ავტორი:

დღის ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან - რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი

დღის ფოტო: სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი კოვიდსასტუმროსთან - რა განმარტებას აკეთებს სასტუმროს დირექტორი

ფოტოზე, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, სასწრაფოების რიგია აღბეჭდილი. როგორც გავარკვიეთ, სურათი გადაღებულია გურამიშვილის გამზირზე, სასტუმრო "შაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სურათზე ასახულია ჩვენი რეალობა და ამ სასწრაფოებში სწორედ კოვიდინფიცირებული პაციენტები წვანან, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდებიან, როდის გათავისუფლდება მათთვის ადგილი.

რა ხდება ფოტოზე რეალურად და რატომ დგას სასწრაფოების რიგი სასტრუმროსთან? - ამ საკითხზე "შაინის“ დირექტორს რამაზ ბიჭიაშვილს ვესაუბრეთ:

- ჩვენი ობიექტი კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა. იცით, უკვე რა მდგომარეობაა ქალაქში და ჩვენი სასტუმროს რესურსიდან გამომდინარე, ვემსახურებით კოვიდპაციენტებს.

- რამდენად რეალურია სასწრაფოების ამხელა რიგი კოვიდსასტუმროსთან?

- დიახ, ხშირია როდესაც სასწრაფო დახმარების რამდენიმე მანქანა, 10-12 ერთდროულად მოდის და პაციენტები მოჰყავს აქვე გეტყვით, რომ ჩვენთან პარალელურად ფუნქციონირებს ცხელების ცენტრი. ადგილზე მუშაობენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ატარებენ ტესტირებას. დადასტურების შემთხვევაში თუ გვაქვს ადგილი, ჩვენთან სასტუმროს ნომერში გადაყავთ, თუ, არადა, ხდება პაციენტისთვის ადგილის მოეძებნა ან საავადმყოფოში გადაყვანა. რიგი ფოტოზე, რის გამოც, ამხელა ამბავი ატყდა, ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე.

- რამდენი კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობას თქვენთან?

- 37 ოთახი გვაქვს გამოყოფილი პაციენტებისთვის. გადატვირთულად წავიდა ეს დღეები, თითქმის ყოველდღე მოყავდათ პაციენტები.

- ხშირია, როდესაც პაციენტი მძიმდება და საავადმყოფოში გადაყავთ?

- ჩვენი უშუალო პასუხიმგებლობა იწყება იქ, რომ პაციენტი შედის ნომერში და პასუხისმგებლები ვართ მის მომსახურებაზე, მაგრამ რამდენად მძიმეები არიან, სხვაგან თუ გადაყავთ, შორიდან ვაკვირდები ამ პროცესს. მუდმივად ხდება ცვლილებები, მაგრამ დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით, ეს ჩვენს კომპეტენციას ცდება.

- ხშირად ვრცელდება ინფორმაცია კოვიდსასტუმროებში მომხდარი ინციდენტების შესახებ...

- ზოგადად ფონი რთულია, დაავადებული ადამიანი რომ მოდის, ტაშ-ფანდურით ვერ შემოვა სასტუმროში, მაგრამ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. ვიდრე გაგრძელდება პანდემია შევინარჩუნებთ ისეთ გარემოს, როგორიც ახლა გვაქვს.

- გისურვებთ, რომ მალე ტურისტები მიგეღოთ სასტუმროში...

- ნეტა ხვალ გათენდეს ისეთი დილა, რომ სასტუმროში ტურისტი შემოვიდეს. ყველა მინდა, რომ ჯანმრთელად ვიყოთ. ჩვენ სასტუმრო ვართ და არა კლინიკა, გვინდა ჩვენი საქმე ვაკეთოთ.