ავტორი:

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

რამდენად რეალურია და რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში?

თემა, რომელიც საქართველოში დროდადრო აქტუალური ხდება, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ქვეყანაში ჩამოსვლამდე უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ქართველმა ექსპერტებმა კვლავ წინ წამოსწიეს - მათ ღია წერილში პომპეოს საქართველოში აშშ-ის ჯარის განთავსების თხოვნით მიმართეს

  • რამდენად რეალურია ამერიკული მუდმივი სამხედრო ყოფნა საქართველოში და რას შეცვლიდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის?

ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს თავად წერილის ავტორებმა უპასუხეს.

ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის ციფრული დიპლომატიის პრაქტიკოსის, ზვიად აძინბაიას თქმით, ნებისმიერი გონივრული, პრაგმატული ინიციატივა, რომელიც აშშ-ში ამერიკის მოკავშირეებისგან მიდის, რეალისტურია. რას შეცვლიდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში? აძინბაია აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს როგორც ახლო, ასევე შორსმიმავალ პერსპექტივაში პრაქტიკულ სიკეთეებს მოუტანს.

ზვიად აძინბაია

"ეს წერილი ახლა იმიტომ დაიწერა, რომ უკვე დიდი ხანია, დროა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ყოფნის შესახებ საქართველომ გააკეთოს არა მხოლოდ ოფიციალური განაცხადი, არამედ აწარმოოს აქტიური მუშაობა როგორც სამოქალაქო დონეზე, ასევე, ოფიციალურ დიპლომატიურ დონეზე. ჩვენ შემთხვევაში ეს იყო სამოქალაქო დიპლომატიის ინიციატივა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ადმინისტრაცია იქნება ვაშინგტონში, საქართველომ აუცილებლად უნდა ეძიოს ყველა გზა, რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველჰყოს, გაზარდოს და გაამყაროს - ზუსტად ამ პათოსს ემყარებოდა წერილი, რომელიც ვაშინგტონში ძალიან ბევრმა სამოქალაქო დიპლომატმა, ყოფილმა მაღალი რანგის დიპლომატმა და მოქმედმა პოლიტიკის, უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გააგზავნეს. რა თქმა უნდა, წერილი არ არის ერთადერთი ფაქტორი, რითაც სამხედრო ყოფნის გაძლიერება ხდება ამა თუ იმ ქვეყანაში, მაგრამ ეს არის სიგნალი, კარგი საშუალება, რომ როგორც საჯარო დებატი საქართველოში, ასევე პოლიტიკური დებატები, ძირითადად ვაშინგტონში და სხვაგანაც გაძლიერდეს, გააქტიურდეს და საბოლოო ჯამში, მივიდეს იმ დონემდე, რასაც ამ მიმართულებით პოლიტიკის შექმნა ჰქვია. რამდენად რეალური და რეალისტურია? ნებისმიერი გონივრული, პრაგმატული ინიციატივა, რომელიც ამერიკის მოკავშირეებისგან მოდის ამერიკაში, აბსოლუტურად რეალისტურია. შესაბამისად, ამას საქართველოს მხრიდან ბევრი მუშაობა უნდა.

ეს საქართველოს როგორც ახლო, ასევე შორსმიმავალ პერსპექტივაში პრაქტიკულ სიკეთეებს მოუტანს. საქართველოს უსაფრთხოება საქართველოს ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სამწუხაროდ, არც ეკონომიკურად განვითარებული და არც პოლიტიკურად სტაბილური ვართ იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვიყოთ. ამიტომ, ამას სჭირდება მოკავშირის სამხედრო ყოფნა, რათა ოკუპანტის სამხედრო ყოფნა არა მხოლოდ დააბალანსოს, არამედ, უკან წააღებინოს მათ საოკუპაციო ძალების პოლიტიკა. თუ საქართველოში აშშ-ის სამხედრო ყოფნა იქნება, ეს არა მხოლოდ გაზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და აშშ-ის ინტერესებს, არამედ, დააჩქარებს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციას და თქვენ და მე ვიცხოვრებთ უფრო მშვიდ ქვეყანაში".

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მკვლევარი შოთა ღვინერია მიუთითებს, რომ რუსეთს ახლა უკვე რეგიონში, სამივე ქვეყანაში ჰყავს სამხედრო ძალები, რუსეთის კიდევ უფრო გაძლიერება კი ცუდად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებზე, ამერიკის რეგიონში ყოფნის შენარჩუნება კი ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, საქართველო ამისთვის ერთადერთი მყარი დასაყრდენი შეიძლება იყოს.

"ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ფონზე, რაც ზოგადად, მსოფლიოში ხდება, განსაკუთრებით, პანდემიის კრიზისის ფონზე, მაშინ, როდესაც დასავლეთის ზოგადად და კონკრეტულად აშშ-ის ყურადღება არის ახლა უფრო შიდა პრობლემებზე მიპყრობილი და ყველა გადართულია იმაზე, თუ როგორ უპასუხონ ამ გლობალური პანდემიას, როგორ მონახონ გამოსავალი ამ ურთულესი მდგომარეობიდან, რუსეთმა ეს დრო გამოიყენა იმისთვის, რომ რეგიონში თავისი ვიწრო მიზნები განეხორციელებინა. მან შეძლო ის, რომ კავკასიის სამივე ქვეყანაში უკვე ჰყავს სამხედრო შეიარაღებული ძალები და ამ სამხედრო ყოფნის საფუძველზე ახორციელებს ძალიან დიდ ზეწოლას მთლიანად რეგიონსა და რეგიონის ქვეყნებზე. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე და მთავრობებზე ზემოქმედებისთვის რუსეთმა გააორმაგა თავისი ბერკეტები და რა თქმა უნდა, ეს საქართველოსაც ეხება - რაც უფრო ძლიერი იქნება რეგიონში რუსეთი, ეს პირდაპირპროპორციულად ცუდად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებზე.

შოთა ღვინერია

სახელმწიფო მდივნის ვიზიტი შედგა, შეიძლება ითქვას, აბსოლუტურად სპონტანურად (მის ტურნეს საქართველოში ჩამოსვლა ბოლო მომენტში დაემატა), ისიც მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამ ვიზიტს რაღაც კონკრეტული მიზანი და ამოცანა არ ჰქონია. ის ჩამოვიდა აქ, რათა კიდევ ერთხელ დაედასტურებინა ის, რომ აშშ არის არა რომელიმე პოლიტიკური ძალის პარტნიორი ან მხარდამჭერი საქართველოში, არამედ მხარს უჭერს ზოგადად საქართველოს, ქართველ ხალხსა და საქართველოს სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მკაფიოდ გამოჩნდა, აშშ კარგად ხვდება იმას, რომ ამ რეგიონში ამჟამად მიმდინარე ძალიან მკაფიო ცვლილებების, ბალანსის ცვლისა და ინტერესთა გადაჯგუფების პერიოდში აუცილებელია, აქ აშშ იყოს ჩართული, შეინარჩუნოს რეგიონში თავისი გავლენები და ინტერესები. რა თქმა უნდა, ერთადერთი მყარი დასაყრდენი რეგიონში მათთვის შეიძლება საქართველო იყოს. აქედან გამომდინარე, კარგიცაა და ცუდიც ის, რაც რეგიონში მოხდა: ცუდი იმიტომ, რომ გაიზარდა რუსეთის გავლენა, კარგი იმიტომ, რომ ამერიკამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახა, რომ საქართველო ერთადერთი საშუალებაა მისთვის, ამ რეგიონში თავისი ინტერესების გასატარებლად რაღაც დასაყრდენი ჰქონდეს.

ამ პირობებში, როგორშიც ჩვენ პომპეოს დავხვდით, რა თქმა უნდა, რაიმე კონკრეტულ შედეგებზე ზედმეტია ლაპარაკი. ეს გამორიცხულია, მაშინ, როცა ამომრჩევლების ნახევარი და სრულიად ოპოზიცია არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს, აქ რაღაც სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე და დიდი, ახალი ინიციატივების გახმაურებაზე ლაპარაკი ვერ იქნებოდა. ის ჩამოვიდა, დააფიქსირა მხარდაჭერა ქვეყნის მიმართ, დააფიქსირა ის, რომ საქართველო რჩება ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ამერიკისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ახლა საქართველოს რეგიონში, როგორც ამერიკის პარტნიორს... დანარჩენი ალბათ შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც ჩვენ თვითონ შევძლებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური კრიზისი და აბსოლუტურად არეულ-დარეული ვითარება როგორღაც დავალაგოთ, ამას ჩვენთვის ვერავინ გააკეთებს, ეს ჩვენი საქმეა. როცა ქვეყანა უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ რაღაც ლეგიტიმური ეროვნული ინტერესებით წარდგეს თავისი პარტნიორის წინაშე, მაშინ ალბათ, რაღაც უფრო სერიოზული საუბარი იქნება აშშ-სთან“, - აცხადებს ღვინერია.

მისი თქმითვე, ეს ბაზა თუკი განთავსდება საქართველოში, მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება ის, რომ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი დაცული იყოს.

