ავტორი:

რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

რამდენ ხანს შეიძლება გაჰყვეს ადამიანს იმუნიტეტი კოვიდის გადატანის შემდეგ? -  "მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ"

მთელი მსოფლიო კორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოლოდინშია, მანამდე კი უხილავ მტერს მეცნიერები ახალ-ახალ აღმოჩენებამდე მიჰყავს. ისინი პლანეტის ჭირს თანდათან სწავლობენ და დაგროვილი მასალის შედეგად, კოვიდ-19-ის მიმართ მიდგომებიც იცვლება. ვაქცინა, როგორც პროფილაქტიკა, თავისთავად, კოვიდგადატანილებს არ დასჭირდებათ და მათთვის იქნება, ვინც ვირუსს გადაურჩა. თუმცა მსოფლიო მეცნიერთა კვლევებზე დაყრდნობით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ კოვიდის ვაქცინა სეზონურად უნდა გაკეთდეს, მას შემდეგ, რაც სხეულში ანტისხეულები გაქრება.

როგორც ამბობენ, კოვიდს განმეორებითობა ახასიათებს. არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც გარკვევას საჭიროებს - როგორ უნდა გავიგოთ, ჰქონდა თუ არა ადამიანს გადატანილი ვირუსი, თუ ის უსიმპტომო იყო და თვითონაც არაფერი იცის მისი კოვიდთან თანცხოვრების შესახებ...

ამ საკითხზე ambebi.ge-ს სამედიცინო უნივერსიტეტ "გეომედის" პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ექსპერტი, საქართველოს ნაყოფის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე პაპიტაშვილი ესაუბრა:

"ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, იმას ვაქცინას, რა თქმა უნდა, არ გაუკეთებენ. იმისათვის, რომ გავიგოთ, გადატანილი ჰქონდა თუ არა ადამიანს ვირუსი (როცა უსიმპტომო ჰქონდა და მან არ იცის ამის შესახებ), ამისათვის ვიდრე ვაქცინა გაუკეთდება, ადამიანს ჯერ ანტისხეულებზე უნდა გაუკეთდეს ანალიზი. ანტისხეულები - ესაა ვირუსის ინვაზიის შედეგად საპასუხოდ განვითარებული ნაწილაკები ორგანიზმში, რომელიც მას იცავენ. ადამიანს თუ არ აქვს ანტისხეულები, ვაქცინა უნდა გაუკეთდეს, თუ აქვს - არა. ამ დაავადების შემდეგ, ზოგადად, 5-6 თვეში იმუნიტეტი აღარ არის, ამიტომ, გრიპის მსგავსად, კოვიდის ვაქცინა უნდა გაკეთდეს სეზონურად.

ვაქცინის წარმოება ალბათ დეკემბერში დაიწყება ინგლისში, ამერიკაში და ა.შ. და ჩვენამდე ალბათ ბევრად გვიან მოაღწევს. საინტერესოა ისიც, რამდენ ხანს მოქმედებს იმუნიტეტი მათში, ვინც ვირუსი გადაიტანა.

ჟურნალ “საიენსში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, აღმოჩნდა, რომ მისი იმუნიტეტი გრიპის შემდგომ იმუნიტეტს ჰგავს და დაინფიცირება თუ იყო მცირე, მსუბუქი სიმპტომებით, სისხლში ანტისხეულების კონცენტრაცია მათში ძალიან დაბალი იყო, მძიმეებში - უფრო მეტი. ანტისხეულები ორგანიზმიდან 6 თვეში ქრება და ამის შემდეგ შეიძლება ადამიანი თავიდან დაინფიცირდეს. რაც მთავარია, უსიმპტომო შემთხვევებში, 40% პაციენტში ანტისხეულები 2 თვეში ქრებოდა (სიმპტომიანებში - 6 თვეში, ანუ მძიმე პაციენტებს უფრო ხანგრძლივი იმუნიტეტი დაუდგინდათ) და აღარ ჰქონდათ იმუნიტეტი.

მაგრამ აღმოაჩინეს ერთი მნიშვნელოვანი რამ - თუ კოვიდინფიცირებულს ანტისხეულები ჰქონდა და გაქრა, მათში განმეორებითი ინფიცირების დროს, დაავადება გაცილებით უფრო იოლად მიმდინარეობდა".

რაც შეეხება მედიკამენტს, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე პრეპარატია შექმნილი და ისინი გამოცდას გადიან. მსოფლიო დონის მეცნიერები მკურნალობის ეფექტურ მეთოდებსა და საშუალებებზე ბევრს საუბრობენ. როგორც ექსპერტი გვეუბნება:

"100-მდე წამლის გამოცდა მიდის. დღეს რაცაა, მათ შორის ყველაზე ეფექტურია მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლიდან იღებენ სხვადასხვა ტიპის ყველაზე ძლიერ ანტისხეულებს, ეწევიან მათ ხელოვნურ გამრავლებას, ღებულობენ მილიარდებს და დიდი რაოდენობით შეჰყავთ ორგანიზმში, როგორც - დაცვა. ეს ანტისხეულები მიღებულია კლონირების გზით. მონოკლონურ ანტისხეულებზე დაფუძნებული მკურნალობა გახლავთ ექსპერიმენტულ სტადიაში და ადამიანებზე გამოცდას გადის. ერთ-ერთი იყო დონალდ ტრამპი, რომელმაც ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა და რომელსაც ამ მეთოდით უმკურნალეს. ამერიკულ პრესაში წერდნენ, რომ მას ამ მეთოდით უმკურნალეს და ფაქტია, მეხუთე დღეს გადასარევად იყო და მუშაობდა".

იუსტიციის სამინისტრო ახალშობილთა მშობლებს 25 ლარიან ვაუჩერს გადასცემს

ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო შეინარჩუნა

ორთვიანი კომის შემდეგ 23 წლის სალომე გვასალია გარდაიცვალა - ოჯახი პასუხისმგებლობას ექიმს აკისრებს