ავტორი:

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მხედველობის არეში მცურავ წერტილს ან გაელვებას ხედავთ – ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე ბადურის ჩამოცლაზე

როგორ უნდა მოიქცეთ თუ მხედველობის არეში მცურავ წერტილს ან გაელვებას ხედავთ – ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე ბადურის ჩამოცლაზე

თვალის არაერთ დაავადებას შორის ერთ–ერთი ყველაზე პრობლემური ბადურის ჩამოცლაა. ბადურის ჩამოცლა გულისხმობს მდგომარეობას, როდესაც თვალის ნეიროსენსორული ქსოვილი ანუ ბადურა აშრევდება თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან და იწვევს მხედველობის სიმახვილის მკვეთრად გაუარესებას. ბადურის ჩამოცლა ფართოდ გავრცელებული პრობლემა არაა, თუმცა საწყის ეტაპზე ის ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამიტომ დაავადების დროული დიაგნოსტიკა ვერ ხდება ხოლმე.

როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგი შოთა თადუმაძე განმარტავს, რისკ ჯგუგში შედიან ასაკოვანი ადამიანები, დიაბეტით და სხვადასხვა სისტემური დაავადებით დაავადებული პირები და ახლომხედველები. ბადურის ჩამოცლაზე უფრო დეტალურად თავად შოთა თადუმაძე გვესაუბრება.

რა იწვევს ბადურის ჩამოცლას?

არსებობს ბადურის ჩამოცლის რამოდენიმე ტიპი. ერთ შემთხვევაში ბადურის ჩამოცლის მიზეზი მისი მთლიანობის დარღვევა, ე.წ ბადურის ნახევის გაჩენა ხდება. ამ ტიპის ჩამოცლის რისკი მაღალია ასაკოვან და მაღალი ხარისხის ახლომხედველობის მქონე პირებში. ასევე ბადურის ნახევის გაჩენა შესაძლოა თვალის ტრავმამაც გამოიწვიოს.

ბადურის ჩამოცლის მეორე ტიპის დროს ბადურის აშრევების მიზეზი არა მისი მთლიანობის დარღვევა, არამედ მასზე მექანიკური ზემოქმედებაა. მარტივად რომ ვთქვათ, პათოლოგიური პროცესების შედეგად ხდება ბადურის მოქაჩვა, ე.წ ტრაქცია და მისი ჩამოცლის პროვოცირება. ჩამოცლის ეს ტიპი უფრო დამახასიათებელია სისტემური დაავადებებისთვის. ერთ-ერთი ხშირ მიზეზს კი დიაბეტის დროს გამოვლენილი თვალის დაავადება - დიაბეტური რეტინოპათია წარმოადგენს.

რა ჩივილების აღმოჩენის დროს უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სიმპტომები, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე. ხშირად ჩამოცლა უსიმპტომოდ იწყება, თუმცა პაციენტთა ნაწილი ამჩნევს ბევრ „მცურავ წერტილს“, რომელიც უეცრად ჩნდება მხედველობის ველში. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ე.წ გაელვებას და ნათებას, რომელიც უეცრად ჩნდება. ბადურის აშრევებასთან ერთად მხედველობის ველში ჩნდება მკაფიოდ გამოხატული მუქი ჩრდილი, რომელსაც ფარდის ფორმა აქვს. ეს უკვე ბადურის ჩამოცლის პროგრესირების ნიშანია.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

ბადურის ჩამოცლის სადიაგნოსტიკოდ საჭიროა თვალის ფსკერის მიკროსკოპით გამოკვლევა. ასევე ძალიან ინფორმაციულია ულტრაბგერითი კვლევა და ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში დაავადების დიაგნოსტირებისთვის აქტიურად ვიყენებთ თითოეულ ამ მეთოდს.

შესაძლებელია თუ არა ბადურის ჩამოცლის მკურნალობა?

ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია მისი პროგრესირების ფოტოლაზერკოაგულაციით შეჩერება. ჩამოცლის მიმდებარედ ბადურა შემოიფარგლება ლაზერის საშუალებით, რაც ხშირ შემთხვევაში შეაჩერებს მომავალში ბადურის აშრევების პროგრესირებას.

თუმცა თუ პაციენტმა სპეციალისტს მაშინ მიმართა, როდესაც ბადურის დიდი ნაწილი უკვე ჩამოცლილია, მკურნალობის ერთადერთ გზას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. სამწუხაროდ ჩამოცლის შემდეგ ბადურა თავის ადგილს ოპერაციის გარეშე არასოდეს დაუბრუნდება.

რამდენად რთულია ოპერაცია და რამდენ ხანს გრძელდება ის?

ოპერაციის სირთულე და ხანგრძლივობა დაკავშირებულია ბადურის ჩამოცლის სიმწვავესთან. რაც უფრო ადრე მოხდება ოპერაციის ორგანიზება, მით მაღალია მისი წარმატების მაჩვენებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩამოცლის შემდეგ რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტირება და ოპერაციის დაგეგმვა, მით მაღალია მხედველობითი ფუნქციის შენარჩუნების პერსპექტივა.

ოპერაციის დროს ხდება ჩამოცლილი ბადურის თავის ადგილზე დაბრუნება, მისი ლაზერით გამაგრება და ე.წ ტამპონადა, რაც იძლევა საშუალებას აშრევებული უბანი თავის ქვეშმდებარე ქსოვილს შეუხორცდეს. ტამპონადისათვის ძირითადად გამოიყენება სპეციალური გაზი ან სილიკონის ზეთი.

რამდენად რთულია პოსტოპერაციული პერიოდი და რა სახის მკურნალობა ინიშნება ოპერაციის შემდეგ?

პოსტოპერაციული პერიოდი არ შეიცავს რაიმე რთულად შესასრულებელ შეზღუდვას. 3-4 კვირის განმავლობაში პაციენტს დაენიშნება თვალში ჩასაწვეთებელი მედიკამენტები. რამოდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა, მოუწიოს იძულებით პოზიციაში, მაგალითად, თავდახრილ პოზიციაში ყოფნა. ასევე, შესაძლოა მიეცეს რეკომენდაცია, თუ რომელ მხარეს უნდა დაწვეს ძილის დროს ამ პერიოდის განმავლობაში. თუმცა ძალიან მალევე იგი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

შესაძლებელია თუ არა ოპერაციის შემდეგ განმეორებით კვლავ მოხდეს ბადურის ჩამოშლა?

სამწუხაროდ, ბადურის ჩამოცლის რეციდივის შესაძლებლობა არსებობს. თუმცა ხშირ შემთხვევებში წარმატებულად ჩატარებული ოპერაცია საკმარისია შედეგის მუდმივად შესანარჩუნებლად.

როგორია დაავადების პრევენცია?

მნიშვნელოვანია რისკ ჯგუფში შემავალი პირები პერიოდულად გადიოდნენ სრულყოფილ ოფთალმოლოგიურ შემოწმებას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მიერ დასახელებული სიმპტომების გაჩენისთანავე ადამიანებმა არ გადადონ სპეციალისტთან ვიზიტი, რაც დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების და მკურნალობის დროულად დაწყების შესაძლებლობას მოგვცემს.

ასევე, შესაძლებელია ბადურის ჩამოცლის პრევენცია სპეციალური ლაზერის გამოყენებით. ოფთალმოლოგი აღმოაჩენს ბადურის გათხელებულ, დაზიანებულ უბნებს და ლაზერით შემოფარგლავს მათ, რათა შეამციროს ამ უბნებიდან ჩამოცლის განვითარების რისკი.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს 2 190 190

ოფთალმოლოგი და მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი 70 წლის გახდა

9 აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა მშობლებს პედიატრ ნინო ჭითანავასგან

"კორონავირუსმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა სიხშირე გაზარდა" - რა არის "ჩიყვი", რა იწვევს მას და როგორია მისი მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი