ავტორი:

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან

ეს კადრები 1997 წლის საქართველოს ასახავს. მაშინ პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. საქართველოში ფესტივალზე სტუმრად ჩამოსულ გენიალურ მსახიობს ვანესა რედგრეივს თეატრში შეხვედრა მოუწყეს. საღამოზე მედოლე ბიჭუნების მიერ შესრულებულმა ქართულმა მოტივებმა მსახიობი აღფრთოვანებული დატოვა და საქართველოს პრეზიდენტის აცეკვებაც კი სცადა.

როგორც ყოველთვის თავდაჭერილმა შევარდნაძემ თავი ამჯერადაც ზრდილობიანად დაუკრა და ცეკვაზე უარი განაცხადა. უნიკალურ კადრებში ვხედავთ ზურაბ ჟვანიას, ლანა ღოღობერიძეს და ნანი ბრეგვაძეს.

სოციალურ ქსელში ვიდეოს ედუარდ შევარდნაძის ცენტრი ავრცელებს და წერს:

"თეატრალური პაუზა საახალწლო განწყობისთვის ... ახალი წელი ახლოვდება, დღესასწაული, რომელიც ყველაზე რთულ დროშიც კი ადამიანისთვის იმედისა და სიხარულის მომტანია. ასე იყო გასული საუკუნის 90-იან წლებშიც, საბჭოთა სისტემის ნგრევისა და დამოუკიდებელი საქართველოს დაფუძნების მძიმე, წინააღმდეგობებით სავსე, მაგრამ მაინც საინტერესო წლებში. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენი ქვეყნის იმდროინდელ კულტურულ ცხოვრებაში არსებობდა და ფუნქციონირებდა ყველა თეატრი, რეგიონების ჩათვლით. იდგმებოდა სპექტაკლები, ფუძნდებოდა ფესტივალები და სტუმრად ჩამოდიოდნენ უცხოელი არტისტები.

1997 წელს რეჟისორ ქეთი დოლიძის ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ – GIFT. მას მხარს უჭერდნენ ისეთი დიდი ხელოვანები, როგორებიც არიან - პიტერ ბრუკი, ანჯეი ვაიდა, ვანესა რედგრეივი, მაიკლ კანი და სხვები. სწორედ ვანესა რედგრეივს მიადევნებთ თვალს ჩვენ მიერ შემოთავაზებულ ვიდეოში, რომელიც ფესტივალის გახსნის შემდეგ მერიის შენობაში გამართული საღამოს ეპიზოდს ასახავს".