე ფოკუსირებული იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამბობს, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს იქნება მთავარი გამოწვევა.

პროდასავლური ორიენტაციის მაია სანდუს გამარჯვებას "დოიჩე ველე“ მოლდოვის ისტორიაში ახალი თავის საწყის ეტაპად მიიჩნევს.

სანდუს უშუალო და მეგობრული ურთიერთობა აქვს ადამიანებთან, რაც მისი "ინსტაგრამის" ოფიციალური გვერდის ნახვითაც თვალშისაცემია. უყვარს ექსტრემალური სპორტი. მოლდოვის ახალი პრეზიდენტი არ არის დაქორწინებული და არც შვილები ჰყავს.

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თურქმენეთში ძაღლის გიგანტური ოქროს ქანდაკება დადგეს - ქვეყნის პრეზიდენტმა ძეგლის გახსნამდე მასზე წიგნი დაწერა

მეთიუ მაკკონაჰი შესაძლოა, პოლიტიკოსი გახდეს - მსახიობს ტეხასის გუბერნატორობა სურს