"რუსული პროპაგანდა ცდილობს, ამერიკული ბაზა საქართველოში წარმოაჩინოს, როგორც რაღაც ნეგატიური ან გამაღიზიანებელი, ან საფრთხისშემცველი ფაქტორი რუსეთის ფედერაციისთვის. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და ეს ბაზა თუკი განთავსდება საქართველოში, მისი ერთადერთი ფუნქცია იქნება ის, რომ საქართველოს არაოკუპირებული ნაწილი დაცული იყოს და რუსეთმა ვეღარ შეძლოს, დამატებით კიდევ ისეთი მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემები შეგვიქმნას, როგორსაც მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში გვიქმნის ამ ბორდერიზაციით, ხალხის გატაცებით, რაღაც ახალ-ახალი დამუქრებებით, სხვადასხვა რეგიონში სიტუაციის არევით და ა.შ. ანუ ამერიკის სამხედრო ყოფნა საქართველოში იქნება გარანტია იმის, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება საქართველოს უსაფრთხოებას და არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა განაგრძოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების დაზიანება; არ დაუშვებს, რომ რუსეთმა რაღაც კონკრეტული მძაფრი მკაფიო ნაბიჯები გადადგას იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ჩვენი უსაფრთხოება. აქედან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად თავდაცვითი, პრევენციული ხასიათის აქტია, რომელიც მიმართულია საფრთხეების შეჩერებისკენ და არა - ვიღაცის გაღიზიანებისკენ, პროვოცირებისკენ ან ახალი საფრთხეების წარმოქმნისკენ. ასევე, ნატო-ში გაწევრების მიმართულებით ეს ერთ-ერთი უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მოგეხსენებათ, ნატო-ში არიან ქვეყნები, რომლებიც არ არიან დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო საკმარისად სტაბილური და დაცულია იმისთვის, რომ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში მისმა ალიანსში მიწვევამ რაიმე დადებითი როლი ითამაშოს. როდესაც ეს პრობლემა უკვე გადაჭრილი იქნება იქიდან გამომდინარე, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა მართლაც ძალიან მტკიცე უსაფრთხოების გარანტიაა, ნატო-ს სხვა წევრი სახელმწიფოებისთვისაც ბევრად უფრო ადვილი გახდება საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

ამერიკული ბაზების აქ განთავსება კარგი იქნება ასევე ინვესტიციებისთვის, რადგან რუსეთის შემოჭრის, თბილისის ოკუპაციის და ომის დაწყების საფრთხე რომ აღარ იქნება, ეს ინვესტიციებსაც წაახალისებს - თუ ვიღაც საქართველოში სტრატეგიული ინვესტიციის ჩადებას აპირებს, რა თქმა უნდა, ამის პირველი შემაფერხებელი ისაა, რომ ხვალ რომ რუსეთი შემოვარდეს კიდევ, ისევე, როგორც 2008-ში შემოვარდა, ამხელა ფული შეიძლება, ჰაერში გამოეკიდოს. აქედან გამომდინარე, ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულება უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული - უსაფრთხოება ყველაფერი არაა, თუმცა უსაფრთხოების გარეშე ყველაფერი არაფერია. ამის გარეშე ვერც ერთი მიმართულება ქვეყანაში ვერ განვითარდება“, - აღნიშნავს ღვინერია.

ასეა თუ ისე, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ იქნება ეს ამერიკული ბაზები საქართველოში, ნატო-ში გაწევრების საკითხი თუ ორივე, ამით საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისგან უფრო მეტი საფრთხე არ შეიძლება, დაემუქროს - ალბათ სწორედ ესაა ერთ-ერთი ის საკითხი, რაზეც სამწუხაროდ, ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობაა, რაც საგარეო მიმართულებით მნიშვნელოვანი შემაფარხებელი ფაქტორია.

"უფრო მეტი საფრთხე რა შეიძლება, ვიდრე ახლაა? ჩვენი ტერიტორიები არის წაგლეჯილი, ჩვენს მოქალაქეებს იტაცებენ, თქვენ და მე ვერ ვბრუნდებით სახლში. უფრო მეტ საფრთხეს რაში ვხედავთ, ვერ გავიგე, ამ საფრთხეების აღმოსაფხვრელად კეთდება ეს ყველაფერი, სხვანაირად ჩვენი შეჭმა უნდა რუსეთს“, - ამბობს ამ საკითხზე ზვიად აძინბაია.

საქართველო მაგალითი აშშ-ისთვის - სენატორმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარებაზე ლაპარაკისას, ჩვენთან ჩატარებული 2012 წლის არჩევნები გაიხსენა

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"