ავტორი:

"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია... ჩვენ მხარს გიჭერთ" - რაზე ისაუბრეს გახარიამ და პომპეომ შეხვედრის დროს და რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

"ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია... ჩვენ მხარს გიჭერთ" - რაზე ისაუბრეს გახარიამ და პომპეომ შეხვედრის დროს და რა ინფორმაციას ავრცელებს აშშ-ის საელჩო?

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა.

საქართველოში აშშ-ის საელჩო, გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანთან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანი პომპეო პრემიერ-მინისტრ გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანს შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.

„სახელმწიფო მდივანმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

"მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის", - ამის შესახებ მაიკ პომპეომ შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, პომპეომ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.

"თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შეხვედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად ვაფასებთ შეერთებული შტატების ხალხისა და მთავრობის უწყვეტ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. კარგად იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რადგან საოკუპაციო ძალები კვლავ არიან განთავსებული ჩვენს მიწაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა უპირველეს ყოვლისა ეფუძნება ფასეულობებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და რა თქმა უნდა, საერთო გეოსტრატეგიულ ინტერესებს. რეგიონისთვის ამ ძალიან ცვალებად დროში ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხებია განსახილველი. ძალიან კარგი შესაძლებლობა გვეძლევა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებზე თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაძლიერების, ასევე ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით საქართველოში ვიზიტისთვის“, - მიმართა გიორგი გახარიამ მაიკლ პომპეოს.

ცნობისთვის, გიორგი გახარიასთან შეხვედრამდე პომპეო ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გაიმართა აუდიენცია. უკვე დასრულდა საპატრიარქოში მაიკ პომპეოსა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვედრაც.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთანაა დაგეგმილი.

მაიკ პომპეო საქართველოს დღეს დატოვებს, რის შემდეგაც ისრაელს ეწვევა. მაიკ პომპეო საქართველოში ჩამოსვლამდე თურქეთში იმყოფებოდა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"სულ რომ არავინ გატყდება და პარლამენტში შესვლაზე ყველა უარს იტყვის, ამაზე თავს ვერავინ დადებს" - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაბაში", მიდის თუ არა გრიგოლ ვაშაძე პარტიიდან?

"მოვუწოდებ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან“ - რას პასუხობს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სააკაშვილს