ავტორი:

"უხეშად თუ ვეთამაშებოდი, არ არსებობდა, გაეპროტესტებინა... პირიქით მომეფერებოდა" - როგორ იხსენებს თენგიზ სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს?

"უხეშად თუ ვეთამაშებოდი, არ არსებობდა, გაეპროტესტებინა... პირიქით მომეფერებოდა" - როგორ იხსენებს თენგიზ სულაქველიძე მარადონასთან მატჩებს?

არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ფიფამ მიანიჭა. მარადონას თამაშები ყოველთვის გამორჩეული იყო. მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილეა. 1986 წლის ჩემპიონი და 1990 წლის ვიცე-ჩემპიონი. ლეგენდარული ფეხბურთელი ბოლო პერიოდში კლუბ "ხიმნასიას" მწვრთნელი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, 4 ნოემბერს მარადონას თავის ტვინის მძიმე ოპერაცია გაუკეთდა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. უდიდესი ფეხბურთელი წლების წინ საქართველოშიც ჩამოვიდა და ქართველი გულშემატკივარიც გაახარა. 2008 წლის 22 ოქტომბერს ჩამოვიდა თბილისში და დიდი ოვაციებით შეხვდნენ მას. ქართველ ვეტერანებთან ითამაშა კიდეც.

ქართველი ფეხბურთელი თენგიზ სულაქველიძე, რომლის კარიერაში არაერთი ბრწყინვალე მატჩი ყოფილა, პირადად იცნობდა დიეგო მარადონას და წუხს მისი გარდაცვალების გამო. ბატონ თენგიზს მარადონასთან მოედანზე რამდენჯერმე უთამაშია. თბილად იხსენებს იმ წლებს.

თენგიზ სულაქველიძე:

- ძალიან სამწუხაროა დიეგო მარადონას გარდაცვალება. კარგის მეტი რა შემიძლია ვთქვა ამ პიროვნებაზე. ამხელა სპორტსმენი, ამხელა ფიგურა წავიდა, თან 60 წლის ასაკში. გული დამწყდა ძალიან, მსოფლიო დონის ფეხბურთელის გარდაცვალების გამო.

- ხომ არ გაიხსენებთ მარადონასთან თამაშს? რთული იყო მისი მეტოქეობა?

- რა თქმა უნდა, რთული იყო. ის იყო უდიდესი ფეხბურთელი და ჩემთვის პელე და მარადონა რჩება ყველაზე დიდ ფეხბურთელად, მათი რეკორდის მოხსნა პრაქტიკულად შეუძლებელია. "არგენტინასთან" სამჯერ მომიწია თამაში. როდესაც გეუბნება მწვრთნელი პერსონალურად უნდა აიყვანო მარადონაო, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. არგენტინასთან თამაშამდე დამიძახა საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალერი ლობანოვსკიმ და მითხრა, დიეგო მარადონა უნდა დაიჭიროო. წარმოიდგინეთ, ამას გეუბნებიან მსოფლიოში ნომერ პირველ ფეხბურთელზე. ვფიქრობ, რაღა მე, ქართველი ამომარჩია ამ 22 ფეხბურთელში-მეთქი. ეს ურთულესი საქმე იყო. მე მითამაშია ბევრი ვარსკვლავის წინააღმდეგ, მაგრამ მარადონა სულ სხვა იყო. არ მინახავს მისი დიაპაზონის მეორე ფეხბურთელი. უნიკალური იყო არა მხოლოდ თავისი ტექნიკით, არამედ იმითაც, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში წამითაც არ ჩერდებოდა. დაიწყო თამაში და ამხელა ფეხბურთელს გაბარებენ, მის ჩაკეტვას გთხოვენ. ვიცოდი ეს ძალიან რთული იქნებოდა. ისიც გავიფიქრე, ეს იქნება ალბათ ჩემი ბოლო თამაში-მეთქი, რადგან მარადონას დაჭერა შეუძლებელიც იყო.

- ვერ მოახერხეთ?

- ყველაფერი შედარებითია. იმ თამაშის მერე კიდევ 8 წელი ვიყავი ნაკრებში, გამოდის ცუდად არ მითამაშია. ჩემთვის ის იმიტომაცაა უდიდესი ფეხბურთელი, რომ ბევრი ხვდებოდა ფეხებში და ერთი ხმა არ გაუღია. რომ მომიწევდა უხეში თამაში, არ არსებობდა გაეპროტესტებინა. პირიქით მომეფერებოდა და არ მიიღებდა ცუდად. სხვებთან რომ მომიწევდა უხეში თამაში, ისინი პრეტენზიულები იყვნენ. მარადონა ამხელა ფიგურა იყო, მაგრამ არ იყო პრეტენზიული. ბედნიერი კაცი ვარ, რომ მასთან მოწინააღმდეგე გუნდში მითამაშია 2-3 ჯერ. დიდი ურთიერთობები არ გვქონდა სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელებს საბჭოთა კავშირის დროს ერთმანეთთან. ჩავდიოდით სასტუმროში, მერე პირდაპირ მოედანზე და მოვდიოდით უკან. დიდი ურთიერთობების დრო ნადვილად არ იყო და არც ხდებოდა, ამიტომ მარტო მოედანზე თუ გვქონდა ურთიერთობა. ასეთი ცხოვრება იყო მაშინ. როცა საქართველოში ჩამოვიდა, აქაც შევხვდი. აქაც ცოტა ხანი გავედი მეც მოედანზე, ცოტა ვითამაშეთ ერთად, მაგრამ აქ უფრო მეტად ახალგაზრდა ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ მოედანზე. მან ორივე ტაიმი ითამაშა, ვუყურებდი და ვხედავდი კიდევ ისეთ მაგარ ფორმაში იყო, რომ ახალგაზრდებს შეშურდებოდათ.

- აქ მოგეცათ ურთიერთობის საშუალება? თავი შეახსენეთ?

- სამწუხაროდ არც აქ გვქონია დიდი ურთიერთობის საშუალება. ცოტა ადრე მივედით სტადიონზე და ერთად გადავიღეთ სამახსოვრო სურათები. გავიხსენეთ საბჭოთა კავშირს რომ ეთამაშებოდა ის დრო, მაგრამ მარადონას მილიონ ფეხბურთელთან უთამაშია და შეხება ჰქონია და მისთვის ძალიან ძნელი იქნებოდა მათში ჩემი ამოცნობა. მაგრამ ძალიან სასიამოვნო იყო ჩვენი შეხვედრა და სამახსოვრო სურათები დაგვრჩა.

2- 3ჯერ მომიწია თამაში მასთან, როგორც მოწინააღმდეგეს და სამივე შემთხვევაში მწვრთნელი მთხოვდა მის აყვანას. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე ახლოს მოედანზე მითამაშია მასთან. სამწუხაროა მისი ნაადრევი გარდაცვალება. რას ვიზამთ, იმხელა დატვირთვა აქვს სპორტს, იმდენი შრომა და ვარჯიში გიწევს, მერე ასაკში რომ შევდივართ ეს იჩენს თავს. მეც მომიწია გულის ოპერაციის გაკეთება და მადლობა ჩემს ექიმებს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. მარტო ერთი ადამიანი ფეხბურთს ვერ მოიგებ, მაგრამ სადაც მივიდა მარადონა, ყველა გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩემთვის პელე და მარადონა დარჩება მსოფლიო ფეხბურთელად, მსოფლიო ისტორიაში დარჩება მარადონას სახელი. უნაკლო ფეხბურთელი იყო. ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო.

“სადღესასწაულო დღეები სახლიდან, “სკაიპით“ უნდა მივულოცოთ ერთმანეთს” - ბიძინა კულუმბეგოვი

თბილისის მერია მეტროს მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

მთავრობა აქვეყნებს 30 კითხვაზე პასუხს, რომელიც შეზღუდვებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა