ავტორი:

"ვაი შენს პატრონს! თქვენს გამოვარდნებს და გამოტანტალებებს ეგ მოჰყვება ხოლმე" - კამათი ხაჩიძე-მეგრელიშვილს შორის პირდაპირ ეთერში

"ვაი შენს პატრონს! თქვენს გამოვარდნებს და გამოტანტალებებს ეგ მოჰყვება ხოლმე" - კამათი ხაჩიძე-მეგრელიშვილს შორის პირდაპირ ეთერში

"გირჩის" ერთ-ერთ დამფუძნებელს გოგა ხაჩიძესა და პარტიის წევრს ვახტანგ მეგრელიშვილს შორის პირდაპირ ეთერში კამათი მოხდა. ხაჩიძემ მწვავედ გააკრიტიკა იაგო ხვიჩიას და მეგრელიშვილის ბოლო დროინდელი განცხადებები და აღნიშნა, რომ ეს მხარდამჭერების დაქსაქსვას იწვევდა.

"ცენზურა დამიწესაო... ცენზურა კი არ დაგიწერა ჩემო ვახო, შენ ან იაგოს.... ზურა ჯაფარიძეც გამოთქვამს ხოლმე რაღაცეებზე თავის აზრს, მის გამონათქვამებს მოჰყვება ხოლმე ის, რომ ადამიანები ერთდებიან და "გირჩის" მხარდამჭერები ხდებიან.

თქვენს გამოვარდნებს და გამოტანტალებებს, ახალგაღვიძებულზე ეგ მოჰყვება ხოლმე, რომ ვიქსასქებით. ეს დღეები გამწარებული ადამიანები რეკავენ და განმარტებებს ითხოვენ. "ზუბალამად" არავის დაუნიშნია იაგო ხვიჩია, რომ გადმოდგეს და "სიმართლეები" ილაპარაკოს" - აღნიშნა "ღამის კურიერის" ეთერში ხაჩიძემ.

მეგრელიშვილმა ამ კომენტარის შემდეგ აღნიშნა, რომ მისთვის ხაჩიძის მოსაზრებები მნიშვნელოვანი არ არის, რადგან "გოგა ხაჩიძე უბრალოდ პარტიის მხარდამჭერია".

"ვაი შენს პატრონს" - უპასუხა მეგრელიშვილის განცხადებას ხაჩიძემ.

ცნობისთვის, თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა. „გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. როგორც პარტიის პრესსამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გადაწყვეტილებას "ბევრი მიზეზი ჰქონდა, მათ შორის ის, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებდნენ".