ავტორი:

"გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი" - სიახლე თაკო ტაბატაძის ცხოვრებაში და კინოდებიუტი, სადაც მთავარ გმირს ითამაშებს

"გადაწყვეტილების მიღება ისე სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი" - სიახლე თაკო ტაბატაძის ცხოვრებაში და კინოდებიუტი, სადაც მთავარ გმირს ითამაშებს

"პეპლების იძულებითი მიგრაცია" - ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იღებს. ქალბატონ ნანას თურმე ეს სახელწოდება ერთმა საგაზეთო სტატიამ შთააგონა... როგორც გაირკვა, პეპლებიც განიცდიან მიგრაციას და თუ ქარი სხვა მიმართულებით დაუბერავს, პეპლებს მარშრუტს შეუცვლის და დაიღუპებიან. ასე მოხვდა საქართველოში პეპლების დიდი გუნდი, რომლებიც თუშეთში დასახლდა... ფილმის სცენარი თამარ ბართაიას და ქალბატონი ნანას ერთობლივი ნამუშევარია, მუსიკა კომპოზიტორ დათო ევგენიძეს ეკუთვნის. მთავარი ოპერატორი მიხო კვირიკაძეა.

AMBEBI.GE ახალბედა მსახიობს თაკო ტაბატაძეს ესაუბრა, რომლისთვისაც ამ ფილმში მონაწილეობა კინოდებიუტია.

"ნამდვილად ასეა, ქალბატონი ნანა ჯორჯაძე ფილმში მიღებს, სადაც, მართლაც სასწაულებრივად აღმოვჩნდი. როგორც შემდეგ გავიგე, ქასთინგი 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა, მთავარ როლზე მსახიობის დამტკიცება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ, ბევრი, ჩემზე გამოცდილი მსახიობი და საინტერესო მოცეკვავე მოიაზრებოდა. გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როდესაც ქალბატონი ნანას ასისტენტმა, ნინო ჯორჯაძემ სოციალურ ქსელში აღმომაჩინა, დამიკავშირდა და ჩვენი შეხვედრა მეორე დღესვე შედგა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეჟისორს პირადად გავიცნობდი. თუმცა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებოდი. ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესო ადამიანია, ქალბატონმა ნანამ, მის შესახებ რომ მიამბო, საოცრად დავიმუხტე... ფილმში კიდევ რამდენიმე მთავარი გმირია და ყველას ჰყავს პროტოტიპი, ზოგიერთს ერთი, ზოგიერთი რამდენიმე ადამიანის კრებითი სახეა და ისინი ქალბატონი ნანას მეგობრები არიან" - გვეუბნება თაკო.

- ფილმის სახელწოდებაა "პეპლების იძულებითი მიგრაცია". მასში საოცარი მსახიობები მონაწილეობენ - თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, დარეჯან ხარშილაძე, ანა ქურთუბაძე, თამრ ბზიავა, ნათელა ნიკოლაიშვილი, ბუბა ჯორჯაძე, რატი ერაძე, გიორგი ცაგარელი და სხვ. მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო... ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ქალბატონ მარინა ჯანაშიასთან ერთად მქონდა სცენები. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მახსოვს მისი საოცარი ხმა და მის მიერ შექმნილი ფანტასტიკური სახეები როგორც კინოში, ასევე - თეატრში. უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად, მისი პიროვნული თვისებებით მოვიხიბლე. საოცრად თავმდაბალი ადამიანია.

სცენები კიდევ არის გადასაღები, რომლებიც ტექნიკური და ფინანსური შეზღუდვების გამო შეჩერებულია. მაგალითად, ერთ-ერთი ლოკაცია უნდა იყოს აეროპორტი, სადაც ამ ეტაპზე ვერ ხერხდება გადაღება.

- ემოციურად რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის და გადაღებების წინ როგორ ემზადებოდით?

- ძალიან ვღელავდი, ასეთ საოცარ ჯგუფთან მუშაობა უდიდეს ბედნიერებასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. მხატვრები, ტექნიკური პერსონალი, თითოეული თავისი საქმის უმაღლესი დონის პროფესიონალია. გადასაღებ მოედანზე ძალიან თბილი და ოჯახური გარემო დამხვდა. ყველა მამხნევებდა და გვერდში მედგა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ქალბატონ ნანას საოცარი შთაგონების უნარი აქვს, მას ყველა მსახიობისთვის აქვს გასაღები, რომელსაც არგებს, რომ გადასაღებ მოედანზე კომფორტული და შემოქმედებითი გარემო შეიქმნას. იგი გვაძლევდა იმპროვიზაციის საშუალებასაც, რაც ჩემთვის უდიდესი სტიმული და გამოცდილება იყო.

- როგორ შეხვდა ამას თქვენი დიდი და მრავალშვილიანი ოჯახი? ბავშვებმა რა თქვეს?

- ძალიან გამიმართლა, რომ ცხოვრებაში ეს შანსი მომეცა. გადაწყვეტილების მიღება იმდენად სწრაფად მომიხდა, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბავშვები ამ სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდნენ და გაგებით მოეკიდნენ ჩემს ორკვირიან ინტენსიურ რეჟიმს. გვქონდა ღამის გადაღებებიც. მიუხედავად იმისა, რომ უჩემოდ დაძინება არ უყვართ, ჩემზე უფრო ღელავდნენ - რა ცოდო ხარ დედიკო, რომ ვერ დაიძინებო...

- როგორც შევიტყვე, თეატრალურ უნივერსიტეტშიც სამსახიობოზე ჩაგიბარებიათ. არადა, მანამდე სრულიად სხვა განათლება გაქვთ მიღებული. რატომ გადაწყვიტეთ ასე?

- დიახ, მანამდე დავამთავრე კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება და მაგისტრატურის კურსიც ამავე უნივერსიტეტში სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით გავიარე. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროფესიაა, თუმცა, ჩემთვის სახელოვნებო სფერო იმდენად ძვირფასია, რომ ამის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა... მიუხედავად იმისა, რომ მაინც მქონდა შემოთავაზებები, გადავწყვიტე, პროფესიულად შემესწავლა სამსახიობო ოსტატობა, რადგან ეს ის სფეროა, სადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.

- ასევე საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებაზე თქვენი ოჯახის აზრი...

- ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე. ამის შესახებ ჩემმა მშობლებმაც არ იცოდნენ, საიდუმლო მხოლოდ პატარებს გავუმხილე და ძალიან მეხმარებოდნენ. როდესაც გამოცდებისთვის ვემზადებოდი, ჩემმა უფროსმა გოგონებმა აიღეს პატარებთან თამაშის "მისია". ლიზა, რომელიც 8 წლისაა, ყველაზე მეტად იყო ჩართული და მოუთმენლად ელოდა გამოცდის შედეგებს.

- როგორც ჩანს, ძალიან აქტიური და შრომისმოყვარე ადამიანი ხართ. ამასთან, 4 შვილის დედა, როგორ ასწრებთ ამდენ საქმეს?

- მადლობა. ძალიან მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მთელს სულსა და გულს ვდებ, რაც იმხელა ენერგიით მავსებს, რომ გაცილებით მეტის გაკეთებას ვახერხებ. ყველაზე მეტად მთრგუნავს უსაქმოდ, უფუნქციო მდგომარეობაში ყოფნა. ამიტომაც, ვცდილობ, დრო შინაარსიანად და ნაყოფიერად გავატარო. ამასთან, დაკავშირებით მახსენდება ხოლმე საოცარი ფსიქოლოგისა და პედაგოგის, შალვა ამონაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც მისგან მაგისტრის ხარისხის მინიჭების საზეიმო ცერემონიალზე მოვისმინე, რომ უნდა ვიცხოვროთ დღეებით და არა წლებით, რადგან დრო სწრაფად გადის და ყოველი დღე უნდა იყოს თუნდაც პატარა, წინ გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნისკენ, საითკენაც მივდივართ. აქ რთული ბალანსის მოძებნაა, რომ არც საყვარელ ადამიანებს მოაკლდეთ სითბო და ყურადღება და არც თვითგანვითარებას.

- სერიალ "დიდ ოჯაშიც" გამოჩნდით - ის ეპიზოდური როლი იყო, თუ კიდევ გიხილავთ იქ?

- დიახ, ეპიზოდური როლი გახლდათ. ეს ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი სერიალია. გადამღებმა ჯგუფმა რომ დამირეკა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ გადავწყვიტე, პატარებისთვის სიურპრიზი გამეკეთებინა, არაფერი მეთქვა. როდესაც, საღამოს ერთად დავსხედით ტელევიზორთან, მათთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი მათ საყვარელ სერიალში გამოჩენა, რომ სიხარულისგან ხტოდნენ... ის, რომ ჩემს შვილებს ასე მოსწონთ ჩემი საქმიანობა, მაძლევს უდიდეს ძალას, რომ ამ სფეროში მეტი გავაკეთო.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები - რა მოლოდინი გაქვთ კინოგადაღებებიდან, ასევე თეატრალური უნივერსიტეტიდან?

- ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი საოცარი პროფესიონალის და არაჩვეულებრივი ადამიანის, ქალბატონი ნანუკა ხუსკივაძის ჯგუფში. ყოველი რეპეტიცია, მასთან შეხვედრა, ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანია, ჩემი, როგორც ამ სფეროში პროფესიონალად ჩამოყალიბებაში. მიუხედავად, დღევანდელი ვითარებისა, მაინც ვახერხებთ გამოვნახოთ ფორმა და არ გავჩერდეთ. რაც შეეშება კინოგადაღებებს, იმედი მაქვს, მომავალშიც მომეცემა საინტერესო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

"ტირილით ჩამოვიდა კლინიკიდან, რომელმაც არ მიიღო..." - ახალციხეში კორონავირუსით მამა-შვილი გარდაიცვალა

"ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ, ეს "ლოქდაუნია" - რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი

გაჩერდება თუ არა მეტრო ინფიცირებული მემანქანეების გამო? - კახა კალაძის პასუხი