ავტორი:

რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - პანდემიის ფონზე, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი, მოსახლეობა ახალგორს ტოვებს

რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - პანდემიის ფონზე, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი, მოსახლეობა ახალგორს ტოვებს

ახალგორს ადგილობრი მოსახლეობა "წითელი ჯვრის" დახმარებით ტოვებს. ახალგორელების თქმით, რაიონში ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ "წითელი ჯვრის" საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადამსვლელთა რიგები დგას. სპეციალურ სიაში მოხვედრილი ადამიანები ხელს აწერენ დოკუმენტს, უკან არ დაბრუნების შესახებ და ახალგორს ძალიან მცირე ბარგით ტოვებენ, ვინაიდან მძიმე ტვირთის წაღების უფლება არ აქვთ.

"ცხინვალის ხელმძღვანელობამ მიაღწია იმას, რაც სურდა, - ეს ნიშნავს, რომ უკან არავინ დაბრუნდება, რადგან ბიბილოვის მოთხოვნაა, რომ ერთხელ თუ წახვალ, უკან ვერ დაბრუნდები. წლებია ამ გაუსაძლის პირობებს ვითმენთ, მაგრამ გაუსაძლის ცხოვრებას უსასრულოდ ვერავინ გაუძლებს. ის პრობლემები, რაც ადრე მძიმე გვეგონა, ახლა სასაცილოდ გვეჩვენება. ყველა გაქცევაზეა. ახალგორი იცლება", - ამბობს ერთ-ერთ ადგილობრივი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის თქმით, "წითელ ჯვარში" 50-მდე ადამიანის განცხადება დევს, წასვლის 20-მდე მსურველის საქმე განხილვაშია, ასევე, უკან არდაბრუნების ხელწერილით.

"ბოლო დროს, 2008 წლის შემდეგ პირველად, გარდაცვლილების გადასვენებაც დაიწყო. ასეთი რამ ადრე არ მახსენდება... რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? რაიონულ საავადმყოფოში მხოლოდ 8 ექიმი დარჩა, მათგან 3 სტომალოგია და არც ერთი თერაპევტი. დარჩენილებს იმდენად მძიმე მდგომარეობში გვიწევს ცხოვრება, რომ ყველა წინადადების წინ SOS-ს უნდა ვწერდე", - ამბობს ის.

ახალგორელების თქმით, რაიონის საავადმყოფოს ქირურგის, 68 წლის ონისე გათენაშვილის სიკვდილის შემდეგ, რომელიც კოვიდ-19-მა იმსხვერპლა, რაიონში მიგრაცია დაიწყო, რადგან ქართველი მოსახლეობისთვის, ფაქტობრივად, ერთადერთი იმედი იყო. ინფიცირებული ექიმი, ოჯახის თხოვნის მიუხედავად, თბილისის ნაცვლად, ოსურმა მხარემ ცხინვალში გადაიყვანა, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა. მალევე პაციენტის ჯანმრთელობის მგომარეობა უმართავი გახდა და ცხინვალელმა ექიმებმა ის თბილისში გადაამისამართეს. ონისე გათენაშვილი ცხინვალი-თბილისის გზაზე გარდაიცვალა.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ჰყვება, რომ ადგილობრივებს ექიმის სასიცოცხლო საჭიროების გამო, ცხინვალამდე 62 კმ-ის გავლა უწევთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სათანადოდ ვერც ცხინვალში ეხმარებიან და ისევ თბილისში უშვებენ. ამასობაში კი, დრო გადის და ადამიანის გადარჩენის შანსი მცირდება.

"გრძელ მანძილთან ერთად, ოთხი საშინლად ხვეული მთა უნდა გადავიაროთ, ცხინვალში ჩასასვლელად, იქ ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დავარწმუნოთ, რომ არ ვსიმულიანტობთ, არ ვიგონებთ ინსულტს ან რაიმე სხვა დაადავდებას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მკურნალობას, თანაც იმ შესაძლებობის ფარგლებში, რაც გააჩნიათ. წლებია, არაფერი იცვლება. გარდაცვლილთა რიცხვმა ორ ათეულს გადააჭარბა და იმედსაც ვეღარ ვხედავ, რასაც აქ დარჩენილები უნდა მოვეჭიდოთ. ამიტომ მიდის ხალხი.

მე ვიცი ერთი ოჯახი, რომელიც ორად იყო გაყოფილი - ცოლი, ორი შვილით აქეთ იყო, ქმარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც ჩავიკეტეთ, მარტო დარჩენილი კაცი ეხვეწებოდა ცოლს, - შვილები აქაურ სკოლაში შევიყვანოთ, მეც პატრონი მჭირდებაო. ის კი აქაურობას ვერ ელეოდა, ბოლოს კაცმა უთხრა - თუ არ მოდიხარ, მითხარი და სხვა ცოლს მოვიყვანო", - ამბობს მეარაყიშვილი.

მისივე თქმით, წლებია, ადგილობრივ მოზარდებს, ახალგაზრდებს არც ერთ სფეროში წარმატება არ ჰქონიათ. ისინი არავის ახსოვს. ზოგადად, რაიონში დაბალი კვალიფიკაციის კადრები დარჩნენ, ეს ეხება, სკოლასაც და სამედიცინო სფეროსაც.

"ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, აქ დასაქმებულთა ლიმიტი შეივსოს, მაგრამ ავიწყდება, რომ უდიპლომო ექიმი და მასწავლებელი არც აქაურებს გვჭირდება. ამ და სხვა მიზეზების გამო გარბიან. შორიდან კიდევ არ ჩანს ნათლად ჩვენი უმძიმესი რეალობა. გადარჩენისთვის ვიბრძვით. ერთ დილას 60 წლამდე ქალი ნახეს ლოგინში გარდაცვლილი, სავარაუდოდ, გულით... დიდი ალბათობით, უექიმობითა და უწამლობით მოკვდა ის ქალიც. მეზობლებს თვალში დააკლდათ და მოიკითხეს, უპატრონოდ დარჩენილი საქონლის ბღავილიც მოხვდათ ყურში, მიაკითხეს და ლოგინში გარდაცვლილი ნახეს. უფრო ადრეც უნახავთ მარტოობაში გარდაცვლილი.

ასეთი რამეების შემდეგ, ვის გინდა უთხრა, რომ არ წავიდეს, სახლის კარი არ დაკეტოს და საფლავები არ დატოვოს. ნუ გაკიცხავთ იმ ადამიანებს, ვინც "წითელ ჯვარს" სთხოვს, წამსვლელთა სიაში ჩაწერონ. აქ მარტოობაში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, შვილები და შვილიშვილებიც ნანობენ, რომ მოხუცი მარტო დატოვეს, არ აიძულეს, რომ მათთან ყოფილიყო. თავს უფლებას არ ვაძლევ, გავჩუმდე. ისე გავქრებით, ვერავინ შეამჩნევს. ვითარება დიდი ხანია მიშვებულია. კოვიდ-19-ის პანდემია მძვინვარებს და 800-კაციან ქორწილებს იხდიდნენ - კორონა არ არსებობსო. აღარც მილიცია მოუწოდებს ვინმეს სიფრთხილისკენ. რაც უფრო აცივდება, მეტი ადამიანი დატოვებს აქაურობას, მოხუცებს შეშის მომზადებისა და სურსათის მომარაგების თავი არ აქვთ, მით უფრო, რომ უმეტესობას ყოველდღიურად სჭირდება მედიკამენტები", - ამბობს მეარაყიშვილი AMBEBI.GE-სთან საუბრისას.

ახალგორელი აქტივისტის ცნობით, რაიონში სურსათის დეფიციტი არ არის, თუმცა, დანარჩენ საქართველოსთან შედარებით, ყველაფერი 4-ჯერ ძვირია. გარდა ამისა, მოსახლეობა ვერ შოულობს სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებს. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტისა და პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტები აუცილელებლი პრეპარატების გარეშე არიან დარჩენილნი.

"ზამთარშიც ახალგორის ზოგიერთ სოფელში თოვლი, ყინვა და ძლიერი სიცივე იცის. ტრანსპორტიც ხან არის, ხან არა, ისევე, როგორც ექიმი და წამალი, თუმცა ექიმამდე რომ მივიდეთ, ავტომანქანა ხომ გვინდა? ამას დაემატა კოვიდ-19-იც. ამიტომაც რაიონი იცლება", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

"საქართველოს ირაკლი ბებუასთვის უნდა დაექირავებინა ძლიერი ადვოკატი, 9 წელი ძალიან ბევრია - მესიჯია, რომ "არავის უმუშავია ამაზე და თქვენ, თქვენი პატიმარი მიაგდეთ"

"ბებუას დასჯის მთავარი მიზეზი მისი ეროვნებაა"  - რას ამბობენ ირაკლი ბებუასთვის გამოტანილ 9-წლიან სასჯელზე აფხაზები და რას - მისი ბიძაშვილი?

ოკუპირებულ აფხაზეთში, აფხაზური დროშის დაწვისთვის, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა