ავტორი:

"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე

"თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება,  პანდემიის მეორე და მესამე ტალღა ერთმანეთს გადაებმება“ - გიორგი ფხაკაძე

მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას უკვე თითქმის ერთი წელია ებრძვის. დაინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, თუმცა დამაიმედებელი სიახლეებია COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მხრივ - მაგალითად, Pfizer-ის ვაქცინით ადამიანების ვაქცინაცია უკვე დაიწყო. პროფესორი, გაეროს გენერალური მდივლის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე მსოფლიოსა და საქართველოში პანდემიური ვითარების, ვაქცინების და კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის შესახებ AMBEBI.GE-ს ესაუბრება.

- სამწუხაროდ, ბოლო ორმა კვირამ გვაჩვენა, რომ არ გვისწავლია ჩვენივე შეცდომებზე, რომელიც უკვე თითქმის ერთი წელიწადის განმავლობაში დავაგროვეთ - აქ ლაპარაკი მხოლოდ საქართველოზე არ არის. მსოფლიოს არ უსწავლია, თუ რა უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში, არ გვისწავლია ის, რომ ვირუსი "შტერი“, "უჭკუოა“, ჩვენ კი, ჭკვიანი ხალხი, რომელთაც ტვინი გვაქვს, ვერ ვერევით ამ "უჭკუო“ და "სულელ“ ვირუსს, რომლის პრაქტიკულად, ერთადერთი ინტერესი გამრავლებაა.

ყველა იძახის, ან ვირუსი მომკლავს, ან უფულობაო, მაგრამ ვხედავთ, რომ ერთი მეორეზე გადაბმული არ არის, ანუ ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ჩვენ ქვეყანა არ ჩავკეტეთ და ჩვენი ეკონომიკები ნაადრევად გავხსენით, შედეგები უფრო სავალალო იქნება. ვნახეთ, რა მოხდა გერმანიაში, სადაც მხოლოდ წერტილოვანი ჩაკეტვები იყო და შედეგი ისაა, რომ ანგელა მერკელი გამოვიდა და თქვა, რომ გერმანია იკეტება. წერტილოვანმა ჩაკეტვებმა არ გაამართლა. ამ ვირუსს პასპორტი არ აქვს, ჭკუა არ აქვს, მან არ იცის შაბათი-კვირა, შობა და ახალი წელი, მისი ერთადერთი ფუნქციაა, ნახოს ადამიანი და გამრავლდეს. ვიცით, რომ ვირუსის გამრავლების შემაჩერებელი ჯაჭვის გაწყვეტაა, რისი ერთადერთი საშუალებაც 2-მეტრიანი დისტანცია და პირბადის ტარებაა. თუ მოსახლეობა ამ ორ მინიმალურ მოთხოვნილებას ვერ იცავს, მაშინ წერტილოვანი შეზღუდვები არ მუშაობს და ქვეყანაში მთლიანი ჩაკეტვაა საჭირო. ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომელიც უფრო განვითარებული, უფრო მოწესრიგებული და წესრიგის მოყვარული ხალხია, მაგალითად, გერმანია და იაპონია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველოც, სამწუხაროდ, არ სწავლობს ამ შეცდომებზე, ვფიქრობ, რომ აქ ნაწილობრივი და ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები იყო და არის შეცდომა. ვირუსი სექტემბრის დასაწყისში გაგვეპარა და ქვეყანაში წერტილოვანი ღონისძიებები თავისი ძლიერი აღსრულებით სექტემბერში უნდა განხორციელებულიყო, რაც არ მომხდარა. ახლა საქართველოში გვჭირდება მთელი ქვეყნის აბსოლუტური, ტოტალური ჩაკეტვა სამი კვირის განმავლობაში, რათა ეს ვირუსი შევაჩეროთ და გადავარჩინოთ ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლე.

- თქვენ რამდენჯერმე გქონდათ საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია, ჯანდაცვის მინისტრთან და პრემიერ-მინისტრთან. რა რეკომენდაციები გაეცით ამ შეხვედრების დროს და რამდენად იქნა ისინი გათვალისწინებული?

- არაერთი შეხვედრა მქონდა, როგორც პრემიერ-მინისტრთან და მის კაბინეტთან, სხვა მინისტრებთან, ასევე, ჯანდაცვის მინისტრთან. ჩემი პოზიცია ყოველთვის ერთნაირი იყო, აპრილის შემდეგ პოზიცია არასდროს შემიცვლია. როცა პირველად მკითხეს, მაშინაც და შემდეგაც სულ ერთსა და იმავეს ვამბობდი: "ჩაკეტეთ ქვეყანა“. ჩვენ არ ვართ ისეთი ქვეყანა, სადაც შეიძლება, ამ ვირუსს წერტილოვანი შეზღუდვებით ვებრძოლოთ. ერთადერთი გამოსავალი არის: ჩაკეტე, მოკალი გავრცელება და მერე აკონტროლე იქ, სადაც გამოგეპარება, იქ შეიძლება წერტილოვანი შეზღუდვები. მაგალითად, თუ გამოგეპარა ვირუსი ბათუმში, ჩაკეტე ბათუმი, გამოგეპარა რაჭაში, ჩაკეტე რაჭა და ა.შ. ასე რომ, წერტილოვანი ჩაკეტვები, რომელიც ახლაა შემოღებული და ადრეც იყო, არაეფექტურია, რაც გავუზიარე როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე ჯანდაცვის მინისტრს. ჩემი რეკომენდაციების დაახლოებით 80% შესრულდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ შეასრულეს, რადგან ამბობდნენ, ეკონომიკურად და სოციალურად მაგას ვერ ვიზამთო. ეს შეცდომაა: იმიტომ ხართ პოლიტიკოსები, იმიტომ ხართ ეკონომისტები, რომ ეს 20% მოაგვაროთ. მე არ ვარ ეკონომისტი და ფინანსისტი. ვარ ექიმი, პირველ რიგში, განათლებით ქირურგი ვარ და დავუშვათ, პაციენტი მოვიდა ჩემთან, რომელსაც ვეუბნები, რომ აპენდიციტის ოპერაციაა გასაკეთებელი, ახლა კი მეუბნება ფინანსთა მინისტრი, ოპერაცია არ უნდა, პარაცეტამოლი მიეციო. მარტივი შეკითხვა მაქვს: ვინაა აქ სწორი? პოლიტიკოსი, ეკონომისტი თუ ექიმი, ვისი აზრი უნდა იქნას გათვალისწინებული? მე გეუბნებით, რომ არის გასაკეთებელი ქირურგიული ოპერაცია, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს ქვეყნის 3-კვირიან მთლიან ჩაკეტვას.

- ახლა უკვე ვუახლოვდებით ახალ წელს და იმას, რომ გადაწყდეს, შემსუბუქდება თუ არა დროებით შეზღუდვები. ე.ი., თქვენ ამას მკაცრად ეწინააღმდეგებით?

- ეს ჩემი მოსაზრება არ არის, ეს მეცნიერების მოსაზრებაა, ეს მტკიცებულებების მოსაზრებაა, ეს ექსპერტული მოსაზრებაა. ფხაკაძე ამბობს მარტო იმას, რაც არის დაფუძნებული ფაქტებზე, რეალობაზე, მეცნიერებასა და ჩემი აკადემიური მოსაზრება ასეთია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავუშვათ ქვეყნის გახსნა. პირიქით, ქვეყანა არის კიდევ უფრო მკაცრად ჩასაკეტი 3 კვირით. მე რომ მქონდეს უფლება, ქვეყანას იანვრის ბოლომდე საერთოდ არ გავხსნიდი.

- კონკრეტულად როგორ დამატებით შეზღუდვებს გულისხმობთ, თქვენი აზრით, რა არის ისეთი, რაც ახლა გახსნილია და რეალურად, შესაზღუდია?

- პირველი ტალღის დროს როგორც იყო ქვეყანა ჩაკეტილი, ახლაც ისე უნდა ჩაიკეტოს. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, ვიცით, ეს როგორ შეიძლება, გაკეთდეს, ეს ყველაფერი გვახსოვს. ვირუსს არ აინტერესებს, ვინ ხართ; ხართ მდიდარი თუ ღარიბი; ბიზნესმენი თუ მუშა; მთავარი ექიმი თუ ექთანი...

- ვაქცინის თემაზე რომ გადავიდეთ, ამ თვალსაზრისით დამაიმედებელი სიახლეები გვაქვს. ვაქცინების პერსპექტივებზე რას ფიქრობთ, როგორ ხედავთ მომავალ თვეებს ამ მიმართულებით და როდისთვის ელით, რომ ვაქცინები საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი?

- ამჟამად 154 ვაქცინაა მსოფლიოში, რომელიც პრეკლინიკურ კვლევებს გადის, რაც ნიშნავს, რომ კვლევები ცხოველებზე ტარდება და ნელ-ნელა მივდივართ წინ. ასევე დაახლოებით 21 ვაქცინაა, რომელიც პირველი კლინიკური კვლევის ფაზაშია, მცირე რაოდენობის ადამიანებზე ატარებენ და აკვირდებიან, რამდენად უსაფრთხოა ეს კანდიდატები. 13 კანდიდატი მეორე ფაზაშია, რაც ნიშნავს, რომ კლინიკურ კვლევებში რამდენიმე ათასი ადამიანია ჩართული, ამას დაახლოებით 7-8 თვე სჭირდება - მეორე ფაზაში აკვირდებიან, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ასევე, ეფექტური, ანუ ვირუსის საწინააღმდეგოდ რამდენად კარგად მუშაობს; მესამე, ბოლო ფაზაში უკვე 10-15 000, ან შეიძლება, 30 000 ადამიანი შეიძლება იყოს ჩართული, რაც ორ ჯგუფადაა გაყოფილი, მაგალითად, 15 000 ადამიანს აძლევენ ვაქცინას, 15 000 ადამიანს კი - არა და უყურებენ, თუ რა ეფექტი აქვს ამ ვაქცინას. ასეთი მსოფლიოში 10 ვაქცინაა, მათ შორის Pfizer, Astrazeneca, Johnson & Johnson, რუსული ვაქცინა, ავსტრალიური ვაქცინა, ჩინური სამი ვაქცინა და ა.შ. ჯერჯერობით ამ ვაქცინებიდან არც ერთს გაუვლია ყველა საჭირო კლინიკური კვლევა, რაც ნიშნავს, რომ მესამე ფაზა არც ერთს დაუმთავრებია ბოლომდე - ყველა ან დასაწყისშია, ან შუაში, ან ბოლოში, მაგრამ დამთავრებული არც ერთს აქვს. იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოში არც ერთი ვაქცინაა აღიარებული, როგორც 100%-ით უსაფრთხო და ეფექტური. თუმცა, ვინაიდან ასეთი პანდემიაა, რომელიც საომარი მდგომარეობის დონემდეა ასული, შვიდმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთ ვაქცინაზე, რომელიც მესამე ფაზაშია, თუმცა მათი კლინიკური კვლევები არ დამთავრებულა. რადგანაც კლინიკურმა კვლევებმა უკვე გვიჩვენა, რომ ისინი უსაფრთხოა (ეფექტურობა ჯერ ბოლომდე არ ვიცით და კიდევ ზოგი კლინიკური საკითხები გასარკვევია) და ამჟამად გადაუდებელი სიტუაციაა, თქვეს, რომ ჯობს, დავიწყოთ ამ ვაქცინებით მასიური ვაქცინაცია. ჯერჯერობით არც ერთ დამოუკიდებელ ექსპერტიზას, გარდა მარეგულირებლებისა, არავის ჰქონდა საშუალება, ეს ინფორმაცია ენახა. მეორე მომენტია, რომ უკვე ვიცით, რომ მაგალითად, Pfizer-ის ვაქცინა 16 წლის ქვევით ბავშვებისთვის, ასევე, ფეხმძიმე ქალებისთვის და ალერგიული ადამიანებისთვის დაშვებული არ არის. ანუ ვაქცინაცია კი დაიწყო, მაგრამ აქაც ძალიან ბევრი დათქმაა, ვინაიდან ეს ვაქცინა ბოლომდე შესწავლილი არაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო შეერთებულმა შტატებმა, ახლა ისრაელი მიიღებს, რუსეთმა გადაწყვეტილება მიიღო თავის ვაქცინაზე და ასე მოიქცა ჩინეთიც. ანუ ძირითადად, გვაქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, ვინაიდან ჯანდაცვის კუთხით ეს ვაქცინები მთლად ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ვინაიდან სხვა გამოსავალი არაა, ფიქრობენ, რომ იქნებ, ეს იყოს გამოსავალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში არც ერთ ფარმაკომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ეს ნიშნავს, რომ ჯერჯერობით არც ერთ ვაქცინას არ გაუვლია ბოლომდე მთლიანი, ადეკვატური კვლევა, სადაც იტყვიან, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა არ გადასულა მეოთხე ფაზაზე.

რაც შეეხება საქართველოს, საქართველო იმედია, მიიღებს ვაქცინას COVAX-იდან, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და "გავის“ ვაქცინების ალიანსის ერთობლივი პლატფორმაა, საიდანაც კიდევ ბევრი სხვა, დაახლოებით 180 ქვეყანა მიიღებს ვაქცინას. იქაც გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული, რომ მხოლოდ ის ვაქცინები შემოვიდეს ქვეყნებში, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად იქნება უსაფრთხო და ეფექტური. დღეს ასეთი არც ერთი არ არის, რადგან ამ კომპანიების მიერ ჯერ ეს ინფორმაცია მოწოდებული არ გვაქვს. ვფიქრობ, საქართველო უსაფრთხო ვაქცინას მიიღებს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველო არ დაუშვებს იმ შეცდომას, რომ ფარმაკომპანიებთან ცალკე, დამოუკიდებლად დაიწყონ საუბარი და ცალკე შემოიტანონ ვაქცინები - ეს არასწორიი ნაბიჯი იქნება. ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება დამტკიცებული.

- ჩვენ უკვე COVID 19-ის პანდემიის მეორე ტალღას ვებრძვით. რა მოლოდინი გაქვთ, როგორი იქნება მისი უკვე მესამე ტალღა?

- აკადემიური მოსაზრებით, მათემატიკური გათვლების მიხედვით, წესით მსოფლიოში მეორე ტალღის პიკი დაახლოებით ნოემბრის ბოლოს უნდა ყოფილიყო, შემდეგ უნდა ჩამოსულიყო ქვევით და მესამე ტალღა აპრილის დასაწყისში იქნებოდა - ასეთი იყო კალკულაცია. მესამე ტალღა ძალიან "მჩატე“, არაძლიერი ტალღა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ყველაფერი აირია, რადგან ქვეყნებმა კოორდინირებულად გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლეს, ყველა იღებს წერტილოვან გადაწყვეტილებას, ალაგ-ალაგ... შეხედეთ, რა ხდება ჩვენს სამეზობლოში: სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში - ყველა ჩვენს მეზობელს სხვადასხვა სტრატეგია აქვს. ყველას რომ ვირუსთან ბრძოლის ერთნაირი სტრატეგია ჰქონოდა, უფრო მოვიგებდით, მაგრამ ვინაიდან ვერ ვიღებთ ერთიან გადაწყვეტილებას, რასაც პოლიტიკური და ასევე, ეკონომიკური მიზეზი აქვს, ეს გაიწელა და იმის მაგივრად, რომ იმავე საქართველოში პიკი ნოემბრის მეორე კვირაში ყოფილიყო, ალბათ, ეს პიკი გაგრძელდება და თუ ჩვენი ქვეყანა არ ჩაიკეტება, მეორე და მესამე ტალღა გადაბმული იქნება. ვირუსი ხომ უნდა შეჩერდეს? თუ არ შეაჩერე, ტალღა თვითონ არ მთავრდება - ვირუსი მხოლოდ იმის შემდეგ მცირდება, რაც ზომებს ვიღებთ. თუ ვირუსი აუშვი, მოსახლეობის 70-80% დაინფიცირდება და შემდეგ შემცირდება, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი უნდა დაინფიცირდეს?! ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ჩვენ ამ გზით წავიდეთ.

ამასთანავე, უკვე წამოვიდა ინფორმაცია, რომ რეინფიცირება ხდება. პაციენტებში რეინფიცირება ხშირი არ არის, მაგრამ მთელი მსოფლიოდან წამოვიდა ეს ცნობები, როგორც ვიცი, უკვე თქვეს, რომ საქართველოშიც დაფიქსირდა ამის მაგალითები. საშიშროებაა, რომ მესამე ტალღის დროს ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, იმუნურად გამოფიტულები ვიქნებით. ზოგადადაც, იმუნური კუთხით ადამიანი ყველაზე გამოფიტული აპრილშია, ზამთრის გადატანის დროს ვიტამინები არ გვაქვს და შემდეგ ორგანიზმი გამოფიტულია. ამას ემატება სტრესული და დეპრესიული მძიმე მდგომარეობა, ეკონომიკური ვარდნა მთელს მსოფლიოში საქართველოს ჩათვლით, რაც ასევე მოქმედებს ჩვენს იმუნურ სისტემაზე; ამას ემატება ისიც, რომ ქრონიკული დაავადებები, რაც საქართველოში ძალიან ჭარბად გვაქვს, გამძაფრდება, რადგან ხალხმა მათ თავის დროზე ვერ მიხედა და ისინი მწვავე დაავადებები გახდება; ამას ისიც დაემატება, რომ ხელახლა რეინფიცირება მოხდეს მათი, ვინც კოვიდი უკვე გადაიტანა, თუნდაც უსიმპტომოდ. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ძალიან მძიმე.

შესაბამისად, ეს შედეგი რომ ავიცილოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეორე ტალღას მივხედოთ და მესამე ტალღისთვის მომზადებულები ვიყოთ, რასაც სამწუხაროდ მე ვერ ვხედავ. სამწუხაროდ, ჩვენ მესამეს კი არა, მეორე ტალღას ვერ ვუმკლავდებით და მე აღარ ვამბობ, რომ მეოთხე ტალღისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომელიც მომავალ სექტემბერ-ოქტომბერში იქნება. ამისთვის მთელი რესურსების მომზადება ახლა უნდა დაიწყოს. თუნდაც, თუ იქნება ვაქცინაცია, ვაქცინაციისთვის მზად ვართ? ეს ისე არ იქნება, რომ ერთ თვეში მოხდეს. მზადებაა საჭირო, მაგრამ ამისთვის არ გვცალია, რადგან დრო არ გვაქვს, ენერგიაც არ გვაქვს და მე მგონი, ფულიც აღარ გვექნება მალე. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალია, მივხედოთ ჩვენს საქმეს, ახლა ქვეყანა ჩავკეტოთ, რათა სიცოცხლეები გადავარჩინოთ. თუ ვიღაც მოკლევადიანად ფიქრობს, ის მერე უფრო მძიმე გადასახადს იხდის. მსოფლიოში ყველა ქვეყანამ, რომელიც ნაადრევად გაისხნა, მწარე გადასახადი გადაიხადა, როგორც ეკონომიკური, ასევე - ჯანდაცვის კუთხით.

"გაცნობიდან 2 თვეში ხელი მთხოვა, რთული იყო გადაწყვეტილების მიღება" - ოტია იოსელიანის შვილიშვილის სიყვარულის ამბავი და ცხოვრება მწერლის მუზეუმში

იწვევს თუ არა "მოდერნას" ვაქცინა ალერგიას ადამიანებში, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული? - რას ამბობს კულუმბეგოვი გავრცელებულ ინფორმაციაზე

მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა