ავტორი:

"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

"სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას სთხოვდა" - ფეხბურთელი გოგონები ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

საქართველოს ქალთა ფეხბურთის რამდენიმე მოთამაშე გუნდის ყოფილ მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებასა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ფეხბურთელმა გუნდი დატოვა და ყოფილი მწვრთნელის მიმართ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო.

მათ ინტერესებს სასამართლოში "პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის" ხელმძღვანელი ანა აბაშიძე დაიცავს. ადვოკატი Ambebi.ge-სთან საუბარში არ აკონკრეტებს მწვრთნელის ვინაობას, იგი უარს აცხადებს გუნდის სახელის გასაჯაროებაზეც.

უფლებადამცველის თქმით, მწვრთნელის მხრიდან მოთამაშეებზე ძალადობას პერმანენტული ხასიათი ჰქონდა.

"ამას ჰქონდა განგრძობითი ხასიათი. მწვრთნელი გოგონებს მიმართავდა სექსუალური შინაარსის ტექსტებით, ხუმრობებით. სთხოვდა სექსუალური ხასიათის დამამცირებელი ვარჯიშების გაკეთებას. იყო ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. მსხვერპლები არიან ბავშვებიც და სრულწლოვანი გოგოებიც. სასამართლოში წარდგენილია სარჩელი და ველოდებით საქმის განხილვას" - ამბობს ანა აბაშიძე.

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეები Ambebi.ge-სთან ყვებიან, რომ მათ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია აქვთ. მათი თქმით, მართლაც იყო ერთ-ერთ გუნდში მწვრთნელის მხრიდან ფეხბურთელებზე სექსუალური შევიწროების ფაქტები. თუმცა მაიდენტიფიცირებელ დეტალებზე საუბრისგან ისინიც თავს იკავებენ.

ჩვენი ინფორმაციით, სასამართლოს თავის მხრივ მწვრთნელმაც მიმართა. ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, გვიყვება, რომ ფეხბურთელებს სხვა გუნდში უნდოდათ გადასვლა, რასაც კონტრაქტი უკრძალავდათ და მიზნის მიღწევას ასეთი გზით ცდილობენ.

"ეს მწვრთნელი პარალელურად დირექტორია ამ გუნდის და არავის გადაუყენებია. თავად წავიდა რამდენიმე ფეხბურთელი. მათ უნდოდათ სხვა გუნდში გადასვლა ხელფასის გამო, რასაც კონტრაქტი უკრძალავდათ. სანქციები დაეკისრებოდათ რამე გამამართლებელი რომ არ მოეფიქრებინათ. როგორც ჩანს, ვიღაცამ ურჩია ასე მოქცეულიყვნენ, თითქოს ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. ჩემმა კოლეგამაც მიმართა სასამართლოს და გაირკვევა ვინ არის რეალურად მართალი" - ამბობს მწვრთნელი.