ავტორი:

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"აუუ, რა კარგი დღე არის! ეჰეეე, რამდენი ქალია!" - თბილისისა და ქალების მოტრფიალე პოეტი, რომლის პოეზიას "ეროტიკულსაც" კი უწოდებდნენ

"სადა ხართ, ლამაზმანებო,/ მოდით, დამათვრეთ ბუნებით,/ ამივსეთ ტუჩის ყულაბა/ მაგ კოცნის უზალთუნებით./ თორემ ვბერდებით და გულმაც/ ლოდინის შხამი დალია./ აუუ, რა კარგი დღე არის!/ ეჰეეე, რამდენი ქალია!" - იოსებ გრიშაშვილი

მასზე ამბობენ, ქალებს წიგნებს ადარებდა და ამბობდა, - როგორც ქალის გაშვება არ შეიძლება სახეტიალოდ, ისე - წიგნებისაც, თორემ ერთიცა და მეორეც გაცვეთილი დაბრუნდებაო. ზოგიერთისთვის იგი "კოცნის პოეტი" იყო, ზოგისთვის კი - "მოცლილი ქალებისა". მე კი მგონია, სადაც სილამაზეს დაინახავდა, ყველაფერი უყვარდა. ამიტომაც ეტრფოდა და უმღერდა ერთნაირი ეშხით თბილისსაც და ლამაზ ქალებსაც - მკვლევარიც იყო და უნიკალური წიგნთსაცავის მეპატრონეც, საბავშვო მწერალიც და ქართული თეატრის მოამაგეც, თბილისური ლექსიკონის შემდგენელიც, თბილისის კოლორიტიც და, შესაძლოა, მექალთანეც ან... იქნებ, ქალები მას შემოქმედებით მუზად სჭირდებოდა...იოსებ მამულაიშვილი 1889 წლის 24 აპრილს თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში - ხარფუხში დაიბადა, მოგვიანებით, ლექსების წერა რომ დაიწყო, ფსევდონიმად მამის სახელი - გრიშა აირჩია და საზოგადოებასაც იოსებ გრიშაშვილად გაეცნო...ერთხელ, წლების წინ, მასზე საუბრისას მწერალმა და მთარგმნელმა, ბატონმა გივი შაჰნაზარმა მითხრა, XX საუკუნის ათასწლეულის სატრფიალო ლირიკის ეს თავგადაკლული მეტრფე "მესიჯური დიალოგით" სიყვარულის ახსნას რომ მოსწრებოდა, ნამდვილად გული გაუსკდებოდა. ის ხომ ცოცხალი განცდას ეტრფოდა და არა - ვირტუალურსო!

  • "ჩემი აღმართი მიგაჩნდა ვაკედ, როცა გიყვარდი... როცა გიყვარდი"

იოსებ გრიშაშვილი ხარფუხის თითქმის კენწეროში ცხოვრობდა. მისი სახლის იქით გზა თრიალეთის კლდისკენ იწყებოდა და ბილიკები შინდისისა და ტაბახმელისკენ გადიოდა. აქ, გრიშაშვილის ძველ უბანში, სადაც ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია უნიკალური ბიბლიოთეკით, ნივთებით, რომელიც პოეტმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, ყოველწლიურად, მის დაბადების დღეს, თურმე, ეწყობოდა შემოქმედებითი კონფერენციები, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა. "ათწლეულების განმავლობაში ვხედავდით, როგორ იცვლებოდა იმ ულამაზესი ქალბატონების ხარფუხში ამობრძანება, რომლებიც უკვე ჭარმაგ ასაკში იყვნენ. ზოგიერთები, ღრმად მოხუცებულებიც კი, არ ერიდებოდნენ, იმ აღმართებზე სიარულს ბედავდნენ და მაინც ყოველთვის ესწრებოდნენ საღამოებს. ჩვენ - ახალგაზრდები, ერთი მხრივ, მონუსხულები ვიყავით მათი სილამაზითა და მშვენიერებით, მეორე მხრივ კი, ვგრძნობდით, რომ დრო არის სწრაფმავალი და სევდა და დროის ასეთი სისასტიკე ზღვა განცდებს ბადებდა ჩვენში", - მიამბობდა გივი შაჰნაზარი. ეს სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, რომელთ7ა ნაწილსაც ოდესღაც იოსებ გრიშაშვილი ეტრფოდა, და ეს სწორედ ის ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ოდესღაც იოსებ გრიშაშვილს ეტრფოდნენ. გააგრძელეთ კითხვა