ავტორი:

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

"ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია... პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და ოჯახის ექიმმა დღეების მანძილზე არ დარეკა პაციენტთან"

მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ჟურნალისტებს, მისთვის მსგავსი კონკრეტული შემთხვევების მიწოდება სთხოვა და ამასთანავე განმარტა, თუ როგორ მუშაობს სისტემა, იმისთვის, რომ არცერთი პაციენტის ზარი უყურადღებოდ არ დარჩეს.

თამარ გაბუნიას განმარტებით, შემთხვევების რადიკალურად მატების პირველი ეტაპისგან განსხვავებით, სისტემა ახლა ბევრად მოწესრიგებულია.

„მე ვფიქრობ, ჩვენ ყველამ უფრო მეტი დეტალი უნდა ვიცოდეთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს სისტემა და რამდენი გადაზღვევის მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ დაგვიანებული პასუხები ზარებზე არ იყოს. მე პირადად გავეცნობი ყველა იმ შემთხვევას, რომელიც დაგვიანებულია და დღეები ოჯახის ექიმმა არ დარეკა პაციენტთან, ასეთი შემთხვევები თუ თქვენს ხელში მოხვდა, ძალიან გთხოვთ, გამიზიარეთ, გავეცნობი პირადად. ამას ვაკეთებ პირველი დღიდან, რაც ჩვენ ეს სისტემა გავუშვით და არა მხოლოდ მე. როდესაც თავიდან დაიწყო დიდი ნაკადი პაციენტების, რა თქმა უნდა, ამან, გარკვეულწილად, გადატვირთა 112-ის ხაზიც, ოჯახის ექიმების ხაზიც, მაგრამ დღეს ეს არის მოწესრიგებული როგორც ოჯახის ექიმების დონეზე, ასევე სამინისტროში არის ცენტრალური ონლაინ კლინიკა, რომლის მთავარი ფუნქცია არის, რომ აკონტროლოს დაგვიანებული ზარები. ანუ ერთი საათის შემდეგ თუ რომელიმე ზარი რჩება უპასუხოდ, ამ შემთხვევაში ცენტრალური ონლაინ კლინიკის ფუნქციაა ის, რომ აიღოს ეს ზარი, დაურეკოს, დაელაპარაკოს და დააბრუნოს შემდეგ ისევ ოჯახის ექიმთან. არის კიდევ ერთეული შემთხვევები, რომლებიც ცხელ ხაზზე ხვდება, ეს მექანიზმები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და თუ მაინც დარჩა უპასუხო ზარი და ვიღაც მიიჩნევს, რომ უყურადღებოდაა, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა არის ყოველთვის მზად, რომ ასეთი ზარები პირადად გაიაროს და ასეთ პაციენტებს გაეწიოს შესაფერისი მომსახურება, ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სისტემის გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს და შეუძლებელია ყველაფრის 100%-იანი სიზუსტით წინასწარ დაგეგმვა.

„რაც შეეხება დამატებითი გაძლიერების პროცესს, ეს პროცესი არის მიმდინარე და როგორც იქნება ამის საჭიროება, სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომ მიმდინარე საჭიროებიდან გამომდინარე, მოხდეს შესაბამისად აღჭურვა და გაძლიერება იმ სამსახურის, რაც პანდემიის პირობებში სხვადასხვა ეტაპზე გახდება საჭირო. ამდენად, 100%-იანი სიზუსტით ყველაფრის დაგეგმვა ვერასდროს ვერ ხდება, არის გარკვეული სივრცე, სადაც მიმდინარე პროცესში ხდება დამატებითი საჭიროებების გათვალისწინება და გადაგეგმვა შესაბამისად,“- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადაყვანა ნაცნობობით ხდება. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა.

„მართალი გითხრათ, ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია. 112 ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველამ ერთიან სურათში ვიმოძრავოთ და ერთი ხაზი დავინახოთ. 112 -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მასვე შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობა არის განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში. ეს არაფრით არ უკავშირდება რაღაც ტიპის ზეგავლენას ვიღაცის მხრიდან. ამ შემთხვევაში ნაცნობობას ვგულიხმობ. ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როდესაც პაციენტი მოდის და მიაჩნია, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავს. აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ არის დამძიმებული და ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. ხშირად ხდება ისე, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ამდენად, ყველასთან გვაქვს თხოვნა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა. ამიტომ, ამ ნაკადის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე ხანში მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვუშაობთ, თუმცა აქაც 100%-იანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს კლინიკას მიმართოს. მას უფლება არ აქვს, რომ სერვისზე უარი უთხრას. ამ შემთხვევაში ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს