ავტორი:

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

ბოიკოტის მიუხედავად, "ნაციონალებმა", ევროპულმა საქართველომ" და კიდევ 6-მა პარტიამ დაფინანსების თხოვნით ცესკოს მიმართა

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მიღებაზე წერილობითი თანხმობით ცხრა პარტიამ მიმართა. ხუთ პარტიას კი, რომელსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ბიუჯეტიდან დაფინანსება ეკუთვნის, ცესკოში განაცხადი არ შეუტანია.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა - 31 ოქტომბრის არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათგან ორი საარჩევნო ბლოკი იყო და ორივე ბლოკი ერთად, შვიდ პოლიტიკურ პარტიას აერთიანებდა.

2020 წლიდან, დაფინანსების მიმღები ე.წ. კვალიფიციური სუბიექტები შემდეგი პარტიები გახდნენ: - “ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“, "ევროპელი დემოკრატები" “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“, “კანონი და სამართალი“, “ევროპული საქართველო“, “პატრიოტთა ალიანსი“, “ლეიბორისტული პარტია“, “მოქალაქეები“, “გირჩი“ და “ლელო“.

ამასთან, კანონმდებლობის გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტიებს 25 ნოემბრამდე ჰქონდათ დრო, რათა დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის წერილობითი თანხმობა წარედგინათ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციას წერილობით 14-დან ცხრა პარტიამ მიმართა. ეს პარტიები არიან: “ქართული ოცნება", "ევროპული საქართველო", "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ერთად საარჩევნო ბლოკში შემავალი: - "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", “პროგრესი და თავისუფლება“, “რესპუბლიკური პარტია“ და “ევროპელი დემოკრატები“; ასევე, “გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ და "კანონი და სამართალი“.

შესაბამისად, ცესკოსთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს: “პატრიოტთა ალიანსს“, “ლეიბორისტულ პარტიას“, “მოქალაქეებს“, “გირჩსა“ და “ლელოს“.

აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბრამდე დაწესებული ვადის დასრულების მიუხედავად, ცესკოს ვალდებულია პარტიები გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს დამატებით სამი დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ. თუკი ზემოთაღნიშნული პარტიები დადგენილ ვადაში თანხმობას კვლავ არ წარადგენენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ.

პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის ივლისში “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზე პარტიების დაფინანსების ფორმულა მთლიანად შეიცვალა. ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე - სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ის პარტია იღებს, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ხმების 1% მაინც მოიპოვა. პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისათვის განსაზღვრულია 15 ლარი, ხოლო თითოეული შემდგომი ხმისთვის - 5 ლარი. აღნიშნული თანხის გარდა, პარტიები ასევე დამატებით დაფინანსებას მიიღებენ გენდერული კვოტის დაცვის გამო, რაც ამ შემთხვევაში მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით არის განსაზღვრული.

"ანაქრონული "ბელადის" კონცეფციიდან თანამედროვე "ლიდერების" კონცეფციაზე გადასვლა" - ხუხაშვილი მელიას ენმ-ს თავმჯდომარედ არჩევაზე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გახდება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"