ავტორი:

"გუშინ 17 000 PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი" - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით

"გუშინ 17 000 PCR და სწრაფი ტესტი ჩატარდა, ესაა რეკორდული მაჩვენებელი" - როგორია ქვეყანაში ტესტების მარაგი და რა ცვლილებები იგეგმება ამ მიმართულებით

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 17 ათასამდე „პი სი არ“ და სწრაფი ტესტი ჩატარდა. ამის შესახებ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

„17 ათასამდე ავიდა ტესტების რაოდენობა გუშინ. ესაა რეკორდული მაჩვენებელი“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, გაფართოებული ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ანტიგენის ტესტებით ბოლო 24 საათში კორონავირუსი 1400 პაციენტს დაუდასტურდა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პირს ანტიგენის ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდება, ოჯახის ექიმთან უნდა დარეკოს. 112-ს კი მაშინ უნდა მიმართოს, როდესაც მდგომარეობა მძიმეა და თვლის, რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ჩართვაა საჭირო.

„გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც გაფართოებული ინტენსიური ტესტირება დავიწყეთ ანტიგენ ტესტებით. ანტიგენით ტესტირებულთა შორის დადასტურდა 1400 შემთხვევა. ანტიგენით ტესტირებას ექვემდებარებიან ის პირები, ვისაც სიმპტომები აქვთ, ტესტი არის საკმაოდ მაღალი ხარისხის. ამ შემთხვევაში პირველი კონტაქტი არის ოჯახის ექიმი, მისი რჩევით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. მნიშვნელოვანია სწრაფი დიაგნოსტიკა, რომ პაციენტმა თვითიზოლაცია უზრუნველყოს. დადასტურებული პირები ბინაზე უნდა დარჩნენ, დაუკავშირდებათ ოჯახის ექიმი. პაციენტი სწრაფად იგებს პასუხს“, - აცხადებს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით „პი სი არ“ ტესტების მარაგი 400 ათასს შეადგენს, ხოლო 2 კვირაში ტესტების რაოდენობა კიდევ ნახევარი მილიონით შეივსება.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში ტესტების დეფიციტი არ იქნება.

“ამ მომენტისთვის, ქვეყანაში, როგორც ჩვენს მარაგში, ისე ქსელში არის დაახლოებით 350-370 ათასადმე “პი სი არ“ ტესტი. დაკვეთილია ნახევარი მილიონი კიდევ, რომელიც, ალბათ, მომავალ 2 კვირაში შემოვა. გვაქვს დაახლოებით 400 ათასამდე “პი სი არ” ტესტი მარაგში, ვფიქრობთ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლია დღიურად ავიდეთ 20 ათას ტესტზე, საიდანაც „პი სი არი“ იქნება ნახევარი, ნახევარი კი ანტიგენის ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძის განცხადებით, პუნქტების რაოდენობა, სადაც თბილისში კორონავირუსზე ტესტის ჩატარება იქნება შესაძლებელი, გაიზრდება.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე, იმ 40 დაწესებულებას, რომელიც ტესტებს ახლა ატარებს, პოლიკლინიკები და ამბულატორიები დაემატება, შემდეგ ეტაპზე კი, აფთიაქების და სტომატოლოგიური კლინიკების ნაწილიც.

„აფთიაქების დამატება არ არის გამორიცხული, მაგრამ ტესტირების აღებისთვის საჭიროა შესაბამისი სივრცე. თუ ვნახავთ, რომ 40 დაწესებულება, რომელიც გაშლილია მთელი თბილისის მასშტაბით, არ ყოფნის, რიგებია და ტესტის გაკეთების მოთხოვნილება დიდია, შესაძლებელია ეს ვარიანტიც იყოს განხილული, მაგრამ არა, რა თქმა უნდა, ყველა აფთიაქში. მხოლოდ იქ, სადაც შესაძლებელი იქნება სივრცის გამოყოფა. იქ უნდა იყოს ბიოუსაფრთხოების შესაბამისი პირობები, რომ ტესტი ჩაატარო. ამიტომ შესაძლებელია ეს განხილული იყოს, თუ ამ 40-მა დაწესებულებამ გაზრდილი მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. ჩვენ კიდევ ვზრდით ამ რიცხვს. თბილისში არის დაახლოებით, 120-მდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება, ამიტომ ჯერჯერობით, ამბულატორიული დაწესებულებების ქსელი თბილისში სამაოდ დიდია. ახლა, ამ ეტაპზე ჩართულია 40, ვისაც ხელშეკრულება აქვს გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრთან და ვინც აძლევს მათ ტესტებს და შემდგომ უხდის ფულს თითოეული ტესტის ჩატარებაში. შესაბამისად, გამრავლდება ამბულატორიების რიცხვი, ვინც კონტრაქტს გააფორმებს. თუ ეს არ ეყო, მაშინ აფთიაქებზეც და სტომატოლოგიურ დაწესებულებებზეც ვიფიქროთ, როცა ეს ძალიან დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს.

"ამ ეტაპზე ღვთისმსახურების წესში ცვლილებების შეტანა არ იგეგმება - ადამიანს შეიძლება ყველაფერი აუკრძალო, მაგრამ ლოცვას ვერავის აუკრძალავ" - მეუფე გრიგოლი

კორონავირუსით ინფიცირებული 1066 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 420 ხელოვნურ სუნთქვაზეა

"თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ" - ლალი ტურძელაძე კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე