ავტორი:

"მშობლებს ინტერნეტის ფული არ აქვთ, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.. ქოთნებში ია გავახარეთ და მათი გაყიდვით შევაგროვეთ თანხა" - ლადო აფხაზავას უჩვეულო მეთოდი მოსწავლეების დასახმარებლად

"მშობლებს ინტერნეტის ფული არ აქვთ, ბავშვები ონლაინგაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ.. ქოთნებში ია გავახარეთ და მათი გაყიდვით შევაგროვეთ თანხა" - ლადო აფხაზავას უჩვეულო მეთოდი მოსწავლეების დასახმარებლად

კორონაპანდემიის გამო პრობლემა არაერთ ოჯახს არაერთი კუთხით შეექმნა, კერძოდ, მშობლებს არ აღმოაჩნდათ სახსრები თუნდაც იმისთვის, შვილებისთვის ინტერნეტის ულიმიტო პაკეტები შეეძინათ, რომ ბავშვები ონლაინგაკვეთილებს დასწრებოდნენ. ეს მეტწილად რეგიონების პრობლემა უფროა. ამიტომ, ჩიბათელმა სამოქალაქო აღზრდის ცნობილმა პედაგოგმა ლადო აფხაზავამ ლანჩხუთელი მოსწავლეების დასახმარებლად საინტერესო გამოსავალი მოძებნა. მან ია მოამრავლა, გაყიდა და იმ თანხით ინტერნეტის გარეშე დარჩენილ მოსწავლეებს ონლაინგაკვეთილებზე დასწრების საშუალება მისცა.

„მშობლები რთულ მდომარეობაში არიან, იმის საშუალება არ აქვთ, რომ შვილებს 19-ლარიანი ულიმიტო ინტერნეტი თუნდაც ერთი თვით ჩაურთონ... მოკლედ, არჩვანის წინაშე აღმოჩდნენ - ინტერნეტი შეიძინონ იმისთვის, რომ ბავშვები გაკვეთილებს დაესწრონ, თუ მათ საკვები არ მოაკლონ. ზოგიერთმა საკვები არჩია. ეს გარკვეულ შემთხვევაში იმითაც არის განპირობებული, რომ ოჯახს რამდენიმე შვილი ჰყავს. გაკვეთლები ერთმანეთს ემთხვევა, სათანადო რაოდენობის ტექნიკაც არ აქვთ და საერთოდ უარი თქვეს ონლაინგაკვეთილებზე... მოკლედ, ამ რთული სიტუაციის გამო, პირველი ტალღის დროს, სხვადასხვა ორგანიზაციას დავუკავშირდი, მათ შორის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ქართველები საფრანგეთში ასოციაციას, კავკასიის უნივერსიტეტს - ყველა დაგვეხმარა, ჩვენი მოსწავლეების ტელეფონის ნომრებს ვუგზავნიდით და ისინი ურიცხავდნენ,“ - გვიყვება ლადო აფხაზავა.

- მოსწავლეებს პრობლემა მოეხსნათ?

- პირველი ტალღის დროს, ამ ადამიანებმა 4 თვის ინტერნეტის თანხა ჩაურიცხეს... ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 482 ბავშვს დავეხმარეთ. ვითანამშრომლე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სოცმუშაკებთან და სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებსაც ჩავურიცხეთ. ჩემი, ჩიბათის სკოლიდან 82 მოსწავლეს აღმოვუჩინეთ დახმარება. მეორე ტალღისთვის კი ვიფიქრე, რომ რაღაც სხვა რამ უნდა მეღონა... ვინაიდან ჩვენი, ყველას განათლების სიმბოლო იაა, „აი ია“-თი დავიწყეთ განათლების მიღება, გადავწყვიტე, ია მომემრავლებინა, რაც სიმბოლურიც იქნებოდა. მოკლედ, ვიშოვე იის ფოთლები, ბათუმში დიდი რაოდენობით მიწა და ქოთნებიც შევიძინე. ერთი კვირა დამჭირდა, რომ იების ფოთლები ქოთნებში ჩამერგო. ძალიან გამიხარდა, რომ სამი კვირის შემდეგ უკვე პატარა „ჭუკები“ ამოვიდა, - ასე დავარქვი იმ ახლადამოყრილ ფოთლებს... მოსწავეებსაც ვასწავლე ეს მეთოდი. იებს ისინიც ახარებდნენ. კი ვამრავლებდით, მაგრამ ჯერ კარგად გააზრებული არც გვქონდა, ზუსტად რა გამოგვივიდოდა, მაგრამ შედეგად - 516 გახარებული ქოთანი მივიღეთ და გავყიდეთ.

- ე.ი. იის ქოთნები გაიყიდა?

- კი, თბილისში ყვავილების მაღაზიაში, ასევე ბათუმში. საკოლექციო იები იყო, ძალიან ლამაზი, მაგრამ თითო ქოთანი ცხადია, 19 ლარად ვერ გაიყიდებოდა... იების ახალი ფოთლები ისევ მაქვს ჩარგული, იქნებ კიდევ დაგვჭირდეს...

- და იებით სულ რამდენი მოსწავლეს დაეხმარეთ?

- 512 მოსწავლეს ჩავურიცხეთ ინტერნეტის თანხა. ასევე 10 მრავალშვილიან ოჯახს შევუყვანეთ ინტერნეტი, რაც ერთი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ, 10 ოჯახს, ვისაც ინტერნეტი შეყვანილი აქვს, მაგრამ ჩართვის საშუალება არ ჰქონდა, 6 თვით დავუფინანსებთ. რამდენიმეს კი, ვისაც ტელეფონი არ ჰქონდა, შევუძინეთ და უკვე საშუალება აქვთ, ონლაინგაკეთილებს დაესწრონ. რა თანხაც მოგვრჩა, მოსწავლეებთან ერთად, მაღაზიაში წავედით და ობოლ ბავშვებს პროდუქტები ვუყიდეთ...

- როგორ ფიქრობთ, მოსწავლეები ინტერნეტით განათლების სამინისტროს თავად არ უნდა უზრუნველეყო?

- ვერ გეტყვით, განათლების სამინისტრო რამდენად მოვალეა, ყველა მოსწავლეს ინტერნეტი შეუძინოს, თან, როგორც გითხარით, ყველას არ სჭიდება დამხარება. არიან ისეთი მოსწავლეები, ვის მშობლებსაც საშუალება არ აქვთ, ზოგის მშობელი კი ამ შეზღუდვებისას დარჩა უმუშევარი... ეს სერიოზული პრობლემაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს ეს. როდესაც პრობლემას ვაღიარებთ, მასზე ვსაუბრობთ, მათი მოგვარების გზებიც ჩნდება, მაგრამ საქართველოში ასეა, - პრობლემის მიჩქმალვას უფრო ცდილობენ...

როდესაც ჩვენი ამბავი სოციალური ქსელითაც გავრცელდა, მაქვს 600 მოსწავლის ტელეფონის ნომერი და ამ ბავშვებს კეთილი ადამიანები ინტერნეტის თანხას თავად ურიცხავენ. გააქტიურდნენ საზღავრგარეთ მცხოვრები ადამიანებიც, ისინი, ვინც იქ ოჯახის სარჩენად არიან წასულები, ჩვენს მოსწავლეებს ეხმარებიან. გამიხარდება, თუ სხვა მუნიციპალიტეტში მასწავლებლები სხვადასხვა გზას მოძებნიან ასეთი ოჯახების შვილების დასახმარებლად.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ სკოლის გათბობის თანხით შესაძლებელი იყო, ვთქვათ, მოსწავლეებისთვის ინტერნეტის საფასური დაგვეფარაო, მაგრამ ეს ხარჯები წინასწარ უკვე გაწეულია, მაგას არაფერი ეშველება. მაგალითად, ჩვენს სკოლაში შეშა უკვე მომარაგებულია, მაგრამ რად გინდა? ამ ზამთარს დალპება, რადგან მას არავინ მოიხმარს. არადა, ყველა საუბრობდა იმაზე, რომ მეორე ტალღა მოსალოდნელი იყო, ამიტომ, სხვა რამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით. შეიძლება, შეშის ყიდვა ვიჩქარეთ. მოკლედ, მეორე ტალღამ დაგვანახა, რომ ყველაფერს სრულიად მოუმზადებელი შევხვდით, ამ დროს გვეგონა, უფრო ორგანიზებული ვიქნებოდით... ამაში, ალბათ, ყველანი ერთად ვართ დამნაშავე.