ავტორი:

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

"რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა...გული აწუხებდა" - რა გახდა გოგი ქავთარაძის გარდაცვალების მიზეზი

საქართველოს სახალხო არტისტი, გოგი ქავთარაძე გარდაიცვალა. როგორც მისი ყოფილი სტუდენტი და ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი გვიყვება, მისი ინფორმაციით, ქავთარაძე რამდენიმე დღის განმავლობაში კლინიკაში იწვა.

"მე როგორც ვიცი, კორონასგან არ გარდაცვლილა. რამდენიმე დღე კლინიკაში იწვა, თბილისში არ ვიყავი და ვერ ვინახულე. კურსელებმა დამირეკეს. გული აწუხებდა და ბოლოს მუცელი ასტკიებია. რა მოხდა ზუსტად არ ვიცი. ბოლოს რომ ვესაუბრე, მინდოდა ჩემს გადაცემაში მომეწვია, მივხვდი, რომ უკვე სუსტად იყო. მისმა მეუღლემ მითხრა, არ შეიძლება მისი ნერვიულობა ამ პერიოდშიო.

პანდემიის დროს 80 წელი შეუსრულდა, გული მწყდება რომ ჯგუფელები ვერ ავედით მასთან სახლში, გვეშინოდა ვირუსი არ მიგვეტანა. წელს ვერ მოვახერხეთ ჯგუფელებმა მისი ნახვა.

წელს მისი ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, სამწუხაროა, რომ ვერ მოესწრო. დავურეკე, ვუთხარი, ბატონო გოგი, არა უშავს, მალე გადაივლის და ვარსკვლავს გავხსნით-თქო, ვაგულიანებდი.

ბატონი გოგი იყო კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, რეჟისორი, რეგიონალური თეატრების ხელმძღვანელი. თეატრალურ უნივერსიტეტში სამი ჯგუფი გამოუშვა, დაგვფოფინებდა, გადაყოლილი იყო ჩვენზე, სხვადასხვა თეატრებში გვათამაშებდა როლებს. მზრუნველი და სამართლიანი ადამიანი იყო. სოხუმის თეატრში მისი მმართველობის ათწლიან პერიოდს ოქროს ხანას ეძახიან. დიდი დიპლომატიური მისია ჰქონდა სოხუმში და ბევრი რამ განახორციელა აფხაზებსა და ქართველებს შორის. ბევრი აფხაზი მეგობარი მისტირის ახლა. მან გვასწავლა ადამიანობა, ინტელექტუალური და უდიდესი ადამიანი იყო, როგორ მწყდება გული რომ ვარსკვლავის გახსნას ვერ მოესწრო", - ამბობს გიორგი გასვიანი.

გოგი ქავთარაძე 80 წლის იყო. ის გადაღებულია 25 ფილმში და არის ერთი ფილმის რეჟისორი. იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის წოდება. ქავთარაზე ასევე იყო კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი.

გარდა ამისა, გოგი ქავთარაძე 1990-1991 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 2012-2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ.

გოგი ქავთარაძე მონაწილეობდა ისეთ ფილმებში როგორებიცაა "მაცი ხვიტია", "განგაში", "ჩარი რამა", "ბებერი მეზურნეები", "ვერის უბნის მელოდიები", "ბაკულას ღორები" და ა.შ. რაც შეეხება მის სარეჟისორო ნამუშევარს, 1992 წელს დავით კვირცხალიასთან და მიხეილ ანთაძესთან ერთად მან გადაიღო ფილმი "ოქროს ობობა."

ზაზა ფაჩულიას საახალწლო სამზადისი - კალათბურთელის დიდი ოჯახის სადღესასწაულო ფოტოები

მდიდრული სახლები, საახალწლო განათებები, ოჯახური შეკრებები და ზღაპრული სამყარო - როგორ ხვდებიან ვარსკვლავები დღესასწაულს (ფოტოები)

"ადრე მეცინებოდა ეგეთ ცოლებზე და კაპასების ერთი გამოვდექი..." - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი ბენთან ურთიერთობის შესახებ