ავტორი:

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

"ჰერმესის დახლიდარები" – "გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ის" ჟიურისა და ხალხის რჩეული რომანი უკვე გამოიცა

„ეს არის წიგნი, რომელიც შეგითრევს; წიგნი, რომელიც უნდა ამოიცნო“ - ასე აფასებს ლიტერატორი პაატა ჩხეიძე „გახდი ბესტსელერის ავტორი2020-ის“ჟიურისა და ხალხის რჩეულ რომანს „ჰერმესის დახლიდარები“. სწორედ ამ წიგნით დასრულდა ყველაზე მასშტაბური ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულ ავტორთა წიგნების წარდგენა. რომანი ლიტერატორმა პაატა ჩხეიძემ და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა წარადგინეს.რომანის ავტორი ქარდა ქარდუხი უკვე შემდგარი მწერალია.

წერს მოთხრობებს, რომანებს, წარმატებით ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი შემოქმედებითი ცხოვრება არაერთ ჯილდოს ითვლის, მათს რიგს წელს ყველაზე მასშტაბურ ლიტერატურულ კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020-ში“ გამარჯვებაც დაემატა.„ჰერმესის დახლიდარები“ პირველივე ფურცლებიდან გადაგიყვანთ შეყვარებული კაცის სამყაროში, რომელიც თავისი სატრფოს მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის. აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე სპეციალურად ამ რომანისთვის გადაღებული ფოტოა გამოყენებული, რომლის ავტორიც გოგა ჩანადირია.რომანსა და მასზე მუშაობის პროცესზე ქარდა ქარდუხი თავად გვესაუბრა.

როგორ ჩაიარა თქვენი წიგნის ონლაინწარდგენამ და როგორ გამოხმაურებას ელით მკითხველისგან?

ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო ბატონი პაატა ჩხეიძისა და ქალბატონი მაია ალუდაურის მოსმენა, რომლებმაც ჩემთან ერთად წარადგინეს „ჰერმესის დახლიდარები“. როცა ასეთი პროფესიონალები შენზე და შენს ნაწარმოებზე საუბრობენ, ამაზე უკეთესი გრძნობა, მერწმუნეთ, არაფერია. აი, ჩემი ჩართვისას კი ნამდვილად მეკარგებოდა კომფორტის სიამოვნება, საკმაოდ რთული ყოფილა დისტანციურად საუბარი.რაც შეეხება მკითხველის გამოხმაურებას, ახლა ისეა მწერლობის საქმე, რომ მთავარია, იყოს გამოხმაურება... მოუთმენლად ველი.

უკვე შემდგარი მწერალი ხართ. თუ შეიცვალა რამე თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში კონკურსში გამარჯვების შემდეგ?

კი, შეიცვალა: ერთგან ვთქვი კიდეც, რომ უკვე თითქოსდა მზად ვარ იმ რომანის დასაწერად, რომლის გამოცემის დარდი აღარ მექნება.

როგორი იყო რომანზე მუშაობის პროცესი? ფიქრობდით მაშინ, რომ იგი დიდ წარმატებას მოგიტანდათ?

რომანის წერა 2002 წელს დავიწყე. მაშინ ეს ნაწარმოები თითქოსდა ამბოხი იყო იმდროინდელ საქართველოში გამეფებულ სადო-მაზოხისტურ დიქტატურა-ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მალე ვითარება ისე შეიცვალა, რომ ამ მიმართულებამ აზრი დაკარგა. კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა, თორემ, მგონია, ძირითად მოტივად ეს ხაზი რომ დარჩენილიყო, რომანი საკმაოდ დაკნინდებოდა. შემდეგ დიდი პაუზა მქონდა, მოგვიანებით კი ერთბაშად ვიგრძენი სათქმელის მოჭარბება. წერის პროცესში მხოლოდ მთავარ გმირზე ვფიქრობდი; შეძლებდა თუ არა იგი საკუთარი თავის, ნავსაყუდელის პოვნას...

შინაარსის მცირე ნაწილიც გავანდოთ მკითხველს. ვინ არის მთავარი გმირი, რა მისია აქვს მას?

რომანი არის სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, იმ მარადიულ თემაზე, რასაც სულისა და ხორცის ჭიდილი ან თითქმის მიუღწეველი ჰარმონია ჰქვია... მთავარი გმირი შეყვარებულის მოსაძებნად ხმელთშუაზღვის ნახევარკუნძულ გულანშაროში ჩადის, სადაც თავგადასავლებით სავსე 14 წელს დაჰყოფს. ეს ნახევარკუნძული თითქოს საქართველოს ალტერეგოა, თავისი მცხოვრებლებითა და ისტორიით. პერსონაჟის თავგადასავალში არის „ვეფხისტყაოსნის“ეპიზოდის ალუზია -გულანშაროს, როგორც ვაჭართა ქალაქის, მცხოვრებთა გაორებული მრწამსი ხორციელსა და სულიერს შორის.

რატომ „ჰერმესის დახლიდარები“?

არის იქ ერთი მთავარი ხაზი - ტირანი, დოჟი, ვაჭართა ქალაქში, ცდილობს მოწინააღმდეგეებს, შემოქმედებითი სულის ადამიანებს, დაავიწყოს ხელოვნება და ვაჭრობა დააწყებინოს. ეს ადამიანის სულიერი გატეხვაა. აქედან წამოვიდა სათაურიც- ჰერმესის დახლიდარები. მოგეხსენებათ, ჰერმესი ვაჭართა ღვთაებაა (სხვა მრავალთა შორის).

ოღონდ აქ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ვაჭრობა - როგორც პროფესია - იყოს დაკნინებული. ერთ-ერთი გამორჩეული გმირი რომანში სწორედ ტრადიციული ვაჭართა გილდიის წარმომადგენელია. აქ საუბარია მატერიალურის გაკერპებაზე, რაც სულიერების განადგურებით ხდება.

წიგნის შეძენა უკვე შესაძლებელია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში , ასევე, შეგიძლიათ გამოიწეროთ ვებგვერდიდან

მსახიობი რუსლან მიქაბერიძე გარდაიცვალა

გიორგი ვაშაძის მამა გარდაიცვალა

"გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი განსხვავებულად გადავიტანოთ, არ გვინდა, ხალხმრავალი წვეულებები" - გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს