ავტორი:

"ჰგონიათ, რომ კელი დეგნანს გააგდებენ და იმას მოიყვანენ, ვინც "ნაცმოძრაობას" ჩაეხუტება და მიშას დააბრუნებს?"- რას ემსახურება დასავლელ პარტნიორებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები?

"ჰგონიათ, რომ კელი დეგნანს გააგდებენ და იმას მოიყვანენ, ვინც "ნაცმოძრაობას" ჩაეხუტება და მიშას დააბრუნებს?"- რას ემსახურება დასავლელ პარტნიორებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები?

ბოლო დროს, ძალიან გახშირდა ოპოზიციის რიგი წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების თავდასხმებები იმ დასავლელ დიპლომატეზე, რომლებმაც უდიდესი დრო და ძალისხმევა დახარჯეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლობაში, რათა მიღწულიყო შეთანხმება. ამ ყველაფერის "დაგვირგვინებად" იქცა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში გაკეთებული განცხადებები.

"შემაჯამებელი ოქმი შედგა, მეტიც, პარლამენტში შევიდა “ქართული ოცნება” და ვინ მიულოცა? აი, კელი დეგნანი იქ რომ იჯდა, ჩემი აზრით, სრულიად მძიმე შეცდომის დამშვები კელი დეგნანი, მისმა სამშობლომ, რომლის ხაზსაც უნდა ატარებდეს აქ, მიულოცა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში მოსვლა? არა! აბა ვისი მანდატით იჯდა კელი დეგნანი იქ? შეიძლება საჯაროდ ვიკითხოთ, რატომ არ იყო იქ ბატონი ჰარცელი? აი, ამ ბატონ ჰარცელსაც და დეგნანს მოვუწოდებ, დაანებონ თავი ჩემი ან სხვა პოლიტპატიმრების თემების განხილვას! ეს არ არის მათი საქმე! ტყვეებით ვაჭრობა და ტყვეების გამოსყიდვა არ შეიძლება ელჩების საქმე იყოს! ელჩების საქმეა, რომ გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან, რომ “ქართულ ოცნებას” ჰყავს პოლიტპატიმრები! ის კი არა, რომ ჩვენ გადაგვარჩინონ და რაღაც გამოივაჭრონ “ქართული ოცნებისთვის”! არა, მეგობრებო, ეს სირცხვილია! თუ რამეა ანტიდასავლური ქცევა “ქართული ოცნებისა”, თუ რამეა დასავლეთისთვის ზიანის მიმყენებელი, არის ამგვარი ქცევა დასავლური ელჩებისა, რომლებიც ტყვეებით ვაჭრობაში იღებენ მონაწილეობას და “ქართული ოცნების” ინტერესების დაკმაყოფილებაში ცვლიან ტყვეებს! აი, ეს არის ანტიდასავლური, ეს აღვივებს ნიჰილიზმს, დასავლეთის მიმართულებით. და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზუსტად იმ ორ ფასილიტატორს, რომელზეც მე ვლაპარაკობ!” - განაცხადა ნიკა გვარამიამ თავის გამოსვლაში. მისი თქმით, ამერიკის საელჩო გამოტენილია “ქოცი თანამშრომლებით”: “ამერიკის საელჩო გამოტენილია ქოცი სტაფერებით, რაც პროტოკოლის დარღვევა და პოლიტიკური დისბალანსია.

რას ემსახურება და რისი მომტანია ელჩებზე ოპოზიციის ნაწილის თავდასხმა, რის მთავარ გამხომოვანებლად ტელეკომპანიის დირექტორი იქცა, ამის შეფასება ambebi.ge-მ ექსპერტებს სთხოვა.

  • "არც ამერიკა გვერჩის და არც ევროკავშირი, პირიქით, დახმარებები მოგვდის და მოგვდის, ისე ქვეყანა ვერც გამოძვრება კრიზისიდან"

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი:

- ნამდვილად არასწორად მიმაჩნია მსგავსი გამოხტომები, მაგრამ თავისი საქმისა, თვითონ იციან. ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ქვეყანაში სრული ისტერიკა სუფევს და ნებისმიერი განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ჩაგქოლავენ. ერთ რამეს კი ვიტყვი: შეიძლება ამერიკის ელჩი და მთლიანად ამერიკაც არ არის იდეალური და კრიტიკა შეიძლება ხოლმე, მაგრამ როდესაც ეს მოდის იმ ტელეარხიდან, საიდანაც 24 საათი ნოტაციას კითხულობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს პროდასავლური ადამიანი, პრეტენზიული ტონი რომ არის პროდასავლურობაზე, აი, ეს ცოტა გაურკვეველია ჩემთვის. მსგავსი თავდასხმები, თავისთავად ცხადია, მოლაპარაკებებზე აისახება. მგონია, რომ ვიღაც-ვიღაცეებმა ჩათვალეს, რომ რადგან ამერიკაში ტრამპმა არჩევნები წააგო, ელჩს მაშინვე უკან გაიწვევენ, მაგრამ ამერიკა არ არის საქართველო, იქ ელჩს პარტიული ნიშნით და ინტერესებით არ ირჩევენ, ეს სახელმწიფოებრივი დანიშვნაა. მაგრამ ამათ ეს არ ესმით. რა ჰგონიათ, რომ ეგრევე კელი დეგნანს გააგდებენ და იმას მოიყვანენ, ვინც "ნაცმოძრაობას" ჩაეხუტება და მიშას დააბრუნებს? ეს ძალიან სულელრი გათვლაა, თუ ასეა, სხვა ახსნა ამას არ აქვს.

პირადად ელჩის შეხება, სახელმწიფოზე შეხებაა, რაც უნდა ილაპარაკო, რომ ამერიკა კი მომწონს, მაგრამ ელჩი არაო. ერთი ადამიანის საზომით არ შეიძლება ყველაფერი განვსაზღვროთ. არც ამერიკა გვერჩის და არც ევროკავშირი, პირიქით, დახმარებები მოგვდის და მოგვდის, ისე ქვეყანა ვერც გამოძვრება კრიზისიდან.

  • "კოლექტიური სარიშვილი-გვარამია-ბურჯანაძე და კომპანია ერთობლივი ძალებით დაუფარავად ასრულებენ რუსულ დაკვეთას"

ნიკოლოზ მეტრეველი, ანალიტიკოსი:

- ეს ადამიანები აბსოლუტურად აღიარებენ კაპიტულაციას, არიან ფრუსტრირებულები, განადგურებულები და ამ ფონზე რეაქციას ვეღარ მალავენ. ადრე თუ რაღაც იმედი ჰქონდათ დასავლელი პარტნიორების, ახლა ეს იმედი დაკარგული აქვთ და ხედავენ, რომ მათი მხრიდან არავითარი თანაგრძნობა არ აქვთ. შესაბამისად, ეს რეაქციაც გასაგებია. მეორეა - გვარამია მარტო არაა, მთლიანად ამუშავდა ეს მანქანა. 2018 წელს თუ შკრიალოვი-ვაშაძის დუეტი შეფარულად მოქმედებდა, 2020 წელს უკვე საბოლოოდ ჩამოიხსნეს ნიღაბი და კოლექტიური სარიშვილი-გვარამია-ბურჯანაძე და კომპანია ერთობლივი ძალებით დაუფარავად ასრულებენ რუსულ დაკვეთას. უკვე კე-გე-ბე-ს თანამშრომლები ჩაებნენ ამ საქმეში, რაც არის წარმოუდგენელი შეტევა ჩვენს დასავლეთ პარტნიორებზე და რუსული გეგმის, ინტერესების ღია, დაუფარავი ინტერესების განხორციელება. ამ გეგმას საქართველოში არავითარი შედეგი არ ექნება. მთელი ზაფხული გვახსოვს პროვინციული ისტერიკა - დასავლეთში ჩამოიწერა “ქართული ოცნება”, მას დასავლეთში არავინ მისცემს არჩევნებში გამარჯვების საშუალებას და ა.შ. დღეს რას ვხედავთ, სად არიან ეს პარტნიორები? მაგალითად, კუბილიუსი, მათი ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერიც კი მოუწოდებს მათ, რომ პარლამენტში შევიდნენ. ეს არის სააკაშვილის და მისი მეგობრების საბოლოო სახე. საქართველოში აწმყო ვერასდროს შეიცვლება წარსულით.

ეს არ არის ერთი ემოციური ადამიანის მოქმედება, თითქოს ის ამ განცხადებებს პირადი “ტრაგედიიდან” გამომდინარე აკეთებდეს. აქ არის ორკესტრირებული მოქმედება, რომლის უკან, დიდი ალბათობით, ბურჯანაძე, სააკაშვილი და მათი რუსი დამკვეთები დგანან.

როცა გვარამია ამბობს, ჩემი შვილი ვერ ჩამოდის საქართველოშიო, მათ შორის ერთ-ერთი მე ვიქნები, ვინც მის შვილს და ნებისმიერი "ნაციონალის" ოჯახის უსაფრთხოებას დაიცავს, მაგრამ მეორე საკითხია სამართალი იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც არის კითხვები. მათ შორის, ამ ადამიანის მიმართაც არის სერიოზული კითხვები, რომ მან გაფლანგა კომპანიის კუთვნილი მილიონობით ლარი. შესაბამისად, ამ თემაზე არის გამოძიება და ის ბოლომდე უნდა უნდა მივიდეს. ამბობს, ყველაფერს ტაბუს ვხსნიო, მაშინ ბოლომდე ახსნას და თქვას, ვინ შეუთვალა დაჭერის მუქარა. ეს არის იმ სასოწარკვეთილი ადამიანების ისტერიკა, რომლებიც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში”.

  • "დასავლეთი თუ საუბრობს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაზე, ალბათ ჩვენც გვაქვს ამის უფლება"

ნიკოლოზ ჩიტიძე, ექსპერტი:

- ეს იყო კრიტიკა და გარკვეული კრიტიკა კანონის და ზომიერების ფარგლებში, ხანდახან საჭიროა. როდესაც ერთის მხრივ, თავდასხმა ხორციელდება ჟურნალისტზე, მას ან ოპოზიციის აქტივისტებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, ეს, როგორც ასეთი, არის დანაშაულია. ვიცით, არის ზეწოლის ფაქტები და როდესაც იგივე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი მიუთითებს კონკრეტულ დარღვევებზე და ამ დროს იგივე ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა არჩევნები, გარკვეულწილად, ეს მმართველ ძალას აქეზებს, რომ მან დაარღვიოს ადამიანის უფლებები. ეს ვერ უწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას.

გვარამიასგან განსხვავებით, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული პოზიცია მექნება. 2012 წლიდან დაწყებული, რაც “ოცნება” მოვიდა სათავეში, გახსოვთ, რომ საჯარო ბიბლიოთეკის წინ ხალხზე თავდასხმა მოხდა, 2015 წელს "ნაცების" 15 ოფისზე ერთდროულად მოხდა თავდასხმა, რომელსაც ღარიბაშვილმა “სისხლიან ძალაზე” ხალხის მხრიდან ბუნებრივი რეაქცია უწოდა, ასევე გვახსოვს კორცხელის და სხვა უამრავი ინციდენტი. ვაღიაროთ, რომ ასეთ შემთხვევებზე დასავლეთი ხშირად ხუჭავდა თვალს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან და დასავლეთი თუ საუბრობს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებაზე, ალბათ ჩვენც გვაქვს ამის უფლება.

როდესაც 2008 წლის ომამდე, თუ გახსოვთ, დასავლეთი მოგვიწოდებდა, ნუ წამოეგებით რუსეთის პრეოვოკაციასო. როგორ არ უნდა წამოეგო, როცა ქართულ სოფლებს ბომბავდნენ? მერე დასავლეთი დიდი ხნის განმავლობაში ბჭობდა იმაზე, ვინ დაიწყო ომი. საქართველო ვერანაირად მის ტერიტორიაზე რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ დაიწყებდა, ხომ? ევროპარლამენტმა 2011 წელს მიიღო რეზოლუცია, სამი წელი იყო გასული. დასავლეთის დიდი მადლიერები ვართ, ბევრჯერ გაგვიწიეს ეკონომიკური დახმარება, რაზეც მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ როგორც ციცერონი იტყოდა – ხშირ შემთხვევაში, ცუდ ქმედებაზე უარესი არის უმოქმედობა. გამომდინარე აქედან, ნიკას გამოსვლას ისტერიკას ვერ დავარქმევდი, ეს კრიტიკაა და ამის უფლება ყველას აქვს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც რიგგარეშე არჩევნებს უკავშირდება, ეს საკითხი დახურულია!" - ღარიბაშვილი

ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს: "რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი კვლავ გაპრემიერების შემთხვევაში, "ქართულ-ჯიგრულ-ნათესაურ პონტში" თქვენი ნათესავები ისევ არ დაფაცურდებიან?"