ავტორი:

თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს

თურქი ანჯელინა ჯოლი - ვინ არის რეალურად ზულეიჰა "ჩუქუროვადან", რომელსაც სასიყვარულო ურთიერთობა 29 წლით უფროს კოლეგასთან აქვს

ჰილალ ალთინბილექი კიდევ ერთი პოპულარული მსახიობია თურქეთიდან, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან „ერთხელ ჩუქუროვაში.“ მომხიბვლელ მსახიობს თურქ ანჯელინა ჯოლისაც კი უწოდებენ და თვლიან, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავს.

ჰილალი 29 წლისაა. ის 1991 წლის 21 იანვარს თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა. მისი ოჯახი კოსოვოდანაა. მსახიობის პროფესიით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა. უნივერსიტეტში კომუნიკაციის სპეციალობას სწავლობდა, თუმცა პარალელურად სამსახიობო კურსებზეც დადიოდა.

მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სილამაზის კონკურსში, სადაც ხუთეულში მოხვდა და მალე მის ძირითად საქმიანობად მოდელობა იქცა. 2009-2010 წლებში სტამბოლში, ხელოვნების სკოლაში სამსახიობო ოსტატობას სწავლობდა. ალთინბილექის სატელევიზიო დებიუტი 2011 წელს შედგა, როდესაც დერინ სულარის როლი შეასრულა.

2013 წელს ის თამაშობდა სერიალში Karagül, რომელიც საქართველოში „შავი ვარდის“ სახელით არის ცნობილი. ქართველმა მაყურებელმა ჰილალი სწორედ ამ სერიალიდან გაიცნო.

მიიჩნევენ, რომ ჰილალი ძალიან ჰგავს ანჯელინა ჯოლის და მას თურქ ანჯელინასაც უწოდებენ

Karagül ჰილალის კარიერისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ის შეამჩნიეს ცნობილმა რეჟისორებმა და არაერთი მიწვევა მიიღო. 2016 წელს ითამაშა სერიალში Hayatımın Aşkı, ხოლო 2018 წლიდან სერიალ Bir Zamanlar Çukurova-ს მთავარ გმირს, ზულეიჰას თამაშობს. სერიალის გადაღებები კვლავ მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ეკრანზეა, მაყურებელს არ ჰბეზრდება და თურქულ სერიალებს შორის ლიდერ პოზიციაზეა.

ჰილალ ალთინბილექის სამსახიობო მოღვაწეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სერიალებით. ის გადაიღეს ფილმში სახელად Çocuklar Sana Emanet-ს, სადაც პარტნიორობა გაუწია თანამედროვე თურქული კინოინდუსტრიის მთავარ ვარსკვლავს, ენგინ აქიურექს.

ჰილალის პირადი ცხოვრების შესახებ თურქულ მედიაში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მართალია, მსახიობი ცდილობს თავისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მედიისთვის გარკვეული დეტალები ხდება ხოლმე ცნობილი.

თურქულ მედიაში წერდნენ ჰილალისა და მსახიობ მერთ იაზიჩიოლუს სასიყვარულო ურთიერთობაზე, ასევე მსახიობ ქუბილაი აქასთან სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუმცა ჰილალმა ინფორმაციები უარყო და თქვა, რომ მათთან მხოლოდ კოლეგიალური ურთიერთობა ჰქონდა.

ჰილალი და თურქული სერიალების კიდევ ერთი ვარსკვლავი, მერთ იაზიჩიოლუს

ამჟამად კი თურქული მედიის ცნობით, ჰილალს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალ „ერთხელ ჩუქუროვაში“ -ს ერთ-ერთ მსახიობთან, 58 წლის ქერემ ალიშიქთან.

მართალია, ისინი უარყოფენ გავრცელებულ ცნობებს, თუმცა მედიაში წერენ, რომ წყვილი სასიყვარულო კავშირს უბრალოდ ასაიდუმლოებს და რეალურად ერთად არიან. უფრო მეტიც, თურქი ჟურნალისტების ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში ქერემ ალიშიქმა სახლი იქირავა, სადაც ჰილალთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები თავად ცდილობენ ურთერთობის დამალვას, მედიაში დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ წყვილი აგვისტოს შემდეგ ერთად ცხოვრობს.