ამერიკელი მწერალი რაიმონდ ჩანდლერი დეშილ ჰემეთთან ერთად ე.წ. მაგარი დეტექტივის ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მის სიუჟეტებზე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მისი რომანების უმრავლესობის მთავარი გმირი კი კალიფორნიელი კერძო დეტექტივი ფილიპ მარლოუა. მომავალი ორშაბათიდან ”რეიტინგის” მკითხველები ჩანდლერის ერთ-ერთი გამორჩეული დეტექტივის - ”ქალი ტბაში” წაკითხვას შეძლებენ.
გზა მწერლობამდე
რაიმონდ ტორნტონ ჩანდლერი, ამერიკელი რეალისტი მწერალი და კრიტიკოსი, დეტექტიური რომანების, მოთხრობების ავტორი 1888 წლის 23 ივლისს დაიბადა ჩიკაგოში. 1895 წელს ირლანდიელ დედასთან ერთად ინგლისში გადავიდა მას მერე, რაც ის ქმარს, ამერიკელ ინჟინერს გაეყარა. კაცი ამერიკულ სარკინიგზო კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ ლოთობდა და ცოლმა მასთან ერთად ცხოვრებას განქორწინება არჩია. მათი ოჯახის რჩენა ჩანდლერის ბიძამ აიღო საკუთარ თავზე, წარმატებულმა იურისტმა.
1900 წელს ჩანდლერმა კლასიკური განათლება მიიღო ლონდონის დალიჯ-კოლეჯში. 1907 წელს ინგლისის მოქალაქეობა მიიღო იმისთვის, რომ სახელმწიფო სამსახურში მოწყობილიყო. თუმცა სახელმწიფო მოხელის პროფესიით ვერ მოიხიბლა, სამუშაო მიატოვა და პრესაში გადაბარგდა. კარგა ხანს მუშაობდა ჟურნალისტად რამდენიმე წამყვან გაზეთში, თუმცა ამ რანგში დიდი წარმატებისთვის არ მიუღწევია.
1912 წელს ჩანდლერი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. მუდმივი სამსახური ვერ იშოვა და დროებით მუშაობდა - ხან ხილს აგროვებდა, ხან ჩოგბურთის ჩოგნებს ამზადებდა. ფულს ყველაფერზე ზოგავდა და განმარტოებულ ცხოვრებას ეწეოდა.
მცირეხნიანი წვალების შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, საბუღალტრო კურსები დაამთავრა და მუდმივი სამსახურიც იშოვა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაემგზავრა, კანადის შეიარაღებულ ძალებს შეუერთდა და ბრძოლებშიც კი მონაწილეობდა საფრანგეთში. ომის ბოლოსკენ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალებში გადაბარგდა.
”ხანგრძლივი დამშვიდობება”
ომის დამთავრების შემდეგ ჩანდლერი ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, სადაც სულ მალე რომანი გააჩაღა სისი პასკალთან, გათხოვილ ქალთან, რომელიც მასზე 18 წლით იყო უფროსი.
სისი ქმარს მალევე გაეყარა, თუმცა ჩანდლერის დედა ამ კავშირის წინააღმდეგი იყო და არაფრით არ რთავდა ქორწინების ნებას, შვილიც დედის წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავდა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1923 წელს, შეძლო მომავალმა მწერალმა სისიზე დაქორწინება.
კვლავ ბუღალტრობით ირჩენდა თავს. ნავთობკომპანიაში მუშაობდა და 1932 წელს მისი ვიცე-პრეზიდენტიც კი გახდა, მაგრამ ერთ წელიწადში ალკოჰოლიზმის, გაცდენებისა და თვითმკვლელობის მუქარების გამო სამსახურიდან გააძევეს.
იმისთვის, რომ თავი ერჩინა, ჩანდლერი ისევ კალამს მიუბრუნდა - ოღონდ ამჯერად დეტექტიურ მოთხრობებს წერდა ჟურნალებისთვის. პირველი მოთხრობა, ”შანტაჟისტები არ ისვრიან”, ჟურნალში ”შავი ნიღაბი” 1933 წელს დაიბეჭდა. პირველმა რომანმა კი, ”ღრმა ძილი”, 1939 წელს იხილა დღის სინათლე. მერე გამოვიდა რომანები ”მშვიდობით, საყვარელო”, ”მაღალი ფანჯარა”, ”ქალი ტბაში”. წარმატების პიკზე მყოფი ჩანდლერი ჰოლივუდში სცენარისტად მიიწვიეს. იქ ბილი უაილდერთან თანაავტორობით შექმნა სცენარი ფილმისთვის ”ორმაგი დაზღვევა”. მოგვიანებით, უკვე დამოუკიდებლად დაწერა სცენარი სურათისთვის ”ლურჯი გეორგინა”. ჩანდლერმა ასევე მიიღო მონაწილეობა ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის ”უცნობები მატარებელში” სცენარის შექმნაში.
1954 წელს სისი გარდაიცვალა. ცოლის სიკვდილის შემდეგ ჩანდლერი გამუდმებით მარტო იყო, რამაც კლინიკურ დეპრესიამდე მიიყვანა. ისევ სმა დაიწყო, რაც მისი ნაწარმოებების ხარისხზეც მალე აისახა. 1955 წელს თვითმკვლელობა სცადა. ერთ წელიწადში ისევ მიიღო აშშ-ის მოქალაქეობა, რის შემდეგაც ევროპაში სამოგზაუროდ გაეშურა, რომ მავნე ფიქრები მოეშორებინა თავიდან. შინ დაბრუნებული, 1959 წელს პნევმონიით დაავადდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა. მწერალი სან-დიეგოს სასაფლაოზე დაკრძალეს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)