ავტორი:

#სასწაულიწიგნებშია - აჩუქე ლიტერატურული თავგადასავალი საახალწლოდ

#სასწაულიწიგნებშია - აჩუქე ლიტერატურული თავგადასავალი საახალწლოდ

ახალი წლის მოახლოებას ყოველთვის თან ახლავს სასწაულის მოლოდინი. ეს ის დროა, როცა ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობის სურვილი ყველას ერთნაირად გვიპყრობს და სულაც არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს ასაკს. სადღესასწაულო დღეების ლამაზი თავგადასავლებით გატარება ნებისმიერი ჩვენგანის სურვილია. სასწაულები და თავგადასვლები კი წიგნებშია. და რა უნდა ვაჩუქოთ საახალწლოდ საყვარელ ადამიანს, თუ არა სასწაული?

გთავაზობთ ლიტერატურულ სიახლეებს, რომლითაც საყვარელ ადამიანს, მეგობარს ან ოჯახის წევრს დაუვიწყარ თავგადასავალს აჩუქებთ და მისცემთ შესაძლებლობას, შეხვდნენ ახალ წელს იქ, სადა სურთ და ისე, როგორც სურთ:

ტომ ჰენქსი - არაჩვეულებრივი ეგზემპლარი

ტომ ჰენქსი, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მსახიობია, მწერალიც არის და კიდევ... ძველებური საბეჭდი მანქანების კოლექციონერი. სწორედ საბეჭდი მანქანაა ამ წიგნის ჩვიდმეტივე მოთხრობის ერთ-ერთი გმირი - თითქოს მივიწყებული და უკვე უვარგისი არტეფაქტი, სინამდვილეში კი თხრობის მნიშვნელოვანი მონაწილე. ტომ ჰენქსმა ძალიან კარგად იცის მისი თითოეული დეტალი. წიგნის სათაურიც "არაჩვეულებრივი ეგზემპლარი" სწორედ ამ კომპიუტერამდელ აგრეგატზე აკრეფილი ტექსტის განუმეორებლობაზე მიუთითებს.

ჩვენ ვიცნობთ თანამედროვეობის დიდ მსახიობ ტომ ჰენქსს, ახლა კი მწერალ ტომ ჰენქსსაც გავიცნობთ.

სელესტ ინგი - ყველგან ხანძრის კერებია

აზიური წარმოშობის ამერიკელი მწერლის გახმაურებული რომანი უკვე ქართულ ენაზე. წიგნის მიხედვით, HBO-მ გადაიღო არანაკლებ გახმაურებული სერიალი, რომელშიც მთავარ როლს ლიზ უიზერსპუნი ასრულებს.

პატარა ქალაქ შეიკერ-ჰაიტსში ყველაფერი დაგეგმილია _ აქაურების ყოველდღიური ცხოვრებაც კი. მათი კეთილდღეობა გარანტირებულია _ მშვიდი უბნები, პრესტიჟული სკოლები, საუკეთესო განათლება, სპორტი, ულიმიტო დაზღვევა! ელენა რიჩარდსონი კი შეიკერ-ჰაიტსის იდეალური განსხეულებაა _ 4 შვილის დედა და წარმატებული იურისტის მეუღლე ცხოვრებით კმაყოფილია, ის წესებს სიამოვნებით იცავს და დასახულ გეგმას პუნქტობრივად ასრულებს. სამსახურშიც გაუმართლა და მისი დიდი, ლამაზი სახლის წინ გაზონიც სულ გაკრეჭილია. მაგრამ ერთ მშვენიერ საღამოს შეიკერში გამოჩნდება ქაოსური მია უორენი _ იდუმალი ხელოვანი და მარტოხელა დედა, რომელიც თინეიჯერ ქალიშვილთან, პერლთან, ერთად ჩამოდის და რიჩარდსონებისგან სახლს ქირაობს. საიდუმლო წარსულის მიამ და პერლმა შესაძლოა ამ ქალაქის საათივით აწყობილი ცხოვრება თავდაყირა დააყენონ.

”ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს.

ემანუელ შმიტი - ოსტენდელი მეოცნებე

კრებულის „ოსტენდელი მეოცნებე“ მთავარი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს ყალბ ფინალს მიმართავს. ეს კი წრიულად

განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე.

აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკ ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.

არჩილ ფირიაშვილი - ფეხბურთის მოთამაშე

არჩილ ფირიაშვილი ლიტერატურული პრემია „საბა 2020-ის“ ფინალისტია ნომინაციაში "წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი". მისი წიგნის მთავარი თემა ამბოხია - იმ ადამიანის ამბოხი, რომელიც ვეღარ იტანს სიყალბეს და გაურბის მას.

ერთ მშვენიერ დღეს კაცს წარმატებულს, ყველანაირ მიზანმიღწეულს შეიძლება თვალი აეხილოს და დაინახოს, რომ ეს საათივით აწყობილი ცხოვრება არის მხოლოდ სხვის დასანახად. სწორედ აქ იწყება პიროვნული ჯანყი და სულიერი კრიზისი, თავს წამოყოფს ბავშვობის ტრავმები. და ნიკიც მიატოვებს ყველას და ყველაფერს, ხეტიალისას კი საოცარ აღმოჩენებს აკეთებს, პოულობს ნამდვილ ადამიანებს, რაც მთავარია _ საკუთარ თავს.

ჯ.რ.რ. მარტინი - ღამეში მფრენნი

სამეცნიერო-ფანტასტიკური კრებული „ღამეში მფრენნი“ ჯორჯ მარტინმა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, სულ ახალგაზრდამ დაწერა. მასში 6 ვრცელი მოთხრობაა შესული, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ, მძაფრსიუჟეტიან და სათავგადასავლო ამბებს რომ მოგვითხრობს. სატიტულო მოთხრობაში მკითხველს ელის კოსმოსური ხომალდით ხანგრძლივი მოგზაურობა, რომლის დროსაც სხვადასხვა ხასიათისა და ტემპერამენტის რამდენიმე ადამიანი კოსმოსში მოხეტიალე უცნაურ არსებებს, ვოლკრინებს დაეძებს, თან დახშულ სივრცეში იდუმალ საფრთხეს ებრძვის და ერთგვარი დეტექტიური საიდუმლოს ამოხსნას ცდილობს; ხომალდზე, რომლის კაპიტანიც მგზავრებს არ ენახვებათ, ვიღაც ერთიმეორის მიყოლებით ხოცავს ეკიპაჟს; ამ ნაწარმოებში დასმული ყველა შეკითხვის პასუხი სრულიად მოულოდნელი და გამაოგნებელი აღმოჩნდება...

„ღამეში მფრენნი“, პირველ ყოვლისა, ულამაზესი ყდით მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ყდის ილუსტრატორი გახლავთ მაკა ზედელაშვილი.

შოთა იათაშვილი - დამწყები

დამწყები და თან მაქსიმალისტური – ეს პოეტისა და კრიტიკოსის შოთა იათაშვილის პირველი რომანია, რომელიც წიგნის მაღაზიების თაროზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა, თუმცა მკითხველთა დიდი დაინტერესება უკვე გამოიწვია. "დამწყები – მაქსიმალისტური რომანი“ უკვე დაასახელეს, როგორც თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლედ.

„მთავარი გმირი, ნიკოლოზი არის 50 წლის ასაკს გადაცდენილი პოეტი, რომელიც მთელი შეგნებული ცხოვრება ლექსების შეთხზვით იყო დაკავებული და უცებ აღმოაჩენს, რომ თურმე წარმოდგენა არა აქვს, როგორაა სამყარო მოწყობილი. ანუ ვერანაირად ვერ ერკვევა იმ მთავარ წეს-კანონებში, რაც სხვადასხვა მაკრო თუ მიკროსამყაროებშია. ყოველივე ამის გააზრების შემდეგ, ის აჩქარებული წესით იწყებს სხვადასხვა დისციპლინებში ერთდროულად გარკვევასა და ინტენსიურ ფიქრს სხვადასხვა კანონზომიერებებსა და ფენომენებზე. ეს კარდინალურად ცვლის არა მხოლოდ მისი აზროვნების, არამედ ცხოვრების წესსაც. აი, ასეთ ადამიანზეა ეს რომანი, ადამიანზე, რომელიც გადაწყვეტს, რომ „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ და უკვე ხნიერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, დამწყები კლასის მერხზე ჯდება“, - შოთა იათაშვილი.

ჯემალ ქარჩხაძე - ანტონიო და დავითი

რომანის მოქმედების ადგილი შუა საუკუნეების საქართველოა, ხოლო მთხრობელი - იტალიელი მოგზაური, რომელიც ევროპელ მისიონერებთან ერთად საქართველოში ჩამოდის. "ანტონიო და დავითი" დაძაბული დრამაა, რომელშიც ადამიანის სულის ხსნისთვის ბრძოლა ისტორიული რეალიებისა და რელიგიური დისკურსების ჭიდილის ფონზე მიდის. მაღალი ემოციური მუხტის მქონე ეს რომანი უზადო ტექნიკითა და გამორჩეულად დახვეწილი ენითაა და წერილი.

ჯერომ სელინჯერი - თამაში ჭვავის ყანაში

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ მსოფლიო კლასიკაა, რომელიც არაერთ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ეგზემპლარი გაიყიდა. რომანი1951 წელს გამოიცა და მაშინვე დიდი კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა კრიტიკას გაუძლო და ის დღემდე, ახალგაზრდების და არამარტო მათი, ერთ-ერთი რჩეული ნაწარმოებია.

ელის დოჯსონი - ამ მთისა და იმ ბარისა

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს“, - ელის დოჯსონი.

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს...

წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა.

ელიფ შაფაქი - ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში

ეს არის თურქი მწერლის ელიფ შაფაქის კიდევ ერთი ემოციური რომანი.

ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი - მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე...

ინფორმაცია, თუ სად შეიძინოთ წიგნები, იხილეთ ბმულზე

თუ დისტანციურად მუშაობ და არ იცი, როგორ გამოიყენოს ბავშვმა დრო პროდუქტიულად, დარეგისტრირდი gudabooks.ge-ზე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, “ისტორიანის“ დეკემბრის ნომრის მთავარი თემები

30 ნოემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ მესამე ტომი გამოვა