ავტორი:

"ფაშინიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს" - ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს სომხეთის პრემიერს და რას ამბობენ სომეხი პოლიტოლოგები

"ფაშინიანს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს მხარს" - ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს სომხეთის პრემიერს და რას ამბობენ სომეხი პოლიტოლოგები

რამდენიმე დღეა ერევანში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება. 16-მა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე წარადგინა ერთიანი კანდიდატურა ფაშინიანის პოსტზე. ეს არის ვაზგენ მანუკიანი, რომელსაც გასულ წლებში პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა. მან ფაშინიანს 8 დეკემბრამდე მისცა ვადა გადადგომისთვის.

მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ფაშინიანმა ინტერნეტში გაავრცელა მიმართვა სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შესახებ, რომელსაც "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" უწოდა. ოპოზიციამ კი, სომხეთისთვის "კატასტროფული შედეგის მომტან შეთანხმებაზე" პასუხისმგებლობა მთლიანად ფაშინიანს დააკისრა და ერევანში გამართული აქციებით მას გადადგომისკენ მოუწოდა.

ფაშინიანი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგება, თუ ამას ხალხი მოითხოვს და არა პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიცია.

"ხელისუფლება მზად არის დიალოგისთვის, ჩვენ არ ჩამოვეკიდებით სავარძლებს. თუ ხალხი მოითხოვს ჩემს დახვრეტას, მზად ვარ დამხვრიტონ ან ჩამომახრჩონ, თუმცა, ეს ხალხის მოსაზრება უნდა იყოს და არა, რამდენიმე ცალკეული გუნდის. ის კი, რაც ახლა ერევნის ცენტრში ხდება არ მგონია, მთლიანი მოსახლეობის პროტესტი იყოს", - განაცხადა ფაშინიანმა.

AMBEBI.GE სომხეთში რამდენიმე პოლიტოლოგს დაუკავშირდა, რათა მათგან მოესმინა, ხელისუფლებაში დარჩენის რა შანსი აქვს ნიკოლ ფაშინიანს.

გლობალიზაციისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებში ანალიტიკური (სომხეთის განყოფილების) ცენტრის ხელმძღვანელის სტეფან გრიგორიანის მოსაზრებით, ახლა ფაშინიანისა და მისი გუნდის გადადგომას ითხოვენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში თავს არ ზოგავდნენ სომხეთი უფრო და უფრო მიბმული ყოფილიყო რუსეთზე, როგორც პოლიტიკურად, ასევე, ფინანსურად და ეკონომიკურად. არ ჰყოლოდა განვითარებული შეიარაღებული ძალები და არ ჰქონოდა დამოუკიდებელო სამხედრო სტრატეგია.

"რუსეთმა, ჩვენმა მთავარმა მოკავშირემ ზურგი გვაქცია და თურქეთის პირისპირ მარტო დაგვტოვა, მისი პოლიტიკის მომხრეები კი ერევნის ცენტრში ფაშინიანის გუნდის გადადგომას ითხოვენ. 44-დღიან ომში ფაშინიანის ბრალეულობაზე საუბრობს გუნდი, რომელიც რუსეთთან ერთად ყარაბაღის კორუფციულ ხელმძღვანელობას წლების განმავლობაში ასაზრდოებდა. ახლა კი, ყველაფერზე მიდიან, როგორმე ძველი გავლენები დაიბრუნონ და ცხადია, არც ანაღვლებთ, რომ ახლა ხელისუფლების შეცვლით განვითარების პერსპექტივას მოვისპობთ. ფაშინიანს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭერს მხარს და მისი წასვლა-დარჩენა კორუფციული ოპოზიციის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული", - აღნიშნა გრიგორიანმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პოლიტოლოგ სტეპან დანიელიანის მოსაზრებით, ფაშინიანსა და მის გუნდს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გეგმა არ ჰქონიათ, რაც მათ არ უნდა ეპატიოთ.

"ნიკოლი და "ახალი სომხეთი" არიან განადგურებული სომხური პოლიტიკის რეალური სახე, ამიტომ მისი პოლიტიკიდან წასვლა არის მხოლოდ დროის ამბავი. არის თუმცა, მათი მოსაზრებები სრულიად აცდენილია სომეხი საზოგადოების მოსაზრებებს. საქმე ის არის, რომ გლობალურად ორი გეგმა განიხილებოდა, პირველი - არცახი (მთიანი ყარაბაღი) გადაეცათ აზერბაიჯანისთვის სომხების გარეშე და სამხრეთ კავკასია რუსეთის გავლენის ზონიდან უნდა გასულიყო, ამის შემდეგ, დაიწყებოდა ხანგრძლივი პროცესი რუსეთისა და ირანის შესავიწროებლად. ეს იყო დასავლეთის გეგმა.

მეორე კი იყო ის, რომ არცახი დრჩენილიყო სადავო ტერიტორიად, იქ შემოსულიყვნენ რუსული ჯარები და შეენაურჩუნებინათ თავიანთი გავლენები სამხრეთ კავკასიაში, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა და ამ ფარგლებში არცახი დარჩენილიყო სტატუსით ან მის გარეთ. ეს იყო რუსეთის გეგმა.

როგორც ვხედავთ, თავად სომხეთის ხელისუფლებას არ ჰქონდა არავითარი გეგმა, თუნდაც ომის დაწყებამდე არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება. სომეხი ხალხი ამას ვერავის ვერ აპატიებს", - ამბობს პოლიტოლოგი.

კიდევ ერთი პოლიტოლოგის არმენ ვარდანიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანის მცდელობა - შეინარჩუნოს ხელისუფლება, განწირულია.

"თუმცა, ის ახლა ცდილობს როგორმე ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს, თუნდაც ლაჩინის დერეფნის აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე. არადა, მისი სტატუსი სამი წლის შემდეგ შეიცვლება. ამიტომაც, ის არ ახდენს გავლენას ფაშინიანის შიდა შანსებზე. აღნიშნული ტერიტორია, 1 დეკემბერს აზერბაიჯანის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რუსი მშვიდობისმყოფელების კონტროლის ქვეშ არის, თუმცა, ისინი თავს უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობენ, რადგან ადგილობრივ ე.წ. ხელმძღვანელობას მათთვის არ განუმარტავს, თუ რა პირობებში, ვისი კონტროლის ქვეშ მოუწევთ ცხოვრება. 6 დეკემბერს ერევანში გამართულ აქციაზე, სწორედ ამ ტერიტორიაზე მცხოვრებლების საკითხი დააყენეს და ხელისუფლებას მოსთხოვეს განემარტათ მათთვის - ვისი დაქვემდებარების ქვეშ არიან", - აღნიშნა პოლიტოლოგმა AMBEBI.GE-სთან საუბარში.

"მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთის ყველა პოლიტიკურ ლიდერს ერთნაირი მიდგომა ჰქონდა. ყველამ იცოდა, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა კონფლიქტის დასარეგულირებლად. ამ კონკრეტულ შეთმხვევაში, ფაშიანიანს უნდა ეფიქრა იმაზე, როგორმე აეცილებინა ომი, თუმცა, ვერ შეძლო. არადა, ამის შანსი ჰქონდა. ამასთან უნდა გაეთვალისწინებინა, რომ აზერბაიჯანის უკან თურქეთი დგას და სომხეთი მის წინაშე პირისპირ დარჩებოდა", - ამბობს პოლიტიკური მიმომხილველი ნაირა აურუმიანი.

მისივე თქმით, ფაშინიანი ვერ შეძლებს თავისი რეპუტაციის შეჩერებას.

"ახლა კი, ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება, თუმცა ჯერჯერობით ვადების ვარაუდი შეუძლებელია, შესაძლოა, ეს ორ თვეში ან უფრო მეტ ხანში მოხდეს. მსოფლიოში არსებული ფაქტორებიც ამაზე მიანიშნებს. ერთადერთი, ფაშინიანს ისღა დარჩენია განაცხადოს, რომ მხოლოდ ის არ არის მოღალატე, ეს სცენარი ჯერ კიდევ მის მოსვლამდე დაიწერა და ეს მართლაც ასეა", - ამბობს ის.

ყარაბაღში შეტაკებების შედეგად, 4 სამხედრო დაიღუპა, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ - მთიან ყარაბაღში ვითარება კვლავ დაიძაბა

"რუსულმა სპეცსამსახურებმა ნავალნის ლიკვიდაცია მაშინაც სცადეს, როდესაც ის კომატოზურ მდგომარეობაში ომსკის კლინიკაში იმყოფებოდა" - რას წერს ბრიტანული გამოცემა

ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ტრამპის მომხრეები ბაიდენის პრეზიდენტად მიღებას "არ აპირებენ"