ავტორი:

"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

"მისი წასვლა, განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო" - როგორ ეხმაურებიან პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლას თანაგუნდელები

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მისი განცხადების ფორმა „მოულოდნელი და აუხსნელი“ იყო. როგორც წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა, პარტიის ლიდერები ვაშაძის წასვლის თაობაზე უფრო ინფორმირებულები ყოფილიყვნენ. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დატოვა ვაშაძემ „ნაციონალოური მოძრაობა“, წიკლაური ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებთ იყო, თუმცა „ეს ყოველთვის ხდებოდა“.

"ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს ამ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლმა. ამავე დროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობას უერთდებოდნენ, რადგან „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა. ეს არის უმთავრესი. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, უმჯობესია, რომ პარტიის ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ უფრო სრულად ინფორმირებულნი, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშანი და სხვადასხვა ინსინუაციების შესაძლებლობა", - განაცხადა წიკლაურმა.

„ნაციონალური მოძრაობდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლას ასევე გამოეხმაურა პარტიის კიდევ ერთი წევრი სალომე სამადაშვილი. როგორც ის აცხადებს, პარტიისთვის კარგი იქნება, თუ გრიგოლ ვაშაძის წასვლა სამომავლო სატრატეგიის მიმართულებით აზრიან მსჯელობას შეუწყობს ხელს.

„ცხადია, ნებისმიერ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის გამონაკლისი, არჩევნების შემდეგ უწევს მსჯელობა სამომავლო სტრატეგიაზე. თუ ბატონი გრიგოლის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით უფრო აზრიანი მსჯელობის განვითარებას, კარგი იქნება პარტიისთვისაც და მათთვისაც, ვისაც ეს პარტია ეიმედება”, - წერს სამადაშვილი „ფეისბუქში“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე შეცდომას უწოდებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, განცხადებას იმის თაობაზე, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ უდასტურებს პატივისცემას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩებს და მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია.

„მადლობა მინდა გადავუხადო გრიგოლ ვაშაძეს იმისთვის, რომ ის ძალიან მძიმე ბრძოლის ეტაპზე შემოეურთდა პარტიას, იყო წარმატებული კანდიდატი და ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც ეტაპზე ვერ მოხდა პარტიის და პარტიის თავმჯდომარის პოზიციების დაახლოება. რაც შეეხება წასვლის ფორმას, ნამდვილად არ შემიძლია ბატონ გრიგოლს განცხადებით წასვლა მოვუწონო, რადგან კარგი იქნებოდა, მანამდე პარტიასთან და პარტიის პოლიტსაბჭოსთან კომუნიკაცია ჰქონოდა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, შეცდომაა მისი განცხადების ის ტექსტი, სადაც ის ამბობს, რომ პარტია ელჩებს თავს ესხმის. არც ერთ განცხადებაში, არც ერთი ლიდერის მიერ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პარტია უდასტურებს პატივისცემას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებს. მიგვაჩნია, რომ იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, დასავლეთის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია. არ ვიცი, ვის მოიხსენიებს ის ოდიოზურ ფიგურებად. ნამდვილად მინდა გითხრათ, რომ ოდიოზური ფიგურები, რომლებიც დღეს სამწუხაროდ აქებდნენ მის ამ ნაბიჯს, შეგვიძლია მმართველ პარტიაში ვნახოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს, ყველა ირჩევს თავისი ბრძოლის შესაბამის გზას, მაგრამ თავისუფლებისთვის უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ვფიქრობ, ამ გადამწყვეტ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს, განურჩევლად იმისა, რომელ თანამდებობაზე ვიქნებით პარტიაში, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება უამრავი ადამიანისგან, მხარდამჭერისგან, ამომრჩევლისგან, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლოაბში არჩეული აქვს ძალიან მძიმე, მაგრამ პრინციპული პოზიცია - საქართველო ოლიგარქის გარეშე“,-განაცხადა დეკანოიძემ.

კითხვაზე, არის თუ არა პარტია ერთიანი, ხატია დეკანოიძემ უპასუხა, რომ „გენერლები ჯარს სტრატეგიას არ უწუნებენ“.

„არ მინდა მკვახე ვიყო, მაგრამ აუცილებელია გულწრფელობა. მიმაჩნია, რომ ეს ამ ეტაპზე აუცილებელია. გენერლები ჯარს არ უწუნებენ სტრატეგიას. ეს არის ძალიან მნიშვენელოვანი, რომ გვესმოდეს.

რაც შეეხება ვინმეს წასვლას, ჯერჯერობით არავის გამოუთქვამს ამასთან დაკავშირებით სურვილი. შეგიძლიათ პირადად სალომეს (სალომე სამადაშვილს) და ბატონ რომანს (რომან გოცირიძე) ჰკითხოთ. მე მათგან კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით რამე პოზიცია არ გამიგია“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.

"ყველა შესაძლო გზებით"ოცნებაზე" ზეწოლას გავაგრძელებთ" - სალომე სამადაშვილი

"არ იქნება მისაღები არცერთი ხედვა, რომელიც პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხს არ ამოწურავს" - ბოკერია

"გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა კავშირი აქვს რურუას პოლიტიკასთან? - თუ ვიღაც არალეგალური წყაროებით აფინანსებს პოლიტიკას, ეს უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე იარაღის უკანონო ტარება" - კობახიძე