ავტორი:

რომელი დაავადებების ნიშანია ცხვირიდან სისხლდენა და შესაძლოა თუ არა ის ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გახდეს - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

რომელი დაავადებების ნიშანია ცხვირიდან სისხლდენა და შესაძლოა თუ არა ის ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი გახდეს - ინტერვიუ ოტორინოლარინგოლოგთან

ცხვირიდან სისხლდენა არც ისე იშვიათი შემთხვევაა, რასაც სხვადასხვა მიზეზი აქვს... რა იწვევს კონკრეტულად მას, როდის ეწყება ადამიანს ცხვირიდან სისხლდენა, შესაძლებელია, თუ არა, ის უეცარი გადაცვალების მიზეზი გახდეს და რა სარეკომენდაციო ღონისძიებებია საჭირო, რომ ადამიანი ამ უსიამოვნო შემთხვევას აცდეს, ამაზე სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ხათუნა ჩიტაძე გვესაუბრება:

"ცხვირიდან სისხლდენა სამედიცინო პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის საფუძველზე აღნიშნული ნოზოლოგია სხვადასხვა სისხლდენებს შორის მეორე ადგილზეა და დროულ, კომპეტენტურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს," - აღნიშნავს ექიმი და განმარტავს კონკრეტულად, თუ რა იწვევს მას:

"ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი პირობითად შეიძლება 2 ჯგუფად დაიყოს: ა) ადგილობრივი და ბ) სისტემური პათოლოგიები, რომელთაც თან ახლავს მეორადად განვითარებული სისხლდენა ცხვირიდან"

- ადგილობრივი ფაქტორები შეიძლება იყოს - ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, სიმშრალე და გათხელება, რაც ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების შედეგია (ცხვირის ძგიდის გამრუდება, ჰიპერტროფიული რინიტი, ადენოიდები, პოლიპი და ა.შ.), ტრავმა, უცხო სხეული, ქირურგიული ჩარევა ცხვირსა და ცხვირის დანამატ წიაღებზე, ალერგია.

სისტემური პათოლოგიები, როდესაც ცხვირიდან სისხლდენა მეორადად ვითარდება შეიძლება იყოს: გულ-სისძარღვთა სისტემის პათოლოგიები, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი არტერიული წნევით და თრომბოზებით, სისხლის დაავადებები, რომლებიც თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების ნაკლებობით) მიმდინარეობს, გენეტიკური დაავადებები, როგორიცაა ჰემოფილია და ვილებრანდის დაავადება, ლეიკემია, თირკმლის და ღვიძლის პათოლოგიები.

ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს სხვადახვა მედიკამენტის რეგულარული მიღება (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიკუაგულანტები, ანტიაგრეგანტები, ნაზალური სტეროიდები)".

- ე.ი. სისხლდენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს...

- დიახ, სისხლდენის მიზეზი, როგორც აღვნიშნე, მრავალგვარია, თუმცა სისხლდენის დროს პაციენტმა თვითმკურნალობას არ უნდა მიმართოს, ის დროულ და კომპეტენტურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს, ვინაიდან უხვი სისხლის დანაკარგი საფრთხის ქვეშ აყენებს პაციენტის სიცოცხლეს.

- როგორ უნდა მოხდეს მისი შეჩერება, რა მანიპულაციები ტარდება ამისთვის სტაციონარში და სახლში მყოფმა ადამიანმა პირველადი დახმარების სახით რა უნდა მოიმოქმედოს?

- სისხლდენის შემთხვევაში, პირველ რიგში უნდა მოხდეს სისხლდენის შეჩერება და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება კვლევა სისხლდენის მიზეზის დასადგენად. ამასთან, მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია სისხლდენის ლოკალიზაციასა და ინტენსივობაზე. მცირე ინტენსივობის დროს საკმარისია ცხვირზე მექანიკური ზეწოლა გარედან, რითაც შეუძლია ისარგებლოს პაციენტმა სახლში ყოფნის დროს. შემდეგ კი ადგილობრივად ინიშნება მედიკამენტოზური მკურნალობა. სტაციონარის პირობებში თუ გამოიკვეთება სისხლდენის ერთი კონკრეტული უბანი და ის არის მცირე ზომის, ცხვირიდან სისხლდენის მკურნალობა შესაძლებელია ელექტროკუაგულაციური მეთოდით და პარალელურად მედიკამენტოზური თერაპიით. აღნიშნული მეთოდების არაეფექტურ შემთხვევაში რეკომენდირებულია წინა ან უკანა ტამპონადა.

რთულ შემთხვევებში მივმართავთ ზედა ყბის არტერიის ანგიოგრაფიულ ემბოლიზაციას, ან დაზიანებული სისხლძარღვის ქირურგიულ ლიგირებას, რაც ცდება უკვე ოტორინოლარინგოლოგის კომპეტენციას და ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მართვაში სისხლძარღვთა ქირურგი ჩაერთოს.

- ხალხურ მეთოდებზე - თავის გადაწევა, შუბლზე ცივი დოლბანდის დადება, მარილიანი ტამპონი, თავის უკან გადაწევა - ამაზე რას იტყვით?

- როგორც გითხარით, სისხლდენის გასაჩერებლად ხელის მოჭერა ცხვირის ზედაპირზე კომპრესისთვის მიღებული მეთოდია. რაც შეეხება მარილიან ტამპონს, არ არის რეკომენდებული, პირიქით, მეტად გააშიშვლებს სისხლძარღვებს და სისხლდენა გაძლიერდება, ცივი დოლბანდის დადებით, სისხლდენა სამწუხაროდ არ ჩერდება, თავის უკან გადაწევაც არ შეიძლება, პირიქით თავის დაწევაა საჭირო, ცხვირში ჩაბერვა, სისხლის კოლტების გამოდევნის მიზნით და ამის შემდეგ მალამოიანი ბამბის ტამპონების გაკეთება ირივე ნესტოში ერთი საათით, სანამ ექიმი შეაფასებს.

- ცხვირიდან სისხლდენა შეიძლება გახდეს თუ არა ადამიანის უეცარი გარდაცვალების მიზეზი?

- თუ უხვია სისხლის დანაკარგი და ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება გახდეს ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ცხვირიდან უხვი სისხლდენა იმდენად სპეციფიურია, რომ შეუძლებელია დარჩეს პაციენტის, მისი ახლობლების და რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალის ყურადღების მიღმა.

- ერთ-ერთი ვერსიით, თითქოს მას ანევრიზმაც იწვევს. ეს შემთხვევა შეიძლება თუ არა ლეტალური შედეგით დასრულდეს?

- ანევრიზმა არტერიების დაავადებაა და თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხვირი და ცხვირის დანამატი წიაღები სისხლმომარაგებას ღებულობენ შიგნითა და გარეთა საძილე არტერიის ტოტებით (მსხვილი არტერიებია), ამიტომ, მათი ანევრიზმის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ლეტალური შედეგი. თუმცა აღსანიშნავია, რომ სტატისტიკურად ცხვირიდან სისხლდენა შიგნითა საძილე არტერიის ანევრიზმით უიშვიათესია, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია ხშირი სისხლდენების დროს. დიაგნოზის დასმა ხდება ტომოგრაფიის საფუძველზე.

- კოვიდინფიცირებულების შემთხვევაში სადმე კვლევამ ამ მიმართულებით რაიმე ხომ არ აჩვენა?

- კოვიდინფექცია ახალი ინფექციაა, თუმცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინფორმაციის და კვლევების სტატისტიკური დამუშავება ხდება და როგორც ევროპის ოტორინოლარინგოლოგთა საპატიო წევრი, მუდმივად ვერთვები ონლაინ შეხვედრებზე, სადაც ამ ეტაპისთვის ჯერ არ დაფიქსირებულა შიგნითა საძილე არტერიის ანევრიზმის საფუძველზე განვითარებული ცხვირიდან სისხლდენით ლეტალური შედეგი.

- საპრევენციო ღონისძიება რა არის, რომ არ მივიდეს ადამიანი ამ მძიმე ფაქტებამდე?

- ცხვირიდან სისხლდენის დროს დაუშვებელია თვითმკურნალობა, საჭიროა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია, სისხლდენის მიზეზის დროული დადგენა და სწორი მკურნალობა.