ავტორი:

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი

"დაჩიპვა", DNA-ის შეცვლა, მწვავე გვერდითი მოვლენები - ყალბი ინფორმაციები კორონავირუსის ვაქცინაზე და არის თუ არა რეალურად ის საფრთხის შემცველი

მეცნიერებმა სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებიდან უკვე შექმნეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. ამ ეტაპზე უკვე ცნობილია სამი წარმატებული ვაქცინის შესახებ და პოზიტიური პროგნოზით, ვაქცინაცია ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დეკემბრიდან დაიწყება. ვაქცინები შექმნეს Pfizer-მა, Moderna-მ და ასევე ოქსფორდელმა მეცნიერებმა.

საზოგადოების ნაწილი ამბავს აღფრთოვანებით შეხვდა და როგორ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, "გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა გახდა“, თუმცა ამავდროულად, ვაქცინის მოწინააღმდეგეები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ვაქცინასთან დაკავშირებული დამაიმედებელი ინფორმაციების პარალელურად, არაერთი მითი და ე.წ. ფეიკ ნიუსი კიდევ უფრო აქტიურად გავრცელდა.

იმ ფონზე, რომ ანტივაქსერები მრავალგზის გამოცდილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასაც კი სკეპტიკურად უყურებენ, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ რეკორდულად სწრაფ დროში შექმნილ ვაქცინასაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს. "ფეიკ ნიუსების" უმეტესობა ძირითადად უკავშირდება მისი საშუალებით "დაჩიპვას", დნმ-ის შეცვლას, მწვავე ფორმებში გამოვლენილ გვერდით ეფექტებს და ა.შ.

მსგავსი სახის ინფორმაციები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალური მასშტაბით ვრცელდება და სოციალურ ქსელებში ამ საკითხისადმი მიძღვნილ არაერთ პოსტს ნახავთ.

განვიხილოთ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული ყველაზე პოპულარული მითები და ყალბი ინფორმაციები:

  • ბილ გეითსი და მიკროჩიპები

ბილ გეითსისა და მიკროჩიპების საკითხი ბოლო კვირებია "ტვიტერში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა. Microsoft--ის მილიარდერი დამფუძნებელი ბილ გეითსი პანდემიის პერიოდში არაერთხელ გამხდარა ჭორების საგანი და საზოგადოების ნაწილის შეტევის ადრესატი. მიზეზი კი ის ქველმოქმედებაა, რომელიც გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის გასწია.

ბოლო დღეების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრალდება ბილ გეითსის მიმართ ასეთია - კორონავირუსის პანდემია წარმოადგენს გეგმის ნაწილს, რომლის მიზანიც ადამიანებისთვის მიკროჩიპების ჩადგმაა, ხოლო ყოველივეს მიღმა ბილ გეითსი იმალება.

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად", - ეუბნებიან BBC-ის ბილ და მელინდა გეითსების ფონდში და აბობენ, რომ მსგავსი ინფორმაციები არის ყალბი. მტკიცებულებების არარსებობის მიუხედავად, მაისში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ამერიკელთა 28%-ის აზრით, ბილ გეითsს ვაქცინის საშუალებით ადამიანების "დაჩიპვა“ სურს.

  • ვაქცინა გამოიწვევს DNA-ის შეცვლას

დონალდ ტრამპის მომხრე ვებ-გვერდის Newsmax-ის კორესპონდენტმა, ემერალდ რობინსონმა თავის 264 ათას მიმდევარს "ტვიტერში" უთხრა, რომ უფრთხილდნენ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას, რადგანაც მისი მტკიცებით, ვაქცინა საფრთხის შემცველია დნმ-ისთვის.

Pfizer-ის ვაქცინა იყენებს mRNA-ის ტექნოლოგიას, რომელიც აქამდე არასდორს დაუტესტავთ და არასდროს დაუმტკიცებიათ. ის სახიფათოა თქვენი DNA-სთვის. მოხალისეების 75%-ში ვაქცინამ აჩვენა გვერდითი ეფექტი. ფრთხილად იყავით - დაწერა რობინსონმა.

ყოველივეს მოჰყვა უამრავი პოსტი, რომელთა ავტორთა მტკიცებითაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა როგორღაც შეცვლის ადამიანის DNA-ის.

აღნიშნულის შესახებ BBC-მ ჰკითხა სამ დამოუკიდებელ მეცნიერს. სამივე მათგანი ამტკიცებს, რომ კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინა არ შეცვლის ადამიანის DNA-ის. BBC-ის ცნობით, როგორც ჩანს, ამგვარი პრეტენზიების გამავრცელებელ ადამიანებს აქვთ ფუნდამენტური გაუგებრობა გენეტიკასთან დაკაშირებით. გამოცემა წერს, რომ ვაქცინა შეიცავს ვირუსის გენეტიკური მასალის ფრაგმენტს - RNA-ის, თუმცა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი ოლმონდის განმარტებით, ის არ ვნებს ადამინის უჯრედებს, ის არ ვნებს და არ ცვლის ადამიანის დნმ-ს.

ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის, Pfizer-ის სპიკერი ენდრიუ ვიჯერი კი ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ცვლის ადამიანის DNA-ს. "ის აწვდის ორგანიზმს იმუნიტეტის შექმნის ინსტრუქციას“ - განმარტავს ვიჯერი.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი საუბრობს იმაზე, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შეცვლის ადამიანის დნმ-ს. მსგავსი ინფორმაცია პოპულარული იყო ჯერ კიდევ მაისში.

  • რას გულისხმობს mRNA ტექნოლოგია?

როგორც BBC წერს, გაუგებრობა სავარაუდოდ წარმოიქმნა იმის გამო, რომ ვაქცინის შესაქმნელად "პფაიზერი“ იყენებს RNA-ის. მეცნიერთა განმარტებით რეალურად, RNA მუშაობს როგორც სხეულის ერთგვარი ინსტრუქტორი. ის ორგანიზმში გამოამუშავებს იმ ცილას, რომელიც კორონავირუსის ზედაპირზეა. იმუნური სისტემა კი შედეგად სწავლობს ცილის საწინააღმდეგო ანტისხეულების ამოცნობას და მათ წარმოებას.

Newsmax-ის კორესპონდენტ რობინსონის "ტვიტში" საუბარია იმაზეც, რომ აქამდე mRNA ტექნოლოგია ვაქცინის შესაქმნელად "არც დაუტესტავთ და არც არასდროს დაუმტკიცებიათ.“ როგორც BBC წერს, მართალია ის, რომ აქამდე mRNA-ის გამოყენებით შექმნილი ვაქცინა არ დამტკიცებულა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთი კვლევა ჩატარდა.

პროფესორ ოლმონდის თქმით, Pfizer-ის ვაქცინა არის პირველი ვაქცინა, რომელმაც აჩვენა ყველა ის ეფექტურობა, რაც მისი ლიცენზირებისთვისაა საჭირო.

მხოლოდ ის, რომ ვაქცინა ახალი ტექნოლოგიის გამოყენებითაა შექმნილი, არ ნიშნავს, რომ მისი უნდა გვეშინოდეს, - ამბობს პროფესორი.

  • მითები ვაქცინის უსაფრთხოებაზე

როგორც BBC წერს, ახალი ვაქცინები გადიან მკაცრ შემოწმებას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, სანამ ისინი ფართო გამოყენებაში ჩაეშვებიან. ვაქცინის განვითარების პირველი და მეორე ფაზები გულისხმობს კლინიკურ კვლევებს, ვაქცინას ამოწმებენ მოხალისეების მცირე ჯგუფზე მისი უსაფრთხოებისა და სწორი დოზის დასადგენად. ვაქცინის განვითარების მესამე ეტაპზე ის ათასობით ადამიანზე იცდება და დგინდება ეფექტურობა. მკვლევართა ჯგუფი მკაცრად აკონტროლებს უარყოფით და გვერდით რეაქციებს. უსაფრთხოების მონიტორინგი კი გრძელდება მას შემდეგაც, რაც ვაქცინა ლიცენზიას მიიღებს.

ვაქცინასთან დაკავშირებული მითების შესახებ ბოლოდროინდელი კვლევის ავტორი კლერ ვარდლი, სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს "მონაცემთა დეფიციტი“ mRNA ტექნოლოგიასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, ამ საკითხზე არსებობს საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის დიდი მოთხოვნილება, მაგრამ ვრცელდება მცირე სანდო, თუმცა უამრავი ყალბი ინფორმაცია.

"ყოველივე ადამიანებს დაუცველს ხდის დეზინფორმაციისგან, რომელიც სწრაფად ვრცელდება“ - ამბობს უზუსტო ინფორმაციების კვლევითი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი კლერ ვარდლი.

მისი განმარტებით, მართალია, არსებობს სანდო ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა არასაიმედო ინდივიდუალური ანგარიშები და ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებები შეძლებენ ვაქცინებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას.

  • ვაქცინის გვერდითი ეფექტები

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გვერდით ეფექტებზე არაერთ პოსტს შეხვდებით სოციალური ქსელების როგორც ქართულ სივრცეში, ასევე გლობალური მასშტაბითაც. მის გვერდით ეფექტებზე "ტვიტერში“ წერს კორესპონდენტი რობინსონიც.

რობინსონის მტკიცებით, მოხალისეთა 75%-ს გვერდითი მოვლენები გამოუვლინდა, თუმცა თავად მწარმოებლები აცხადებენ, რომ კვლევას არ უჩვენებია სერიოზული პრობლემები უსაფრთხოების კუთხით. როგორც BBC წერს, ბევრ ვაქცინას აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულებით არაა ისეთი საშიში, რომ ანტივაქსერების მოსაზრებების გვჯეროდეს.

მსგავსად ყველა სხვა ვაქცინისა, ამ ვაქცინამაც შეიძლება გამოიწვიოს მოკლევადიანი გვერდითი ეფექტი, მათ შორის, ტკივილი ინექციის ადგილას, სიცხე კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება, - ამბობს პროფესორი, ექიმი პენი ვარდი.

ვარდი ასევე აღნიშნავს, რომ ამგვარი გვერდითი მოვლენები აქვს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასაც, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იკეთებს. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, არის მსუბუქი და ორ დღეში ქრება. გვერდითი მოვლენების უსიამოვნო განცდის შემსუბუქება კი პარაცეტამოლის, ან იბუპროფენის გამოყენებითაა შესაძლებელი.

როგორც BBC წერს, გაუგებარია, რა ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს რობინსონი, რომ 75% -ში ვაქცინამ გვერდითი ეფექტი აჩვენა. გამოცემის ცნობით, შესაძლოა, ის ეყრდნობოდეს ვაქცინის ადრეულ კვლევას, რომელიც კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და მსუბუქი გვერდითი ეფექტები გამოვლინდა.

ამასთან გვერდითი ეფექტების შესახებ სრული მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები ადასტურებენ, რომ მას აქვს მსუბუქი გვერდითი ეფექტები. ზუსტ მონაცემებს კი ისინი უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებენ.

მომზადებულია BBC.com-ზე დაყრდნობით

27 წლის ბიჭი, რომელმაც ერთ-ერთი კრიპტოვალუტა შექმნა და მილიარდერი გახდა - ვინ არის ვიტალი ბუტერინი და რა კავშირი აქვს რუსეთთან

"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს" -  აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

დედამიწას მწყობრიდან გამოსული გიგანტური ჩინური რაკეტა უახლოვდება - რა საფრთხეებზე საუბრობენ პენტაგონში