ავტორი:

"გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სავარაუდოდ, პარლამენტში შევა" - როგორ აფასებენ პოლიტოლოგები "გირჩში" განვითარებულ მოვლენებს

"გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სავარაუდოდ, პარლამენტში შევა" - როგორ აფასებენ პოლიტოლოგები "გირჩში" განვითარებულ მოვლენებს

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პარტია "გირჩში“ განვითარებული მოვლენები საინტერესო პროცესია, მაგრამ არა ტრაგიკული.

როგორც საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი ვარაუდით, "გირჩიდან“ გარიყული სამი წევრი სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია პარლამენტში შევა.

"თავისთავად საინტერესო პროცესია, მაგრამ არა ტრაგიკული, რადგან პარტიები ცოცხალი ორგანიზმები არიან და სწორედ სიცოცხლის ნიშანია, როცა განსხვავებული აზრი ჩნდება. თუ ეს განსხვავებული აზრი პარლამენტში შესვლას ეხება, მით უფრო მისასალმებელია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ნაწილი, რომელიც პარლამენტში შევა, არ არის დაშტამპული თავისი პოლიტიკური გუნდის და ოპოზიციური გუნდის მიერ და დამოუკიდებლად აზროვნებს. ვფიქრობ, დამოუკიდებლად აზროვნების ნიშნით სანდრო რაქვიაშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი და იაგო ხვიჩია აღმოჩნდებიან პარლამენტში. ყოველი შემთხვევისთვის მთლიანი ოპოზიციის მიმართ მათ ის ვალდებულებები არ აქვთ, რაც ზურაბ ჯაფარიძეს.

სხვა პარტიებში ამის ნიშნებს ვერ ვხედავ, რადგან არ ვარ ჩაფლული პარტიების ცხოვრებაში, მაგრამ ვხედავ ლოგიკას. ძალიან არალოგიკურია ეს ბოიკოტი, რაც მთლიან ოპოზიციას აქვს აღებული კურსად. ამ დროს არიან ახალგაზრდები ყველა პარტიაში, რომელთაც როგორც იტყვიან, სისხლი უდუღთ და უნდათ პოლიტიკური ასპარეზი. ასეთი ასპარეზი კი პარლამენტია. ქუჩა ასპარეზი ნამდვილად არ არის. თუკი ეს ახალგზარდები აირჩევენ პარლამენტში შესვლის გზას, ცხოვრება დაიწყება და ქართულ პოლიტიკას ექნება განახლების რესურსი, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული პოლიტიკა დარჩება ისეთი, როგორიც არის“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

როგორც საყვარელიძე ამბობს, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე განცხადებები წარსულშიც გააკეთეს, თუმცა, ახლა მათი პოზიცია ასეთივე მყარი აღარ არის, მიხეილ სააკაშვილის გავლენების ქვეშ მოექცნენ.

"მოვლენები გვიჩვენებს, რომ ეს ასეა. ოპოზიციის მთლიანობას აღებული აქვს კურსი იმისკენ, რომ შერისხონ ყველა, ვინც მათ მიერ არჩეულ გზას გადაუხვევს. ეს გზა შეიძლება უფსკრული იყოს, ოღონდ მთავარია ერთად გადავარდნენ ამ უფსკრულში. მთელი უბედურება ისაა, რომ ქართული პოლიტიკის სათავეში მოიწევენ საკმაოდ სუსტი პიროვნებები, მათ შორის პარტიების ლიდერები. სისუსტეა, როდესაც სხვების შეძახილით მოქმედებ, როდესაც საკუთარი ინტერესით არ მოქმედებ. ამას კომფორმიზმი ჰქვია ფსიქოლოგების ენაზე და არ არის პოლიტიკოსისთვის საუკეთესო თვისება. კომფორმიზმი ყველაზე ნაკლებად ესადაგება პოლიტიკოსის როლს და ფუნქციებს, თუ ამ ადამიანებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება ახლა, მერე მოახერხებენ? - რა თქმა უნდა, ვერა. არადა, პარლამენტში პოლიტიკოსი რჩება იმიტომ, რომ მას აქვს გადაწყვეტილების უნარი.

სავარაუდოა, რომ ოპოზიცია ისევ და ისევ კიევის და მიხეილ სააკაშვილის შეძახილით მოქმედებს, მისი დაქადნებით, რომ ვინც ამ გზას არ დაადგება, ის მოღალატედ, ივანიშვილის ჯიბის ბიჭად გამოცხადდება. თავისთავად რას ნიშნავს, რომ არ „გაუპრავებენ“ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებს? - მთელმა მსოფლიომ მიიღო ეს არჩევნები. ვის „უპრავებენ? -დასავლეთის წინაშე ამათ ნაბიჯებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საკუთარ მოსახლეობაში პროცენტების მიმართება მაინც ისეთი იქნება, რაც იყო. ვისთვის აკეთებენ ამ სპექტაკლს? ვინ არის მისი მაყურებელი და დამფასებელი? დასავლეთისგან რომ გამომჟღავნებულიყო სადმე მაინც ასეთი პოზიცია, რომ თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, მაშინ ჩვენც ეჭვს შევიტანთ არჩევნების შედეგებშიო, მაშინ იქნებოდა რაღაც ლოგიკა მათ საქციელში, მაგრამ დასავლეთი არ აპირებს ამათი პროტესტის საფუძველზე ეჭვის შეტენას, რადგან ოპოზიცია თავიანთ პროტესტს სასამართლო დადგენილებით ვერ უზრუნველყოფს. გამოდის, რომ ახლა თავისთვის მავნებლად ჭირვეული ბავშვივით იქცევა ოპოზიცია. გახარიამ ხომ თქვა „გაგაქრობთო“ და ესენიც ქრებიან. უკეთეს შესრულებას გახარიას ნათქვამისას ესენი ვერ მოახერხებდნენ. ვის წისქვილზე ასხამენ წყალს, უკვე თვითონაც ვერ გაუგიათ, მთავარია, წყალი დაასხან, სად დაესხმება ეს წყალი, მაგის არც აზრზე არიან და არც აინტერესებთ“, - განაცხადა საყვარელიძემ.

"გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შესვლას აპირებენ.

"გირჩში“ განხეთქილების მიზეზი პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი იქნებოდა. პარტიიდან გარიცხავენ ვინმეს თუ დატოვებენ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას აქვს მნიშვნელობა, სიის ჩახსნას აპირებენ თუ არა, ადამიანები, რომლებმაც მიიღეს მანდატი, სიიდანაც რომ ჩახსნან, მაინც დეპუტატები იქნებიან და მათ ყველამ ინდივიდუალურად უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტში არშესვლის და უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე. როგორც ჩანს, პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ უფლებამოსილების მოხსნას და აპირებენ პარლამენტში შესვლას“ , - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და ამით “ქართული ოცნება” შეეცდება პარლამენტი მრავალპარტიულად ჩათვალოს.

"მე არ მგონია, რომ მათმა შესვლამ პარლამენტში საერთო სურათი შეცვალოს... არ გამოვრიცხავ, რომ სხვა პარტიებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და თუ ასეთი 7 კაცი მაინც იქნება, ალბათ, რაღაც გაერთიანებას გააკეთებენ და “ქართული ოცნება” შეეცდება, რომ ჩათვალოს პარლამენტი მრავალპარტიულად... სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური სპექტრი დიდი პრინციპულობით არ გამოირჩევა და ყველა დგამს იმ ნაბიჯს, რომელიც მისთვის მისაღებია”, - განაცხადა ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე კი მიიჩნევს, რომ „გირჩში“ მიმდინარე მოვლენები დაკავშირებულია გავრცელებულ ინფორმაციასთან, რომ ოპოზიცია შესაძლოა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თაობაზე პლებისციტის ჩატარებას დასთანხმდეს.

როგორც ლაგაზიძე ამბობს, პლებისციტის საკითხით ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც პარლამენტში შესვლა სურს, იქ მოსახვედრად შემოვლით გზებს ეძებს. ამასთან, პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ „გირჩში“ მიმდინარე პროცესების მსგავსი სხვა პარტიებშიც ვიხილოთ.

„გავრცელებული იფნორმაცია, რომ ახლა განსახილველი თემა პლებისციტის საკითხია, ძალიან მტკივნეულია. საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია დასთანხდეს პლებისციტის ჩატარებას იმის თაობაზე, შედგეს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. ეს პირდაპირ ვიტყვი, რომ სრულიად რეალური ინფორმაციაა და ბევრი სხვადასხვა წყარო ადასტურებს და ვინც არ უნდა იყოს გამხმოვანებელი, ეს არის პირდაპირ ხელისუფლების მიერ შეგდებული თემა. „გირჩში“ მიმდინარე განხეთქილებაც დიდი ალბათობით ამას უკავშირდება, რომ ნაწილს უნდა პარლამენტში შესვლა და ისინი ამას არც მალავდნენ, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მიზეზი და იგივე პროცესები შეიძლება ვიხილოთ სხვა პარტიებშიც, რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია. გამიჭირდება თქმა რას იზამს პარტიების ის ნაწილი, რომელსაც პარლამენტში შესვლა არ უნდა, ხომ არ იმოქმედებენ პრინციპით - ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, რადგან პარტიების გახლეჩვის საშიშროება დაუდგება ყველას, რადგან ყველგან არა, მაგრამ სხვა პარტიებშიც არის ასეთი შიდა ბრძლები - ნაწილს უნდა შესვლა, ნაწილს არ უნდა. მაგრამ ამ შემთხვევაში სჯობს ის დაჭიანებული კბილი მოიშოროს პარტიამ, ვიდრე მთლიანად დაავადდეს. ასევე, ძალიან საინტერესოა, საიდან აქვს ოპოზიციას ფული თუ ხელისუფლებაზე მიყიდულები არ არიან პლებისტიცისთვის საჭირო კამპანიის ჩასატარებლად, რომ ტელევიზიით რეკლამა გაუშვან? ყველამ ვიცით, ვინ ზის ხელისუფლების კმაყოფაზე, რომელი პარტიები შეიქმნა ხლეისუფლების დაფინანსებით და ისინი ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან, აღარ იციან საით წავიდნენ,“- აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია პლებისციტის ჩატარებას დასთანხმდება, მას წააგებს, რადგან პანდემიის ფონზე იმედგაცრუებული ამომრჩევლის მიყვანა საარჩევნო უბნებთან გაუჭირდება. ამასთან, რთული იქნება მოკლე ვადაში ხალხის ინფორმირება, თუ რა არის პლებისციტი. ამიტომ როგორც ლაგაზიძე ამბობს, პლებისციტის შედეგი ხელისუფლების სასარგებლო იქნება, რომელიც საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს მაქსიმალურად დააორგანიზებს და საარჩევნო უბნებთან მიიყვანს. ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ პლებისციტის ჩატარების შემთხვევაში ხელისუფლება ორმაგ ლეგიტიმაციას მოიპოვებს.

„ოცნების“ ამოცანაა დღეს, რომ სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია საქმიანობას შეუდგება მანამდე შეცვალოს თავის სასარგებლოდ საპარლამენტო სტატუს-კვო და დაახვედროს 9 პარტიით პარლამენტი, რათა დაუწყოს მას ამ პოზიციიდან ლაპარაკი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტის მქონე ხელისუფლებამ. ამის შემდეგ ყველანაირი საუბრები არჩევნების გაყალბებაზე, არადემოკრატიულად ჩატარებაზე იქნება აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. ბოლო ლურსმანი ოპოზიციის კუბოზე იქნება პლებისციტში მათი დამარცხება, რაც არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ორმაგი ლიგიტიმაცია შეიძინა, არამედ რეალურად ოპოზიციის დასამარებას ნიშნავს - თუ ისინი პლებისციტს აგებენ, ეს ნიშნავს, რომ სულ ტყუილად აპროტესტებდნენ არჩევნების შედეგებს,“- განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში ერთადერთი ბერკეტი ოპოზიციის ხელში ის, არის რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიული პარლამენტით დატოვონ. რამდენად მომგებიანი იქნება ბრძოლა ბოიკოიტის რეჟიმზე, როგორც ლაგაზიძე ამბობს, ეს კითხვა თავის დროზე უნდა დაესვათ საკუთარი თავისთვის. „მათ შესვლას ექნება გამართლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შედგება მოლაპარაკება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე და ეს წერილობით გაფორმდება დიპლომატების თანდასწრებით. აქაც არის რისკი - ვერანაირი ხელშეკრულება კონსტიტუციაზე მაღლა ვერ დადგება, ეს ძალიან რთულია, ფაქტობრივად ხელოვნური კრიზისი უნდა შეიქმნას, რომ პარლამენტი და უკვე არჩეული მთავრობა დაითხოვონ, მაგრამ ეს მოგვარებადია, მხოლოდ საქართველოში არ ხდება მსგავსი რამ, როცა ხვდებიან რომ მმართველმა პარტიამ რესურსი ამოწურა ხელოვნურ კრიზისებს ევროპული ქვეყნებიც მიმართავენ ხოლმე,“- განაცხადა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სამ თანაპარტიელს ემიჯნება. როგორც ის აცხადებს, პარტიულ საქმიანობას სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან აღარ გააგრძელებს და ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"