ავტორი:

"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია

"პარტიას, რომლის დეპუტატებიც მანდატებზე უარს იტყვიან, დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება" - ხმაურიანი კანონპროექტი და ოპოზიციის მწვავე რეაქცია

პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება - შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული, რომლის შესახებაც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.

"პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ გუშინ პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. აღნიშნული პაკეტი ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები არასაპატიო მიზეზით აცდენენ პარლამენტის პლენარულ სხდომებს. აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. "საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების განულებას იმ პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში არცერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

საპარლამენტო საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და მათი შანტაჟისა და ბულინგის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური გაერთიანებები, არის სახელმწიფოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართული ქმედება, რაც სათანადო სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

სწორედ ამგვარ რეაგირებას ითვალისწინებს ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, რომელსაც პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.

გარდა ამისა, პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნულ არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის. ბუნებრივია, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელსაც მოქმედი „საარჩევნო კოდექსი“ საარჩევნო აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისთვის აწესებს, არ არის საკმარისი იმ ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს. შესაბამისად, ინიცირებული კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში“ არსებული ხარვეზის გასწორებას და კონსტიტუციური მოთხოვნის სათანადო აღსრულებას ისახავს მიზნად. ღრმად გვწამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად, წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებასა და ჯანსაღი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების გაძლიერებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან უმწვავესი გამოხმაურებები მოჰყვა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე აღნიშნავს, აღნიშნული კანონპექტი შესაძლოა, უპრეცედენტო იყოს და მას სერიოზული საერთაშორისო რეაგირება მოჰყვება.

„ეს არის ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა. როდესაც იზღუდება პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და როდესაც იზღუდება კონსტიტუციური უფლება თითოეული მოქალაქისა თუ პოლიტიკური გაერთიანებისა, გამოხატოს პროტესტი ამა თუ იმ ფორმით, მათ შორის პარლამენტის მუშაობაში ბოიკოტის სახითაც. აიძულო, ძალდატანებით შევიდნენ პარლამენტში პარტიები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას, ნიშნავს შეეგუონ და აღიარონ სიყალბე და დანაშაული. ამიტომ ამას მოყვება სერიოზული საერთაშორისო რეაგირება და შეიძლება ეს იყოს უპრეცედენტო კანონპროექტი და ეჭვი მეპარება, მსგავსი რამ არსებობდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფით - ევროკავშირში, სადაც გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი პირობა არის სწორედ ევროპული დემოკრატიული სტანდარტების დაცვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამასთან, როგორც გოცირიძე აღნიშნავს, დაფინანსების საკითხი პარტიების პარლამენტში მუშაობასთან მიბმული არაა. მისივე თქმით, ეს არასწორია და არ შეესაბამება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას.

„მაგალითად, გერმანიაში 5%-იანი ბარიერია, მაგრამ დაფინანსებას ღებულობენ ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, ანუ ღებულობენ ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ მუშაობენ. დაფინანსება არ არის მიბმული საპარლამენტო მუშაობასთან, დაფინანსების ერთ-ერთი ფორმულა არის მისი მიბმა ხმასთან. შესაძლებელია, სხვა ფორმულაც ყოფილიყო გამოყენებული.

საქართველოშიც იყო ბარიერი 5%, თუმცა დაფინანსებას ღებულობდა პარტიები, ვისაც არ ჰქონდა 5% გადალახული და არ მონაწილეობდა საპარლამენტო მუშაობაში და დაფინანსების მისაღებად 3%-იანი ბარიერის გადალახვაც საკმარისი იყო. ასე რომ, დაფინანსების და საპარლამენტო მუშაობის ერთმანეთთან მიბმა არასწორია და არ შეესაბამაება არც ქართულ და არც საერთაშორისო პრაქტიკას. საბოლოო ჯამში, ასეთი კანონპროექტებით პოლიტიკური პარტიები ხდებიან ბიზნესის და ოლიგარქების მძევლები, ვინაიდან დაფინანსებას მოკლებული პარტიების საკანონმდებლო შემკვეთი იქნებიან ფულიანი ადამიანები. გვახსოვს, შევარდნაძის პერიოდში ისეთი შემთხვევები, როდესაც კანონპროექტები იყიდებოდა და თითოეული მუხლის შესცვლას თავისი ე.წ. სტავკა ჰქონდა. ბიზნესი ყიდულობდა საკანონმდებლო ცვლილებებს, დღეს კი ფაქტობრივად მთელი ბიზნესის მესაკუთრეების ქონება ერთად აღებული ვერ შეედრება ივანიშვილის ქონებას და ბუნებრივია, პარტიების ერთადერთი დამფინანსებელი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ფაქტობრივად იყიდის პარტიებს, რაც სერიოზული დარტყმაა ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის განვითარების საქმეში და ძალიან სერიოზული უკუდახევა“, - განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ისტერიული რეაქცია აქვს, რადგან ოპოზიციის პარლამენტში შეყვანა ვერ შეძლო და ერთპარტიული, ჩრდილოეთ კორეული პარლმენტი მიიღო. ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილს სურს, რომ გარეთაც პოლიტიკური ვითარება იყოს ერთპარტიული, ისევე როგორც პარლამენტში.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ისტერიული რეაქცია იმაზე, რომ მან ვერ გატეხა ოპოზიცია და ვერ შეძლო პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა და მიიღო ერთპარტიული პარლამენტი. მუქარა, რომ შეწყდება დაფინანსება, ესაა შანტაჟის ენით საუბარი, პოლიტიკურ პარტიებს დაფინანსება აქვთ იმისთვის, რომ იყოს მრავალფეროვნება პოლიტიკაში, პლურალიზმი და იყოს დერმოკრატია.

როდესაც ამ ნაბიჯით იმუქრები, ეს ნიშნავს, რომ გინდა ერთპარტიული იყოს გარეთაც პოლიტიკური ვითარება, ისევე როგორც ეს ხდება პარლამენტში.

რაც შეეხება მცდელობას, რომ გაუუქმოს რეგისტრაცია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ეს არის პირდაპირი ნაბიჯი პუტინის რუსეთისაკენ და ლუკაშენკოს ბელორუსისაკენ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ალბათ ეს იქნება ძალიან ცალსახა და ნათელი, შანტაჟის ენით საუბარი, დაფინანსების შეწყვეტა, მუქარა რეგისტრაციების გაუქმების შესახებ, ვერ შეცვლის ვითარებას, რომ ქვეყანაში არის ერთპარტიული პარლამენტი, ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებებს და ჩრდილოეთ კორეის პარლამენტს მოუწევს თავისი საქმიანობის ამ სტილში გააგრძელება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

“გირჩის” ერთ-ერთმა წევრის სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, კი "მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში". მისივე თქმით, „ქართული ოცნების” ქმედებებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების გაგრძელების შანსების განადგურება ხდება.

„ფაქტობრივად ყველა ასეთი ქმედება ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რამე შანსი იყო მოლაპარაკებების გაგრძელების, იმის განადგურება ხდება. ასეთი განწყობით მე მგონია, რომ მოლაპარკება აღარ გაიმართება. ყოველთვის არის შანსი უკან დავიხიოთ და შევთანხმდეთ, მაგრამ არაფერი არ ეტყობა „ქართულ ოცნებას”, რომ ისინი უკან დახევას აპირებენ. განცხადება იყო გაკეთებული წინა კვირას და მაშინ ყველა პარტიამ განვაცხადეთ, რომ მიუღებელია ასეთი ქცევა და ასე იქცეოდეს მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარე და ახლა მუქარა რეალიზებული გახდა, რაღაც კანონპროექტში. ამიტომ მე მგონი შანსები მცირდება, რომ საერთოდ მოლაპარაკებები შედგება. როგორც კი პარლამენტს 38 ადამიანი მიმართავს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ჩვენც დავწერთ განცხადებას და ამით დამთავრდება ეს ისტორია. „ქართული ოცნება” თუ ასე მოიქცევა მით უფრო დიდია ალბათობა იმის, რომ ორ კვირაში მივიღებთ აბსურდულ პარლამენტს, სამწუხაროა, მაგრამ აქამდე მივედით”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეფასებით, პარტიებისათვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება სამარცხვინო იყო, ხოლო სიტყვა „საბოტაჟი“, რომლითაც ის გამოირჩეოდა, აახლოვებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და პუტინის რუსეთთან.

როგორც უგულავამ აღნიშნა, პარტიული დაფინანსება მეტი დემოკრატიულობისა და პარტიების მრავალფეროვნებისათვის არსებობს, ხოლო მისი გაუქმება არათუ შეცვლის ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არამედ კიდევ უფრო კონსოლიდირებულს გახდის მას.

„ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ღლაპის ვერბალური დიარეა, სიტყვებში გამოხატული დიარეა, სამარცხვინო იყო ეს ყველაფერი, ერთადერთი სიტყვა გამოირჩეოდა, ეს იყო საბოტაჟი და ეს სიტყვა, სწორედ რომ გამოარჩევს და ამსგავსებს ივანიშვილის რეჟიმს სტალინის საბჭოთა რუსეთთან, პუტინის რუსეთთან, ლუკაშენკოს ბელარუსთან და ა.შ. ჩამონათვალი არც თუ ისე სახარბიელოა და ღირსეული იქ, სადაც დაიკავებს ივანიშვილის რეჟიმი ადგილს. შინაარს რაც შეეხება, არის ანტიკონსტიტუციური, ბოდვა და თუ ის პარტიებს გაუუქმებს კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას, რაც პარტიების მრავალფეროვებისათვის არსებობს, ეს კიდევ ერთხელ მიგვიყვნას, უკვე დე ფაქტო, ერთპარტიულ სიტუაციამდე, პარტიები არ გაუქმდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ასევე ენმ-ის გაუქმება დააანონსეს, პარტიები უფრო კონსოლიდირდებიან ამ ბრძოლაში.

ფაქტი არის ერთი, რომ ბოიკოტი შედგა და ივანიშვილის ტკივა თავის გაყალბება, ივანიშვილი წუხს თავის გაყალბებაზე, ივანიშვილი ბორგავს თავისი გაყალბებების გამო, ივანიშვილი შფოთავს და ასეთ ბოდვით სავსე ბრიფინგებს ატარებინებს თავის შიკრიკს და მონას. ამრიგად, ამით არაფერი იცვლება, ჩვენი გეგმა უცვლელია და რაც უფრო მეტი ასეთი განცხადება იქნება, მით უფრო კონსოლიდირებული იქნება ოპოზიცია“, - განაცხადა უგულავამ.

"უმრავლესობის ლიდერის დღევანდელი გზავნილები იყო სახელმწიფოებრივად სახიფათო, ადამიანურად - სამწუხარო, სამართლებრივად - ანტიკონსტიტუციური და პოლიტიკურად - დამარცხებული ძალის ხმა", - ასე შეაფასა „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის ლიდერის მიერ დღეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები.

მისი თქმით, თუ უმრავლესობის ლიდერი საჯაროდ მსგავსი დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება ოპოზიციონერ ლიდერებს, კითხვებსაც აღარ აჩენს, თუ როგორ ესაუბრებიან ისინი საჯარო მოხელეებსა და მათზე დაქვემდებარებულ სხვა ადამიანებს არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევის მიზნით.

„პირველ რიგში, როდესაც ასეთი ძალადობრივი და დამაშანტაჟებელი ტონით ესაუბრება უმარვლესობის ლიდერი დღისით, მზისით მთელი ქვეყნიერების გასაგონად ოპოზიციის ლიდერებს, ამის შემდეგ ვინმეს შეიძლება ეჭვი დარჩეს იმასთან მიმართებით, დახურულ კარს მიღმა როგორ დაელაპარაკება ეს პარტია საჯარო მოხელეებს, აიპების თანამშრომლებსა და სხვადასხვა სახელმწიფო თუ არა სახელმწიფო ინსტიტუციებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებზეც ზეგავლენის ბერკეტები მათ აქვთ, რომ მათგან მიიღონ საარჩევნო მხარდაჭერა? შეიძლება ვინმეს კიდევ დარჩეს კითხვის ნიშანი, სადაც მედია არ არის და სადაც კონტროლი არ არის, იქ რა ტონით და რა მიმართებით აქვთ მათ ურთიერთობა? ანუ ახლა ელაპარაკება ოპოზიციის ლიდერებს და მათდამი დაქვემდებარებულ პირებს როგორ აიძულებენ საარჩევნო პროცესებში ჩართვას, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, ამაზე კითხვაც აღარ ჩნდება, იქ რას იზამენ, რომ თავის საწადელს მიაღწიონ. მე პირადად აღარანაირი კითხვა აღარ მრჩება, თვითონ ხსნის ყველა ფრჩხილს და აჩვენებს ძალადობრივ მუქარასა და შანტაჟზე დაფუძნებულ ბუნებას „ქართული ოცნების“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ქვეყნის მოსახლეობას ყოველდღიურად უწევს ბრძოლა გადარჩენისთვის, „ქართული ოცნების“ ეგზისტენციალურ ამოცანას ოპოზიციასთან დაპირისპირება წარმოადგენს.

„სახელმწიფოებრივად ეს არის ძალიან სახიფათო სიტუაცია, როდესაც უმრავლესობა ამაზეა წამსვლელი და მაშინ, როდესაც ქვეყანას აქვს უმწვავესი გამოწვევები და ქვეყნის მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა ფიზიკური და ემოციური გაგებით გადარჩენისთვის, ეგზისტენციალურად ამოცანად უმრავლესობას დასახული აქვს ოპოზიციასთან ბრძოლა. პოლიტიკურად გამარჯვებული ძალა ასე არ ლაპარაკობს, ეს არის დამარცხებული ძალის ხმა. სამართლებრივადაც არაკონსტიტუციურია, რასაც კობახიძე ამბობს და აანონსებს. კონსტიტუცია მარტო დაწერილი ტექსტი ხომ არ არის, მას აქვს სულისკვეთება, ლოგიკა, პრინციპები და ღირებულებები და ყველას წინააღმდეგ გალაშქრებაა ეს, რასაც აკეთებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სტარტეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის შეფასებით კი, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ირაკლი კობახიძის განცხადება ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის მორიგი შანტაჟი და მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის.

„ვხედავთ, რომ ხელისუფლება პროცესების რადიკალიზაციისკენ მიდის. ოპოზიციური მხარისგან განსხვავებით, ის მოწადინებული არ არის, რომ მოლაპარაკებამ დადებითი შედეგი გამოიღოს. ეს არის მორიგი შანტაჟი, მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის. ჩვენი პოზიცია არის, რომ საერთოდ არ შევყვებით ამ შანტაჟში, ისეთი წინადადებების განხილვაში, რასაც დაფინანსება ჰქვია, რადგან ამ მომენტისთვის ქვეყანა არის გადასარჩენი. „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ დაფინანსებაზე საუბარს და დისკუსიაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რაც არსებულ ვითარებას აუარესებს, მათ შორის პარტიებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დაფინანსება არსებული კანონმდებლობით საერთოდ გამიჯნულია პარლამენტის საქმიანობისგან. ეს არის იმისთვის, რომ პარტიამ ფუნქციონირება გააგრძელოს და საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარდეს. ამით ის მარტო პარტიებს კი არ უუქმებს დაფინანსებას, ქვეყანაში საერთოდ დემოკრატიულ პროცესებს კლავს.

ბატონი კობახიძე დაფინანსების ერთადერთი წყაროს გადაკეტვას უპირებს პარტიებს, რაც ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. გარდა იმისა, რომ მას კანონის ძალა არ გააჩნია, ეს არის კანონების ჭრა-კერვა იმისდა მიხედვით, რომელი ინდივიდი ან პარტიის წევრი მოსწონს თუ არ მოსწონს ირაკლი კობახიძეს. ეს არის სრული უკანონობა. ფაქტობრივად, უკვე ერთი კაცის დიქტატურის პირდაპირი გაფორმება ხდება“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა შანტაჟითა და მუქარით მოლაპარაკებების პროცესი უკვე დააზიანა. თუმცა, როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მაინც მზად არის.

„მიუხედავად ამის, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ შანტაჟი, მუქარა და დაშინება, რეგისტრაციიდან მოხსნა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უწყობს. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს მთავრობის მხრიდან მომდინარეობს. ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის საკითხია, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ერთადერთი გზა მოლაპარაკებების განახლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.

"რა დამარცხებაზე ვსაუბრობთ?.. ჩანს, რომ ეს ჟურნალისტები ივანიშვილის დაფინანსებას იღებენ" - სააკაშვილი უკრაინულ მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"