ავტორი:

"ნუსიამ ვახუშტის დაბადებიდან ერთი თვე იცოცხლა, ეს იყო დასაწყისი ამ ოჯახის ტრაგედიისა" - ნანა კოტეტიშვილი ცნობილი ბიძაშვილის მძიმე ბავშვობასა და საოცარ სიყვარულზე

"ნუსიამ ვახუშტის დაბადებიდან ერთი თვე იცოცხლა, ეს იყო დასაწყისი ამ ოჯახის ტრაგედიისა" - ნანა კოტეტიშვილი ცნობილი ბიძაშვილის მძიმე ბავშვობასა და საოცარ სიყვარულზე

"ვერ გამოგლოვილნი" - ასე დაარქვა მწერალმა ნანა კოტეტიშვილმა მემუარულ ნაწარმოებს, რომელიც გამოსაცემად მზად არის. წიგნში ავტორის ღირსეული წინაპრების - კოტეტიშვილებისა და მაყაშვილების საგვარეულოს დრამატული თავგადასავლებია მოთხრობილი. ნაწარმოებში დიდი ადგილი უკავია მოგონებებს ქართული ფოლკლორის მოამაგე მეცნიერზე, მთარგმნელსა და პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილზე, რომელიც წიგნის ავტორის ბიძაშვილი იყო.

"მოგონებები კიდევ ერთ საგულისხმო ამბავს ხდის ფარდას, სახელდობრ, ვახუშტი კოტეტიშვილის ფშაური კაფიაობით დაინტერესება სწორედ ნანა კოტეტიშვილის ქორწილიდან იღებს დასაბამს. ნანას ქმარი, ცნობილი მწერალი და მეცნიერი გიგი ხორნაული, ხევსური გახლავთ და ქორწილის დროს ვახუშტი კოტეტიშვილის თამადობამ დამხვდურნი იმდენად მოხიბლა, მალე ეს უნებლიე სიმპატია ორმხრივ ურთიერთობაში გადაიზარდა. წლების შემდეგ, ვახუშტი კოტეტიშვილისმიერ გამართული ფოლკლორული შეხვედრები დასამახსოვრებელ ტრადიციად იქცა, რომელსაც სოფლად და ქალაქად უამრავი კაფიის მოყვარული დიდი ინტერესით ელოდა და ეგებებოდა", - ნათქვამია წინასიტყვაობაში.

წიგნის გამოცემამდე ქალბატონი ნანა "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- ჩვენი ოჯახის ისტორია საქართველოს იმ უმძიმეს ხანას უკავშირდება, რომელსაც სტალინური ეპოქა ერქვა. იმ ტრაგიზმით სავსე პერიოდში მასობრივად განადგურდა რჩეული საზოგადოება. ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ვახუშტის მამა, ვახტანგ კოტეტიშვილი, ცნობილი ლიტერატორი, ხელოვანი, მხატვარი და მოქანდაკე, ქართული ხალხური სიტყვიერების მეცნიერული კვლევის ფუძემდებელი. კოტეტიშვილების ამ შტოს მღვდლიაანს ეძახდნენ. ოჯახის უფროსი, ვახტანგის მამა - ილია კოტეტიშვილი დავითის ეკლესიის დეკანოზი, მანამდე კი სვეტიცხოვლის, თბილისის წმინდა სამების, პეტრე-პავლეს ეკლესიების მოძღვარი გახლდათ.

ვახტანგის გარდა, მას კიდევ სამი შვილი ჰყავდა: ივლიტა, გიგო და ლადო (მამაჩემი). მათ ბავშვობა სვეტიცხოვლის ეზოში გაატარეს. ისინი ბავშვობიდანვე ეზიარნენ ამ წმინდა სალოცავის მადლს. ვახტანგ კოტეტიშვილი გამორჩეული იყო თანამედროვეთაგან. ვახტანგი, როგორც ცნობილი საზოგადო მოღვაწე, წლების განმავლობაში იყო მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, რედაქტორობდა გაზეთ "ქართულ სიტყვას“, თავმჯდომარეობდა სამხატვრო აკადემიის პრეზიდიუმს და სხვა. ვახუშტის დედა, ნინო (ნუსია) დილევსკა ქართველიშვილების ჩამომავალი იყო. მის ნაზ, ნატიფ, არისტოკრატულ გარეგნობას ღრმა სულიერება და პოეტური ნიჭი განსაკუთრებულ იერს აძლევდა. მათ ოჯახში იკრიბებოდა იმ დროის რჩეული საზოგადოება: ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, ლადო გუდიაშვილი, პავლე ინგოროყვა, გალაკტიონ ტაბიძე და სხვანი.

იმ პერიოდის მთელი სიმძიმე ჩვენს ოჯახებზე პირდაპირ აისახა - ვახტანგ კოტეტიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, 44 წლის ასაკში. ამ ტრაგედიამ უფრო შეაკავშირა ჩვენი ბიძების და მამიდის ოჯახები. ეს ერთადერთი გზა იყო შთამომავლობის გადასარჩენად. ასეთ გარემოში გაიარა ვახუშტის ბავშვობამ. საჭირო იყო დიდი სულიერი სიმტკიცე, რომ ბავშვებს არ ეგრძნოთ მაშინდელისინამდვილის მთელი სიმძიმე. ყველაფერი უფროსების ხალისიანი განწყობილებით იფარებოდა. ყველა ხუმრობდა, გვახალისებდა. უფრო გვიან შევამჩნიეთ მათ თვალებში შემორჩენილი დიდი სევდა.

მე და ვახუშტი

მე და ვახუშტი თანატოლები ვიყავით, ერთ უბანში ვცხოვრობდით და მხოლოდ ერთი ქუჩა გვაშორებდა ერთმანეთს. თითქმის ყოველ დილით მივრბოდი ვახუშტისთან, რაც დიდობაში ცხოვრების წესად მექცა. ვახუშტის ზრდიდა უფროსი და ლეილა, რომელმაც დედის მაგივრობა გაუწია. დიდედა, მამიდა ივლიტა, ძია გიგო და დედაჩემი - ნინო მაყაშვილი - მისი ბიცოლა, ვახუშტის ირგვლივ ტრიალებდნენ. დედაჩემმა, მიუხედავად მძიმე ბედისწერისა, რაც მაყაშვილების ადგილ-მამულის დარბევით და სოფელ იყალთოდან მათი გამოძევებით დამთავრდა, მთელ სანათესაოს უმძიმესი ცხოვრების წლები თავისი იუმორით და ხალისიანი ბუნებით გადაატანინა.

მამიდა ივლიტას ოჯახი, რომლის თავკაცი გახლდათ ცნობილი ეთნოგრაფი სერგი მაკალათია, ის კერა იყო, რომელმაც გადაგვარჩინა ობოლი ძმისშვილები. ხშირად ვიკრიბებოდით მთაწმინდაზე, კოტეტიშვილების საგვარეულო სახლში, კოტე მესხის 18 ნომერში, რომელიც დღესაც დგას. ეს იყო დაუვიწყარი დღეები, იყო ბევრი ხუმრობა, რისი ნიჭიც მთელ შთამომავლობას დიდედაჩემის, ეკატერინე ბიძინაშვილისაგან გამოგვყვა. თუმცა პაპაჩემი, მამა ილია, არანაკლებ ენამოსწრებული ყოფილა.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა ლეილა, ყველას მეტსახელებს არქმევდა. ეს კი უკვე კოტეტიშვილებისეული იუმორი იყო, რაც შემდეგ უფრო ძლიერად ვახუშტიში გამოიკვეთა. თითქოს დღესაც ვხედავ, როგორ ვსხედვართ მე და ვახუშტი 4-5 წლისანი ჩვენი ძველებური ქართული ტახტის დიდ უჯრაში და ვთამაშობთ. ვიცინით, ვხმაურობთ, ვერ გვაჩუმებენ. ტყუპივით გვიყვარდა ერთმანეთი, სულ ერთად ყოფნა გვინდოდა...მამას სიკვდილის შემდეგ, 1940 წლიდან დიდედას აღარ გაუცინია. მე ცოცხალი, ეშმაკი ბავშვი ვიყავი, ამიტომ დიდედა ხშირად მაგდებდა სახლიდან. არ უყვარდა, როცა ვახუშტი, ბუნებით წყნარი, მშვიდი, გამგონე ბავშვი, ჩემს დანახვაზე აფორიაქდებოდა, იწყებდა მთელი ხმით ყვირილს და ხტუნვას.

ათას რამეს გავზიდავდით ხოლმე ოთახიდან აივანზე და მერე გვეზარებოდა ალაგება. დიდედას ქვედაკაბის ჯიბეში ედო უჯრის გასაღები, სადაც სხვადასხვა სასუსნავი ინახებოდა. როცა საქმიანობდა, მოვპარავდი გასაღებს, მერე მივიპარებოდით მეორე, ბნელ ოთახში და იქ ვიკარგებოდით კარგა ხნით. ჩვენ ხველებას რომ გაიგონებდა, უკვე იცოდა, რას ვაკეთებდით და ყვირილით გამოგვრეკავდა ხოლმე იქიდან. აი, სწორედ ამ დროს მაგდებდა სახლიდან, რადგან ბუნტისთავი მე ვიყავი. სიცილ-კისკისით მივრბოდი ხოლმე სახლისკენ, ვახუშტი უკან მომდევდა, აივნიდან კი დიდედას ყვირილი ისმოდა. მეორე თამაში ომობანა იყო ვახუშტის მეზობლებსა და კლასელებთან. ეს სროლით და დიდი აურზაურით თავდებოდა. ახლა დამალობანა, დაჭერობანა და, ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ.

"ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არავის დააჩაგვრინოო"

განსაკუთრებული დღე იყო ვახუშტობა - 24 დეკემბერი, როდესაც მათ ოჯახში ვიკრიბებოდით და წითელი ღვინით და ბოღლიწოთი (წითელ ღვინოში ჩასველებული პური) აღვნიშნავდით. პურის პატარა ნაჭრებს ვაწობდით ღვინოში და ვამბობდით სადღეგრძელოებს. ვახუშტი სკოლიდან მიდიოდა ლეილასთან, მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, სადაც ის მუშაობდა, კარადების უკან ამზადებდა გაკვეთილებს. აკადემიაში ვახუშტის ყველა იცნობდა, ბიბლიოთეკაში კი მას შვილობილად თვლიდნენ.

ვახუშტის დაბადებას ბევრი ცრემლი მოჰყვა. ვახუშტის დედა ნუსია, სუსტი აგებულების, ნაზი, საშინლად დასუსტებული, სიკვდილს ებრძოდა..

ვახტანგი, ორი ქალიშვილის - ლეილასა და მანანას შემდეგ ბედნიერი იყო ბიჭის, მემკვიდრის დაბადებით. ნუსიამ ერთი თვე იცოცხლა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, ბავშვი არც უნახავს. დედა გვიამბობდა, ისეთი დიდი მწუხარება იყო, პატარა ვახუშტი თითქმის აღარავის ახსოვდაო. მამაჩემი ექიმი იყო და მან მოუძებნა სასწრაფოდ ძიძა, ახალგაზრდა რუსი ქალი ჩვილი ბავშვით, რომელმაც გადაარჩინა ვახუშტი. ეს იყო დასაწყისი იმ დიდი ტრაგედიისა, რომელსაც ამ ოჯახს უმზადებდა ბედისწერა.

ამას მოჰყვა ჯერ უმცროსი ქალიშვილის - მანანას სიკვდილი, რომელმაც ვერ გადაიტანა დედის დაკარგვა, შემდეგ კი ძია ვახტანგის დახვრეტა. 15 წლის ლეილას უნდა ეზრუნა ვახუშტის გაზრდაზე და დიდედა მათთან გადავიდა საცხოვრებლად. ვახუშტისთვის ლეილაში განსხეულებული იყო დედაც, მამაც და მანანაც. ლეილამ ვაჟკაცურად ზიდა ეს მძიმე ტვირთი. როდესაც ვახტანგის დასაპატიმრებლად მოვიდნენ, მან მომაკვდავ შვილთან გამომშვიდობების ნება ითხოვა, რომელიც საავადმყოფოში იწვა. ამის ნება არ დართეს. სახლიდან გასვლისას კი ლეილას ამოსძახა: "ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არავის დააჩაგვრინოო".

მაშინ ვახუშტი 2 წლის იყო. მამის ეს სიტყვები ლეილას სულ ყურში ჩაესმოდა. არაჩვეულებრივი დაძმობა ჰქონდათ. ლეილა, ანაფორასავით გრძელ კაბაში, ერთი მიზნით იყო მოვლენილი ამქვეყნად, ყველაფერი ძმას ანაცვალა, პროფესიაც და ქალობაც. დაუფასდა კიდეც თავგანწირვა - ვახუშტი კარგი გაიზარდა, თანატოლებში გამორჩეული იყო გარეგნობით, პოეტური ნიჭით, სილაღით, იუმორით, მდიდარი სულიერი სამყაროთი. მისი ლექსები ჩვენს თაობაში ყველამ ზეპირად იცოდა...ჩვენ „მტრის შვილები” გვერქვა... დიდი სიდუხჭირე გამოვიარეთ, გაუხარელი ბავშვობა გვქონდა... ხშირად მესიზმრება ვახუშტის ის ძველი, აივნიანი, ლამაზი ორსართულიანი სახლი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი, ჩემმა ბავშვობამაც ხომ იქ გაიარა. სიზმარში სახლი ყოველთვის განათებულია, გაღებული კარ-ფანჯრით, ცარიელი, უხალხოდ... ალბათ, ვახუშტის მოლოდინში... თითქოს ვახუშტის ხმაც ისმის, მშობლებისადმი მიძღვნილ ლექსს რომ ამბობდა მოსწავლე... "ჩვენ ცისფერ ყვავილებს გვაჩუქებს მთაწმინდა და მათ საფლავებზე ცრემლებად დავღვაროთ".

"ჩემი მარტოობის ბაღში, გაჩნდა უცხო ყოილი, როგორც უპატრონო ბავშვი, ნიავს ჩამოყოლილი..."

ვახუშტისა და მზეოს ამბავი სწრაფად მოედო ქალაქს. ჩვენ, მისმა ბიძაშვილებმა, გვიან გავიგეთ... თბილისის ომის მძიმე დღეები იდგა, სახლებიდან ვერ გამოვდიოდით... არ ვიცოდით, სად იყო ვახუშტი. ბოლოს ვნახეთ მისი დამწვარი სახლის წინ. იმ სახლს ჩვენი ბავშვობაც თან გაჰყვა... და ყველაფერი, რაც ამ ოჯახთან იყო დაკავშირებული... ვახუშტის მამის, ვახტანგ კოტეტიშვილის პირადი არქივი, უნიკალური ბიბლიოთეკა, ქართული ხალხური მუსიკალური საკრავებისა და ქართული ფარდაგების კოლექცია, ვახუშტის არქივი, ლექსების რვეულები, მისი აღმზრდელი დის ხელით გადაწერილი, ფოლკლორული მასალები მთელი საქართველოდან, ვახუშტის დედის, ნუსია დილევსკას დანატოვარი ქართველიშვილებისა და დილევსკების ოჯახური რელიკვიები და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი რამ...დრო გადიოდა, ვახუშტი არ ჩანდა. მდგომარეობიდან გამოსვლას დიდი დრო დასჭირდა...

გავრცელდა დაუჯერებელი ამბავი ვახუშტის დაოჯახებისა... დაგვაინტერესა, ვინ იყო ის ქალი და წავედით სანახავად, ხალხის მითქმა-მოთქმით გაოცებული და "განრისხებული" მივიჭერით მასთან. სახტად დავრჩით, როცა ხელში შეგვრჩა ლამაზი, თბილი, ღიმილიანი პატარა გოგო, რომელმაც მოკრძალებით გვიამბო თავისი ამბავი...თურმე ახალ წელს მზეო სხვებთან ერთად ესტუმრა მისალოცად, ვახუშტი მისი ლექტორი იყო. ის მარტო იჯდა საახალწლო სუფრასთან, არავის ელოდა...

ვახუშტი კოტეტიშვილი და მზეო გოგოჭური

უცებ ყველაფერი შეიცვალა... ყველას ლეგენდად დარჩა ის საღამო... განუმეორებელი ყოფილა ვახუშტი, თავისი იუმორით, დიდი ემოციით... ბევრი იცინეს, იმხიარულეს და თითქოს ყველასგან მიტოვებული ვახუშტის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ცხოვრების თავიდან დაწყების დიდი სურვილი...ყველაფერი კი იმ ლექციით დაიწყო, რომელსაც ვახუშტი კითხულობდა კულტურის უნივერსიტეტში, სამსახიობო ფაკულტეტზე: მზეომ ლექციაზე დაიგვიანა და შემდეგ ხალხური ლექსი გააგრძელა, რომლის კითხვაც ვახუშტიმ მის დანახვაზე შეწყვიტა. ასე დაიწყო მათი ნაცნობობა. მოწამეთაში დაიწერეს ჯვარი... დაგვიბრუნდა ძველი ვახუშტი, ხალისიანი, სიცოცხლით სავსე, ახალი ენერგიით დამუხტული... თანაცხოვრების პირველი და ბოლო სიმძიმეებიც ერთად გადალახეს. გასაოცარი იყო პატარა გოგოს დიდი მოთმინება, მათი ცხოვრების დასაწყისი ოღროჩოღრო იყო...

ვახუშტი მზეოს "ცოლ-შვილს" ეძახდა

ვახუშტისთვის თავგანწირვა იყო მესამედ ახალი ცხოვრების დაწყება ზრდასრული შვილებითა და ქართველ საზოგადოებასთან შეთავსებით. ის ლაღი და თავისუფალი ადამიანი იყო, ძალიან ემოციური და რომანტიკული. ვახუშტი იყო ქართული ფოლკლორის დიდი მოამაგე, მეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი და მთარგმნელი. სერიოზული სამეცნიერო ნაშრომებისა და თარგმანების (სპარსულიდან, რუსულიდან, გერმანულიდან) გვერდით, `სალაღობოდ-სათრეველად“ თქმული მისი ქალაქური კაფიები მთელმა თბილისმა იცოდა. იყო კარგი თამადა, მომლხენი, ენამოსწრებული, სუფრებზე სიყვარულში, ქალების ტრფიალში ტოლს არავის უდებდა. ერთ ზაფხულს, სტუდენტობისას, მითხრა, შვიდი მანანა მიყვარსო, თან იცინოდა... ჩამომითვალა, შვიდივე მართლა ძალიან ლამაზი იყო, განსაკუთრებით ერთი...

ხალხური პოეზიის სურნელი სულ თან სდევდა, უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად. უამრავი სახალხო პოეტი გამოიყვანა სამზეოზე. მზეოც ასეთივე ლაღი ბუნების იყო. მას ოჯახიდან მოსდგამდა ხალხური შემოქმედების დიდი სიყვარული. ისიც ცნობილი ფოლკლორისტების, მამა-ბიძების - დავით და ნიკო გოგოჭურების ჩამომავალია. საერთო საქმემ უფრო დააახლოვა და განამტკიცა მათი ერთობა. ვახუშტი მზეოს "ცოლ-შვილს" ეძახდა. როგორც ცოლს, პატივს სცემდა, ხოლო როგორც შვილზე, ისე ზრუნავდა და ტუქსავდა კიდეც, ხშირად უმიზეზოდაც და ამასაც იუმორში ატარებდა. ახალ სახლში ახალი ცხოვრება დაიწყო. უამრავი სტუმარი მოდიოდა, იყო ჟრიამული და სიხალისე.

მზეო კარგი მასპინძელი იყო, ყოველთვის ხალისიანი, თბილი, პირმცინარი, ყველას გულშემატკივარი და ქომაგი. ვახუშტი მზეოს უახლოესი სანათესაოს საფიცარი იყო. ყველას უხაროდა მის გვერდით ყოფნა, ყველა ცდილობდა მცირედი წვლილი შეეტანა ვახუშტის სიცოცხლის გახანგრძლივებაში. ამათი ხმა რომ არ მესმოდეს, ან კიბეზე მათი არბენ-ჩარბენის ხმა, ვერ ვიცოცხლებდიო, ამბობდა ხოლმე მოგვიანებით, როცა თითქმის ვერ გამოდიოდა სახლიდან. ასე მიდიოდა დღეები... უმძიმესმა ბედისწერამ ისევ იმძლავრა. უფროსი შვილის - ტატოს სიკვდილი მძიმედ გადაიტანა, მერე სუნთქვის უკმარისობაც დაემატა... მზეომ გადაარჩინა, წყნეთიდან სწრაფად ჩამოიყვანა მე-9 საავადმყოფოში, სულზე მიუსწრეს... მერე საავადმყოფოები... ექიმები... ოპერაციები... შემდეგ სკამს მიჯაჭვული დღეები... ყელში ჩადგმული სასუნთქი მილი... მუხლებზე დაჩოქილი მზეო ჭრილობას უსუფთავებდა... ერთხელ მეც შევესწარი... სულს უბერავდა ვახუშტის...

დასნეულების შემდეგ ვახუშტი სულ საწერ მაგიდასთან იჯდა, კომპიუტერთან, დღედაღამ მუშაობდა. დაუგროვდა სათქმელი, ახალი თარგმანები, მოგონებები, სონეტები... წიგნით "ჩემი წუთისოფელი“ ვახუშტიმ თავის წინაპრებს, ბებო-პაპებს, ბიძებს სამარადისო ძეგლი დაუდგა. ჩემი და ვახუშტის ბავშვობის წლებიც ამ წიგნშია... "ნეტავი სად არის ეხლა ნანა?" - ამ სიტყვებით ამთავრებს ერთ-ერთ თავს... ვახუშტი და მზეო ერთად კითხულობდნენ, ერთად არჩევდნენ, ერთად აფასებდნენ.

მზეომ თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. ცნობილია მისი დოკუმენტური ფილმი მხატვარ თენგიზ მირზაშვილზე (ჩუბჩიკაზე), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ვახუშტიზე ფილმის მომზადებასაც აპირებს იმ დოკუმენტური მასალით, რომელიც მრავლად აქვს შემონახული. ადრე ლექსებს წერდა, ხატავდა, ახლა პროფესიად ექცა. მზეომ ცნობილ მხატვარ ზურაბ ნიჟარაძესთან ფერწერის კარგი სკოლა გაიარა. დაუგროვდა ნამუშევრები: ვახუშტის პორტრეტი, ავტოპორტრეტი, უამრავი ულამაზესი პეიზაჟი და სხვ. ხევსურებს ხომ ფერის საოცარი შეგრძნება აქვთ...

ხევსურების შემოსვლა კოტეტიშვილების საგვარეულოში თითქოს განგების ძალით მოხდა. მამაჩემი, ცნობილი ექიმი და ქართული მედიცინის ისტორიის მკვლევარი ლადო კოტეტიშვილი, სულ იმის ცდაში იყო, როგორმე დაეახლოებინა ბართან მთა და, კერძოდ, ხევსურეთი, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ქართული სული და ტრადიციები. ეს მიაჩნდა საქართველოს გადარჩენის ერთადერთ საშუალებად.დღემდე არ განელებულა მასში ის დიდი სიყვარული, რომელიც პირველივე ნახვით ჩაისახაყველაფერი, რასთანაც ვახუშტის შეხება ჰქონდა, მზეოსთანაა. ორი წელი გავიდა ვახუშტის გარდაცვალებიდან. თითქოს უნდა განელებულიყო მზეოსთვის ოდნავ მაინც ამ ამბის სიმძიმე, მაგრამ არა, როდესაც ვახუშტიზე ვლაპარაკობთ, ყოველთვის ცრემლი ერევა თვალზე.

"სანამ ცოცხალი ვიქნები, ვახუშტის დაბადების დღეს ყოველთვის აღვნიშნავო“, - თქვა მზეომ წელს ვახუშტის საფლავთან. არ განელებულა მასში ის დიდი სიყვარული, რომელიც პირველივე ნახვით ჩაისახა.

ასაკობრივმა სხვაობამ არაფერი შეცვალა. სიყვარულს ხომ ასაკი არ გააჩნია. ვახუშტისთვის კი ხევსურეთი საფიცარი იყო... მან სხვა ბრწყინვალე ლექს-სონეტებთან ერთად ფშავ-ხევსურული სონეტიც“ ამოთქვა: "აქ პირველთაგან იყო ლექსი, სიტყვა, ვით სეტყვა,

/ აქ ყველა სიტყვის მეუფეა, თანაც ტყვე არი.

/ ყველა კაი ყმას წელზე ლექსი ხმალივით ერტყა

/ და გულზე ლექსის დაღი აჩნდა, ვით ნატყვიარი.

/ ქართულმა სულმა აქ ოდითგან იხმლო, იმშვილდა,

/ ქავ-ციხის ლიბო არ დაშლილა, არ გამომპალა,

/ აქ დღესაც ისმის მადლიანი ლოცვა ღვთისშვილთა,

/ ხმობენ: ლაშარი, იახსარი, ბერი კოპალა.

/ აქ ყოველივე მიგემნია: ტკბილი თუ მწუთხე,

/ გულზე ლექსების გუთნეული გამდევს ხნულებად,

/ ვყოფილვარ ბევრგან, მაგრამ ქვეყნად არც ერთი კუთხე, /ჩემი სულისთვის უფრო ახლო არ მეგულება.

/ ჩემი სამზეო, საიქიო, შავ-ხევ-სულეთი,

/ აკლდამა ჩემთა ოცნებათა - ფშავ-ხევსურეთი.

ეს ამბავიც, ისევე როგორც ბევრი სხვა, წლებს გაჰყვება და მხოლოდ მოგონებებში დარჩება. ამბობენ, დახურულ სივრცეში დიდხანს რჩებაო ხმები... თუ ეს მართლაც ასეა, ვახუშტისა და მზეოს ოჯახში რამდენი საინტერესო რამ უნდაიყოს შემონახული, ვახუშტისა და სხვათა და სხვათა მიერ თქმული, რამდენი მნიშვნელოვანი თუ ენამოსწრებული ნათქვამი, რამდენი ლექსი, მხიარული თუ სევდიანი. ეს ყველაფერი მისტიკურ განწყობილებას ქმნის... ნეტავ შეიძლებოდეს ამ ხმების ჩაწერა. ვინ იცის, იქნებ ოდესმე ეს დროც დადგეს.

ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 3 შემთხვევაა დაფიქსირებული

"დეკემბრის ბოლოსთვის კოვიდი ტუბერკულოზსაც გადაასწრებს და გახდება პირველი "ინფექციური მკვლელი" - გამყრელიძე

"დეპრესიაც ჰქონდა, გადაბრუნდა და არავის გველაპარაკებოდა... სულ მაქვს შიში, რომ ეს არ იყოს ბოლო დღე" - ზურა ხაჩიძე მეუღლეზე (ფოტოები)