ავტორი:

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, გიუმრის სამხედრო ბაზა და ახლა უკვე ყარაბაღში ე.წ. სამშვიდობო მისია - რუსული ოკუპანტი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი და ასევე მას გარს არიან შემორტყმულნი. გუდაუთაში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზაა, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 4 500 სამხედროა; ცხინვალში, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის შემადგენლობაც ანალოგიურად, 4 500 კაცითაა დაკომპლექტებული; სომხეთში, გიუმრში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაა, რომელიც 3 000 კაცისგან შედგება; მთიან ყარაბაღში კი მინიმუმ 2 000 რუსი სამშვიდობო უნდა განთავსდეს.

სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ადამიანური და ტექნიკური აღჭურვილობის რაოდენობისა და აქედან მომდინარე საფრთხეების შესახებ AMBEBI.GE-ს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ესაუბრება.

ირაკლი ალადაშვილი

“საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტისთვის, 1990-იანი წლების ბოლოს, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარები ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზებული იყო მსოფლიო მასშტაბით. მოსკოვს მაშინ სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით 200 000-მდე სამხედრო, 1 500 ტანკი, 2 500 შეჯავშნული საბრძოლო მანქანა, 1 000-ზე მეტი საარტილერიო დანადგარი, 2 500 საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენი ჰყავდა განთავსებული. ეს უზარმაზარი ძალა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს ტექნიკა განაწილდა და ყველაზე მეტი აზერბაიჯანს შეხვდა, შემდეგ სომხეთს და ბოლოს - საქართველოს. გარდა ამისა, ასევე, რუსეთის სამხედრო ბაზები დარჩა სამხრეთ კავკასიაში, გარდა აზერბაიჯანისა. საქართველოში მან სამი ბაზა დაიტოვა: ბათუმში, ახალქალაქსა და ვაზიანში; სომხეთში კი - გიუმრის ბაზა.

გიუმრის სამხედრო ბაზა

აზერბაიჯანიდან, იმის გამო, რომ ქვეყანამ მთიანი ყარაბაღის პირველი ომი წააგო, მაშინ რუსეთის ჯარები გაიყვანეს. 2007 წელს, დიდი წვალების შედეგად, მოვახერხეთ და საქართველოს ტერიტორიიდან სამხედრო ბაზები გავიდა, თუმცა ცხინვალსა და აფხაზეთში მაშინ რჩებოდა ე.წ. სამშვიდობო ძალები, რომელთა შემოყვანას ოფიციალურმა თბილისმა თავის დროზე მოაწერა ხელი.

2008 წელს ვიცით, რაც მოხდა, როდესაც მათ ეს ე.წ. სამშვიდობო ძალები ერთგვარ პლაცდარმად გამოიყენეს და შემოიჭრნენ საქართველოში, რის შედეგადაც, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის შემდეგ შექმნეს მე-7 საოკუპაციო სამხედრო ბაზა აფხაზეთში და მე-4 საოკუპაციო სამხედრო ბაზა ცხინვალის რეგიონში. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში არის ასევე გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზა, რომელსაც ახლა უკვე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე დაემატა სამშვიდობო მისიით ჩასული, არანაკლებ 2 000 სამხედრო.

თითოეულ ბაზაზე სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 4 000 იყო, თუმცა მგონი, ახლა 4500-მდე გაიზარდა, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე - ცხინვალის რეგიონში. ასევე გაზრადეს სამხედროების რაოდენობა გიუმრიში. ამას ემატება 2 000-მდე სამშვიდობო მთიან ყარაბაღში. შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, დაახლოებით, 15 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.

რუსული საოკუპაციო ბაზა გუდაუთაში

გარდა ამისა, რა თქმა უნდა, არის საბრძოლო შეიარაღება: როგორც ჯავშანტექნიკა, ისე საზენიტო საშუალებები, არტილერია. უშუალოდ გიუმრიში განთავსებულია ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო კომპლექსები, მათი შემოყვანა იმავე, ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში რამდენიმე საათის საქმეა და ბევრს არაფერს ცვლის. ასე რომ, რუსეთს ერთგვარი ჯაჭვი აქვს გაკეთებული, დაწყებული ოკუპირებული აფხაზეთიდან, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონით, შემდეგ მოდის სომხეთი, სადაც სომხეთს თავისივე ნებით ჰყავს შეყვანილი რუსეთის ჯარი და ამას დაემატა უკვე მთიანი ყარაბაღი, სადაც აზერბაიჯანმა თავის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოების ჩადგომის ნება დართო“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

მისი თქმით, რუსეთს სურს, აღადგინოს ის სამხედრო ძლიერება, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე იყო.

"კი, დღეს რაოდენობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე მაშინ იყო, მაგრამ ტექნიკურად მოხდა გადაიარაღება, დღევანდელ რუსულ საოკუპაციო სამხედრო ბაზებს მაგალითად, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბევრად მეტი შეუძლია, რადგან მათ შეიარაღებაში უფრო შორი და ზუსტად მოქმედი სარაკეტო, საარტილერიო, საზენიტო შეიარაღებაა. ასე რომ, ეს სერიოზულ ძალას წარმოადგენს იმისთვის, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიის რეგიონი თითქმის მთლიანად გააკონტროლოს“, - აღნიშნავს ალადაშვილი.

აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილები ქელბაჯარის რაიონში შევიდნენ

"უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ შემოუერთდეს ნატოს" - ბენ ჰოჯესი

სომხეთი აზერბაიჯანს 120-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს გადასცემს, თურქეთი და რუსეთი კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქი სამხედროების პოსტის განთავსებაზე ვერ თანხმდებიან