ავტორი:

"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე" უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა

"მაყურებელმა უკვე იცის, რომ ობიექტური ინფორმაციის მისაღებად, "პალიტრანიუსზე"  უნდა გადართოს" - ყველაზე სანდო ტელევიზია 5 წლისაა

ის არც ისეთი ასაკიანია, მაგრამ დრომ საკმარისად გამოსცადა და სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მისი სახით, მაყურებელს ყველაზე პროფესიულ, დაბალანსებულ, ობიექტურ და მიუკერძოებელ მედიასაშუალებასთან აქვს საქმე.

მედიასივრცეში სიტყვის თავისუფლების ფლაგმანი ტელევიზია "პალიტრანიუსი” 5 წლისაა. მან ამასობაში მოახერხა და მაყურებლის სიყვარული და ნდობა მოიპოვა, რაც, ხშირ შემთხვევაში, "მხცოვანი” ტელევიზიებისთვისაც კი შეუძლებელია ხოლმე. როგორც ერთი რიგითი მაყურებელი, ვიტყოდი, რომ "პალიტრანიუსი” ფოკუსირებულია ისე გააშუქოს მოვლენები, რომ ეჭვის ნატამალი არ დაგიტოვოს და არც იმის სურვილი გაგიჩნდეს, სხვა ტელევიზიებში ამოწმო მოწოდებული ინფორმაცია დღის მოვლენებზე. გარეშე თვალისთვის ალბათ ძნელი წარმოსადგენია, ეს ყველაფერი ზოგჯერ რის ფასად შეიძლება დაგიჯდეს. იოსებიძის ქუჩა #49 ერთი მყუდრო ოჯახის მისამართია, რომელში მოფუსფუსე წარმატებული მედიის შემოქმედებს ერთი რამ - პროფესიის დიდი სიყვარული აერთიანებს, მაყურებელზე ზრუნავს და ცდილობს მათ მიუკერძოებელი, ათასჯერ გადამოწმებული და გემოვნებიანი პროდუქცია მიაწოდოს. და კიდევ, "პალიტრამედია” იყო და არის ურთიერთობა, რომელიც ერთხელ თუ ცხოვლად დააჩნდა სულს, მისგან "თავის დაღწევაზე” ოცნებაც წარმოუდგენელია. ვულოცავთ "პალიტრანიუსს” 5 წლის იუბილეს და ვუსურვებთ, მის შემოქმედებას ფერთა პალიტრა არ გახუნებოდეს.

ambebi.ge შევეცადა გაგეგოთ მეტი იმაზე, რას ნიშნავს პალიტრელებისთვის საქმე, რომელსაც რუდუნებით ემსახურებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ადამიანებს ეკრანს მიღმაც დიდი გულწრფელობა, საქმის ერთგულება და სიყვარული ახასიათებთ.

ემა ტუხიაშვილი, ჟურნალისტი, გადაცემა "360 გრადუსის” წამყვანი:

- პირველივე დღეებიდან ვარ "პალიტრანიუსში” და ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ მან 5 წლის განმავლობაში მოახერხა ის, რისთვისაც ბევრ მედიასაშუალებას 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი დრო დასჭირდა. ამას ასეთი სითამამით ვერ ვიტყოდი თუნდაც 1-2 წლის წინ, მაგრამ ახლა სრული უფლება მაქვს ეს ვთქვა. ყოველდღიური გამოხმაურებები, რაც პირადად მომდის, კომენტარები, რაც ჩვენს "ფეისბუქლაივზე" იწერება, ადამიანები, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან და აღფრთოვანებით მადლობას მიხდიან, ეს ყველაფერი თამამად მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ადამიანებისთვის ვართ ერთ-ერთი ყველაზე სანდო, ობიექტური მედია პლატფორმა, რომელსაც უყურებენ, ენდობიან, ანგარიშს უწევენ და არა მარტო მაყურებლები - პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეებიც. ეს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. კომპეტენტური ადამიანების ნათქვამს გავიმეორებ, რომ "პალიტრანიუსი” დღეს მსხვილ მოთამაშეებს შორისაა. რა მალე გასულა ისე, 5 წელი...

ეს 5 წელი მე დამიჯდა 24 - საათიანი მუშაობის ფასად და ამან დაიკავა მთელი ჩემი ცხოვრების სივრცე, მაგრამ არც ერთი წამით არ ვნანობ, რომ თავი მას მივუძღვენი იმიტომ, რომ დღეს უკვე შედეგი მიჭირავს ხელში - დღეს ყველამ იცის გადაცემა "360 გრადუსი”, დღეს სტუმრებისთვის ამ გადაცემაში მოწვევა არის სასურველი და მაყურებელმა, რომელიც არხიდან არხზე რთავს და ეძებს სიმართლეს (სამწუხაროდ, პოლარიზებულია როგორც პოლიტიკური სივრცე, ისე - მედიაგარემო), ზუსტად იცის, რომ სიმართლის ძებნისთვის უნდა გადართოს "პალიტრაზე” და შეუძლია იპოვოს ის ობიექტური რეალობა, რომელზეც მოთხოვნილება აქვს. ეს არის უდიდესი ბედნიერება, იმას ვერაფერი შეედრება, როცა ადამიანები გხვდებიან და პანდემიის პირობებშიც კი უნდათ გულში ჩაგიკრან და მადლობა გითხრან სიმართლისთვის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი შეფასებაა და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სტიმული, რომ უკეთესები ვიყოთ.

მართალია, "პალიტრანიუსმა” და "360 გრადუსმა” თავისი სიტყვა თქვა, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი იმიტომ, რომ ისე, როგორც არასდროს, მოსახლეობაში გაჩნდა მოთხოვნილება, რომ სიმართლე ესმოდეთ.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი, "რეზიუმეს” და "პოლიტქალაქის” წამყვანი:

- "პალიტრამედიაში” 2009 წლიდან ვმუშაობ, მაშინ ჰოლდინგში ტელევიზია არ იყო და მეც "რადიოპალიტრაში" დავიწყე მუშაობა. ტელევიზიას იმიტომ დავანებე თავი და წამოვედი რადიოში, რომ გახსოვთ, იმხანად რა ვითარება იყო - ძალიან რთული იყო ისეთი ტელევიზიის მოძებნა, რომელიც არ მიეკუთვნებოდა რომელიმე მხარეს. დღესაც, ფაქტობრივად და სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა - ტელევიზიების უმრავლესობა ან ერთ მხარესაა, ან - მეორე, პარტიული ინტერესების გამტარებლები არიან. რადიოში იმიტომ წავედი, რომ "პალიტრა” იყო ერთადერთი ჰოლდინგი, რომლის უკანაც პარტია არ იდგა, ანუ არ იდგა პოლიტიკური ინტერესი, ეს ბიზნესი მთლიანად მედიაზე დგას.

"პალიტრა” სატელევიზიო ბაზარზე რჩება ერთ-ერთ იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი, რომლის უკან არ დგას პოლიტიკური ინტერესი და არის მართლაც მიუკერძოებელი ტელევიზია. ხშირად მეკითხებიან, რატომ დიდ ტელევიზიებში არ მიდიხარ და არ მუშაობო. სწორედ იმიტომ არ მივდივარ, რომ აქ არ დგას პოლიტიკური ინტერესი. მე როცა პოლიტიკის კეთება მომინდა, წავედი პოლიტიკაში, ის ჩემი საქმე არ აღმოჩნდა და ორ თვეში უკან წამოვედი. ჟურნალისტიკის კეთება თუ გინდა, უნდა წახვიდე ისეთ ტელევიზიაში, სადაც ჟურნალისტიკას გაკეთებინებენ და არა - პოლიტიკას. ეს არის "პალიტრანიუსის” მთავარი ღირსება, რომელიც არ ემსახურება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესს. 2009 წლის მერე ამ ჰოლდინგზე აზრი არ შემიცვლია და ამიტომაც ვარ დღემდე "პალიტრაში”.

ლევან ტაბატაძე, "პალიტრანიუსის” დირექტორის მოადგილე, გადაცემა "ნიუსრუმის” იდეის ერთ-ერთი ავტორი:

- "პალიტრანიუსი” არის ჩემთვის კრეატიულობის მექა, სადაც შეგიძლია ყველაფერი აკეთო. ჩვენც ვცდილობთ, ყველაფერში ნოვატორები ვიყოთ, ისეთი რამ ვაკეთოთ, რაც სხვებისგან გამოგვარჩევს. მაგალითად, გადაცემა "ნიუსრუმი”, რომელიც ეთერში რამდენიმე, 3-4 ტელეფონით გადის. ვცდილობთ, მაყურებელს საერთო კადრით "ლაივში” ვაჩვენოთ, როგორ კეთდება გადაცემა, როგორ მოძრაობენ ჩვენი ოპერატორები, თანამშრომლები... ნიუსრუმში 70-მდე ჟურნალისტი მუშაობს, ამას პლუს ტექნიკური პერსონალი, მემონტაჟეები და სადღაც დაახლოებით 120-კაციან სივრცეში გადაცემა შეიძლება მიდიოდეს ისე, რომ ხელი არავის ეშლებოდეს. "სუპერდესკი”, რომელსაც ასე დავარქვით, არის მაგიდა, რომლის გარშემოც სხედან საქართველოში ტოპსაიტების რედაქტორები და როდესაც ერთი სტუმარი საუბრობს პოლიტიკაზე, ვისაც სურს კითხვა დასვას, იმ რედაქტორს შეუძლია მოტრიალდეს და პირდაპირ, ლაივში დაუსვას შეკითხვა. ვფიქრობ, ძალზე ორიგინალური გადაცემა გამოგვივიდა. სინამდვილეში, გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორ კეთდება, სად იხარშება და იქმნება ყველაფერი, როგორ ხდება ნიუსის კეთება შეფუთვის გარეშე. გადაცემის დროს ჟურნალისტები ფეხზე დგებიან, მოძრაობენ, თან არ ვიტყუებით - ზუსტად ვამბობთ სად ვიღებთ, რას ვიღებთ, სად ვართ და ვინ როგორია მუშაობის პროცესი.

ჩვენს ნიუსრუმში დაახლოებით 17 საიტია, რადიო, ტელევიზია და ეს მუშაობის პროცესი, დინამიკა ხელისგულზე ჩანს, ამას ხედავს მაყურებელი. ვიდრე აქ დავიწყებდი მუშაობას, მე პირადად, ისე მაინტერესებდა ეს პროცესი, რომ ეს საკუთარი ოცნებების განხორციელებასაც ჰგავს. ყველაზე საინტერესოა, უკან რა ხდება. სინამდვილეში, ნებისმიერ გადაცემაში განათება არის ბუტაფორია, იმის უკან დგას ნათურა, რომელიც შენთვის სასურველ ფერად ანათებს, ეს არის და ეს. ამ ნათურებზე უარი ვთქვით და ვაჩვენეთ კოკა და ლელა ისეთები, როგორიც სინამდვილეში არიან. გადაცემაში არაფორმალური გარემოც არის იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მოედანს ვთავაზობთ ამ ადამიანებს. არ ვიცი, ეს ფორმატი როგორ გავლენას ახდენს სტუმრებზე, მაგრამ ისინი გაცილებით სხვანაირები არიან, ვიდრე სხვა გადაცემებში, განათების ფონზე.

ლელა ბაღდავაძე, "პალიტრანიუსის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თოქ-შოუ "დღის ნიუსრუმის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსი" იზრდება და არა მარტო "ასაკის", არამედ სანდოობის, ცნობადობის და რეიტინგის თვალსაზრისით. წლიდან წლამდე მზარდია იმ მაყურებელთა რაოდენობა, ვისაც ურჩევნია გადმორთოს სწორედ ჩვენს არხზე. რატომ? მიზეზი არ არის რთულად გამოსაცნობი - მედიაბაზარზე არსებული არასახარბიელო ვითარების ფონზე, "პალიტრანიუსი" ის იშვიათი გამონაკლისია, რომელიც საზოგადოებას უყვება ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინტერპრეტაციის გარეშე, ვაშუქებთ ყველა მხარის პოზიციას ისე, რომ არ ვამახინჯებთ, არ ვცვლით შინაარსს, ვართ ყველგან, სადაც საინტერესო ამბები ხდება და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ახალ ამბებს ყოველ საათში ერთხელ ვთავაზობთ.

უკვე ორი წელია "პალიტრანიუსის" საინფორმაციო სამსახურის გუნდთან ერთად მიწევს მუშაობა და ვამაყობ, რომ ჩვენ მედიაბაზარზე განმასხვავებელი ნიშა გვაქვს, რასაც სწორედ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა ჰქვია. ობიექტურ და მიუკერძოებელ საინფორმაციო გამოშვებას ემატება ძალიან საინტერესო გადაცემები, მათ შორის, არაერთი პოლიტიკური თოქშოუ, სადაც ყველა პოლიტიკურ მხარეს თავისუფალი ტრიბუნა ეთმობა, საინტერესო თემების ანალიზი კი ხდება ანგაჟირების გარეშე და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით.

კოკა კვირკველია, "ნიუსრუმის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის ნიშნავს ობიექტურობას და გულახდილობას. აქ გახსნის დღიდან ვმუშაობ. თავდაპირველად ნიუსებს ვახმოვანებდი, შემდეგ კი დაიბადა გადაცემა "ნიუსრუმი”, რომლის წამყვანიც ვარ. ზოგადად, "პალიტრასთან” 13 წლის ურთიერთობა მაკავშირებს, რადიოს გახსნის დღიდან აქ ვარ და, ფაქტობრივად, ეს ჩემი პირველი ოჯახია, არა - მეორე, სადაც ჩემი ცხოვრება დილის 7 საათიდან იწყება.

ლაშა დვალიშვილი, არხის გენერალური პროდიუსერი, "სპორტალის" წამყვანი:

- "პალიტრანიუსი”, პირველ რიგში, ნიშნავს ატმოსფეროს, სადაც მისვლა გიხარია და ამას განაპირობებს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იქ მუშაობს - დაწყებული მენეჯმენტით და დამთავრებული რიგითი თანამშრომლით. ეს არის ადგილი, სადაც ალბათ ერთხელ ფეხს რომ შედგამ, მერე წარმოუდგენელია იქიდან თავი დააღწიო კარგი გაგებით, ვინაიდან სითბოს, კეთილგანწყობის და კარგი ატმოსფეროს გარდა, "პალიტრაში” არაფერი სუფევს. ამას ქმნიან ის ადამიანები, რომლებზედაც რეალურად დგას ის უალტერნატივო ჰოლდინგი, სადაც ჯაჭვური რეაქციით არის მიღწეული ის წარმატება, რომელიც მას გააჩნია, რა თქმა უნდა, მენეჯმენტისა და თანამშრომლების დამსახურებით. ერთი სიტყვით, ეს არის ადგილი, სადაც ადამიანი თავს გრძნობს ბედნიერად, თავისუფლად და სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ ერთი ფეხის შედგმის მერე არასოდეს გინდა იქიდან გამოსვლა.

ანა მარშანია, გადაცემა "აქტუალური თემის" წამყვანი:

- პროფესიული თავისუფლება და მაყურებლის ნდობა - ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის "პალიტრანიუსზე" მუშაობას მოაქვს. ეს ტელევიზია, სადაც დაარსების დღიდან ვმუშაობ, ვფიქრობ, სწორედ ობიექტურობის, მიუკერძოებლობის, ოპერატიულობისა და სანდოობის სიმბოლოა. მეორე მხრივ, არის მაყურებლის შეფასება და დამოკიდებულებები. უამრავი ნაცნობი თუ უცნობი ადამიანი აღნიშნავს, რამდენად მისაღები და მოსახერხებელია მათთვის ინფორმაციის გავრცელების ის ფორმატი, რომელსაც აუდიტორიას "პალიტრანიუსი" სთავაზობს. მათი თქმით, ძალიან კომფორტულია ლაკონური, დაბალანსებული და მუდმივად განახლებადი ახალი ამბების ყურება ინტერპრეტაციის გარეშე. სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის იმ ნდობასა და ერთგულებას, რომელიც მცირე ასაკის მიუხედავად, ჩვენმა ტელევიზიამ უკვე მოიპოვა.

ეკა წივწივაძე, "პოლიტნიუსის” წამყვანი:

- უკვე ორი წელია პალიტრელი მქვია. რეალურად, ეს სამსახური ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულ პერიოდში გამოჩნდა და რაღაცნაირად ყავარჯენივით შემეხიდა. ჰოდა, აი, ახლა ორი წელია მოგვყავს ერთმანეთი. ორ წელიწადი არც ისე დიდი დროა, თუმცა ბევრი ეტაპი გავიარეთ ერთად: ჯერ რეპორტიორი ვიყავი, მერე საინფორმაციო გამოშვებების პროდუსერი, და ბოლოს, პალიტრაზე გადაცემა "პოლიტნიუსის" წამყვანიც გავხდი. "პალიტრა”, რეალურად, შესაძლებლობების პალიტრაა, ის საკუთარი თავის ბევრი რაკურსით გამოცდის შესაძლებლობას გაძლევს. ჩვენ ბევრი ღირებულება გვაერთიანებს, თუმცა ყველაზე მთავარი ალბათ ისაა, რომ "პალიტრაში” ყველა ჟურნალისტი მაყურებლის წინაშე პირნათელია - არასდროს იტყუები, არასდროს აბუქებ ფაქტებს, არასდროს ფიქრობ ხელოვნურად რეიტინგის მომატებაზე. აქ ამბებია ინტერპრეტაციის გარეშე და ვფიქრობ, ეს ჩვენს პროფესიაში ყველაზე მთავარია.

შორენა ბიწაძე, საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის ნიშნავს ყველაზე სანდო, უტყუარ და გადამოწმებულ ინფორმაციას. ასევე, თავისუფლებას, განვითარების შესაძლებლობას, ობიექტურობას და კომფორტს მუშაობის პროცესში. ვულოცავ ჩემს ტელევიზიას იუბილეს.

თამთა ასათიანი, ტელეწამყვანი:

- არხის შექმნის პირველი წუთიდან აქ ვარ, "პალიტრანიუსი” ჩემს თვალწინ დაიბადა, იზრდება და ვითარდება, მახსოვს 5 წლის წინ, როდესაც არხი განსხვავებული ფორმატით უნდა გასულიყო ეთერში, ყველანი ვღელავდით, რადგან ეს გამოწვევა ძალიან რთული იყო, მსგავსი ფორმატის ტელევიზია ქართულ მედიასირვცეში არ არსებობდა, გავრისკეთ და რისკმა გაამართლა კიდეც, რადგან "პალიტრანიუსმა" მალევე შეიძინა ერთგული მაყურებელი. დამეთანხმებით, რომ მაყურებლის ერთგულებას განაპირობებს ნდობა და თამამად შეიძლება ითქვას რომ ჩვენ მაყურებლები გვენდობიან, თანდათან ჩვენი არხი უამრავი ადამიანის ერთგულ თანამგზავრად და ინფორმაციის სანდო წყაროდ იქცა. რთულია ავხსნა, რას ნიშნავს ჩემთვის აქ მუშაობა, ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ძალიან დიდ დროს ვატარებ და რაც მთავარია, ძალიან კომფორტულად ვფრძნობ თავს, აქ ინფორმაციის უწყვეტი ნაკადია, მუშაობენ ადამიანები რომლებიც მუდმივად მზად არიან ამომწურავი სიახლეები მიიტანონ მაყურებლამდე, თანაც, უმოკლეს დროში, ფაქტობრივად, აქ სულ სხვა სამყაროა. ბენდიერი და ამაყი ვარ, რომ არხის განვითარებაში ჩემი პატარა წვლილიც შევიტანე და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო საინტერესო, წარმატებული და ნათელი გზა გვაქვს. ჩვენს მაყურებელს კი ვპირდებით, რომ არასდროს გავუცრუებთ იმედს და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ მათი ერთგულებისა და ნდობის შესანარჩუნებლად.

მარიამ კანდელაკი, ჟურნალისტი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის არა მხოლოდ ტელევიზია, არამედ ერთი დიდი ოჯახია. პატარა, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით და ამბიციებით აშენებული ტელევიზია. აქ ჩვენ, ყველანი დროის უმეტეს ნაწილს ვატარებთ და ეს ის ადგილია, სადაც ყოველთვის შეგიძლია მოგეცეს განვითარების შესაძლებლობა. "პალიტრანიუსი” არის არხი, სადაც არის ახალი ინფორმაცია, მნიშვნელოვანი ამბები და საინტერესო მიმართულებები გაერთიანებული ერთ სივრცეში.

ნუგზარ ნაჭყეპია, ოპერატორების ჯგუფის ხელმძღვანელი:

- "პალიტრანიუსი” ჩემი ოჯახია, ოჯახზე საყვარელი რა უნდა იყოს? 2 წელი გახდება, რაც აქ ვარ და დროის უმეტეს ნაწილს ტელევიზიაში ვატარებ. ვულოცავ მას და ვუსურვებ წინსვლას მედიაბაზარზე.

ეკა სალაღაია, პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” არის ადგილი, სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებ და სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეს მართლა ახალი ამბების ტელევიზიაა. ვცდილობთ ვიყოთ მოვლენების ეპიცენტრში და ჩვენი მიზანია, სწრაფად და ხარისხიანად მივაწოდოთ მოსახლეობას ობიექტური ინფორმაცია. მაყურებლის ნდობა ჩვენი წარმატების უტყუარი საზომია.

პაატა ბაირახტარი, ეკონომისტი, ტელეწამყვანი:

- "პალიტრანიუსი” არის ყველაზე სწრაფი, ყველაზე სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია. ჩემთვის ეს არის დიდი ოჯახის შემადგენელი, რომელსაც ჰქვია "პალიტრანიუსი”, სადაც არა მხოლოდ კომპეტენტიური და მაღალკვალიფიციური კადრები, არამედ ბევრი ჩემი მეგობარიც მუშაობს.

ნათია ირემაძე, საეთეროს ხელმძღვანელი, სამაუწყებლო ბადის მენეჯერი, პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” ჩემთვის არის ერთი დიდი ოჯახი, სადაც ერთმანეთს გულწრფელად ვგულშემატკივრობთ, სადაც ერთმანეთის წარმატება გვახარებს და გვჯერა, ერთად უფრო მეტს შევძლებთ.

სალომე კვარაცხელია, პროდიუსერი:

- "პალიტრანიუსი” ჩემი ოჯახია, სადაც ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. რის გამოც მომწონს აქ მუშაობა პირველ რიგში ის არის, რომ მაყურებელს შეუძლია ჩვენგან მიიღოს ობიექტური, სწრაფი და მიუკერძოებელი ინფორმაცია იმ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში და მის გარეთ ხდება. ეს 5 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, "პალიტრანიუსმა” ამასობაში მოახერხა და დაიკავა თავისი ნიშა კონკურენტულ გარემოში. გულით ვულოცავ ჩემს ოჯახს 5 წლის იუბილეს და ვუსურვებ საინტერესო, მრავალფეროვან გადაცემებს და კიდევ უფრო წინსვლას.

საქართველოს მოქალაქეებისთვის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შემოსვლის წესები იცვლება - რამდენ დღიანი იზოლაციის გავლა მოუწევთ მოქალაქეებს

რა კომენტარს აკეთებს ჯანდაცვის მინისტრი 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალებაზე - "ჩემი უშუალო ხელმძვანელობით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას"

"დღეიდან 1-ელ თებერვლამდე პერიოდში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს" - ბერდია სიჭინავა