ავტორი:

"მაშველები რომ მოვიდნენ ჩემი სახელი და გვარი მითქვამს... ასე გაიგეს ჩემებმა, რომ გადავრჩი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ თამო არღვლიანთან

"მაშველები რომ მოვიდნენ ჩემი სახელი და გვარი მითქვამს... ასე გაიგეს ჩემებმა, რომ გადავრჩი" - ექსკლუზიური ინტერვიუ შატილის ავარიას გადარჩენილ თამო არღვლიანთან

"გამარჯობა, როგორ ხარ-თქო რომ გკითხო, ცოტა უხერხულია, მეც ეგრე ვარ. მიხარია, რომ გადავრჩით და ცოცხლები ვართ. ახლა ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ, უფრო მეტი სიკეთით სავსე. მართალია არ გვაკლდა სიკეთის კეთება, მაგრამ გავაასმაგოთ. ექიმები ისეთ ამბებს ჰყვებიან, ახლიდან დაბადებულები ვართ. ხოდა ეს ცხოვრება ჩვენი ყოფილა. ჯანმრთელობას გისურვებ.

ბევრ სიკეთეს და გახარებას ცხოვრებაში. ყოველთვის ყველას იღბალს ვუსურვებდი ხოლმე და ეს 100 პროცენტით სიმართლეა. ჩვენ იღბლიანები ვართ. წინ დიდი ცხოვრება გველოდება. არ მახსოვხარ ექსკურსიიდან, მიხარია, რომ კარგად ხარ", - ეს წერილი ერთ-ერთია იმ წერილებიდან რომელიც კლინიკაში მყოფმა სიკვდილს გადარჩენილმა ნატალია თხელიძემ თამუნა (თამო) არღვლიანს გასამხნევებლად მისწერა.

მანამდე გაგზავნილ წერილში სთხოვდა არასოდეს ეტირა, წერდა:

"ჩვენი ტირილი მაშინ მორჩა, როცა გადავრჩითო. მართლა უფლის სასწაულია შატილის შემზარავი ავარიის დროს სამი სიცოცხლით სავსე გოგონას გადარჩენა", - წერდა ის.

თამუნა არღვლიანი, ნატალია თხელიძე და ხატია დევსურაშვილი რომ გადარჩენილიყო, მართლა მთელი საქართველო ლოცულობდა ამისთვის. უფლის წყალობით და ექიმების ძალისხმევით გონზე მოსული გოგონები, თურმე თავადაც ამხნევებდნენ ერთმანეთს. არც თამო არღვლიანს დაუტოვებია ნატალიას წერილი უპასუხოდ. წარმოუდგენელია ამ საოცარი გოგონების თავს გადახდენილი ამბების მოსმენის შემდეგ არ დარწმუნდე, რომ უფალი სასწაულს ახდენს. ულამაზესი თამო არღვლიანი ახლა სახლშია, თავის თბილ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად და რეაბილიტაციას გადის. იმ საშინელი ავარიის შემდეგ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, როცა ინტერვიუ ვთხოვე, უარი მითხრა. უამრავი ჟურნალისტი მირეკავს, მაგრამ ჯერჯერობით საუბრისგან თავს ვიკავებო. მაგრამ დავითანხმე და გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მასთან.

იმ საბედისწერო დღეს თამო თავის თანამშრომლებთან ერთად წავიდა შატილში. ის "სისაურების" ხინკლის სახლში მუშაობდა.

- თამო, პირველ რიგში გილოცავთ გადარჩენას, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- უკეთ ვარ, თუმცა ჯერ კიდევ მჭირდება ოპერაცია.

- როგორც ვიცით, სამსახურის თანამშრომლებთან ერთად წახვედით ტურზე...

- სისაურების ნახევარფაბრიკატებში მზარეულად ვმუშაობდი. ჩვენ შვიდნი ვიყავით ერთად წასულები. ორი დღით ადრე მითხრეს, რომ კვირას შატილში ტური იგეგმება და წავიდეთო. არ მახსოვს როგორ ვემზადებოდი. ისიც კი არ მახსოვს ტანზე რა მეცვა. იმ საშინელი დღიდან მხოლოდ საშინელი გზა რომ იყო ეს მახსენდება. მე სვანი ვარ და სვანეთში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი, იმიტომ რომ გზის მეშინოდა. მახსოვს კოშკები და უკან რომ ვბრუნდებოდით გზად თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით. აქ წყდება ჩემი მეხსიერება. მეტი არაფერი მახსოვს, გონზე რომ მოვედი, ფურცელზე დავუწერე სახელები და გვარები ჩემი მეგობრების, ისინი როგორ არიან -თქო ვკითხულობდი, მაგრამ სიმართლე არავინ მითხრა.

მთელი ერთი თვე მეგონა ყველანი კარგად იყვნენ და მკურნალობდნენ სხვადასხვა კლინიკებში, მაგრამ მერე გავიგე რაც მოხდა. ჩემს გარდაცვლილ მეგობრებზე საუბარი მიჭირს. საოცრად კარგი ადამიანები იყვნენ. მთელი გზა ვიცინოდით და ვსაუბრობდით, ფოტოებს ვიღებდით, რას წარმოვიდგენდი თუ უკანასკნელად ვხედავდი მათ. ჩემთვის მტკივნეულია მათზე წარსულში საუბარი. ბატონი დავით სისაური ძალიან კარგი ადამიანი იყო, ლია ასლამაზაშვილი, ქეთი ზაკალაშვილი... მიჭირს მათზე წარსულში საუბარი, ძალიან რთულია იმ ყველაფრის გახსენება. თქვენ რომ ნორმალური ინტერვიუს ვერ გაძლევთ, ამასაც განვიცდი, მაგრამ მიჭირს საუბარი ამ თემაზე

- ცნობილია, რომ ითხოვთ საქმის გამოძიებას

- როგორც ხატია და ნატალია, მეც ვითხოვ, რომ გაირკვეს ვინ იყო მომხდარში დამნაშავე. ამდენი თვე გავიდა და ჯერ პასუხი არ გვაქვს, ექსპერტიზას ელოდებიან. ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს, კითხვებზე პასუხები გვჭირდება. მე დარწმუნებული ვარ ამ საქმის გამოძიება მოხდება და აქაც ისევე გავიმარჯვებთ, როგორც სიკვდილზე გავიმარჯვეთ.

- ამ ხნის მანძილზე ამ ტურისტული კომპანიიდან ვინმე გამოგეხმაურათ?

- არა, არავის მოუკითხია სამი გადარჩენილი გოგონა.

- აღნიშნეთ, რომ ისევ გჭირდებათ ოპერაცია, როდის იგეგმება?

- კი მჭირდება ხელზე ოპერაცია. ორ კვირაში მარცხენა ხელიდან რკინები უნდა მომხსნან და თაბაშირში ჩამისვან, ერთი თვის მერე კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება. სავარაუდოდ ის ახალი წლის მერე დაინიშნება. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, მათ შორის სრულიად უცხო ადამიანები. მადლობას ვუხდი მათ ამდენი სითბოსთვის. ჩემთვის ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი, მათი მხარდაჭერა ძალას მაძლევს. არ შემიძლია არ ვისაუბრო ჩვენს ექიმებზე და მედპერსონალზე, რომლებმაც სასწაული გააკეთეს. მადლობა, ჩემს გმირს, ექიმ ლევან რატიანს, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. ნატალის მსგავსად მეც გონზე ვყოფილვარ, როცა მაშველები მოვიდნენ და ამოგვიყვანეს. ჩემი სახელი და გვარი მათთვის მითქვამს. ასე გაიგეს ჩემებმა, რომ მესამე გადარჩენილი მე ვიყავი. მე არაფერი მახსოვს... არც ის რომ მერე კლონიკაში გონზე მოსვლის შემდეგ ჩემი ძმა რომ შემოვიდა. თურმე პირველად ჩემი უფროსი ძმა შემოუშვეს ჩემთან, გონზე ვყოფილვარ და მაგდა ექიმს უკითხავს ჩემთვის იცანიო, კიო, მითქვამს და თავი დამიქნევია, მაგრამ არც ეს მახსოვს.

- ნატალიამ მითხრა, რომ გავიგე თამო ტიროდა გასამხნევებელი წერილი მივწერეო...

- მართლა სულ ვტიროდი. ექთანმა მითხრა შენთვის წერილი მაქვსო და გადმომცა მისი წერილი, ნატალია მწერდა, ჩვენ სასწაულმა გადაგვარჩინა და არასდროს არ უნდა ვიტიროთო. ისეთი სტიმული მომცა მისმა წერილმა, მიხაროდა რომ კარგად იყო ის. მერე მეც მივწერე, ერთმანეთს ასე ვამხნევებდით. არადა ნატალია და ხატია ტურიდან არ მახსოვს. თუმცა სულ ვკითხულობდი მათ ამბებს, როგორ იყვნენ. ლევან რატიანს სასწაული გუნდი ჰყავს. მათ შეუძლებელი შეძლეს და სამივე ფეხზე დაგვაყენეს. მართლა თავს გვევლებოდნენ. სულ ვიძახი, რომ ლევანი ექიმი ჩემი გმირია, მან სიცოცხლე მაჩუქა.

- ალბათ კორონავირუსის გამო დღეს იზოლირებული ხართ?

- კი სახლში ვარ ამ ვირუსის გამო, ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის ჯანმრთელობას. ჩემი ოჯახის წევრებისთვის მე მეორედ დავიბადე. მართლა უფლის სასწაულმა გადამარჩინა.

ზურაბ ჟვანიას დედა რემა ჟვანია  გარდაიცვალა

"ელენე ძალიან კარგად სწავლობდა, ივანიშვილს უნდოდა თავისკენ წაეყვანა..." - ცნობილი პოლიტიკოსის დედა შვილის პირადზე, რუსეთში სწავლასა და მეუღლეზე

არ შეგაფერხოთ პანდემიამ, გაიმარტივე შეძენა - „მიჰაუსში“