ავტორი:

"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად

"მეგობრები მეხუმრებიან, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო" - თვითნასწავლი მხატვრის პოზიტიური ნახატები და გამოფენა ვირტუალურად

ბექა ხუცურაულს და მის საოცრად თბილ ნახატებს ჩვენში ბევრი იცნობს. ძალიან აქტიური შემოქმედია, შეიძლება ითქვას, დღედაღამ მუშაობს. კოვიდპანდემიის პერიოდშიც, წამით არ გაჩერებულა... იმის გამო, რომ ახლა გამოფენის მოწყობა არ შეიძლება, ის სოციალური ქსელის საშუალებით, ყოველდღიურ რეჟიმში, გამოფენას ინტერნეტმომხმარებელს უწყობს. მუდმივად ფენს ნამუშევრებს და ცდილობს, პოზიტიური განწყობა შეიტანოს ადამიანებში. განსაკუთრებით უხარია, როცა მისთვის თბილ სიტყვებს ემიგრანტებიც არ იშურებენ და მათ დიდ მადლობას უხდის.

"მეგობრები ხშირად მეხუმრებიან: მსოფლიოში, არავის გამოუყენებია პანდემია ასე სათავისოდ, როგორც შენო... საშინლად მძულს დეპრესია და სასოწარკვეთილი მდგომარეობა, მით უმეტეს, ადამიანს, რომელსაც ღმერთის სწამს, მისთვის ეს დაუშვებელია! უფლის იმედი ყოველთვის მაქვს და მის მფარველობას სულ ვგრძნობ.

დიახ, გარშემო ძალიან სამწუხარო ამბები ხდება - ადამიანებს უჭირთ ფიზიკურად, მატერიალურად, მსოფლიო პანდემიის გამო თითქმის ყველაფერი გაჩერდა, საომარი მოქმედებებია ჩვენს საზღვრებთან, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები - ეს ყველაფერი ჩემზე ძალიან მოქმედებს, მაგრამ რეალობისთვის თვალის გასწორება უნდა შევძლოთ, დეპრესიაში არ უნდა ჩავვარდეთ და ვიბრძოლოთ უკეთესი ხვალინდელი დღისთვის! ამიტომ, თავისუფალი დრო, რომელიც პანდემიის გამო გვაქვს, ვცდილობ, საინტერესოდ გამოვიყენო," - გვეუბნება ბექა ხუცურაული.

- ადამიანი ყოველთვის ერთ განწყობაზეც არ არის, შენ კი ხატვისთვის მგონი, სულ გაქვს განწყობა...

- ვხატავ იმიტომ, რომ კარგი განწყობა შევიქმნა და განწყობას ვიქმნი იმისთვის, რომ კარგად დავხატო, თითქმის სულ ასეთ წრეზე ვტრიალებ... რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ იქნები განწყობაზე - "ლამაზი" ფერებით ხატო, ამიტომ, სასეირნოდ ბუნებაში მივდივარ, ვკითხულობ რამე საინტერესოს, ვუსმენ სასიამოვნო მუსიკას, შემდეგ კი ხატვას ვუბრუნდები და განწყობაც მოდის. არ მინდა, უარყოფითი ემოცია ტილოზე გადავიტანო, ამიტომ ჩემი ნახატების უმრავლესობა უფრო მხიარულია, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სევდა აკლია, რადგან ესეც ჩვენი ცხოვრებაა და ამის გარეშე უბრალოდ ყალბი ნამუშევრები გამომივა...

- ნათელი კაშკაშა ფერები, რომელიც შენთან ჭარბობს - ეს თავისით მოდის?

- ნათელი ფერების მისაღებად ჩემი აღმოჩენები და "საიდუმლოებები" მაქვს... ეს მუშაობაში თავად მოვიდა. ექსპერიმენტების არ მეშინია, სრულიად თავისუფალი ვარ და როგორც მინდა, ისე ვხატავ, უამრავ ფერს ვიყენებ. რამდენიმე დღის წინ დავითვალე და 80-ზე მეტი ფერი აღმოჩდა... 5-6 პალიტრაზე ერთდროულად გაშლილია საღებავები და ამ ფერებიდან სხვადასხვა ტონი გამომყავს, მუქი ტონების გარდა, პირდაპირ არც ერთს არ ვიყენებ, ყოველთვის სხვა ფერებთან ვაზავებ. ვფიქრობ, ნახატებს ეს ფერთა სიმრავლე და გრადაციები აკაშკაშებს, ნათელ და მხიარულ ელფერს სძენს... მაგრამ მუშაობის პროცესი ისეთი ემოციურია, რომ ზოგჯერ ვერ ვიმახსოვრებ, როგორ მივიღე ესა თუ ის კომბინაცია, ამიტომ, ახსნაც მჭირს...

- თემას რის მიხედვით არჩევ?

- თემის არჩევაშიც თავს მივეცი სრული თავისუფლება, ვხატავ იმას, რაც მსიამოვნებს... როგორც ფშაველს ძალიან მიყვარს ბუნება, ეს სიყვარული სისხლში მაქვს და შესაბამისად, მიმართულების ასარჩევად დიდი დრო არ დამჭირვებია, თუმცა მიყვარს დეკორატიული და არქაული ფიგურების ხატვაც ტემპერით, ფანერაზე და მუყაოზე...

ბედნიერებაა, რომ შემიძლია, დავხატო მზე, წყალი, მიწა, სხვადასხვა სეზონი და ბუნების ხასიათი ამ სეზონებთან მიმართებაში... არასოდეს ვხატავ გაუაზრებლად, მცენარეებში შესაძლოა ადამიანებიც წარმოვიდგინოთ. მართალია, ზოგიერთი დამთვალიერებელი ნახატს ისე აღიქვამს, როგორც რეალურს და ხშირია დავაც... არის შემთხვევები, როდესაც დასათაურებას „აპროტესტებენ“ და კომენტარებში ვერსიებს წერენ... მიუხედავად ყველაფრისა, არასოდეს შემიმჩნევია ნიშნის მოგებით ან ბოროტად ნათქვამი, პირიქით, თითოეულ სიტყვაში დიდი სიყვარული იგრძნობა, რაც ყველაზე ძვირფასია ჩემთვის. ორმაგად სასიხარულოა, როცა სრული სიზუსტით ამოიკითხავენ ყველა ნიუანსს, რაზეც ამა თუ იმ ნახატზე მიფიქრია მუშაობისას... ამ დროს გაოცებას ვერ ვმალავ. ერთ-ერთ ნამუშევარზე („საღამოს კავკასიონი, ნოემბერი“) იყო ასეთი მოკლე დახასიათება: "საქართველოა ეს ნახატი, მისი მწყემსი კეთილით"-ო - ამ რამდენიმე სიტყვაში სრულად იყო ჩატეული ჩემი ნაფიქრი...

- სხვის ნამუშვრებში რა გიზიდავს?

- დიდი მნიშვნელობა აქვს შესრულების ტექნიკას, მაგრამ ჩემი აზრით, ნახატი, პირველ რიგში, მცირე მოთხრობას, ლექსს ან მუსიკალურ ნაწარმოებს მაინც უნდა ჰგავდეს... ჩაგაფიქროს, დაგაფიქროს, ემოცია გამოიწვიოს, ფანტაზია გაგიღვიძოს და გამოგზაუროს, ამის გადმოცემა ვისაც შეუძლია, სულ რომ დამწყები და თვითნასწავლი იყოს, უკვე მიყვარს. ასევე მნიშვნელოვანია, ფერების აღქმა და გემოვნება, დანის პირზე უნდა იარო, რომ ფერთა სიმრავლის მიუხედავად, არ გადახვიდე ჰარმონიულ ზღვარს... ყველა ნაწარმოები მიყვარს, სადაც სიცოხლეა და უზენაესის ხელი ურევია, - მთავარია, ეს ვიგრძნო!..

მოკლედ, ჩვენი რესპონდენტი მუდმივად ხატავს და ხატვის პროცესში სულ ფიქრობს, სიახლის ძიებაშია და იმ დროს დაღლას საერთოდ არ გრძნობს. მუშაობისას ღამის 3-4 საათი შეიძლება ისე გახდეს, დრო ვერც იგრძნოს.

"იმ პერიოდში არ მესმის, ვინ რას საუბრობს, საშინლად არ მიყვარს, როცა ფიქრს მაწყვეტინებენ. რა თქმა უნდა, არის დღეები, რომ საერთოდ არაფერი გამომდის, ეს უფრო მაშინ, როდესაც რაღაცას განვიცდი, ვნერვიულობ, განწყობა არ მაქვს... თუმცა ჩემი თავი ამ მდგომარეობიდან კარგი მუსიკით, საინტერესო ამბების კითხვით გამომყავს,“ - გვეუბნება ბექა.

- ამ ყველაფრის მიუხედავად, თავს მოყვარულ მხატვარს უწოდებ...

- საკუთარ თავზე საუბარი მიჭირს, როდესაც კომენტარებს და შეფასებებს ვკითხულობ, ვცდილობ, ძალიან არ ჩავუღრმავდე, რადგან ხშირია (ვფიქრობ, ემოციურად წარმოთქმული) უმაღლესი შეფასებები, რომელიც ძალიან მახარებს და მოტივაციას მიმაღლებს, მაგრამ მართლა ასეთი რომ იყო, საჭიროა, დაუღალავი შრომა და ძიება - აი, ეს კი განსაკუთრებით მიყვარს! არ ვჩერდები.

2019 წლის დასაწყისში, როდესაც თელავის ისტორიულ მუზეუმში, ერეკლეობას პერსონალური გამოფენის მოწყობა შემომთავაზეს, ამ წინადადებამ ძალიან ჩამაფიქრა... საკუთარ ქალაქში, სადაც ყველა გიცნობს, სადაც ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იყო და არის ხელოვნება, სადაც დღემდე მრავლადაა გემოვნებიანი შემფასებელი, ვერაფერს გამოაპარებ, არ მოგერიდებიან, შენიშვნაც არ გაუჭირდებათ, ამიტომ ის გამოფენა ჩემთვის საპასუხისმგებლო იყო. თითქმის 8 თვე, ტილოებიდან თავი არ ამიწევია, სადაც არ უნდა წავსულიყავი, ყველგან ვხატავდი და ვცდილობდი, უფრო აკადემიურად მივდგომოდი მუშაობის პროცესს. მიხარია, რომ ამან შედეგი გამოიღო...

გამოფენაზე, ათი დღის განმავლობაში დამთვალიებლის ნაკადი არ წყდებოდა, სხვადასხვა რეგიონიდან სპეციალურად ჩამოდიოდნენ, მათ შორის, დასავლეთ საქართველოდან, გაიყიდა ნამუშევრების 80% და ბოლოს, ყველაფერი დააგვირგვინა მუზეუმის დირექციისა და თანამშრომლების ერთობლივმა გადაწყვეტილებამ: ჩემი ორი ნამუშევარი, „შემოდგომის მასპინძლობა“ და „კადრი გომბორიდან“ მუზეუმში განათავსეს, ქეთევან იაშვილის სახელობის გალერეის მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში, ცნობილი ქართველი და არაქართველი კლასიკოსი ფერმწერების გვერდით. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც ათწლიანმა, დაუღალავმა შრომამ და ღამისთევებმა მომიტანა... ამის შემდეგ მე არ მაქვს უფლება, დავტკბე მიღწეულით, პირიქით, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

- ამასთან, ოფიციალური სამსახურიც გაქვს, ამდენ საქმეს როგორ ასწრებ?

- ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვეა, დისტანციურად ვმუშაობ, სამაგიეროდ, ყოველთვის მზად ვარ, სულ რამდენიმე წუთში, ხატვიდან "გადავპორტირდე" სამსახურის საქმეზე, ასე რომ, კარგად ვუთავსებ ყველაფერს. საბოლოოდ კი, მინდა, უფრო განვვითარდე და უფრო მრავალფეროვანი გავხადო ჩემი პალიტრა. პანდემიის გასვლის შემდეგ კი, გამოფენას თბილისში აუცილებლად მოვაწყობ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ნახატების კატალოგი მქონდეს, რომელიც მაღალი ხარისხის იქნება.

"სინოფარმზე" რეგისტრაცია დღეს იწყება

"არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ" - ნინო ლომჯარია

"ნაძვნარი, გადაკიდებული აივნები არაგვზე, ულამაზესი ხედები..." - როგორ გამოიყურება სახლი წიწამურში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს